"ის მხოლოდ ზიანს აყენებდა უკრაინას" - რა ბრალდებას უყენებენ დენისოვას? - კვირის პალიტრა

"ის მხოლოდ ზიანს აყენებდა უკრაინას" - რა ბრალდებას უყენებენ დენისოვას?

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ სა­ხალ­ხო დამ­ცველ ლუდ­მი­ლა დე­ნი­სო­ვას უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩე­რა. დე­ნი­სო­ვას წი­ნა­აღ­მდეგ ხმა 234-მა დე­პუ­ტატ­მა მის­ცა.

უკრაინული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსი ჯარისკაცების მხრიდან ადამიანთა გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ, რასაც თან არ ერთოდა დამამტკიცებელი საბუთები. როგორც ამბობენ, 24 თებერვლის შემდეგ, დენისოვა ძირითად დროს საზღვარგარეთ ატარებს.

ამ საკითხზე პოსტი ფეისბუქის პირად გვერდზე პარტია „ხალხის მსახურის“ წევრმა პაველ ფროლოვმა გამოაქვეყნა. პარლამენტარის ცნობით, ფრაქციის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ დენისოვას უნდობლობა გამოუცხადონ. როგორც ფროლოვი წერდა, ამისათვის საჭირო იყო პარლამენტის წევრთა 113 ხმა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დენისოვას გადადგომას მხარი 234-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ფროლოვის ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, დენისოვა არ უზრუნველყოფდა ჰუმანიტარული კორიდორების ორგანიზებას, ტყვეთა დაცვას და მათი გაცვლის საკითხს, ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის დეპორტაციას - ყველა ამ მოვალეობას ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი ითავსებდა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ დენისოვამ გამოაქვეყნა ინფორმაცია სექსუალური სახის ძალადობებისა, მათ შორის, არასრულწლოვანთა გაუპატიურების შესახებ, რომელთაც არ ახლდა დამადასტურებელი დოკუმენტები.

„ის მხოლოდ ზიანს აყენებდა უკრაინას და მსოფლიო მედიის ყურადღება უკრაინის რეალური პრობლემებიდან გადაჰქონდა. 24 თებერვლის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ის უცხოეთშია... დავოსში, ვენაში, ვარშავაში და სხვა დასავლეთ ევროპის თბილ, მშვიდ ქვეყანაში“, - ამბობს ფროლოვი.(წყარო)

ცნობისთვის, ლუდმილა დენისოვა ომბუდსმენის თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებს.

“უნიანის“ ინფორმაციით, 2022 წლის 27 აპრილს ყოფილმა ბავშვთა ომბუდსმენმა მიკოლა კულებამ დენისოვა რუსი დამპყრობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. კულებას თქმით, ომუდსმენმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმალებოდა ხერსონში 58 ბავშვი და, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დამპყრობლებმა ისინი ყირიმში წაიყვანეს.