ქართველობის დევნა... - კვირის პალიტრა

ქართველობის დევნა...

ღმერთო, რას ჰგავს ქართველი პოლიტიკოსების ქცევა? ერთმანეთს ძირავენ ერთი მიზნით, ვინ უფრო მეტად იმსახურებს ევროპას. ბავშვობაც აღარ ჰქვია ამას. ზუსტად ეგ არის არაევროპულობა! რთული საყურებელია ჩვენივე ქვეყანაში ზიზღისა და სიძულვილის უამრავი პრაქტიკა, როცა უკვე ხალხიც აღარ არის გაყოფილი. ამქვეყნად დარჩა ორად გაყოფილი პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც მთელი ძალით ექაჩება ქვეყანას უკან.

ბლოგი სპეციალურად დავასათაურე ასე. ვიცი, ირონიულად გახსენით და ელოდებით მონაკვეთს, სადაც დამცინებთ. მე არ ვაპირებ ოხუნჯობას. დავიწყებ იმით, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა ევროპისგან? რას ვაძლევთ და რას ვიღებთ მისგან, ისე რომ ჩვენი იდენტობა და კულტურა არ დავკარგოთ. რა არის ამაში სასაცილო?

ახლა ამბები, რომელიც ვფიქრობ პრობლემურია. ძველ უბანში, თბილისურ ეზოში გადავედი საცხოვრებლად. ვიგრძენი რომ მავიწროებდნენ. სათავსო, რომელიც ჩემს სახლს ეკუთვნოდა წართმევას ცდილობდნენ, პერიოდულად წყალს მიკეტავდნენ, თითქოს სულ შემთხვევით ხდებოდა ეს ყველაფერი... უნდოდათ გავქცეულიყავი იმ უბნიდან. დეტალები აქ არ მინდა დავწერო. აღმოჩნდა რომ გვარგადაკეთებული ქართველები ფარულად დევნიან ნამდვილ ქართველებს და ძველ უბნებში ეს მასიურად ხდება თურმე. ერთმანეთის მხარდაჭერით და ხელმოწერით არეგისტრირებენ ერთ გოჯ მიწასაც კი, ზოგს ახალ შეძენილი გვარის სახელზე, ზოგს ძველზე. არ ვიცი რისი მოლოდინი აქვთ და რატომ იქცევიან ასე, მაგრამ ეს პროცესი ნამდვილად მიდის.

აქვე შევადარებ ევროპულ ქვეყნებს. განა იქ არ ხდება გვარის გადაკეთება? მაგრამ ამას აკეთებ იმიტომ, რომ სამუდამოდ რჩები იქ. მადლიერი ხარ, რომ შეგიფარა და ითვისებ იმათ იდენტობას და კულტურას. იქ სახელმწიფოებია ისე აწყობილი, რომ ადგილობრივის დაჩაგვრას არავინ გაპატიებს. მით უფრო უკანონობას. გაუთანაბრდი თუ გსურს და კი ბატონო.

მაპატიეთ და ალბათ ასეთი ადამიანები ამკვიდრებენ მოსაზრებებს: “ქართველზე მეტი აფერისტი და ნაძირალა ერი არ არსებობს“, „მრცხვენია რომ ქართველი ვარ“ და ასე შემდეგ.

მე, ქსენოფობი არ ვარ. პირიქით, უამრავი სხვა ეროვნების მეგობარი მყავს და ვეთაყვანები მათ. მაგრამ, მთელი სოლოლაკი ირანელებით არის სავსე, მთელი პლეხანოვი თურქებით. თბილისის შემოგარენი ინდოელებით და ჩინელებით არის სავსე... ეს კორპუსების დაუსრულებელი მშენებლობები ხომ იცით? არ ვიცი, მგონი ცუდი არ არის და ისიც ვიცი, რომ საზღვარგარეთ წასული ქართველებიც ხშირად ყიდულობენ საკუთარი ოჯახებისთვის ბინებს, მაგრამ ასევე არის ინფორმაცია, რომ უცხოელებიც საკმაოდ მრავლად არიან ამ კორპუსის მეპატრონეები...

მოკლედ, მე ამას იმიტომ არ ვწერ რომ „ვიღაცების“ მიმართ აგრესიის საფუძველი გახდეს. მაგრამ, სად ვართ ჩვენ? ჩვენ ისინი უნდა მივიღოთ სწორი მოქალაქეობრივი კანონით, სამართლით და რაც მთავარია კი არ უნდა ჩამოვრჩებოდეთ, პირიქით კონკურენციას უნდა ვუწევდეთ ბიზნესითაც, ცოდნითაც... ჩვენ არ ვართ დასაცინი ხალხი. ამაში პოლიტიკოსები უნდა ეხმარებოდნენ საკუთარ ხალხს. რას აკეთებენ ისინი? ააა, ხოო, მაგალითად, ხელისუფლება ოპოზიციასთან თავის მართლების პოზაშია ჯერ კიდევ!

ვახსენე და აქვე ვიტყვი, რამდენი ქართველია სამშობლოდან შორს გადაკარგული და ისიც არ იციან როდის ნახავენ საკუთარ ოჯახებს. ეს ოჯახები შესაძლოა იურიდიულად არ დაიშალოს, მაგრამ ბზარი ჩნდება... ეს მძიმე დარტყმაა ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის.

დაიცალა სოფლები და ერთმანეთთან უაზრო კინკლაობის გარდა არსებითს ვერაფერს ვისმენთ. ქართველი გლეხისთვის არავინ არსებობს. მთელი რიგი რაიონებია, სადაც თანხა საერთოდ არ ტრიალებს. და, სინდისი გყოფნით გამოდიხართ და არჩევნების მართებულობაზე ელაპარაკებით ამ ადამიანებს?

ჩვენ არ გვინდა სამსახურს 400 ლარით ვიწყებდეთ და იმავე ხელფასით ვკვდებოდეთ. აქსიომაა ეს! განვითარებული ქვეყნების სიაში თუ გინდათ ჩაეწეროთ საკუთარი მუშახელის მუდმივი სწავლა და დაფასება უნდა ხდებოდეს, მუდმივი განვითარება, ხელფასის ზრდა და ასე შემდეგ.

ჩვენ გვინდა, ჩვენი უწყებები ევროსისტემაზე მორგებულ სტრუქტურებად გადავაქციოთ. თუ ვინმეს ეს არ უნდა, ეს არის პოლიტიკოსები! 30 წელია ქაოსიდან ვერ გამოვდივართ. თუ დროულად ვერ მოხერხდება ცივილური სისტემის აღდგენა, მუდმივად იქნება რღვევის, დეგრადაციის შეუქცევადი პროცესის განცდა. მუდმივი კრიზისისა და ქაოსის განცდა კი პირდაპირ ურტყამს ჩვენს ცხოვრებასა და ფსიქიკას.

ვიღაცები საკუთარ თავს კი აიგივებენ ევროპასთან, თუ მე არა დაიღუპებითო, მაგრამ რეალური მდგომარეობა ასეთია: თუ შენს სახელმწიფოს ასახიჩრებ, აწვდი მცდარ იდეებს, ადამიანი ჩამოგყავს რაც შეიძლება დაბალ საფეხურზე, მის მხოლოდ პირუტყვულ ინსტინქტებს აღვივებ, ხომ ცხადზე უცხადესია, რომ ასეთი ტელევიზიებით სახელმწიფოს ვერ შექმნი!

სწორედ ასეთი ადამიანები გვიგინებენ ჩვენს წმინდან მეფეებს, ცდილობენ ისტორიის შეცვლას (ალბათ, თქვენი წინაპრები არიან, მაგალითად ერეკლე მეფეს რომ არ გაჰყვნენ საომრად, როცა კაკალ-კაკალ აგროვებდა ადამიანებს ჯარისთვის და ორთაჭალის ბაღებში არჩიეს ქეიფი..), ვფიქრობ, მიზანმიმართულად არ იქმნება განვითარების პირობები დღესაც და მერე, დასცინიან ქართველ ხალხს „ქართველობას ხომ არ გართმევენო?“

ვაი, კიდევ რამდენია სათქმელი. ხალხს გვსურს დავინახოთ და ვიგრძნოთ ცივილურად როგორ შრომობენ პოლიტიკოსები ქვეყნის საჭიროებების გადაწყვეტისთვის. სადა ხართ? მართლა გონება ხომ არ დაგბინდვიათ? გგონიათ იყიდება ეგ თქვენი იაფფასიანი სვლები?

მწერალი ჯემალ ქარჩხაძე ამბობდა ზუსტად: „ხელისუფალნო დააკვირდით თუ რა სხვაობაა ზრუნვასა და ლაპარაკს შორის. ლაპარაკი - ყვავილის მახრჩობელა სურნელია, ზრუნვა ოფლის მჭახე სუნი. ლაპარაკი იმედის თესლია, ზრუნვა კი ეჭვისა. ლაპარაკით ყოველთვის შეგიძლია ზრუნვა შეცვალო, ზრუნვით ლაპარაკს ვერასოდეს შეცვლით!“