ზუზანა "ზუზანებს" ჩუქნის... - კვირის პალიტრა

ზუზანა "ზუზანებს" ჩუქნის...

რუსი ოკუპანტებისგან გადამწვარ ირპენსა და ბოროდინკას, რომლებიც კიევის მიმდებარედ მდებარეობენ სლოვაკეთის პრეზიდენტი ეწვია, რომ თავისი თვალით ეხილა რაშისტური გენოციდის რეალური სურათი.

ამ ვიზიტში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რადგან კიევის მიმდებარე რაიონებიდან რუსი ოკუპანტების გაყრის შემდეგ, ეს ადგილები არა ერთი ქვეყნის პირველმა პირმა მოინახულა განცვიფრებული სახით, მაგრამ სლოვაკეთის პრეზიდენტის - ზუზანა ჩაპუტოვას გაცნობითი სტუმრობა ხელცარიელი არ ყოფილა - ზუზანამ „ზუზანები“ აჩუქა უკრაინის არმიას...

საქართველოს პრეზიდენტისა არ იყოს, სლოვაკეთის ქალბატონი პრეზიდენტიც თავისი ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, მაგრამ ვერც ის წყვეტს ერთპიროვნულად ქვეყნის ბედს, უფრო მეტი უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს აქვს მინიჭებული, თუმცა ეს გარემოება ხელს არ უშლის სლოვაკეთის ხელისუფლების ყველა შტოს, ერთსულოვანი (იგივე მეზობელი უნგრეთისგან განსხვავებით) იყოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის პროცესში.

სლოვაკეთმა უკრაინას უკვე გაუწია 130 მლნ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დღევანდელი რთული მდგომარეობის გათვალისწინებით - კიევს გადასცა „ს-300“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რამაც ყველაზე მეტად გააღიზიანა კრემლი.

2-1654069496.webp
„ზუზანა 2“ მართალია, არ გამოირჩევა დიდი დიზაინერული სილამაზით, სამაგიეროდ კი...

უკრაინელ პილოტებს დიდი იმედი აქვთ, რომ სლოვაკეთი „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებსაც მალე გადასცემს მათ, ოღონდ დაშლილ მდგომარეობაში, რათა რუსეთის სამხედრო დაზვერვამ რაც შეიძლება გვიან შეძლოს დამატებითი „მიგების" უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში გამოჩენის დაფიქსირება.

სამაგიეროდ, სლოვაკეთის ხელისუფლება არ მალავს და პრეზიდენტი ზუზანა რვა „ზუზანას“ უკრაინისთვის გადაცემას ღიად აფიქსირებს...

ქალბატონი პრეზიდენტის მოსახელე „ზუზანა“, რეალურად წარმოადგენს Zuzana-2 ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარს, რომელიც, თავის მხრივ, ქართველი არტილერისტებისთვის კარგად ცნობილი ჩეხოსლოვაკიური „დანას“ გაუმჯობესებული, თანამედროვე ვარიანტია.

იმას ახსნა იმედია, არ სჭირდება, რომ უკრაინელები თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბებით ეძებენ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, რათა სათანადო კონტრსაბატარეო ბრძოლა გაუმართონ დონბასში მოქმედ მრავალრიცხოვან რუსულ თვითმავალ „მსტებსა“ თუ „აკაციებს“.

„ზუზანა 2" „დანასგან" განსხვავებით მთლიანად ნატოს სტანდარტების გათვალისწინებითაა დამზადებული და გამოცდილი 2009 წელს, ასე რომ, ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე თვითმავალ საარტილერიო დანადგარს წარმოადგენს უკრაინის არმიის შემადგენლობაში. თავად სლოვაკებს 16 ასეთი დანადგარი ჰქონდათ და ნახევარი მეზობელ უკრაინელებს დაუთმეს.

photo-1654069652.jpg

სამაგიეროდ კი,155 მმ-იან ჭურვს 41 კმ-მდე „უგზავნის საჩუქრად“ მოწინააღმდეგეს...

„ზუზანა 2“-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი 155 მმ კალიბრის ნატოს სტანდარტულ მსხვრევად-ფუგასურ ჭურვს მაქსიმალურ - 41 კმ მანძილზე ისვრის.

ასეთი შორსმსროლელობა (რუსული თვითმავალი „მსტასიდან" 152 მმ კალიბრის სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ჭურვის გასროლის მაქსიმალური მანძილი მხოლოდ 29 კმ-ია) კი იმით მიიღწევა, რომ „ზუზანა 2“-ზე 52 კალიბრის სიგრძის ლულა აყენია - შესაბამისად, საარტილერიო დუელების შემთხვევაში უკრაინელ არტილერისტებს „ზუზანა 2“-ებით მნიშვნელოვანი ტაქტიკური უპირატესობა ენიჭებათ.

გარდა ამისა, ახალი სლოვაკური თვითმავალი საარტილერიო დანადგარის ჰაუბიცის ავტომატური დატენვის სისტემა საშუალებას იძლევა, სროლის დაწყების პირველ წუთში 6 გასროლა განახორციელოს, ხოლო შემდგომ, 3 წუთში კი - 16 ჭურვი გაისროლოს.

13 მ სიგრძის, 3 მ სიგანისა და 3,3 მ სიმაღლის 32-ტონიანი „ზუზანა 2“ ორი ტანკის გაბარიტებისაა და მისი შენიღბვა არც თუ ადვილია (იმავე პრობლემას წააწყდნენ ქართველი არტილერისტები აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხეებს შორის 11 მ სიგრძის „დანების“ დამალვას ცდილობდნენ), მაგრამ მის მხოლოდ 3-კაციან ეკიპაჟს „ზუზანას“ სწრაფად გარიდება შეუძლია საპასუხო საარტილერიო ცეცხლისგან, რადგან ძლიერი დიზელის ძრავა ასფალტირებულ გზაზე ამ 32-ტონიან „მონსტრს“ მაქსიმალური - 80 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებას უზრუნველყოფს, ხოლო გრუნტის გზაზე კი - 41 კმ/სთ სიჩქარით.

რა თქმა უნდა, რვა „ზუზანა 2“-ის უკრაინელებისთვის გადაცემა ამ, ფართომასშტაბიან ომში კარდინალურ ცვლილებას ვერ გამოიწვევს, მაგრამ სწორედ ასე, ნელ-ნელა, უკრაინის არტილერია მთლიანად გადავა ნატოს სტანდარტის 155 მმ კალიბრის ჭურვების გამოყენებაზე (რომელთა მომარაგების პრობლემა, იმედია არ შეექმნება ალიანსის წევრი ქვეყნებისგან), რაც უკვე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება შემდგომ ბრძოლებში, რადგან „ომის ღმერთი“ - არტილერია ამ ომში, როგორც გამოჩნდა, გადამწყვეტ როლს თამაშობს...

პ.ს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ერთი თვით ადრე ჩეხეთის სამხედრო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, თურმე, საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობაც ყოფილა დაინტერესებული ახალი სლოვაკური „ზუზანა 2“-ების შეძენით...

სტატია ამის შესახებ შეგიძლია იხილოთ „კვირის პალიტრის“ 2022 წლის 6 თებერვლის ნომერში, სათაურით - „ქართველ გენერლებს სლოვაკების „ზუზანა“ მოსწონებიათ?“