"ჰიმარსების" ზალპებით ომის ბედის შემოტრიალების იმედით...
"კვირის პალიტრის"“ 6 აპრილის ნომერში სტატიაში "ომის რუსეთის მიწაზე გადასატანად უკრაინას შემტევი შეიარაღება სჭირდება", ვწერდით, რომ უკრაინელ არტილერისტებს ძალიან გამოადგებოდათ ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "ჰიმარსი", რომლითაც მოწინააღმდეგეს ჩვეულებრივ რაკეტას 70 კმ-მდეც მიაწვდენდნენ, ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შემთხვევაში კი 300 კმ-ზე რუსეთის ტერიტორიაზე აეროდრომებსაც დააზიანებდნენ.
და, აი, 28 მაისს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა დიდი ფიქრის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა უკრაინისთვის "ჰიმარსების" გადაცემა, არადა, ამერიკულ-უკრაინული სამთავრობო კულუარული მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცა ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი - პენტაგონს გადაეცა თუ არა უკრაინის არმიისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "ჰიმარსი" შორს მსროლელი რაკეტებით.
უკრაინის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე დაუფარავად ეხვეწებოდნენ თეთრ სახლს, აშშ-ს რაც შეიძლება მალე მიეცა მათთვის "ჰიმარსები", რომლებსაც შორს მსროლელი რაკეტებით ეფექტიანად შეუძლია რუსული საარტილერიო დანადგარების ჩაჩუმება დონბასის ფრონტის ხაზზე.
უკრაინის არმია ისედაც იყენებს საბჭოთა დროინდელ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს - "გრადს", "ურაგანსა" და "სმერჩს", რომელთაც ბოლო დღეებში ჩეხეთის ნაჩუქარი "რმ-70"-ებიც შეემატა და ამერიკული „"ჰიმარსების"“ საბრძოლო გამოყენების ნიუანსებში გარკვევა არ გაუჭირდება, მაგრამ ძაღლის თავი სულ სხვაგან არის ჩამარხული.
საქმე ის არის, რომ ამერიკული "ჰიმარსი" უნივერსალური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემაა და, ფაქტობრივად, აერთიანებს საბჭოთა დროინდელი "გრადის", "ურაგანის", "სმერჩისა" და თვით "ტოჩკა-უ"-სა და "ისკანდერის" საბრძოლო შესაძლებლობებს, რადგან სხვადასხვა მანძილზე სხვადასხვა კალიბრის, მათ შორის - მართვადი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტის გაშვება შეუძლია. ამისთვის მხოლოდ შეჯავშნულ მაღალი გამავლობის სამხიდიან მანქანაზე დამონტაჟებული სარაკეტო პაკეტი იცვლება (დაახლოებით ასევე ხდება ქართული არმიის ზალპური "ლარ-160"-ის ტრანსფორმირება "გრად-ლარად").
პუტინზე ძალიან გაბრაზებული ბაიდენი ზელენსკისთვის, "სტინგერებისა"“ და "ჯაველინების"“ შემდეგ, რა თქმა უნდა, არც "ჰიმარსებს"“ დაინანებდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ამ ომის მეტად ესკალაციას ერიდება. საქმე ის არის, რომ თავიანთი ქალაქების განადგურებით გამწარებულმა უკრაინელებმა შეიძლება ამერიკელების ნაჩუქარი "ჰიმარსებით" შურის საძიებლად სარაკეტო დარტყმები რუსულ ქალაქებს მიაყენონ. "ჰიმარსებიდან" შეიძლება 300კმ ფრენის სიშორის მართვადი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების სტარტიც. ისინი დიდი სიზუსტით გამოირჩევა და უკრაინელებმა შეიძლება რუსი გენერლებით სავსე სამეთაურო პუნქტების გასანადგურებლადაც გამოიყენონ, რაც კრემლს უფრო გააცოფებს, ვიდრე რომელიმე რუსული ქალაქის დაბომბვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა არაორაზროვნად განაცხადა, კრემლი აფრთხილებს დასავლეთს, უკრაინის არმიას არ გადასცენ შორს მსროლელი საარტილერიო საშუალებები, თორემ რუსეთი კარდინალურ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამსო.
მართლაც, აბსურდის თეატრია - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველა სახისა და ტიპის შეიარაღებას იყენებს, მასობრივი განადგურების იარაღის გარდა, მაგრამ კატეგორიულად მოითხოვს, მისთვის ბალისტიკური რაკეტის სროლა არავინ გაბედოს. ამასობაში კი, უკრაინა-ამერიკის რამდენიმეკვირიან კულუარულ მოლაპარაკებებში, დაიკარგა ძალიან მნიშვნელოვანი დღეები - სევეროდანეცკსა და ლისიჩანსკთან მიმდინარე გააფთრებულ ბრძოლებში, რომელშიც ოპერატიულ ინიციატივას რუსი ოკუპანტები ფლობენ თუნდაც არტილერიის ფართოდ გამოყენების ხარჯზე, უკრაინელ არტილერისტებს კონტრსაბატარეო ზუსტი ცეცხლით რუსული არტილერიის ჩასაჩუმებლად ჰაერივით სჭირდებათ ამერიკული "ჰიმარსები".
P.S. სანამ უკრაინა-აშშ "ჰიმარსების" გადაცემის დეტალებს არკვევდნენ, პოლონეთმა სენსაციური სამხედრო შეკვეთის სურვილი გამოთქვა: ვარშავა მზად არის, შეიძინოს... 500 "ჰიმარსი", რაც თითქმის 3 მლრდ დოლარი ღირს! ამდენი, მით უმეტეს - 300-500 კმ-ზე მოქმედი რაკეტებით აღჭურვილი "ჰიმარსით" პოლონეთის არმიას რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის წარმატებით მოგერიების დიდი შესაძლებლობა მიეცემა.