"ვინც მათ ეუბნება, რომ ევროკავშირში ექვს თვეში შეხვალთ ან - ორ-სამ წელიწადში, ის ცრუობს" - რას წერს The New York Times - კვირის პალიტრა

"ვინც მათ ეუბნება, რომ ევროკავშირში ექვს თვეში შეხვალთ ან - ორ-სამ წელიწადში, ის ცრუობს" - რას წერს The New York Times

„რადგან უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომით ევროპულ ფასეულობებს და ევროპის უსაფრთხოებას იცავს, რა ვალდებულება უნდა ჰქონდეთ ევროკავშირსა და ნატოს უკრაინის მიმართ? მორალური თვალსაზრისით, პასუხი ნათელია - აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მთავრობებმა კიევს მხარი უნდა დაუჭირონ, ფული და იარაღი მიაწოდონ, რასაც აკეთებენ კიდეც, მაგრამ, პრაქტიკულად, სიტუაცია, როგორც ყოველთვის, უფრო რთულია და ევროპის ქვეყნების არათანმიმდევრულ, დაქსაქსულ პოლიტიკას აჩვენებს. თავდაპირველად, გარკვეული ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად, ევროკავშირი სწრაფად და ხისტად მოქმედებდა, კიევს უმალ გაუწია სამხედრო დახმარება და რუსეთს უზარმაზარი სანქციები დაუწესა. მაგრამ ახლა დასავლეთი უფრო რთული საკითხის წინაშე დგება - როგორ დაუკავშიროს, მიაბას ევროპას ისეთი მოწყვლადი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო - ისე, რომ მათაც დაეხმაროს და არც საკუთარ თავს შეუქმნას დამატებითი პრობლემები უსაფრთხოების სფეროში? ეს კითხვა, რომელიც ორშაბათს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე დადგება, სულ უფრო აქტუალური ხდება უკრაინის მოთხოვნების კვალობაზე - დაჩქარდეს მოლაპარაკება ალიანსში გაწევრების მიზნით, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს შეიძლება მიიღონ“, - ასე იწყება აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებული სტატია სათაურით - "ვიდრე კიევი იბრძვის, ვალდებულია თუ არა ევროკავშირი უკრაინა თავის წევრად მიიღოს?“

პუბლიკაციის ავტორია ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი სტივენ ერლანგერი, გაზეთის მთავარი დიპლომატიური კორესპონდენტი ევროპაში, პულიცერის 2017 წლის ლაურეატი.

„მიუხედავად დიდი ზეწოლისა კიევის მხრიდან, უკრაინისა და ევროპის პერიფერიაში მდებარე ქვეყნების სრულუფლებიანი წევრობა ევროკავშირში ან ნატოში მრავალი წლის განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა უკვე დაიწყეს მსჯელობა მათი თანდათანობითი ინტეგრაციისა და დაცვის მეთოდებზე“, - წერს ავტორი.

როგორც სტივენ ერლანგერის სტატიიდან ჩანს, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც უკრაინისა და რიგი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრირება ადვილი არ იქნება.

პირველი - მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის“ შექმნის იდეა წამოაყენა, რომელშიც უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და დიდი ბრიტანეთი შეიძლება გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ მას პერსპექტივა არ აქვს. ადრეც იყო მსგავსი მცდელობები, მაგალითად, პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის მიერ 1989 წელს („მრავალიარუსიანი და მრავალსიჩქარიანი ევროპის“ შესახებ), მაგრამ - უშედეგოდ.

მეორე - უკრაინის პრეზიდენტს სურს ევროკავშირში თავისი ქვეყნის დაჩქარებული მიღება ანუ - პროცედურის დარღვევით, რაც სხვა მსურველების უფლებებს არღვევს: თურქეთს განაცხადი წარდგენილი აქვს ჯერ კიდევ 1987 წელს, ჩრდილოეთ მაკედონიას - 2004 წელს, ჩერნოგორიას - 2008 წელს, ალბანეთს და სერბეთს - 2009 წელს. განაცხადი აქვს წარდგენილი ბოსნია-ჰერცეგოვინას და - თვით კოსოვოსაც კი.

მესამე - თვით ევროკავშირი არ არის მზად გაფართოებისათვის. როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს ორგანიზაცია უკვე 9 წელია, აღარ გაფართოებულა და ამის მიზეზი არა მარტო შედარებით ღარიბი წევრების ინტეგრაციის პრობლემები კი არ არის, არამედ ისიც, რომ გაწევრების კრიტერიუმები ერთობ მძიმეა და - ძნელად შესასრულებელი.

მეოთხე მიზეზი, ავტორის აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის გადაჭარბებული ევროპული ამბიციები არ მოსწონს, ამიტომაც ემანუელ მაკრონი მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღების პროცესი შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში გაჭიანურდეს. „ამას წინათ საფრანგეთის მთავრობის წევრმა, ევროპის საქმეთა მინისტრმა კლემან ბონმა ფრანგული რადიოს ეთერში პირდაპირ განაცხადა, უკრაინის ხელისუფლების გასაგონად: „მე არ მინდა უკრაინელებს ილუზიები გავუჩინოთ და სიცრუეში ვამყოფოთ. ჩვენ გულახდილები უნდა ვიყოთ. ვინც მათ ეუბნება, რომ ევროკავშირში ექვს თვეში შეხვალთ ან - ორ-სამ წელიწადშიო, ის ცრუობს. ალბათ, რეალურად, 15-20 წელი მაინც უნდა გავიდეს. ყველა შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობას დიდი დრო დასჭირდება“. თითქმის იგივე განაცხადეს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა და სხვა ევროპელმა მაღალჩინოსნებმა.

გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის 27 წევრს დღეს თვითონ აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები, რომ არაფერი ვთქვათ უნგრეთსა და პოლონეთზე: ორივე ხშირად არღვევს ევროპულ ფასეულობებს და კანონის უზენაესობას.

„ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, მყიფეებია და ევროკავშირში და ნატოში გაწევრებაზე თანხმობას მალე ვერ მიიღებენ“, - ამბობს კლაუდია მეიჯორი, გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსი, - „გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ მათთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა არ შეგვიძლია“.

„მათ მჭიდრო ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეთ ისეთ დარგებში, როგორიც განათლება, ეკონომიკა და ვაჭრობაა, რომელიმე პროგრამაში მონაწილეობა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთს მათი ასეთი დონის ინტეგრაცია შეაჩერებს. ბოლოსდაბოლოს, რატომ სურთ ფინეთს და შვედეთს ნატოში შესვლა? იმიტომ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აშშ დომინირებს, სწორედ აშშ-ის სამხედრო ძლიერება განაპირობებს ევროპის უსაფრთხოებსაც... ჩვენ ამ ქვეყნებს შეგვიძლია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, მაგრამ [სიტყვიერი მხარდაჭერა] მათ ვერ გადაარჩენს. მოკლედ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ ქვეყნების „სიცოცხლის“ ისეთი დაზღვევის უზრუნველყოფა, როგორიც მათ სურთ“.

პიერ ბიმონი, საფრანგეთის ყოფილი ელჩი აშშ-ში, რომელიც ამჟამად კარნეგის ფონდის ევროპული ფილიალის თანამშრომელია, ამბობს: „რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ევროკავშირის კარი ყველა მსურველისთვის გაღებულიყო, მაგრამ რეალური პრობლემა გაჩნდებოდა: 35-წევრიანი ევროკავშირისთვის ძნელი იქნება დემოკრატიის გზაზე დღევანდელი სულისკვეთებით მოძრაობა... საჭირო გახდება სერიოზული ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და თვით ხელშეკრულების პირობების შეცვლაც“.

მისი აზრით, როგორი იქნება პროცესი, ამაზე მკაფიო პასუხი არავის აქვს. „გარდა ამისა, ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის ფაქტორის უგულებელყოფაც და მისი დავიწყება. და როცა ვივიწყებდით, მრავალი წლის განმავლობაში საქმე მთლად კარგად არ მიგვდიოდა... ჩვენ ამ საკითხს ღიად და პრინციპულად უნდა შევხედოთ და ახალ იდეებზე ვიფიქროთ“, - ნათქვამია სტივენ ერლანგერის სტატიის დასასრულს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ