როდესაც ორგანიზებული უკანდახევა ალყაში მოხვედრას სჯობია... - კვირის პალიტრა

როდესაც ორგანიზებული უკანდახევა ალყაში მოხვედრას სჯობია...

რუსეთთან ფარული თუ აშკარა რვა­წ­ლიანი ომის განმავლობაში უკრაინის საარმიო დანაყოფები რამდენჯერმე აღმოჩნდნენ ალყაში, მათ შორის - დებალცევოსა თუ ილოვაისკში, რასაც ბოლოს მარიუპოლიც დაემატა.

არის თუ არა საშიშროება, რომ რაოდენობითა და საბრძოლო ტექნიკით უპირატესი რუსეთის საოკუპაციო არმია კვლავ ეცდება უკრაინელი მებრძოლების ახალ "ქვაბებში"“ მოქცევას? სამწუხაროდ, არის... ამ მოსალოდნელ საფრთხეზე ჩვენ "კვირის პალიტრაში" ორიოდე კვირის წინ ვწერდით.

პირველი პატარა „"ქვაბის"“ საშიშროება მაშინ წარმოიქმნება, თუკი რუსი ოკუპანტები სევეროდანეცკისა და პოპასნის შეტევების მიმართულებების შეერთების შემთხვევაში ლისიჩანსკთან რკალის შეკვრას მოახერხებენ.

მეორე დიდი "ქვაბი", რომლის დროსაც უკრაინული არმია გაცილებით კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, გაჩნდება მაშინ, თუკი რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები იზიუმის მიმართულებიდან სამხრეთით წარმატებულ შეტევას დაიწყებენ, დონეცკის მიმართულებიდან კი ჩრდილო-დასავლეთისკენ გაიჭრებიან. ამ ურთულეს შემთხვევაში ალყაში აღმოჩნდება აღმოსავლეთ უკრაინის ორი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი - სლოვიანსკი და კრამატორსკი, ათიათასობით უკრაინელ სამხედროსთან ერთად. სიტუცია ამ მიმართულებებზე უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს სევეროდანეცკის დიდი ნაწილის აღება და ქალაქ ლიმანის დაპყრობა, რომელიც სლოვიანსკიდან სულ რაღაც ოციოდე კმ-შია.

აშკარაა ორ პოტენციურ, პატარა და დიდ "ქვაბში", ერთდროულად აღმოჩენის რეალური საშიშროება. გამოსავალი შეიძლება იყოს ფრონტის ხაზის გასწორება, ანუ უკრაინის საბრძოლო დაჯგუფებების ოპერატიული და ორგანიზებული უკან დახევა, რათა ფლანგებიდან, ან სულაც - ზურგიდან, მოწინააღმდეგის შეტევების საფრთხე მოისპოს.

დიახ, ძალიან ძნელია ოკუპანტისთვის საკუთარი ტერიტორიის სხვა ნაწილების დათმობაც, მაგრამ სასწორზე დევს მთელი უკრაინის, როგორც ქვეყნის მომავალი, რისთვისაც აუცილებელია უკრაინული არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთების პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის გადარჩენა და სხვა თავდაცვის ზღუდეებზე ახალი გადამწყვეტი ბრძოლებისთვის მათი მომზადება.

ეს არ იქნება ბრძოლის ველიდან გამოქცევა, მაგრამ უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და სამხედრო მეთაურობას თავად უკრაინის მოსახლეობა ვერ აპატიებს ახალ ილოვაისკს ან თუნდაც მარიუპოლს.

უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ოკუპანტი რუსეთის საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების შედარებითი წარმატება რამდენიმე ფაქტორით აიხსნება:

პირველი - რუსეთის გენერალიტეტმა ბრძოლებში მთელი ძალით ჩართო შორს მსროლელი ლულიანი არტილერია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და უძლიერესი საარტილერიო მომზადების გარეშე შეტევაზე აღარ გადადის, განსხვავებით ომის პირველი დღეებისგან, როცა უკრაინაში შეჭრილ რუსულ საჰაერო-სადესანტო დანაყოფებს ბლიცკრიგის ტემპით, ჯავშანკოლონების ასფალტირებულ გზებზე ჩაქროლებით სურდათ უკრაინის დაპყრობა და ცხვირიც კარგად წაიტეხეს კიევისა და ხარკოვის მისადგომებთან.

მეორე - დონბასის სტეპებში ისეთივე ნახევრად პარტიზანული წარმატებული ჩასაფრებების მოწყობა, როგორსაც უკრაინელები კიევთან ტყის მასივებში ახერხებდნენ, გაძნელებულია დონბასში ტყის საფარის სიმცირის გამო.

მესამე - წლების წინ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებიდან შედარებით ადვილია შეტევაზე გადასული რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების საბრძოლო მასალითა და საწვავით ოპერატიულად მომარაგება, რაც ძალიან უჭირდათ ოკუპანტებს კიევის სრულ ალყაში მოქცევის მცდელობისას.

მეოთხე - შეტევაზე გადასულ რუსულ შენაერთებს ჰაერიდან ეხმარებიან ის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინა-რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე თავიანთივე აეროდრომებიდან ფრინდებიან და სადმე, თუნდაც ბელარუსის ტერიტორიაზე გადასვლა არ სჭირდებათ, შესაბამისად, მათი ლოჯისტიკური უზრუნველყოფაც გაადვილებულია.

მეხუთე - მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ საბოლოო დაპყრობამ რუსეთის გენერალიტეტს საშუალება მისცა, აზოვის ზღვის სანაპიროდან მოეხსნა და უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებაზე გადაესროლა კიდევ ორ ათეულამდე საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი.

კარგად ჩანს რუსეთის გენშტაბისადმი პუტინის მთავარი მოთხოვნა: რაც შეიძლება მალე დაიპყრონ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრები, რომ ეს პრორუსული სატელიტები სრულფასოვან „სახელმწიფოებად“ გამოაცხადოს.2008 წლის აგვისტოს ომის ნაცნობი სურათია...