"რეჯეფ ერდოღანის საგარეო პოლიტიკის ესკალაციური კურსი - რა დგას მის უკან" - რას წერს გერმანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რეჯეფ ერდოღანის საგარეო პოლიტიკის ესკალაციური კურსი - რა დგას მის უკან" - რას წერს გერმანული გამოცემა?

„თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა თავის ნატოელ პარტნიორებთან მიმართებით სახიფათო საგარეო პოლიტიკური კურსი აიღო“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „რეჯეფ ერდოღანის საგარეო პოლიტიკის ესკალაციური კურსი: რა დგას მის უკან“, რომელშიც ავტორი - კაროლინა დრიუტენი წერს, რომ თურქ ლიდერს დღეს ხელს ორი ფაქტორი უწყობს: უკრაინა-რუსეთის ომი და ნატოს გაფართოება ჩრდილოეთისაკენ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

თურქეთი აგრძელებს ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღების დაბლოკვის პოლიტიკას. ანკარა ჯერჯერობით კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მათ მიღებაზე, განსაკუთრებით - შვედეთის წინააღმდეგ. იმავდროულად, რეჯეფ ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთში ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა, აგრეთვე, გაწყვიტა და გააუქმა დაგეგმილი კონტაქტები თავის ნატოელ მოკავშირესთან - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან.

თურქეთის ოპერაციის მიზანი სირიაში ისაა, რომ ქვეყნის სიღრმეში თურქეთ-სირიის საზღვრიდან 30-კილომეტრიანი ზონა შეიქმნას, სირიელი ლტოლვილების დასაბრუნებლად, ასევე ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტული რაზმების განადგურება, ან მათი გარეკვა-გაძევება თურქეთის ტერიტორიის სიახლოვიდან.

ანკარა ამ ამოცანების შესრულებას პირველად არ ცდილობს: სირიის მიწაზე თურქეთის არმია ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში შეიჭრა. იმ დროს დასავლელმა დამკვირვებლებმა, მათ შორის, გერმანელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა, განაცხადეს, რომ ანკარის ნაბიჯები საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევსო, მაგრამ თურქეთმა მკაცრად უპასუხა, რომ მას თავდაცვის უფლება აქვს. თუმცა რეჯეფ ერდოღანს, რომელიც სოჭში თავის რუს კოლეგას - ვლადიმერ პუტინს შეხვდა, საბოლოოდ მაინც მოუწია საბრძოლო მოქმედებების შეჩერებამ და დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ მცირე ფართობის მქონე ტერიტორიით, რომლის დაკავების უფლება მას რუსეთის პრეზიდენტმა მისცა.

დღეს კი თურქეთის მეთაურს ახალი ოპერაციის განხორციელების მომენტი შემთხვევით არ ამოურჩევია - დღეს მის სასარგებლოდ ორი მთავარი ფაქტორი მუშაობს:

პირველი - რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთს, სირიის ლიდერის - ბაშარ ასადის ძლიერ მოკავშირეს, ამჟამად მთელი თავისი სამხედრო სიმძლავრეები უკრაინის წინააღმდეგ აქვს მიმართული და, ამრიგად, სირიის ფრონტის მნიშვნელობა შედარებით შესუსტებულია. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც კი ვარაუდობს, კრემლმა შეიძლება თავისი ქვედანაყოფები სირიიდან მთლიანი თუ არა, მათი დიდი ნაწილი მაინც გაიყვანოს და უკრაინაში გადაისროლოს. დღეს კრემლისათვის უკრაინა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე - სირია;

მეორე ფაქტორი - ნატოს გაფართოება ჩრდილოეთისაკენ. ამერიკამ, მართალია, „შეშფოთება გამოხატა“ თურქეთის არმიის სირიაში შეჭრის გამო, მაგრამ ვაშინგტონი არ აქტიურობს და თავს იკავებ მკვეთრი ნაბიჯებისაგან - იმიტომ, რომ ამერიკას არ სურს ნატოელ მოკავშირესთან, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღების საკითხის განხილვის წინ, ანკარასთან კონფლიქტი ჰქონდეს. საყოველთაოდ ცნობილი აქსიომაა, რომ თურქეთის თანხმობის გარეშე ორი სკანდინავიური ქვეყანა ნატოში ვერ გაწევრდება.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი თურქეთის გააქტიურებისა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია: ქვეყნის შიდაპოლიტიკური სიტუაცია: რეჯეფ ერდოღანის პრეზიდენტობის ვადის გასვლამდე ერთი წელიღა დარჩა, გამოკითხვების შედეგების მიხედვით კი, მისი პოპულარობის რეიტინგი მცირდება. ცხადია, ამ ნეგატიურ ტენდენციას თავისი რეალური მიზეზები აქვს: ინფლაცია უკვე თითქმის 70%-ს უახლოვდება. რეჯეფ ერდოღანი ნაცად ხერხს მიმართავს პოპულარობის დონის ასამაღლებლად - ომი ხომ ქვეყნის მოსახლეობის კონსოლიდაციას ხელს უწყობს!

იგივე მიზანი აქვს თურქეთის საგარეო პოლიტიკის გამკაცრებას საბერძნეთთან - თურქ პრეზიდენტს სურს, თავის მხარდამჭერებს და თურქეთის მოსახლეობას მტკიცე ხელი აჩვენოს: რეჯეფ ერდოღანი მრისხანედ აცხადებს, რომ მისთვის ბერძენი პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აღარ არსებობს - იმიტომ, რომ მან აშშ-ში ვიზიტის დროს კონგრესმენებს მოუწოდა, თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაში ემბარგო დაწესებულიყო. როგორც ჩანს, საბერძნეთის პრემიერს ამ განცხადებისთვის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა - ბოლო დროს ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ბერძნულ კუნძულებზე თურქული თვითმფრინავების უკანონო ფრენები გახშირდა.

თურქები კი მეზობლის განცხადებამ მართლაც ძალიან აღაშფოთა: „ჩვენ ნატოს წევრები ვართ, მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთთან ომში. ამ დროს კი ვაშინგტონში გამოდის მიცოტაკისი და ამბობს - მერე რა, რომ თურქეთის ნატოს წევრია, მერე რა, რომ თურქეთი ნატოს ცენტრალურ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფლანგს იცავს, მაინც აკრძალეთ ანკარისათვის იარაღის მიწოდებაო“, - ასე გამოხატა თავისი გულისწყრომა თურქეთის პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა აკიფ ყილიჩმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტი მადრიდში ივნისის ბოლოს უნდა გაიმართოს. ნატოში ფიქრობენ, რომ სამიტამდე დარჩენილ ერთ თვეში ფინეთისა და შვედეთის წევრობის საკითხთან მიმართებით რაღაც კომპრომისს მოძებნიან. ამასთან, უკვე აშკარაა, რომ, ერთი მხრივ, კომპრომისის ფასი მნიშვნელოვანი იქნება, ხოლო მეორე მხრივ - ალიანსის სხვა წევრების თვალში თურქეთის, როგორც მტკიცე ნატოელის რეპუტაცია და ნდობა მცირდება.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ