100-დღიანი ომით გადაღლილი ბებერი ევროპა უკრაინას პუტინისთვის დათმობას ურჩევს?! - კვირის პალიტრა

100-დღიანი ომით გადაღლილი ბებერი ევროპა უკრაინას პუტინისთვის დათმობას ურჩევს?!

სტატია გამოქვეყნებულია გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის - 30 მაისის ნომერში

100 დღე-ღამე გახდება, რაც 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მას შემდეგ ანადგურებს უკრაინულ ქალაქებს თუ სოფლებს, ხოცავს უკრაინის მოქალაქეებს.

გაცილებით ძლიერი რუსი აგრესორების ამდენ ხანს შეკავებას უკრაინა თავისი მებრძოლების, სხვა ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდანაც) ჩასული მოხალისეების გმირობისა და დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დახმარების ხარჯზე ახერხებს, თუმცა დონბასში მძიმე ბრძოლები ჯერ წინაა და ამის ფონზე მოულოდნელად (შეიძლება არცთუ მოულოდნელად), თითქოს ვიღაცამ დაგეგმაო, ბებერ ევროპაში ჩნდება ინიციატივა, რომ ომის შეწყვეტისთვის აჯობებს, უკრაინამ რაღაცები დათმოს პუტინის სახის შესანარჩუნებლად.

ჯერ იტალიის ხელისუფლება გზავნის გაეროში დაახლოებით ამგვარ შეთავაზებას, მერე საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს, კიევი დაარწმუნოს, თავი წამოყო იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პუტინის ცნობილმა მეგობარმა ბერლუსკონიმაც, ოკეანის გაღმიდან გლობალური პოლიტიკის ლეგენდა, ექს-სახელმწიფო მდივანი, 99 წლის კისინჯერი მოუწოდებს დასავლეთს, უკრაინაზე ზეწოლა განახორციელონ და დაათმობინონ, რადგან რუსეთის გარიყვა ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, თურმე, დამღუპველი იქნება, ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს ცნობილი ამერიკული გამოცემა „"ნიუ-იორკ თაიმსი"“ სარედაქციო წერილით, რომელშიც ამტკიცებს, რომ აშშ-ს, ევროპასა და უკრაინას საერთო აზრი არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დამთავრდეს ეს ომი.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღემდე არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე ომის შეწყვეტას არ აპირებს. პირველ ეტაპზე ის თანახმაა, 23 თებერვლის მდგომარეობის დაბრუნების სანაცვლოდ მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, მაგრამ შემდგომ პერიოდში ოკუპირებული დონბასისა და ყირიმის დასაბრუნებლადაც იბრძოლებს პოლიტიკური გზებით და, თუ საჭირო გახდა, ომითაც.

ფაქტია, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი - ბებერ ევროპად წოდებულ დასავლეთ ევროპის გავლენიან ქვეყნებში შეიმჩნევა დიდი სურვილი, რომ უკრაინის ომს არ გადააყოლონ თავიანთი სახელმწიფოებრივი, უფრო კი - ეკონომიკური ინტერესები და რუსეთთან ფართო ვაჭრობა აღადგინონ, თუმცა სწორედ რუსულ ბუნებრივ აირსა და ნავთობს დახარბებულმა ახლანდელმა და მათმა წინამორბედმა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააყოფინეს საკუთარ ქვეყნებსა და მთელ ევროკავშირსა და ნატოს თავი კრემლის ეკონომიკურ მარყუჟში, რამაც ამ ქვეყნებს რუსეთის ენერგომატარებლებზე ისეთივე ავადმყოფური დამოკიდებულება ჩამოუყალიბა, როგორიც ნარკომანს აქვს წამლიან შპრიცზე.

ბებერი ევროპისგან განსხვავებით, აღმოსავლეთევროპელი პოლიტიკოსები და პოლონეთის, ჩეხეთისა და, მით უმეტეს, ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობა ძალიან კარგად გრძნობენ იმ უდიდეს საფრთხეს, რაც დღეს პუტინის აგრესიული რუსეთიდან მოდის, რადგან მათმა პაპა-ბებიებმა სტალინის საბჭოთა კავშირის აგრესია გადაიტანეს და შვილიშვილებიც გააფრთხილეს.

ამიტომაც უკრაინის პოლიტიკურ თუ სამხედრო დახმარებაში (ერთ სულ მოსახლეზე პროცენტული გათვლით) სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ლიდერობენ და უკრაინას ასობით ტანკსა და ათასობით ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნს უგზავნიან, მაშინ, როცა გერმანიამ, ორი თვეა, თავი ვერ მოაბა უკრაინისთვის შვიდი(!) თვითმავალი საარტილერიო დანადგარის გადაცემას.

უკრაინელებისთვის ძალზე სასიამოვნო უნდა იყოს, რომ ბებერი ევროპის ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის არმიის სამხედრო დახმარებაში ლიდერობს და სწორედ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოდის სენსაციური ინიციატივით, ევროპაში შეიქმნას ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც უკრაინასთან ერთად გააერთიანებს დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს, მოგვიანებით კი - თურქეთსაც. ეს ახალი ალიანსი უნდა გახდეს ევროკავშირის ერთგვრი კონკურენტი, რომლის გადაწყვეტილებებს უნგრეთი ვეღარ დაბლოკავს და რომელსაც გერმანიის ყოყმანი ხელს ვერ შეუშლის თამამი ნაბიჯების გადადგმაში.

ბებერი ევროპის ზოგიერთი ლიდერის კულუარული მცდელობა, აიძულოს უკრაინა, ტერიტორიების ნაწილის დათმობის ხარჯზე პუტინს ომი შეაჩერებინოს (კრემლი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური სანქციების სასწრაფოდ გაუქმებასაც მოითხოვს), კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ევროკავშირში, ისევე, როგორც ნატოში, ერთიანობა არ არის, როცა საქმე მათი არაწევრი ქვეყნის გადარჩენას ეხება, ამიტომაც იმედი, რომ ევროკავშირი თავის რიგებში უკრაინას, მოლდოვას ან საქართველოს უახლოეს პერიოდში მიიღებს, სამწუხაროდ, ნაკლებად უნდა გვქონდეს, რასაც ადასტურებს 14 წლის წინანდელი ნატოს ბუქარესტის სამიტის დღემდე ფუჭი დაპირებაც.დღეს უკრაინის ბედი, ძირითადად, ორ გავლენიან ქვეყანაზე - აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზეა დამოკიდებული. თუკი ისინი ლიდერის როლს იკისრებენ და არ დაელოდებიან საფრანგეთის, გერმანიისა თუ იტალიის ხელისუფალთა გადაწყვეტილებებს, უკრაინა რუსეთთან არათანაბარი ომის მეტ-ნაკლებად წარმატებით გაგრძელებას შეძლებს, მით უმეტეს, რომ მეზობელი პოლონეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, რუმინეთი, ბულგარეთი და, რა თქმა უნდა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცედ დგანან მის მხარეს.