ბაიდენმა რუსული ქალაქები უკრაინელების  დასაბომბად მაინც ვერ გაიმეტა... - კვირის პალიტრა

ბაიდენმა რუსული ქალაქები უკრაინელების  დასაბომბად მაინც ვერ გაიმეტა...

რამდენიმე დღის წინ 27 მაისის ჩემს ბლოგში, სტატიაში სათაურით - „მოგცემთ ამერიკულ რაკეტებს, ოღონდ რუსულ ქალაქებს... არ ესროლოთ!“, ვწერდი იმ, დროში გაწელილი ამერიკულ-უკრაინული კულუარული მოლაპარაკებების შესახებ, სადაც წყდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო შემოტრიალების ბედი - ანუ მისცემდა თუ არა ამერიკა უკრაინას შორსმსროლელ რაკეტებს, რომლითაც კიევი შეძლებდა, ომი რუსეთის ტერიტორიის 200-300 კმ-ის სიღრმეში გადაეტანა...

და, აი, დღეს გახდა ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება - ამერიკა უკრაინას არ გადასცემს ისეთ რაკეტებს, რომლებითაც უკრაინელებს რუსეთის სიღრმეში მიღწევა შეეძლებათ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა...

გახარებულმა რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ ეს „გადათარგმნა“ ისე, თითქოს, ამერიკელები საერთოდ არ მიაწვდიან ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს - „ჰიმარსებს“ უკრაინის არმიას, თუმცა მალევე თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან გავრცელდა დაზუსტებული ინფორმაცია - ამერიკულ „ჰიმარსებს“ გაუგზავნიან უკრაინას ისეთი შორსმსროლელი რაკეტებით, რომლებიც აღემატება უკრაინის არმიის არსენალში არსებული რაკეტების ფრენის სიშორეს, მაგრამ არ მიაწვდიან 300 კმ-მდე მოქმედ რაკეტებსო...

რატომ არის ამხელა აჟიოტოჟი ამ „ჰიმარსების“ მიწოდება-არ მიწოდებასთან დაკავშირებით?

რუსეთის დღევანდელი, მეტ-ნაკლებად წარმატებული შეტევები დონბასში, სევეროდონეცკისა თუ ლიმანის მიმართულებებზე იმითაცაა განპირობებული, რომ რუსმა გენერლებმა ფართოდ და დაუნდობლად დაიწყეს საბატალიონო და სადივიზიო საარტილერიო სისტემების გამოყენება, დაწყებული 122 მმ-იანი და დამთავრებული განსაკუთრებული სიმძლავრის - 203 მმ-იანი კალიბრის საარტილერიო დანადგარებით.

რუსული არტილერიის „ჩასაჩუმებლად“ უკრაინელებს მხოლოდ ორი გზა აქვთ დარჩენილი - წერტილოვანი საჰაერო დაბომბვები და კონტრსაბატარეო ზუსტი ცეცხლი.

მართალია, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს, მძიმე დანაკარგების მიუხედავად, მაინც შემორჩა რამდენიმე ათეული საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენი, მაგრამ ფრონტის ხაზის სიღრმიდან მოქმედი რუსული საარტილერიო პოზიციების ადგილებამდე მისაღწევად უკრაინელ პილოტებს ეშელონირებული რუსული საჯარისო საჰაერო თავდაცვის ზღუდეების გადალახვა მოუწევთ - „ბუკების“,ტორების“, „პანცირებისა“ და „იგლებისგან“ თავის არიდება ურთულესი იქნება და ჩამოგდების ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს...

2-1653998198.png
„ჰიმარსი“ 240 მმ-იან მართვად რაკეტას უშვებს

კონტრსაბატარეო ცეცხლის წარმოება ნაკლებად სახიფათოა, თუმცა ამისთვის, ელემენტარულად, საჭიროა, რომ შენი ჰაუბიცა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ცოტა შორს მაინც ისროდეს, რათა მიაღწიოს ფრონტის ხაზის ზურგში მდებარე მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარების საცეცხლე პოზიციებამდე.

უკრაინის არმიის არტილერისტების შეიარაღებაში არსებული ჰაუბიცა „დ-30“-დან გასროლილი ჭურვი 15 კმ-მდე აღწევს, „გრადის“ რაკეტა - 21 კმ-მდე, „ურაგანი“ - 36 კმ-მდე, ხოლო „სმერჩი“ კი - 90 კმ-მდე.

პრინციპში „ურაგანს“ და, მით უმეტეს - „სმერჩებს“, შეუძლიათ ზემოხსენებული მნიშვნელოვანი საბრძოლო ამოცანის - წარმატებული კონტრსაბატარეო ცეცხლის წარმოება, მაგრამ უკრაინას კატასტროფული სიჩქარით უმთავრდება მათი რაკეტები, რადგან „ურაგანის“ 16-რაკეტიანი პაკეტის დაცლას 20 წამიც არ სჭირდება, ხოლო „სმერჩის“ 12 რაკეტის გაშვებას 40 წამიც ჰყოფნის, ანუ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მაღალი ინტენსივობით გამოყენებისას საბრძოლო მასალის - რაკეტების ხარჯი კოლოსალურია...

უკრაინელ არტილერისტებს ამ, საბჭოთა სტანდარტის რაკეტების მარაგის შესავსები გზები არ გააჩნიათ, ამიტომაც, ლოგიკურად, ადრე თუ გვიან დადგებოდა დრო ნატოს სტანდარტის შეიარაღებაზე გადასასვლელად.

ამერიკული „ჰიმარსები“ საუკეთესო გამოსავლად მოჩანს, რადგან მისი 227 მმ-იანი რაკეტების მარაგის შევსება ბევრად ადვილად შეიძლება და - არა მარტო ამერიკელებისგან, სამეზობლოში რუმინელებს უკვე აქვთ შეიარაღებაში და მალე პოლონეთიც მიიღებს, ის პოლონეთი, რომელიც დღემდე ძმურად უყოფს უკრაინას იარაღს თავისი არსენალიდან...

მაგრამ მთავარი საკითხია, თუ რა ტიპის რაკეტებს მიიღებენ უკრაინელები „ჰიმარსებიდან“ გასაშვებად - თუ ეს იქნება MFOM კლასის 227 მმ კალიბრის უმართავი რაკეტები, რომლებიც 45 კმ სიშორემდე მიფრინავენ, ერთია (ისინი, ფაქტობრივად, მხოლოდ „ურაგანებს“ თუ ჩაანაცვლებენ), მაგრამ მეორეა, 240 მმ კალიბრის GMLRS М30 კლასის მართვადი რაკეტები, რომლებიც უკვე 70 კმ მანძილს ფარავენ და „ჯი-პი-ესის" გლობალური პოზიციონირების სისტემის გამოყენებით დიდი სიზუსტით ხვდებიან მიზანს და მას გარანტირებულად აზიანებენ, მით უმეტეს, თუკი კასეტური ქობინი აქვთ, M85 ტიპის სუბელემენტებით (სწორედ ისეთებით, რომლებითაც აგვისტოს ომში რუსულ ჯავშანკოლონებს ვბომბავდით „ლარ-160“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან - ომის შემდეგ თავადაც მომიწია რამდენიმე ასეთი, აუფეთქებელი სუბელემენტის შეგროვება-გაუვნებლება).

3-1653998124.png
„ჰიმარსის“ რაკეტების პაკეტი

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანია, AFOM კლასის რაკეტების გამოყენების შესაძლებლობა „ჰიმარსიდან“ (მკითხველი რომ არ დაიბნეს - „ჰიმარსი“ იმიტომაა უნივერსალური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომ მის სტანდარტული ზომის ერთჯერად გასაშვებ პაკეტში ჯერ კიდევ ქარხანაში იდება ან ექვსი 227 მმ-იანი, ან ორი 240 მმ-იანი ან კიდევ ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტა) -ATACMS Block I ტიპის ოპერატიული დანიშნულების რაკეტა თუკი 165 კმ-მდე მიფრინავს, ATACMS Block IA Unitary ტიპის მოდერნიზებული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტა უკვე 270 კმ-მდე „ჯი-პი-ესის“ საშუალებით ზუსტად „აგნებს“ სამიზნეს და 500-ფუნტიანი (226,8 კგ) მასის საბრძოლო ქობინის აფეთქების შემდეგ გადარჩენის შანსს არ უტოვებს მას... სწორედ ეს, თითქმის 300 კმ-ზე მფრენი რაკეტები სჭირდებათ ჰაერივით დღეს უკრაინელებს, მართლაც განა იმიტომ, რომ უკრაინული ქალაქების საშინლად დაბომბვისა და განადგურების საპასუხოდ, შურისძიების მიზნით, მაინცდამაინც რუსეთის სიღრმეში სმოლენსკსა თუ კალუგას მიაყენონ დარტყმები ამერიკულ რაკეტებით, არამედ - რუსების სამხედრო ობიექტები გაანადგურონ, როგორც უშუალოდ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე, ისე - რუსეთშიც, მაგალითად, ვორონეჟის სამხედრო აეროდრომი, საიდანაც აფრენილი რუსული საფრონტო ბომბდამშენები ყოველდღიურად ბომბავენ უკრაინულ დასახლებულ პუნქტებს...

მაგრამ პრეზიდენტ ბაიდენის გაგებაც შეიძლება - ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო აეროდრომის დაბომბვის სანაცვლოდაც, არავინ იცის, არაპროგნოზირებადი პუტინი რას მოიმოქმედებს...

პირველ ეტაპზე უკრაინელებისთვის ამერიკული „ჰიმარსების“ მიწოდება, თუ გინდ მხოლოდ 45 კმ-მდე მფრენი რაკეტებით, უკვე კარგი შედეგია, 70 კმ რადიუსის მქონე მართვადი რაკეტების დამატება, ხომ, საუკეთესო იქნება და ახლო მომავალში ვინ იცის, ისე დაიძაბოს სიტუაცია, რომ პენტაგონი იქით ეხვეწებოდეს უკრაინელებს, ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებსაც გამოგიგზავნითო...

მთავარია, „ჰიმარსისთვის“ სულ ერთია - ის ყველა ტიპისა და კალიბრის რაკეტას მტრისკენ ზუსტად გაუშვებს...