ქართული არმიის უკრაინაში ნაყიდი ტანკები კიევს დავუბრუნოთ? - კვირის პალიტრა

ქართული არმიის უკრაინაში ნაყიდი ტანკები კიევს დავუბრუნოთ?

ქართველი საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, უკრაინისთვის ასეთ რთულ პერიოდში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალები მას ნაწილ-ნაწილ იპყრობენ (რაც საქართველოს, სამწუხაროდ, უკვე გამოცდილი აქვს), უპრიანი ხომ არ იქნებოდა, ქართული არმიის საბრძოლო ტექნიკის ნაწილი უკრაინელი ძმებისთვის დაგვეთმო, როგორც დღეს ბევრი ქვეყანა აკეთებს, ანუ ქართული არმიისთვის თავის დროზე უკრაინისგან ნაყიდი ტანკები ისევ კიევისთვის დაგვებრუნებინა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოსაყენებლად?

ამ განწყობას ემატება კიდევ ერთი მოსაზრება: თუკი ჩვენ მოძველებულ საბჭოთა საბრძოლო ტექნიკას უკრაინელებს გავუგზავნით და მის სანაცვლოდ ამერიკელებს ნატოს სტანდარტის შეიარაღების გადმოცემაზე დავიყოლიებთ (როგორც პოლონეთის, ჩეხეთისა თუ სლოვაკეთის მაგალითზე ხდება), ამით ორ კურდღელს დავიჭერთ - უკრაინის არმიას მისთვის კარგად ცნობილ საბჭოთა სტანდარტის სამხედრო ტექნიკას მივაწვდით და მათ სანაცვლოდ ქართულ არმიას ამერიკული შეიარაღებით გავაძლიერებთ.

ორივე საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ რეალურად, ალბათ, განუხორციელებელი, სამხედრო და, მით უმეტეს, პოლიტიკური თვალსაზრისით.

უკრაინისგან ქართული არმია ყოველთვის ყიდულობდა შეიარაღებას. თუ შევარდნაძის დროს ეს იყო რამდენიმე სამხედრო კატარღა და სასწავლო რეაქტიული თვითმფრინავები, სააკაშვილის ხელისუფლების დროს უკრაინიდან საბრძოლო ტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალების ექსპორტმა არნახული მასშტაბი შეიძინა. რაღა დასამალია და, ამ შესყიდვების „ოტკატების“ მექანიზმით არაერთმა მსხვილმა ჩინოვნიკმა, თავდაცვის მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზეც კი, ორივე ქვეყანაში კარგად მოითბო ხელი. მაგალითად პასიური რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურის, "კოლჩუგას", უკრაინაში ყიდვის "საინტერესო" პერიპეტიებიც გამოდგება, რომელშიც, სავარაუდოდ, ოქრუაშვილ-სააკაშვილის მაშინდელი დუეტის რამდენიმემილიონიანი პირადი ინტერესიც იკვეთება.

აგვისტოს ომში ქართული არმიის საბრძოლო (რუსეთმა გორიდან ალაფად წაიღო უკრაინაში ახალნაყიდი, ახალი საბრძოლო მოდულით აღჭურვილი 15 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლებსაც აგვისტოს ომში ერთი ჭურვიც არ გაუსვრიათ) დანაკარგებს შორის იყო უკრაინიდან ექსპორტირებული საბჭოთა წარმოების შეიარაღება, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს თავდაცვის ძალების არსენალში დღესაც საკმარისად არის ის საბრძოლო ტექნიკა, რომელიც თავის დროზე უკრაინისგან შევიძინეთ, ხშირად - გაზრდილი ფასითაც.

უკრაინის არმიისთვის მათი ნაწილის გადაცემა, უფრო სწორად - ჩუქება (რადგან არა მგონია, დღევანდელ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას მწირი ბიუჯეტიდან შეიარაღების ყიდვის საშუალება ჰქონდეს) კი შეიძლება, მაგრამ ამერიკული მხარისგან მის სანაცვლოდ ანალოგიური დანიშნულების საბრძოლო ტექნიკის მიღება, თუნდაც "აბრამსების"“სახით, წარმოუდგენელი ჩანს.

მეორე და მთავარი პრობლემა, რუსეთის ფაქტორია - როდესაც პოლონეთი და ჩეხეთი უკრაინას ასობით ტანკს უგზავნიან, კარგად ახსოვთ, რომ მათ უკან ნატო დგას და მაინც, მიუხედავად ამისა, ცდილობენ, ეს ამბები გაასაიდუმლოონ. საქართველოს უკან კი მძლავრი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით, სამწუხაროდ, არც აგვისტოს ომის დროს იდგა ვინმე, არც დღეს დგას და ოკუპანტი რუსეთისთვის, რომელიც ისედაც თითიდან გამოწოვილ ათასნაირ ბრალდებას იგონებს ჩვენ წინააღმდეგ, ეს კორიდაზე გაცოფებული ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასი იქნება.არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ უკრაინის არმიას საქართველო არალეტალური სამხედრო საშუალებებით დახმარებოდა, მაგალითად, როგორც ისრაელი აწვდის მათ ჯავშანჟილეტებს. ქართული წარმოების ჯავშანჟილეტები და ჯავშანჩაფხუტები საქართველოს თავდაცვის ძალების ათასობით სამხედრო მოსამსახურეს მოურგია ავღანეთისა და აფრიკის სამშვიდობო მისიებში და ისინი არც უკრაინელ მებრძოლებს დაიცავს ურიგოდ, ამასთან, კომერციული მოგების ნახვაც შეიძლებოდა და, წესით, ვერც რუსეთი დაგვაბრალებდა, ქართული ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით უკრაინელები ჩვენს ჯარისკაცებს ხოცავენო, მაგრამ არც ეს გამოვა.