"სახსრები "ჩამეკეტა", მოძრაობის უნარი დავკარგე. საწოლიდან მხოლოდ მაშინ ვდგები, როცა ამის აუცილებლობაა" - კვირის პალიტრა

"სახსრები "ჩამეკეტა", მოძრაობის უნარი დავკარგე. საწოლიდან მხოლოდ მაშინ ვდგები, როცა ამის აუცილებლობაა"

ცხოვრების სისასტიკის ახსნა ზოგჯერ შეუძლებელია. ვერც 32 წლის ლევან ქოქუაშვილი ხსნის, რატომ დაენგრა ცხოვრება სულ ორიოდე წუთში, ორი წლის წინ. რატომ მაინცდამაინც მისი გზა გადაკვეთა ადამიანმა, რომლის მიზეზითაც ლოგინად ჩავარდა. ის კურიერად მუშაობდა, როდესაც ახლომდებარე მოსახვევიდან გამოვარდნილი ავტომანქანის გამო მოტოციკლეტით რამდენჯერმე ამოტრიალდა, რის შემდეგაც, ორივე ფეხი დაემსხვრა და, ფაქტობრივად, საწოლს მიეჯაჭვა. მხოლოდ ყავარჯნების დახმარებით დგება აუცილებლობისთვის, მაგრამ ყოველი ნაბიჯის გადადგმა გაუსაძლის ტკივილს აყენებს. თუმცა სულიერი ტკივილი უფრო გაუსაძლისიც არის - უფუნქციოდ დარჩენილს, მომდევნო ოპერაციისა და არსებობისთვის არანაირი სახსარი არ გააჩნია.

- ლევან, ალბათ შენმა მდგომარეობამ უამრავი ადამიანი დააფიქრა იმაზე, რომ არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეულები. სწორედ ამიტომ უნდა გვქონდეს ერთმანეთის თანადგომის უნარი.

- არ ვიცი, მაგრამ არავის ვუსურვებ, ცხოვრება ისე სასტიკად მოექცეს, როგორც მე მომექცა. თურმე, ფეხი ერთხელ თუ დაგიცდა, მერე შეიძლება მთელი მომავალი გექცეს კოშმარად. მარტივი ცხოვრება არასოდეს მქონია, მაგრამ გამოვასწორებდი, რომ არა ეს უბედურება. ალბათ, მართლა ბედისწერა იყო, თორემ პანდემიის დროს, როდესაც ქუჩაში ერთეული ავტომანქანა მოძრაობდა, მაინცდამაინც ამ უბედურებისთვის რატომ უნდა გადამყროდა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა?!

- ეს როგორ მოხდა?

- ამ წუთებს დღესაც სრულად ვერ ვიხსენებ. იმდენად ვერ შევეგუე ჩემს მდგომარეობას, ისევ მგონია, რომ ყველაფერი ცუდი სიზმარია, გამეღვიძება და ყველაფერი კარგად იქნება. ღამით, მუშაობისას, შესახვევიდან ისეთი სისწრაფით გამომივარდა ავტომანქანა, ზედ გადამივლიდა, დამუხრუჭება რომ არ მომესწრო. ამ დროს, მოტოციკლი სველ ასფალტზე იმ სისწრაფით მოცურდა, რომ ორივე ფეხის ძვლები ნამსხვრევად დაიშალა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ძვლები ექიმებმა ძლივს ააწყვეს.

- ის ადამიანი არ დაგეხმარათ?

- არ ვიცი, ამაზე რა ვთქვა... ამ შემთხვევის გამო, ავტომანქანა "საჯარიმოზე" იდგა. ის ადამიანი კლინიკაში მოვიდა და "საჯარიმოდან" გამოხსნის ნებართვა მთხოვა. 1000 ლარი გადმომცა და წავიდა.

- რა "მშვენიერი" ანაზღაურებაა ორი წლის განმავლობაში საწოლზე მიჯაჭვული კაცის თუნდაც კვებისთვისა და სამედიცინო ხარჯებისათვის! ფეხზე რატომ ვერ დადექით, წარუმატებელი ოპერაციის გამო?

- ექიმებს ამას როგორ დავაბრალებ. უფრო მეტი, ალბათ, შეუძლებელი იყო. ძვლების დასაფიქსირებლად ფეხებში ლითონები მაქვს ჩამონტაჟებული. პირველი ექვსი თვე გაუნძრევლად ვიწექი, რაც წარმოუდგენელი კოშმარია. შემდეგ მითხრეს, ხანგრძლივი რეაბილიტაცია დაგჭირდება ფეხზე წამოსადგომადო. მაგრამ რომელ რეაბილიტაციაზეა საუბარი, როდესაც არ ვმუშაობ და არც არავინ მყავს ისეთი, რომ ჩემთვის დახმარება სტაბილურად შეძლოს. ამ დროს, რეაბილიტაციისთვის დღეში 135 ლარი უნდა გადამეხადა.

- ანუ რეაბილიტაცია ვერ გაიარეთ?

- მხოლოდ რამდენიმე დღე და მხოლოდ კეთილი ადამიანების შეგროვილი თანხებით. ასე რომ, სახსრები "ჩამეკეტა". მოძრაობის უნარი დავკარგე. საწოლიდან მხოლოდ მაშინ ვდგები, როცა ამის აუცილებლობაა. მაგრამ მხოლოდ ტკივილით და ფეხისწვერებზე დავდივარ, ყავარჯნების დახმარებით.

rentgeni-1654089949.jpg

- მართლაც ენითაუწერელი განსაცდელია. ოჯახის წევრები რატომ ვერ გეხმარებიან?

- სამწუხაროდ, ჩემი მშობლები თავადაც დაავადებულები არიან. დედას ფეხები ისე აქვს დასივებული, რომ მოძრაობა მასაც უჭირს. თუ რატომ არ მკურნალობს, ალბათ, გასაგებია. სტრესებმაც დაღალა, ბინაც კი დავკარგეთ უკეთესი ცხოვრების მოლოდინში. ამჟამად სხვის ბინას ვარ შეფარებული, ახლობელმა დამითმო დროებით. მადლობა უფალს.

- ბინა როგორ დაკარგეთ?

- ჩვეულებრივად. ოჯახი მქონდა, ცხოვრებას ვერ გავუმკლავდი. მეც სხვებივით ვიფიქრე, ბინას გავყიდი, დაგირავებულ ბინაში გადავალთ, მე უცხოეთში წავალ სამუშაოდ, ოჯახს ვარჩენ და ახალ ბინასაც ვიყიდი-მეთქი. არ გამოვიდა, ბინაც დავკარგე, ოჯახიც დამენგრა და ლოგინადაც ჩავვარდი.

- ვერ წახვედით უცხოეთში?

- წავედი საფრანგეთში, იმ იმედით, რომ თავშესაფრისა და სამუშაოს მოლოდინში მეც პირველად, სხვა ემიგრანტებივით, ქუჩაში გავათევდი ღამეს, მერე კი ვიმუშავებდი. მაგრამ ტყუილი ოცნებები გამოდგა. წვიმაში და ქარში ქუჩაში გდებით არაფერი გამოვიდა. ამასობაში პანდემია დაიწყო, სიტუაცია უფრო დამძიმდა და დავბრუნდი. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შვება იყო ჩემთვის, ამ დროს კურიერად მუშაობა რომ შემომთავაზეს. მოტოციკლეტიც მომცეს და ნორმალური ხელფასიც. ისიც კი ვიფიქრე, მორჩა, ჩემი ცხოვრება შემოტრიალდა-მეთქი, მაგრამ ეს უბედურება მომივიდა. საშინელი დეპრესია მაქვს, ხანდახან სიცოცხლეც არ მინდა.

- ამის თქმის უფლება არავის გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ უსათუოდ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მომდევნო ოპერაციის ჩატარებაშიც დაგეხმარებიან და რეაბილიტაციაშიც, ფეხზეც უსათუოდ დადგებით.

- ღმერთმა ქნას! ვნანობ, რომ სანამ თავად არ დამემართა უბედურება, მანამდე თითქოს მიჭირდა სხვის გასაჭირზე ფიქრი. ვნანობ, რომ დახმარების სათხოვნელად მაქვს საქმე. მაგრამ თუ ოდესმე ფეხზე დავდგები, ვიცი, რომ გაჭირვებაში კაცი მარტო არ უნდა დატოვო!

პ.ს. ლევან ქოქუაშვილის დასახმარებლად ანგარიშია:

ტერაბანკი: GE55KS0000001360165255

მიმღები ლევან ქოქუაშვილი

(სპეციალურად საიტისათვის)