"21 დამნაშავიდან 20 ამბობდა, რომ სწორად მოიქცა და მის ადგილზე სხვაც ასე მოიქცეოდა, რადგან კაცურ­ ღირსებას იცავდნენ" - ქალებო, ნუ დარჩებით მოძალადესთან! - კვირის პალიტრა

"21 დამნაშავიდან 20 ამბობდა, რომ სწორად მოიქცა და მის ადგილზე სხვაც ასე მოიქცეოდა, რადგან კაცურ­ ღირსებას იცავდნენ" - ქალებო, ნუ დარჩებით მოძალადესთან!

რამდენიმე დღეა ფემიციდი ისევ განხ­ილვის თემაა. მართალია, ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრია, მაგრამ ქალთა უფლებადამცველები კანონში ცვლილებას და ფემიციდის ჩამდენთათვის ცალკე მუხლის ამოქმედებას ითხოვენ. სტატისტიკა მართლაც მძიმეა. 2019 წელს საქართველოში­ 19 ქალი გამოასალმეს სიცოცხლეს, 2020 წელს - 24, 2021 წელს - 22. წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ქალთა მკვლელობის მცდელობისა და ქალთა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებიც. გასულ კვირას სამი ქალი გახდა მოძალადე ქმრის მსხვერპლი. ფაქტებს ისიც ამძიმებს, რომ ეს შემზარავი დანაშაულები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.

ქვეყანა შეძრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ორი მცირეწლოვანი შვილის, დისა და დისშვილის თვალწინ ახალგაზრდა­ ქალის მკვლელობამ. 26 წლის ზუგდიდელ სოფო კვარაცხელიას ავტობუსში მეუღლემ დანით 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა და ის იქვე გარდაიცვალა. დამნაშავე როინ მებონია დაპატიმრებულია. მკვლელობის მოტივზე არაფერს ამბობს, თუმცა დანაშაულს აღიარებს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და არაფერი ახსოვს.

"საქმეში ჯერჯერობით არ გვაქვს მასალები, რატომ გამოწერეს ბრალდებული სტაციონარიდან, მაგრამ ფაქტია, მკურნალობდა და დღესაც აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ქმედების ჩადენისას შეეძლო თუ არა მას, სრულად გაეცნობიერებინა, რას აკეთებდა, სერიოზულად გამოსაკვლევია. ცოლ-ქმარი იყო, ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ავტობუსში რა მოხდა, დაკავებული ვერ იხსენებს. ბრალდებას არ უარყოფს, შემთხვევის ადგილიდან არსად წასულა, პოლიციას ჩაბარდა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ხსნის, იქ რა მოხდა. მედიკამენტებიც დანიშნული ჰქონია, მაგრამ ბოლო პერიოდში არ სვამდა" - განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.

გამოძიება ადგენს, იყო თუ არა აღრიცხვაზე ბრალდებული როინ მებონია და რა დიაგნოზით გამოწერეს ის კლინიკიდან­. პროკურორის თქმით, ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, მართლაც აქვს მას ფსიქიკური პრობლემა, თუ ამ გზით ცდილობს სასჯელისგან თავის დაღწევას...

როცა მოსამართლე მებონიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობდა, თბილისში ახალი დანაშაული მოხდა. ამ შემთხვევაშიც დღისით, ხალხის თვალწინ, დიდუბეში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე, თამარ ჭეიშვილს თავს ყოფილი­ მეუღლე ლევან ასლანიშვილი დაესხა და დანით 10-მდე ჭრილობა მიაყენა. ამ ფაქტსაც მათი შვილი შეესწრო, რომელიც დედას სკოლაში მიჰყავდა. ბავშვი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, თუმცა გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა. დაჭრილი­ ქალი კლინიკაშია. ის სასწაულებრივად გადარჩა. ბრალდებულმა პროცესზე თავის მართლება­ სცადა და ყოფილი­ მეუღლე­ ბავშვების პროსტიტუციაში ჩართვაში დაადანაშაულა.­ ეს ამაზრზენი ბრალდება დაჭრილის ადვოკატმა ელისო რუხაძემ გააპროტესტა.

"ბრალდებულის განცხადება არის გამოგონილი... აღშფოთებას გამოვხატავ­ იმის გამო, რომ როდესაც ბრალდებული განიხილავდა მსხვერპლისა და მისი არასრუ­ლ­წლოვანი შვილის პირად ცხოვრებას, პროცესის მონაწილეები მზად არ აღმოჩნდნენ, ის შეეჩერებინათ... მაქვს ეჭვი, ეს იყო ბრალდებულის სტრატეგიის ნაწილი, რათა სასამართლოს ეს უმძიმესი დანაშაული გაემართლებინა", - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსხვერპლმა პოლიციას მიმართა და ასლანიშვილს 27 აპრილს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა­. დამნაშავეს­ ბრალად ედება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შე­უსრულებლობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა,­ გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული...

საქართველოში ქალების მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს პოლონეთიდან ეხმიანებოდა 25 წლის ზუგდიდელი როზეტა ყალ­იჩავა. მისი "ფეისბუკგვერდი" სავსეა ამ თემაზე­ მომზადებული სტატიებით. ის თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყო. უცხო ქვეყანაში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად წასული, თურმე, მოძალადე ქმრისგან­ თავის დაღწევას ცდილობდა. იქ პოლიციას­ მიმართა, სიკვდილამდე რამდენიმე­ დღით ადრე კი დახმარება საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარსაც" სთხოვა. „საფარის“ იურისტი შეეცადა ქალს დახმარებოდა: საქმის კურსში ჩააყენა როგორც საქართველოს, ისე პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები, საქართველოს საელჩო პოლონეთში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქალის დაცვა ვერ მოხერხდა.

მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ ქმარი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, მაგრამ იმ იმედით, რომ გამოსწორდებოდა, როზეტას ძმამ მთელი ოჯახი პოლონეთში წაიყვანა, თუმცა ცოლზე ძალადობა­ იქაც გაგრძელდა. 21 მაისს კაცი პოლიციამ დააკავა და შემაკავებელი ორდერიც გამოსცა.­ ამის შემდეგ ის დაბრუნდა ცოლთან და შერიგება და ჩვენების შეცვლა სთხოვა.

ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად საქართველოში წამოსასვლელად ემზადებოდა, რომ ამ გზით მაინც დაეღწია თავი მოძალადისთვის, 11 ივნისის ბილეთიც ნაყი­დი ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა: 24 მაისს, საღამოს, ის ქმარმა ნაქირავებ ბინაში­ სასიკვდილოდ დაჭრა. მეზობლებმა ქალის ყვირილის გამო პოლიცია გამოიძახეს, მალე კი ბინაში კვამლიც შენიშნეს. ცეცხლმოკიდებული ბინიდან 25 წლის ქალი და 42 წლის მოძალადე მამაკაცი გამოიყვანეს. მათ ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. როზეტა ყალიჩავა კლინიკაში გარდაიცვალა. მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ახლობლების თქმით, ცოლის დაჭრის შემდეგ მოძალადემ თვითმკვლელობა სცადა.

„21 დამნაშავიდან 20 ამბობდა, რომ სწორად მოიქცა, რადგან კაცურ­ ღირსებას იცავდნენ“

ქალთა უფლებადამცველი ელისო ამირეჯიბი 19 წელზე მეტია, ამ პრობლემებზე მუშაობს. "ძალადობისგან დაცვის­ ეროვნ­ული ქსელის" ხელმძღვანელი ქალებს მოუწოდებს, არ დარჩნენ მოძალადეებთან!

- მართალია, სახელმწიფოში არსებობს­ მოძალადისგან დაცვის მექანიზმები და ამ მხრივ ქალების ცნობიერებაც ამაღლებულია, მაგრამ მსგავსი ტრაგედიები თავიდან რომ ავიცილოთ, მასმედიის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია. ფემიციდის თემები მედიამ ფრთხილად უნდა გააშუქოს, არადა, ხშირად ცდილობენ, ასეთი უმძიმესი­ ტრაგედიებისას აჩვენონ სისხლი, დეტალურად აღწერონ მკვლელობის ეპიზოდები, ხშირად რესპონდენტებად ჰყავთ მკვლელის მეზობელი, ოჯახის წევრი, რომლებიც დამნაშავეზე ამბობენ, რომ ის კარგი­ ბიჭია... ამ ყველაფრის ეთერით ჩვენება არასწორია. დარწმუნებული ვარ, სანამ საქმე ამ ტრაგედიებამდე მივიდოდა, მოძალადე არაერთხელ გამოავლენდა თავის ხასიათს, მაგრამ რატომღაც ჩვენს საზოგადოებაში მოძალადის გამართლება მიღებულია, რაც სხვისთვის წამაქეზებელი ფაქტორი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამა, ჯერჯერობით მისი განხორციელება მხოლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში შეიძლება. ნებისმიერი პირი, რომლის მიმართ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი, ან რომელიც შემჩნეულია ძალადობაში, უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში. თუ მოძალადე ქცევის კორექციას არ ეცდება, შემაკავებელი ორდერი მას ვერ შეაჩერებს,­ ამიტომ უნდა არსებობდეს პროგრამა, რომელშიც მოძალადეს იძულებით ჩართავ და მიახვედრებ, რომ მისი ქცევა ცუდია და ამისთვის დაისჯება. დღეს მხოლოდ მსხვერპლებთან მუშაობენ, ამ დროს კი მოძალადე განზე რჩება და თუ არ მიხედე, იმავეს გააკეთებს. როგორ ფიქრობთ, შემაკავებელმა ორდერმა რომელიმე მოძალადე დააფიქრა? არა, პირიქით, ისინი კბილებს აღრჭიალებენ და ერთი სული აქვთ, როდის გავა ის ერთი თვე, რომ მსხვერპლს ორდერის გამოწერის გამო პასუხი აგებინონ. ხშირად ცდილობენ მოძალადის გამართლებას იმ საბაბით, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ასე თუ შევხედავთ, გამოდის, მოძალადე მამაკაცების 90% ფსიქიკურად დაავადებულია, არადა, ასე არ არის. ეს მისი ქცევაა, ასე უნდა დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა, რადგან თვლის, რომ ქალი მისი საკუთრებაა. თანამედროვე ქალმა მამაკაცის მარწუხებიდან გამოსვლა ნელ-ნელა დაიწყო და მოძალადეები ამაზე უფრო გაგიჟდნენ, რადგან დაინახეს, რომ ხელიდან ეცლებათ საკუთარი უპირატესობის დამადასტურებელი მთავარი საშუალება. ისინი ვერაფერს ქმნიან, ერთადერთი, რაც აქვთ, ძალაა და ქალის წინააღმდეგ მისი გამოყენებით ცდილობენ, საკუთარ სრულფასოვნებაში დარწმუნდნენ.

- სამი უმძიმესი მკვლელობა მოხდა გასულ კვირას. ფაქტია, შემაკავებელი ორდერიც ვერ აჩერებს მოძალადეს. ასლანიშვილს ორდერი გამოუწერეს. ამბობენ, 3000-ლარიანი გირაოც ჰქონდა შეფარდებულიო...

- როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ოჯახისთვის საშიშია, გირაოთი გამოუშვა?! რაც შეეხება პოლონეთში მომხდარ მკვლელობას, მსხვერპლმა იცოდა, ვისთან ერთად ცხოვრობდა იმ იმედით, რომ გამოსწორდებოდა, მაგრამ ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. ვინც ასეთ დანაშაულს ერთხელ ჩაიდენს, ადეკვატური პასუხი უნდა მიიღოს. ის ვერ გამოსწორდება.

- თამარ ჭეიშვილი არ ცხოვრობდა მოძალადესთან, მაგრამ ის ქუჩაში დახვდა და სასიკვდილოდ დაჭრა. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, წამოსვლაც არ არის გამოსავალი?

- დიახ, არის ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ისიც საკითხავია, გვერდით რამდენი ადამიანი დაუდგა ამ ქალს. შეიძლება ასეთ დროს მარტო იბრძვის მსხვერპლი... ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის სასჯელი მაღალია, მაგრამ მაინც სჩადიან ასეთ დანაშაულს. მე არ ვამბობ, რომ სასჯელის გამკაცრება მთლად აღმოფხვრის ქალებზე ძალადობის პრობლემას, მაგრამ თუ საზოგადოება ერთსულოვანი იქნება, ნაკლები ასეთი დანაშაული მოხდება. სასამართლო სისტემა უნდა ცდილობდეს, დამნაშავემ პასუხი აგოს. ამ დანაშაულების დროს გირაო არ უნდა გამოიყენებოდეს; მოძალადეს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გარეთ გამოვიდეს, რადგან საშიშია არა მარტო თავისი ოჯახისთვის, საზოგადოებისთვისაც. მოძალადეს ყველამ ზურგი უნდა აქციოს...

- მაგრამ ხშირად მსხვერპლი სასამართლო პროცესზე ქმრის სასარგებლო ჩვენებას იძლევა...

- ბევრ ქალს ეშინია მარტო ცხოვრების,­ ვიღაც ეუბნება, რომ მარტო შვილს ვერ გაზრდის, ვიღაც ამუნათებს, ქმარი როგორ დააჭერინეო. კაცის უგუნებობაც კი ისევ ქალს ჰბრალდება. 19 წელია, ამ პრობლემაზე ვმუშაობ და ვხედავ, როგორც იხვეწება საკანონმდებლო სივრცე, მაგრამ საზოგადოების ცნობიერება ძნელად იცვლება. ჩვენ ურთიერთობა გვქონდა იმ პირებთან, რომლებიც ძალადობისთვის იხდიან სასჯელს და ვეკითხებოდით, რამ მიიყვანა ისინი აქამდე. 21 დამნაშავიდან 20 ამბობდა, რომ სწორად მოიქცა და მის ადგილზე სხვაც ასე მოიქცეოდა, რადგან კაცურ­ ღირსებას იცავდნენ. ყველა დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში. თანაც მათ მხარს უჭერენ თანამოსაკნეები, ეუბნებიან, მართალი ხარ, ძმაო, ასე უნდა მოქცეულიყავი, როგორ გაბედა ხმის ამოღება და განქორწინება, ე.ი. საყვარელი ჰყავსო. ასეთ მამაკაცებს საზოგადოება ისევ ესალმება, ისინი ისევ სვამენ სუფრასთან ვაჟკაცობის სადღეგრძელოს და სანამ ასე იქნება, მანამდე არაფერი გვიშველის. როცა ნაცემი ქალი ექიმთან მიდის, თუ დაზიანება ძალიან მძიმე არ არის, ექიმი პოლიციას არაფერს ატყობინებს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მიზეზს ხვდებოდეს კიდეც. ყველაფერზე თვალი დავხუჭეთ და აი, აქამდე მოვედით. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან დავიწყოთ ამ პრობლემებზე საუბარი. მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, რადგან ეკონომიკური სიდუხჭირე ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ქალი მოძალადესთან რჩება. ვერც სახლში ბრუნდება, რადგან იქ ძმა ცხოვრობს და წასასვლელი არსად აქვს. ოჯახების უმრავლესობა ცდილობს, ბიჭს შეუქმნას მატერიალური პირობები, გოგო კი თითქოს არ ანაღვლებთ, ამბობენ, გოგო წავა, ოჯახს შექმნის, თავისი სახლ-კარი ექნებაო, უკან შვილებით დაბრუნებულს კი სიხარულით არავინ ხვდება...