ვინ არის ელცინის სიძე, რომელმაც პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა? - კვირის პალიტრა

ვინ არის ელცინის სიძე, რომელმაც პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის სიძემ, რომელიც წლების განმავლობაში ვლადიმერ პუტინის მრჩევლის პოსტს იკავებდა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ვალენტინ იუმაშევის თანამდებობის დატოვების შესახებ 30 მაისს გავრცელდა.

„როიტერსის“ ცნობით, ვალენტინ იუმაშევი თანამდებობას 2000 წლიდან იკავებდა. იუმაშევის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა „ბორის ელცინის საპრეზიდენტო ცენტრის“ ფონდის წარმომადგენელმა.

„ეს მისი ინიციატივა იყო“, - განაცხადა ფონდის წარმომადგენელმა ლიუდმილა ტელენმა. „როიტერსის“ სხვა წყაროს ცნობით, იუმაშევმა თანამდებობა არა 30 მაისს, არამედ - აპრილში დატოვა. კითხვებზე სააგენტოს არც თავად იუმაშევმა უპასუხა და არც პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

“იუმაშევი იყო მრჩეველი, რომელსაც პუტინის გადაწყვეტილებების მიღებაზე შეზღუდული გავლენა ჰქონდა, თუმცა მისი წასვლა პუტინის ადმინისტრაციასა და ელცინის მმართველობას შორის საბოლოო კავშირს აქრობს იმ პერიოდთან, როცა რუსეთში ლიბერალური რეფორმები და დასავლეთთან ურთიერთობის მზაობა იყო".

iumashevi-1653985896.jpg

ელცინის ეპოქის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი იყო, ანატოლი ჩუბაისი გახლდათ. როგორც ცნობილია, რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, მარტში, ჩუბაისმა დატოვა თანამდებობა და რუსეთიდანაც წავიდა.

ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში ვალენტინ იუმაშევი ელცინის ყველაზე ახლო წრეში შედიოდა. ის პრეზიდენტის შვილზე - ტატიანაზე დაქორწინდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იუმაშევი პრეზიდენტ პუტინის მრჩევლის პოსტს იკავებდა, საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს გახდა. მაშინ პესკოვმა განაცხადა, რომ იუმაშევი ამ პოსტს უკვე 18 წელია, იკავებდა. (წყარო)