"უკვე მეკითხებიან, - ცოლი როდის უნდა მოიყვანოო?" - კვირის პალიტრა

"უკვე მეკითხებიან, - ცოლი როდის უნდა მოიყვანოო?"

"კომედი შოუს" მსახიობის - თემო ნიქაბაძის პროგნოზით, 1-2 წელიწადში ოჯახის შექმნის საკითხი მისთვის აქტუალური იქნება. მანამდე გავარკვიეთ, როგორი "სასიძოა" და როგორი გოგონები მოსწონს...

- კი, უკვე მეკითხებიან, - ცოლი როდის უნდა მოიყვანოო? ამის ინიციატორი ძირითადად ბიძაჩემია. ჯერჯერობით, მშობლები თავს იკავებენ. თავად ვფიქრობ, რომ ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვარ. 1-2 წელი ალბათ კიდევ დამჭირდება, ეს საკითხი ჩემთვის აქტიურ ფაზაში რომ შევიდეს.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს. არ მომწონს უხეში ადამიანები. მხიარული გოგონები მომწონს, რომლებსაც საუბარი, გაღიმება უყვართ და სულ ცუდ ხასიათზე არ არიან.

- გყვარებია?

- ალბათ - ბავშვობაში. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, სერიოზული სიყვარული არ მწვევია. როცა მეწვევა, ჩემი აზრით, ის ერთადერთი იქნება, ვისაც ცხოვრებას დავუკავშირებ...

- სკოლაში გოგონებს შორის პოპულარული თუ იყავი?

- არანაირად, რადგან მაშინ უფრო გამხდარი ვიყავი და ჩემი ულამაზესი ცხვირი განსაკუთრებით თვალში საცემი იყო (იღიმის)... იუმორი თავიდანვე მიყვარდა. მხიარული ხასიათის გამო, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მოკლედ, სკოლის "ბრედ პიტი" არ ვყოფილვარ, რა...

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?

- ავყვები ხოლმე. საინტერესო სიტუაციაა, თუკი ფლირტის სურვილი ორივე მხარეს აქვს... ჩვეულებრივი, მხიარული, ზომიერი ფლირტი მიყვარს. დაძაბულობა და ჩარჩოებში მოქცეული ქცევები არ მხიბლავს.

- გოგონას გაცნობისას, რას აქცევ ყურადღებას?

- არ მომწონს, როცა ვამჩნევ, რომ გოგო სულ მოწყენილია, უხასიათოდაა...

- როგორ ხვდები, რომ ახალგაცნობილი სულ მოწყენილია?

- მაშინვე შემიძლია მივხვდე მისი სახის გამომეტყველების, საუბრის მიხედვით... ერთი შეხედვით ეტყობა, მხიარულია თუ სევდიანი.

- უჟმურის გარდა, კიდევ როგორი გოგო ვერ იქნება შენ გვერდით ვერასოდეს?

- ის, ვინც მეტყვის, - ფარცხანაყანევში არასდროს წამოვალო. ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა ადამიანი მაგალითად, რეგიონში ცხოვრობს, დაოჯახების მერე, მეუღლის ან სხვა მიზეზების გამო, უარს ამბობს იმ ადგილ-მდებარეობაზე, სადაც დაიბადა-გაიზარდა. ვფიქრობ, ეს საშინელი საქციელია. თუ ოდესმე ადამიანისგან ასეთ რამეს ვიგრძნობ, თუნდაც ძალიან მიყვარდეს, ჩვენ შორის ყველაფერი მალევე დასრულდება, ჩემი აზრით.

- ფარცხანაყანევში დაფუძნებას აპირებ?

- თუნდაც. რატომაც არა?! არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც "სადღაც-სადღაც" ადგილებში ჩასვლასაც თაკილობს. ფარცხანაყანევში უგემრიელეს კერძებს ამზადებენ, კარგი ბუნებაა, ძროხები, ქათმები არიან, ნატურალური საკვები პროდუქტია... უბრალოდ, სამსახურის გამო, დედაქალაქში ვცხოვრობ, თორემ ასეთი სამსახური ფარცხანაყანევშიც რომ იყოს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი.

- მკვეთრი განსხვავება იგრძნობა თბილისელ და ფარცხანაყანეველ გოგონებს შორის?

- რა თქმა უნდა, განსხვავება არის, რადგან ალბათ, ყველა ქალაქსა თუ სოფელს თავისი ცხოვრების სტილი აქვს. თბილისში ცხოვრების უფრო აქტიური სტილია, თუნდაც სამსახურის, გართობის მხრივ... აქ რომ ჩამოვედი, ვერ ვიტყვი, იმაზე ვიყავი კონცენტრირებული: - აბა, აქ და იქ როგორი გოგონები არიან-მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა, განსხვავება ბუნებრივი იქნებოდა. ცხოვრების რიტმიც განსხვავებულია. მაგალითად, თბილისში მუშაობის დაწყება უფრო მარტივად შეიძლება, იქ კი - რთულია...

- თბილისელ გოგონებთან კომუნიკაცია გაგიჭირდა?

- პირიქით - ვფიქრობ, კარგად გამომივიდა, ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. საერთოდ, კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. ახალი ნაცნობების შეძენა ძალიან მიყვარს.

- გოგონასთან ურთიერთობის დაწყებისას ჰოროსკოპს, ზოდიაქოს ნიშნებს ყურადღებას აქცევ?

- ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გაცნობისას ეკითხებიან, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ ხარ დაბადებულიო? შემდეგ, ურთიერთობას ამის მიხედვით აგრძელებენ... თავად ასე არ ვიქცევი. ვერძი ვარ. მაგალითად, ბევრს უთქვამს ჩემთვის - ვერძები მძიმე ხასიათით გამოირჩევიან და მიკვირს, კარგი ხასიათი როგორ გაქვსო? როგორც დავადგინე, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ხშირად მძიმე ხასიათი აქვთ. ჩემს შემთხვევაში, ცოტა სხვაგვარადაა საქმე - როგორც ჩანს, მთლად კარგი ვერძი ვერ ვარ.

- შენმა რჩეულმა კერძების მომზადება უნდა იცოდეს?

- ასეთი მოთხოვნა არა მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ეცოდინება, ძალიან სასიამოვნო იქნება. დღეს კულინარია დაიხვეწა, პოპულარული გახდა და მგონი გოგონების უმეტესობამ კერძების მომზადება იცის. გამიხარდება, თუ ჩემს მომავალ მეუღლესაც ეცოდინება და როცა სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდები, უგემრიელეს შემწვარ კარტოფილს დამახვედრებს.

- თუ თავადაც იმუშავებს?

- ალბათ, მე სამუშაო დღეს საღამოს 7 საათზე დავასრულებ, ის კი - 6-ზე. სახლში 1 საათით ადრე მივა და საჭმელს გააკეთებს. თუ არა და, თავად მოვამზადებ, პრობლემა არ არის.

- კერძების მომზადება გეხერხება?

- მარტივ კერძებს ვამზადებ ხოლმე, მაგრამ მაგარი კულინარი არ ვარ.

- გოგონების ჩაცმის სტილთან დაკავშირებით რას ფიქრობ?

- ჩემი აზრით, გოგოს რაც უხდება, ის უნდა ჩაიცვას. მნიშვნელობა არ აქვს, შარვალი იქნება თუ მოკლე კაბა. არის შემთხვევები, როცა არ უხდებათ, მაგრამ ძალით "იხდენენ". როცა ადამიანს სამოსი უხდება, იქ გასაბრაზებელი და საჩხუბარი არაფერია, პირიქით - მის მეორე ნახევარს უნდა უხაროდეს, რომ ცოლი კარგად გამოიყურება.

- გოგონებისთვის სიურპრიზების მოწყობა გჩვევია?

- საერთოდ, კი, რა თქმა უნდა. ასე თუ ისე, რომანტიკული ადამიანი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, განსაკუთრებული საჩუქრების მიძღვნით გამოვირჩევი-მეთქი - არ ვიცი ხოლმე, რა ვუყიდო, თუმცა საჩუქრებს სხვა რაღაცებით ვანაცვლებ: შეიძლება, ადამიანს ისეთი კარგი კომპლიმენტი ვუთხრა, საჩუქარს აჯობოს.

- შენი ქორწილი როგორი წარმოგიდგენია?

- ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ როგორც ყველას, მეც ისეთი ქორწილი მექნება: 250-კაციანი, თავისი თამადით, მომღერლებით... ცოტას დავლევთ, შევჭამთ, ვიცეკვებთ... შემდეგ ჩემს ქორწილში ვიღაცები ცოტას იჩხუბებენ, დავიშლებით და მერე, ცოლ-ქმარი ბედნიერად ვიცხოვრებთ...

- შენს დადებით და უარყოფით თვისებებად რას მიიჩნევ?

- მშვიდი, კომფორტული ადამიანი ვარ. ადამიანის გაგება ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია - როცა საკამათო საკითხია, ყოველთვის ვცდილობ, მეორე ადამიანის აზრიც გავითვალისწინო; ალბათ, ჩემი უარყოფითი თვისება ისაა, რომ გარკვეულწილად, ეჭვიანობა მახასიათებს...

- ალბათ, დღეს მაინც აქტუალურია "ქალიშვილობის ინსტიტუტის" საკითხი. ამ თემაზე რას ფიქრობ?

- ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს, რომელსაც საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართავს. რაკი ქორწინებისთვის მზად არ ვარ, ამ თემაზე არც მიფიქრია, თუმცა ნებისმიერ ქალს და მამაკაცს თავისი ცხოვრების სტილი აქვს, რომლის განსჯაც არავის შეუძლია. ყველას უფლება დაცული უნდა იყოს.

- რომელიმე ერის წარმომადგენელი გოგონები განსაკუთრებულად ხომ არ მოგწონს?

- კონკრეტულად, რომელიმე ქვეყანა ამოჩემებული არ მაქვს. მაგალითად, ბრაზილიელი ქალბატონები ძალიან ლამაზები არიან და რძალი ამ ქვეყნიდან ფარცხანაყანევს მოუხდებოდა... ქართველებს ლამაზი, დახვეწილი გოგონები გვყავს. ჩემი აზრით, ამ მხრივ, მთელ მსოფლიოში გამოვირჩევით და მგონია, რომ ჩვენს ლამაზ ქალბატონებს ვერ ვაფასებთ. გაიხაროს ყველა ულამაზესმა ქართველმა ქალბატონმა, ვენაცვალე ყველას, რა!..

- შენთვის ქალის იდეალი ვინ არის?

- ანჯელინა ჯოლი რომ დავასახელო, ძალიან ბანალური იქნება... ჩემი აზრით, ყველა გოგოს თავისებური სილამაზე აქვს. გამორჩეულად არავინ მომწონს.

- შენთვის მეორე ნახევრის ფინანსური შესაძლებლობა მნიშვნელოვანია?

- ჩემი აზრით, როცა ადამიანი გიყვარდება, არა მგონია, ამ დროს ამაზე ფიქრობდე - ფინანსები აქვს თუ არა. ჩემთვის ეს მთავარი საკითხი არაა. მთავარია, მასთან კომფორტულად ვიყო, რადგან მერე, მთელი ცხოვრება ერთად ცხოვრება მოგიწევს. ასე ვთქვათ, ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.

- თემო, გარეგნობაზე როგორ ზრუნავ?

- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ: სალონში თმის შესასწორებლად მივდივარ. სახის კრემებს ვიყენებ, რადგან სამსახურის გამო, გრიმის გაკეთებაც ხშირად მიწევს, რამაც სახის კანი ცოტათი პრობლემური გამიხადა...

- რამე კომპლექსი გაქვს?

- უზრდელი კი არ ვარ, მაგრამ არაფრის კომპლექსი არ მაქვს. თუნდაც, ცხვირის კომპლექსი რომ დავასახელო, ტყუილი იქნება - როგორიც ვარ, ვარ, რა... ალბათ, რაღაც კომპლექსი მექნება, მაგრამ ჯერჯერობით, არ გამოვლენილა.

- შენი ყველაზე უცნაური პაემანი გაიხსენე...

- მახსოვს, ერთხელ ვსეირნობდით და რატომღაც, სასაფლაოსთან შევჩერდით, იქ ვსაუბრობდით...

- რაზე საუბრობდით?

- მეტ-ნაკლებად ყველაფერზე: სამსახურზე, ერთმანეთზე... ის გარემო რატომ შევარჩიეთ, არ ვიცი. როგორც მახსოვს, ფეხით ბევრი ვიარეთ, დავიღალეთ და იქ ჩამოვსხედით...

- პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადები?

- განსაკუთრებული ცერემონიები არ მახასიათებს. ტანსაცმელს ვიცვამ, შემდეგ გოგოს ვურეკავ, - სად ხარ-მეთქი? მერე კინოთეატრში ან სადმე მივდივართ... მიხვდებოდით, რომ ძალიან რომანტიკული ადამიანი არ ვარ... თუ ადამიანს მოსწონხარ, ნებისმიერ სამოსში და პირობებში მოეწონები. ასე რომ, განსაკუთრებული გამოპრანჭვა საჭირო არ არის. გოგონებსაც ვეტყვი: იყავით ისეთი, როგორიც ხართ.

- მაკიაჟიანი გოგონები არ მოგწონს?

- მომწონს, მაგრამ ქართველებს უმაკიაჟოდაც ძალიან ლამაზი გოგონები გვყავს. ჩემი აზრით, ზოგი გოგო უმაკიაჟოდ უფრო ლამაზია, მაგრამ მთელ მსოფლიოში ასეთი აზრია ჩამოყალიბებული, რომ ყოველდღიური მაკიაჟი საჭიროა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"