"ვერ გეტყვით, მის თავში რა ტრიალებს. ფაქტია, ეს არის სამარცხვინო" - კვირის პალიტრა

"ვერ გეტყვით, მის თავში რა ტრიალებს. ფაქტია, ეს არის სამარცხვინო"

კობახიძე თავის განცხადებაში ამბობს, რომ საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც 9500 პატიმარზე უარესია, ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელ პატიმარზე, რომელიც სასჯელს იხდის პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობასა და ქურდობაზე - მიხეილ სააკაშვილი მათზე უარესია? რა უნდა ვუპასუხო ამას გარდა იმისა, რომ რეგვენია, - ამის შესახებ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სირცხვილია, როდესაც კონსტიტუციონალისტი ამგვარ განცხადებას აკეთებს.

„კობახიძის განცხადება ჩვეულებრივი ამბავია, „ქართული ოცნების" მახასიათებელია. მათ უკონტროლო განცხადებებზე პასუხის გაცემა თვითონ ჩვენ გვაგდებს უხერხულ მდგომარეობაში. ახლა რას ამბობს კობახიძე თავის განცხადებაში, რომ საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც 9500 პატიმარზე უარესია, ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელ პატიმარზე, რომლებიც სასჯელს იხდიან, პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობასა და ქურდობაზე - მიხეილ სააკაშვილი მათზე უარესია? რა უნდა ვუპასუხო ამას გარდა იმისა, რომ რეგვენია და კონსტიტუციონალისტი საკუთარ ქვეყანას არ შეიძლება ამას აკადრებდეს.

არ ვიცი, ვერ გეტყვით მის თავში რა ტრიალებს. ფაქტია, ეს არის სამარცხვინო და პარლამენტარი, მით უმეტეს სპიკერი ამგვარ განცხადებას აკეთებდეს არ შეიძლება",-განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარეგნული დათვალიერებით არანაირი ცვლილება არ შეინიშნება.

„საავადმყოფოში შემოსვლის შემდეგაც წონა დაკარგული აქვს. აქედან გამომდინარე, ველოდებით ისიც, მეც და ყველა გულშემატკივარი ექსპერტიზის ჩართულობასა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. იმედი მაქვს, ხვალიდან ექსპერტებს დაუშვებენ იმისთვის, რომ ალტერნატიულმა კომისიამ და აქ არსებულმა ექიმებმა ერთად შეჯერებული დასკვნა დადონ, რის საფუძველზეც გადაწყდება მიხეილ სააკაშვილმა როგორ უნდა იმკურნალოს. გარეგნული დათვალიერებით, მას უკეთესობისკენ არანაირი ცვლილება არ აქვს”, - აღნიშნა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს.

„ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ზუსტად ისეთივე მოპყრობა იქნება სააკაშვილის მიმართ, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე სხვა 9500 პატიმარს“, -აღნიშნა კობახიძემ.

IPN