ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები - კვირის პალიტრა

ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებადა ვხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, უპირველესად, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, იქნება­ ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი,­ ზვავი, ავტოკატასტროფა,­ ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა. ვუსუ­რვებთ ჩვენს მკითხველს, ამ რჩევ­ების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირდეთ.­ რუბრიკაში„"სამოქალაქო თავ­დ­­­აცვა"­­ სიამოვნებით ვუპ­ასუ­ხე­ბთ­ ამ საჭირბოროტო­ თემ­ე­ბთან­ დაკავშირებულ­ კითხვ­ე­­ბსაც­, რომელთა გამოგზავნა შეიძლება„"კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge გამოქვ­ეყნებული სტატიების კომენტარებში.

ჩვეულებრივ მოქალაქეს ექსტრემალური სიტუაცია მხოლოდ ომის დროს, საჰაერო თუ საარტილერიო დაბომბვისას როდი შეიძლება შეექმნას. არსებობს კრიტიკული მომენტები, როდესაც ადამიანი ბომბის ნამსხვრევებს კი არ ემალება და უფრთხის, არამედ... ჰაერის ჩასუნთქვას!

პირველი მსოფლიო ომის ფრო­ნტებზე გამოყენებული მომწამვლელი საბრძოლო აირები მასობრივი განადგურების იარაღის პირველი სასიკვდილო "მერცხალი" აღმოჩნდა, როდესაც "მდოგვის აირით" - იპრიტით - არა მარტო მოწინააღმდეგის, არამედ სანგრებში საკუთარი არმიის მებრძოლებიც ეღუპებოდათ და არც ახლომახლო სოფლებისა თუ ქალაქების მცხოვრებლებს ადგებოდათ კარგი დღე იმის მიხედვით, ქარი საით დაუბერავდა.

მას შემდეგ კაცობრიობა მასობრივი განადგურების იარაღის ახალი ნიმუშების შექმნაში მნიშვნელოვნად წავიდა წინ და საბრძოლო მომწამვლელ აირებს ბიოლოგიური და ბირთვული იარაღიც დაუმატა, რომლითაც სასიკვდილო საფრთხე უკვე ქალაქებს, სახელმწიფოებსა და თვით კონტინენტებსაც კი შეიძლება დაემუქროს.

1945 წლის 6 და 9 აგვისტოს­, ამერიკული ატომური დაბომბვების შედეგად, ეს ბირთვული­ არმაგედონი საკუთარ თავზე იწვნია ჰიროსიმისა და ნაგასაკის ათიათასობით მცხოვრებმა. საბედნიეროდ, მას შემდეგ აღარავის გაუმეორებია ეს საშინელება, თუმცა "მშვიდობიან ატომად" წოდებულ ატომურ ელექტროსადგურებში მომხდარმა ტექნოგენურმა კატასტროფებმა, მაგალითად, ჩერნობილსა თუ ფუკუშიმაში, არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მაღალრადიაქტიური ელემენტებით დააბინძურა გარემო სახიფათო ბირთვული ინციდენტების ეპიცენტრებიდან ასობით კმ-ის მოშორებითაც კი, იქით, საითაც ქარი უბერავდა.

პირველი ცივი ომის დროს წარმოსახვითი ფრონტის ხაზის ორივე მხარეს - აშშ-შიც და საბჭოთა კავშირშიც, დიდი ყურადღება ეთმობოდა არა მარტო სამხედროების, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების მომზადებას მასობრივი განადგურების იარაღისგან თავდასაცავად, მათ შორის - სპეციალური ინდივიდუალური­ თავდაცვის საშუალებების გამოყენებით.

1-fotoo-1653838878.jpg
საბჭოთა არმიის დროინდელი "საერთო საჯარისო დამცველი კომპლექტი" კარგად იცავდა საბრძოლო მომწამვლელი აირებისგან, თუმცა დღეს ის საქართველოში მეცხვარეებსღა თუ შემორჩათ

საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ დასავლეთი გამარჯვებით ტკბობას მიეცა და ბირთვული ომის საფრთხე დაივიწყა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კი, მათ შორის - საქართველოშიც, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან იმდენი პრობლემა გაგვიჩნდა, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჰიპოთეზური ბირთვული ომი კი არა, პურის ფულის შოვნა გვექცა მთავარ საფიქრალად, მაგრამ პუტინის რეჟიმმა მოახერხა (სხვათა შორის, დასავლელი ლიდერების დიდი ნაწილის უმოქმედობისა ან სულაც კრემლის მიერ მოსყიდვის შედეგად) ელცინის მმართველობის პერიოდში ლამის დაშლის პირას მისული რუსეთის ფეხზე წამოყენება და ახალი რუსული იმპერიის შეკოწიწების სისხლიანი ცდის წამოწყება ჯერჯერობით უშუალო მეზობლების - საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე.

დღეს მსოფლიოში ბირ­თვული ომის საფრთხე ძალზე­ გაზრდილია, თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინის ფრონტზე სასურველი სამხედრო-პოლიტიკური შედეგების მიუღწევლობისა და უკრაინის არმიის მიერ რუსულ ქალაქებზე საპასუხო სარაკეტო დარტყმების შემთხვევაში პუტინმა შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს. გარდა ამისა, არსად გამქრალა ტექნოგენური კატასტროფების (რომლებიც ბუნებრივმა მოვლენებმა, მაგალითად, მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს) საფრთხეც - სამხრეთ კავკასიაში მოქმედი ერთადერთი, მეტისმეტად მოძველებული­ საბჭოთა ატომური რეაქტორიდან, რომელიც სომხეთის მეწამორის ატომურ ელექტროსადგურშია განთავსებული, თბილისის ცენტრამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 177 კმ-ია და ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს (1988 წლის 7 დეკემბრის სპიტაკის კატასტროფულ მიწისძვრას ბეწვზე გადაურჩა მეწამორის ატომურ ელექტროსადგურში მაშინ მომუშავე ორი ატომური რეაქტორი), თორემ იმისთვის მოგვიწევს ლოცვა, რომ ქარმა სომხეთიდან ჩრდილოეთით, საქართველოსკენ არ დაუბეროს.

ამ არცთუ მცირე შესავლის შემდეგ გადავიდეთ მთავარ კითხვაზე: სად იშოვოს ჩვეულებრივმა­ მოქალაქემ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები მასობ­რივი განადგურების იარაღის ან ტექნოგენური კატასტროფის შედეგად წარმოქმნილი საფრთხისაგან თავდასაცავად?

ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების მნიშვნელობა საზოგადოების ფართო ფენებისთვის­ შეიძლება რთული გასაგები­ იყოს, მაგრამ იმედია, აირწინაღი ყველას უნახავს, რომ აღარაფერი ვთქვათ პირბადეზე - სწორედ იმ პირბადეზე, რომელიც კოვიდის პანდემიამ ლამის მთელ მსოფლიოს "შეაყვარა".

სწორედ უბრალო პირბადეა ყველაზე მარტივი საშუალება სასუნთქი ორგანოების დასაცავად, მაგრამ საბრძოლო მომწამვლელი აირებისგან ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაგვიცავს. ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებიდან უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევა სპეციალური რეზინისგან დამზადებული კომბინეზონი, რომელიც მთელ სხეულს ფარავს და აირწინაღთან ერთად თქვენი გადარჩენის გარანტიაა რამდენიმე საათის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოწინააღმდეგემ მომწამვლელი აირების გარდა, გაცილებით საშიში იპრიტი ან ლუიზიტი გამოიყენა, რომელიც ადამიანის სხეულზე მოხვედრისას მის კანს აზიანებს და ხორცს ლამის ძვლებამდე ამოწვავს.

ვისაც საბჭოთა ჯარში სავალდებულოდ გვიმსახურია, "საერთო საჯარისო დამცველი კომპლექტი", ალბათ, ყველას ჩაგვიცვამს და ბევრჯერაც შეგვიკურთხებია, როდესაც­ მისი მორგების ნორმატივი (საუკეთესო შედეგად ითვლებოდა, თუკი ბრძანების - "ქიმიური განგაში" - გაცემიდან 4 წუთსა და 35 წამში ამ რეზინის კოსტიუმში "მოთავსდებოდი", აირწინაღს გაიკეთებდი და ჩექმაზეც რეზინის "ბახილები" მჭიდროდ გექნებოდა შემოჭერილი) ვერ შეგვისრულებია, არადა ეს რეზინის კომბინეზონი თითქმის ყველა სახის საბრძოლო მომწამვლელი აირებისგან იცავს ადამიანს, ოღონდ მისი გამოყენება 4 სთ-ზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული, რადგან ჰერმეტული კომბინეზონის შიგნით ჰაერი არ მოძრაობს და ადამიანის კანი შეიძლება გადახურდეს. თაკარა მზის ქვეშ მისი ჩაცმა კი ნამდვილი საშინელებაა და უკვე სულერთი ხდება, მომწამვლელი აირი გაგგუდავს, თუ ამ რეზინში ჩაიხარშები...

იმედია, საფრთხის დონე იქამდე არ მიაღწევს, რომ მოსახლეობამ მასობრივად დაიწყოს "საერთო­ საჯარისო დამცველი კომპლექტების" ძებნა (არადა მასზე­ ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო მეცხვარეებში, მონადირეებსა თუ დიგერებში, რადგან ლაბადასავით გაშლილი კოკისპირული წვიმისგანაც კარგად დაგიცავთ), მაგრამ აირწინაღების ქონა ზედმეტი სულაც არ გვეჩვენება, ოღონდ აირწინაღი აუცილებლად ტექნიკურად გამართული უნდა იყოს, ანუ გამფილტრავ-შთანმთქავ ცილინდრულ ყუთში განთავსებულ გააქტიურებულ ნახშირს მოქმედების ვადა არ უნდა ჰქონდეს გასული.

საბჭოთა პერიოდში მოსახ­ლეობის რაოდენობაზე სამჯერ მეტი აირწინაღი არსებობდა, რომელთა დიდი მარაგი თავშესაფრებში ინახებოდა. დღეს საბჭოთა დროინდელი სამოქალაქო აირწინაღების დანიშნულებისამებრ გამოყენება ძნელად წარმოსადგენია, რადგან მათ გასაფილტრ მოწყობილობაში მოთავსებულ გააქტიურებულ ნახშირს აირების შთანთქმის უნარი მთლიანად ექნება დაკარგული, თუმცა გადატვირთვის შემთხვევაში ისინი ისევ მწყობრში ჩადგება.

დასავლური წარმოებისა და უფრო ეფექტიანი არაერთი სახის აირწინაღი არსებობს და ამერიკისა თუ ევროპის თავშენახული მოქალაქეები მათ ყიდულობენ.

საქართველოში აირწინაღების­ კომერციული ბაზარი არ არსებობს, რადგან მასზე მოთხოვნა­ არ არის, თუმცა სხვადასხვა სახის რესპირატორების შეძენა შეიძლება სპეციალიზებულ მაღაზი­ებსა და ბაზრობებზე, სარემონტო სამუშაოების ან სულაც ბაღის­ შეწამვლისას მცენარეების მავნებლების საწინააღმდეგო აეროზოლები გაფრქვევისას შემთხვევით რომ არ ჩაისუნთქოთ, მაგრამ ეს რესპირატორები ვერ შეცვლის აირწინაღს, რომელიც, სასუნთქი ორგანოების გარდა, ადამიანის თვალებსა და სახის კანსაც იცავს.

სასურველია, აირწინაღი­ ოჯახის ყველა წევრისთვის გვქონდეს (აირწინაღი ხუთი სხვადასხვა ზომის შეიძლება იყოს, ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრული ადამიანების თავის ზომების გათვალისწინებით. ბავშვის აირწინაღს შუახნის ადამიანი ვერ მოირგებს, ხოლო მოზრდილის აირწინაღი ბავშვის თავს მჭიდროდ ვერ ჩამოეცმება), „საგანგაშო ჩემოდანში“ ინახებოდეს და მათი მფლობელები ნავარჯიშევი იყვნენ აირწინაღის სწრაფად და მჭიდროდ თავზე ჩამოცმაში, რადგან ექსტრემალურ სიტუაციებში ყველაფერს ხანდახან წუთები კი არა, წამები წყვეტს.