"არ არის სწორი, რომ სოფლის მეურნეობით ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება“ - კვირის პალიტრა

"არ არის სწორი, რომ სოფლის მეურნეობით ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება“

დღეს ეკონომისტები მსოფლიოში სურსათის კრიზისზე საუბრობენ. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და როგორ შეიძლება ამ გამოწვევასთან გამკლავება, ამ საკითხებზე საქართველოს განვითარების პლატფორმის თავმჯდომარეს თენგიზ შერგელაშვილს ვესაუბრეთ.

- მსოფლიოში სურსათის კრიზისის წინა პირობები ჯერ კიდევ პანდემიის დროს, 2020 წლიდან შეიქმნა, უკრაინაში ომმა კი ეს კრიზისი გაამძაფრა. ეს დაკავშირებულია ძირითადად ხორბალთან, რაც მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობისთვის მთავარი პროდუქტია. ეს პრობლემა უფრო გამწვავდება გაისად, რადგან რუსეთში ხორბლის დასათესად იმპორტირებულ თესლს იყენებენ და შესაძლოა სანქციების გამო მიწოდების პრობლემა შეიქმნას. უკრაინაში წლევანდელი მოსავალი შეიძლება აიღონ, მაგრამ მომავალი წლისთვის დათესვაა საჭირო, რაც საომარი მდგომარეობის გამო არ იქნება ადვილი. ევროპის ცენტრში ომობს ორი დიდი, ძალიან ძლიერი სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყანა. ცხადია, ეს ძალიან მოქმედებს პროდუქციის რაოდენობაზე, რაც ფასების ზრდას იწვევს. ამას ემატება მაღალი ფასები ენერგორესურსებზე. ჯამში სამხედრო დაპირისპირებით შექმნილი ტურბულენტური ვითარება გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და პირველ რიგში, სურსათზე. ამიტომაც აკეთებენ ეკონომისტები აქცენტს, რომ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნების ღარიბი მოსახლეობისთვის ხორბლის პრობლემა შეიქმნება. სურსათის გლობალური კრიზისის რისკებს ისიც ამძაფრებს, რომ არ ვიცით ომი როდის დასრულდება...

- საქართველოზე ეს კრიზისი როგორ აისახება? არის თუ არა რესურსი, რომ აქცენტი ადგილობრივ წარმოებაზე გაკეთდეს.

- საქართველოსთვის ამას ორგვარი ეფექტი აქვს - ერთი მხრივ, ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტიორი და შესაბამისად, იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენს შიდა ბაზარზე პირდაპირ და ნეგატიურად აისახება. მეორე მხრივ, ეს არის შესაძლებლობა და ის გაჩნდა არა ახლა, არამედ ჯერ კიდევ 2020 წელს. ბოლო წლებში მცირე, მაგრამ მაინც პროგრესი გვაქვს. თუ შევხედავთ აგროსასურსათო პროდუქტების სავაჭრო სალდოს, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა ბოლო 8-9 წელიწადში, ოღონდ ეს მრავალწლოვან კულტურებზე ითქმის, ერთწლიან კულტურებში კი არსებითი ჩავარდნა გვაქვს. 800 ათასი ჰექტარი სახნავი მიწიდან 200-250 ათასზე მეტს ვერ ვამუშავებთ. ეს დიდი პრობლემაა. შესაძლოა ერთ-ორ წელიწადში სრულად 800 ათასი ჰექტარის ათვისება ვერ მოხერხდეს, მაგრამ რაღაც წინსვლა მაინც უნდა ჩანდეს.

- ამისთვის რა არის გასაკეთებელი?

- ამას სჭირდება ერთდროულად ფინანსური და ტექნოლოგიური სტიმულები. მხოლოდ სუბსიდიებით, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და დანერგვის გარეშე გვექნება სოფლის მეურნეობის ე.წ. წერტილოვანი შენარჩუნება. მეორე პრობლემაა ძალიან დაბალი საშუალო მოსავლიანობა. ამიტომ ერთწლიანი კულტურებისთვის დამუშავებული მიწების ფართობის მატებასთან ერთად, უნდა გავზარდოთ საშუალო მოსავლიანობაც, რაც შესაძლებელია სათანადო ტექნოლოგიებისა და საკონსულტაციო სერვისების დანერგვით. თუ ნებისმიერ ფინანსურ მხარდაჭერას მოჰყვება შესაბამისი სახელმძღვანელოები, მონიტორინგის სისტემა და სათანადო ტექნოლოგიები, შედეგის მიღწევა შესაძლებელია. ტექნოლოგიები და ფული უნდა მოქმედებდეს ერთდროულად. უნდა წარიმართოს კომპლექსური პოლიტიკა ერთწლიან კულტურებში. თუ 600-700 ათას ჰექტარს დავამუშავებთ და არსებითად გავზრდით საშუალო მოსავლიანობას, შესაძლებელია მალე მივაღწიოთ, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წმინდა ექსპორტი დადებითი გვქონდეს.

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ძალიან მერყევია მეცხოველეობაშიც. ის ღორის ხორცის წარმოებაში ძალიან დაცემული იყო და მხოლოდ ახლა იზრდება. უკეთესი მდგომარეობაა საქონლის ხორცის თვითუზრუნველყოფაში, მაგრამ მერძევეობაში ჩავარდნაა. საშუალო წველადობა კატასტროფულად დაბალია ნებისმიერ იმ ქვეყანასთან შედარებით, რომლებიც სერიოზულ აგრარულ სისტემებს ავითარებენ.

2008-2009 წლების შემდეგ, როცა სოფლად სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, დაიწყო კამპანიები, ვაუჩერებისა და დიზელის დარიგება, მაგრამ კამპანიურად და უსისტემოდ. "ოცნების" მოსვლის შემდგომ თითქოს დეკლარაციულად უფრო პრიორიტეტული გახდა სოფლის მეურნეობა, მაგრამ ყურადღება უფრო მაინც სოციალურ ასპექტზეა გამახვილებული, ვიდრე იმაზე, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. იმის თქმა, რომ სოფლის მეურნეობით ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება, არასწორია. სოფლის მეურნეობა არ არის მხოლოდ პირველადი პროდუქციის მოყვანა. ეს არის აგრეთვე სერვისები და საქონელი, რაც საჭიროა პროდუქციის მოყვანისა და დისტრიბუცია-გადამუშავებისთვის. ინდუსტრიული ქვეყნების მშპ-ში მცირეა უშუალოდ სოფლის მეურნეობის წილი, მაგრამ თუ ამას დავუკავშირებთ ინდუსტრიებს, რომლებიც საჭიროა ჯერ მოსავლის მოყვანისთვის და შემდეგ მისი მოხმარებისთვის, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში უკვე დიდი გამოდის. ჩვენ ამ მხრივ კარგი რესურსი გვაქვს. როცა სახნავი მიწის მხოლოდ მეოთხედს იყენებ და მეცხოველეობაში რესურსების დიდი წილი აუთვისებელია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის დიდი წილი დაკარგულია. აქცენტი ერთწლიან კულტურებსა და მეცხოველეობაზე უნდა გაკეთდეს. დღეს სოფლის მხარდაჭერის 16 სხვადასხვა პროგრამა მუშაობს, მაგრამ არა აქვს სათანადო ფოკუსები, ამოცანები და არ არის ტექნოლოგიურად სწორად მოწყობილი - ანუ ამ პროექტებში არ არის ინფორმაციის, ფულის, მონიტორინგის, შეფასებისა და მეცნიერული კომპონენტის ერთობლიობა. ეს არის ძირითადად ფინანსური საოპერაციო პროექტები და მასში ტექნოლოგიური მხარის წილი მცირეა. პირველი ნიშანი "კოვიდის" დროს მოგვცა გლობალურმა პროცესებმა და სასურსათო სფეროში რისკებმა და მაშინვე უნდა მომხდარიყო ფოკუსირება.

- რა უნდა გაკეთებულიყო?

- მაგალითად, ირიგაციის საკითხი. ყოველწლიურად იზრდება სარწყავი ფართობები, მაგრამ ტემპი არ არის საკმარისი. ხშირად ვისმენთ, რომ სოფლის მეურნეობაში სუბსიდირება წყალში გადაყრილი ფულია. თუ ეს კეთდება გონივრულად, ტექნოლოგიურ ტრანსფერთან ერთად, შესაბამისი მეცნიერული კომპონენტის შეტანით, მაშინ არ იქნება წყალში გადაყრილი. როდესაც გიწევს ისეთ ბაზარზე გასვლა, სადაც სხვა ქვეყნები სახელმწიფო მხარდაჭერის ამ პრაქტიკას, ირიბი თუ პირდაპირი სახით, აქტიურად იყენებენ, შენ თავისუფალი ბაზრის პრინციპით ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევ.

- პროტექციონიზმიც მისაღებია?

- პროტექციონისტური პოლიტიკა, ჯერ ერთი, ჩვენი სოფლის მეურნეობის და­ბალი ეფექტიანობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და მეორე, ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან. ცალმხრივად ეს ვეღარ მოხდება. სხვა მექანიზმი უფრო ეფექტიანია - ფული უნდა ჩავდოთ საშუალო მოსავლიანობის, საშუალო წველადობის ზრდაში, ტექნოლოგიურ განვითარებაში, უსაფრთხო პროდუქციის შექმნაში. და ეს არ არის დაკავშირებული ისეთ თანხებთან, როგორიც თუნდაც ჩვენს დღევანდელ ბიუჯეტს არ შეუძლია. მეორე - გვაქვს მიწების დიდი რეზერვი, რომელიც დაურეგისტრირებელი ან სახელმწიფო საკუთრებაშია და მისი დაჩქარებული პრივატიზაცია იქნებოდა შემოსავლის წყარო, მაგალითად, იმისთვის, რომ ეს თანხა საირიგაციო სისტემაში გადაგვესროლა. არსებობს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის რეზერვებიც...

ჩვენ არა ვართ იმ სიტუაციაში, რომ მშპ-ის მხოლოდ 30% იყოს საჯარო ფინანსები და პირიქით, 20-25%-მდე შემცირებისკენ მოგვიწოდებენ. ეს არ არის სწორი გზა. დღეს 35%-ც რომ იყოს, ის მშპ-ის დინამიკაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. სამაგიეროდ, 5-10 წელიწადში ეს 5% ძალიან მნიშვნელოვნად მოგვცემდა დეკაპიტალიზაციის აღმოფხვრის საშუალებას, განსაკუთრებით სასოფლო დასახლებებში, რადგან ყველაფერი ერთმანეთს ებმის: რომ გაიყვანო სასმელი წყალი და საირიგაციო - არა, მაშინ სასმელი წყალი გამოყენებული იქნება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის; ორივე რომ გააკეთო და კანალიზაციის სისტემა არ შექმნა, მაშინ ეკოლოგიური პრობლემა გექმნება და ასე შემდეგ...

- ამ ყველაფერს რა დრო დასჭირდება?

- უნდა გაკეთდეს გეგმა-გრაფიკი და თუნდაც იმ რესურსებით, რისი მობილიზებაც შეგვიძლია დღეს ჩვენი ბიუჯეტიდან და პლუს დონორების სახსრები, შესაძლებელია 4-5 წელში საგრძნობი გარდატეხის შეტანა. მნიშვნელოვანია ქონების გადასახადზე შეღავათები, რომელიც თავის დროზე 5 ჰექტარამდე მიწისთვის გაუქმდა - ეს ხელს უწყობს მიწების დიდი ხნის განმავლობაში დაუმუშავებლობას. ქონების გადასახადის არსი ის არის, რომ მიწა იმის ხელში იყოს, ვინც ეფექტურად გამოიყენებს.

- უახლოესი პერიოდისთვის საქართველოს რისი გაკეთება შეუძლია, თუნდაც წლეულს?

- მოკლევადიან პერიოდში თუ ხორბლის ნათესებს იმდენად გავზრდით, რომ ქვეყანაში არსებული საჭიროების თუნდაც 40-50%-ს დავაკმაყოფილებთ, ეს შეგვიმსუბუქებს წნეხს. თუმცა შესაძლოა მიმდინარე წელი იმდენად პრობლემური არ იყოს, რამდენადაც შემდეგი, რადგან არ ვიცით, რა მასშტაბის იქნება ომი. ამიტომ ერთია, წლეულს რას ვაკეთებთ და მეორე, რას ვაკეთებთ მომდევნო წლისთვის მოსამზადებლად. ვინმე ამ რისკებზე მუშაობს? ეს არის მნიშვნელოვანი, მკაფიო გეგმები არ ჩანს.

რუსა მაჩაიძე