"როცა სირენის ხმა ისმის, კამერა მწყობრში მომყავს, რომ ჩემკენ წამოსული ჭურვი გადავიღო" - კვირის პალიტრა

"როცა სირენის ხმა ისმის, კამერა მწყობრში მომყავს, რომ ჩემკენ წამოსული ჭურვი გადავიღო"

რეჟისორი მიშა ჭიაურელი უკრაინაში გაემგზავრა. ამბობს, რომ მისთვის ბრძოლის იარაღი ვიდეოკამერა და ფილმია. აფხაზეთის ომისა და 9 აპრილის ცნობილი კადრების ავტორი კიევში ისტორიული მასალების მოპოვებისა და მოგვიანებით დოკუმენტურ ფილმებად შექმნის მიზნით ჩავიდა, თუმცა გამგზავრების გადაწყვეტილება კიდევ ერთი მიზნით მიიღო: კიევის კინემატოგრაფიის უნივერსიტეტსა და უკრაინის ათ წამყვან ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უკრაინელი სტუდენტები წელიწადში რამდენიმე ათეულ ფილმს გადაიღებენ და ტელევიზიებით გაავრცელებენ. წამოწყებას სათავეში, ბუნებრივია, მიშა ჭიაურელი ჩაუდგება.

- უკრაინაში ბრძოლის ველზე საომრად არ წამოვსულვარ. იარაღი ჩემი საქმე არაა, თუმცა ვფიქრობ, ფილმი ბრძოლის არანაკლებ ეფექტური საშუალებაა. შესაბამისად, ჩემი იარაღი ვიდეოკამერაა. კინოდოკუმენტალისტი სად უნდა იყოს ახლა, თუ არა უკრაინაში?! არ შემეძლო, განვითარებული მოვლენებისთვის თბილისიდან მედევნებინა თვალი.

- უნიკალური დოკუმენტური კადრების მოძიება-მოპოვება უკვე მოახერხეთ?

- დიახ, მოვიძიე და გავიცანი ადამიანები, ვინც ასეთი კადრების მოპოვებაში დამეხმარება. ამჟამად ბრძოლის ველზეა ცნობილი სამხედრო კორესპონდენტი დმიტრო კომაროვი. მასთან კონტაქტი მაქვს. როგორც კი ომი დასრულდება, მასალებს გადმომცემს. რამდენიმე ფილმი მაქვს ჩაფიქრებული. ერთი ამ ამბებს შეეხება, მეორე - ბავშვების შესახებ იქნება. ცნობილი უკრაინელი მსახიობები გავიცანი. როგორც კი გვარს - "ჭიაურელს", სოფიკოს ან კოტეს (მახარაძეს) ახსენებ, ყველა გზა იხსნება (იცინის)... ომის შემდეგ ამ მსახიობებს შევკრებ და ჩაფიქრებულ ფილმებს გადავიღებ. სხვათა შორის, 80-იან წლებში უკრაინაში ახალგაზრდულ ფესტივალზე მთავარი პრიზი მოვიპოვე. შესაბამისად, ამ სფეროში ვიცნობ ადამიანებს და კონტაქტების მოძიება არ გამჭირვებია.

- უკრაინაში თქვენს გამგზავრებას მხოლოდ ერთი მიზანი არ ჰქონდა. მოგვიყევით კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ.

- კიევის კინემატოგრაფიის უნივერსიტეტთან და უკრაინის ტელევიზიებთან ხელშეკრულება გავაფორმე. შეიქმნა ახალგაზრდულ-ექსპერიმენტული გაერთიანება "დებიუტი". ასეთ გაერთიანებას, სანამ დოკუმენტური ფილმების სტუდია დაიხურებოდა, საქართველოში 25 წლის მანძილზე ვხელმძღვანელობდი. უნივერსიტეტმა გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად დამნიშნა. სტუდენტები წელიწადში 30-40 ფილმს შექმნიან. ტელევიზიებისთვის ეს უფასო პროდუქციაა, სტუდენტებისთვის კი - წარმოებაში მუშაობის არაჩვეულებრივი პრაქტიკა. ეს ჩემგან უკრაინისთვის გაღებული ერთგვარი ჰუმანიტარული პროექტია. ამ ბავშვებმა თავიანთი ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა მოიტანონ და მომავალი თავიდან ააშენონ.

- ბუჩაში რა ნახეთ?

- ბუჩაში წასვლა ჩემი პირადი ინტერესი და იქაურების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო. ტაქსით წავედი. იქ გადარჩენილი მხოლოდ მერია, ეკლესია და პატარა სკვერი დამხვდა, სხვა ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული. გაოგნებული ვარ ამგვარი ბარბაროსობით. მიუხედავად ამისა, ადამიანები ამ ადგილას მშვიდად, ორგანიზებულად არიგებდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას.

- როგორი მდგომარეობაა იმ რეგიონებში, სადაც საომარი მოქმედებები ამჟამად აღარ მიმდინარეობს?

- ადგილზე სრულიად მოულოდნელი სურათი დამხვდა. ჩამოსვლის პირველ რამდენიმე დღეს კიევში ადამიანს აქა-იქ თუ მოკრავდი თვალს. მესამე-მეოთხე დღიდან ნელ-ნელა გამოჩნდნენ და ახლა უკვე კრეშჩიატიკი (ცენტრალური პროსპექტი. - ავტ.) ხალხითაა სავსე. გაიხსნა კაფეები, სეირნობენ. ამუშავდა მეტრო, ტაქსები, ბანკები, რესტორნები. მიწისქვეშა გადასასვლელებში ყველაფერი დაკეტილი იყო, ახლა ყველა დაწესებულება გახსნილია. ერთნაირი ოპტიმისტური და შემართული განწყობა აქვთ ქალს, კაცს, ბავშვს. რკინის კონსტრუქციები ქუჩებში ისევ არის. საღამოობით კომენდანტის საათია. ჩემი ახალგაზრდა მეგობარი ლექსო ჩხეიძე მოხალისედ წამომყვა. ახლა უკრაინელ მოხალისეებთან ერთად მუშაობს. მათ მშენებლობაშიც ეხმარება.

- როცა სირენის ხმა ისმის, თავშესაფრებს აფარებთ თავს?

- როცა სირენის ხმა ისმის, ტელეფონს ვამზადებ, რომ თუ რამე დავინახე, გადავიღო. თუკი ჭურვი ჩემი საცხოვრებლისკენ წამოვა, მერე გაქცევას რაღა აზრი აქვს?! ან სად ვეძებო ბუნკერი?.. აქ იმისთვის ვარ, რომ მსგავსი კადრები მოვაგროვო.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი "გზა"