"რუსეთი თუ ჩინეთი? ამერიკამ არჩევანი უნდა გააკეთოს" - The New York Times - კვირის პალიტრა

"რუსეთი თუ ჩინეთი? ამერიკამ არჩევანი უნდა გააკეთოს" - The New York Times

აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „რუსეთი თუ ჩინეთი? ამერიკამ არჩევანი უნდა გააკეთოს“, რომლის ავტორი ზაქარია კარაბელი, აშშ-ჩინეთის ფონდის ყოფილი მენეჯერი, აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, რომ ვაშინგტონისთვის, პეკინთან კონფრონტაციის ნაცვლად, უკეთესი იქნება, ჩინეთს დაუახლოვდეს, დაპირისპირება კი რუსეთთან გააგრძელოს.

„გასულ კვირას თავის გამოსვლაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „გაამჟღავნა“ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმები ჩინეთთან მიმართებით, რასაც პოლიტიკური წრეები დიდი ხანია, ელოდნენ. მისი თქმით, ამერიკელების მონაპოვარს - თანამედროვე მსოფლიო წესრიგს - ვლადიმერ პუტინის რუსეთი კი არა, არამედ, თურმე, ჩინეთი ემუქრება. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ, თურმე, მხოლოდ ჩინეთს ძალუძს წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკას, ამიტომ ვაშინგტონი შექმნის ქვეყნების კოალიციას, რომელიც პეკინის გამოწვევას პასუხს გასცემს.

ამ განზრახვაზე სიგნალი უკვე გაკეთებულიც იყო: ბლინკენის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რეგიონულ მოკავშირეებთან შეხვედრის დროს, მათ დაჰპირდა, რომ ამერიკა დაიცავდა ტაივანს იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი დემოკრატიული კუნძულის მიტაცებას შეეცდებოდა. იმავე შეხვედრაზე თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აზიაში ჩინეთის ეკონომიკური გავლენის წინააღმდეგ ახალი გეგემა წარადგინა.

მაგრამ აშშ-ის ჩაციკვლა ჩინეთის პოტენციალის წინააღმდეგ ვაშინგტონის ყურადღებას ფანტავს: იმის ნაცვლად, რომ აშშ-მა მეტი ყურადღება დაუთმოს მსოფლიო წესრიგის ნამდვილ და რეალურ მტერს - პუტინის რუსეთს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთს უპირისპირდება.

ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში, 2000 წელს, რუსეთმა ჩეჩნეთი მოაოხრა და მისი დედაქალაქი გროზნო დაანგრია, 2008 წელს რუსეთის ჯარი შეიჭრა საქართველოში [და მისი ნაწილის ოკუპირება მოახდინა], 2014 წელს მიიტაცა უკრაინის კუთვნილი ყირიმი, ხოლო 2015-2016 წლებში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს დაეხმარა მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში. ვლადიმერ პუტინის რეჟიმი აქტიურად იყენებდა კიბერშეტევებს დასავლეთის ქვეყნების მიმართ, მკაცრად უსწორდებოდა შიდა ოპოზიციას და ისეთ კანონებს იღებდა, რომლითაც დრაკონულად ისჯებოდა ყველა, ვინც კი სახელმწიფო ხელისუფლებას ეჭვქვეშ დააყენებდა. ვლადიმერ პუტინმა დაიწყო დაუნდობელი ომი უკრაინის წინააღმდეგ და მიანიშნა ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც. რუსეთის პრეზიდენტმა არა მხოლოდ განიზრახა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევა და სსრ კავშირის აღდგენა, არამედ - ამ სურვილის განხორციელებას რეალურად შეუდგა,

რუსეთის წინააღმდეგ რომ დასავლეთმა უფრო ეფექტიანად იმოქმედოს, ამისათვის აუცილებელია გლობალური თანამშრომლობა. მასში იგულისხმება ჩინეთის ჩართვაც. რა თქმა უნდა, ამისათვის ამერიკამ ჩინეთს საღად და ობიექტურად უნდა შეხედოს.

ერთი მხრივ, შექმნილია აზრი, რომ ჩინეთი აშშ-ის მოწინააღმდეგეა. მართლაც და, დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ჩინეთი რუსეთზე ძლიერია ყველა მონაცემით - სამხედრო, ეკონომიკური და იდეოლოგიური თვალსაზრისით. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელსაც სი ძინპინი მტკიცედ მართავს, აგრძელებს სახელმწიფო კაპიტალიზმის კურსს, რომელიც წამგებიან მდგომარეობაში აყენებს უცხოურ ფირმებს და ქმნის უძლიერეს მონოპოლისტურ ეროვნულ კომპანიებს. ჩინეთის მიმართ ნეგატიურ პოზიციას აძლიერებს ისიც, რომ იქ, კანონის უზენაესობის ნაცვლად, უპირატესობა ენიჭება პარტიის უზენაესობას, ხოლო სიტყვის თავისუფლება და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები შეზღუდულია, რაც მრავალჯერ გამოვლინდა, მათ შორის - ჰონკონგის მოსახლეობის მიმართაც. იჩაგრებიან ეროვნული უმცირესობებიც - საყოველთაოდ ცნობილია პეკინის სასტიკი მოპყრობა უიღურების მიმართ, რაც დასავლეთმა სამართლიანად დაგმო.

დღეს ჩინეთი თავისი არმიის გასაძლიერებლად უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა (აშშ-ის გარდა), რაც იმას ნიშნავს, რომ პეკინს ვაშინგტონის აზიური პოლიტიკა არ მოსწონს და მზად არის, აღმოსავლეთ აზიაში აშშ-ის სამხედრო უპირატესობის წინააღმდეგ იმოქმედოს. ჩინეთში ძლიერდება ნაციონალისტური იდეოლოგია, რომელიც გამოიხატება იმით, რომ კუნძული ტაივანი კონტინენტური ჩინეთის ნაწილია და მას უნდა შეუერთდეს. ცნობილია პეკინის ამბიციები სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიმართაც, რომლის მიხედვით, ეს ზღვა „ჩინურ ტბას“ წარმოადგენს.

და მაინც, მეორე მხრივ, ამ პრობლემებისა და ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი აშშ-ის კეთილდღეობისა და უშიშროების ან მსოფლიო წესრიგისადმი საფრთხეს წარმოადგენს. არ დაიჯეროთ არც ჩინელი ლიდერების განცხადებები და არც ამერიკელი გენერლების მიერ შემუშავებულ სამხედრო გეგმები „ფუკიდიდეს ხაფანგის“ შესახებ (რომლის თანახმად, ყოველი გაძლიერებული სახელმწიფო ჩამორჩენილთან კონფლიქტს იწყებს). ასევე, ნუ გგონიათ, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობებს არ იზიარებს, მაინცდამაინც ამერიკის მტერი უნდა იყოს.

დიახ, ჩინეთის კომპარტია ამერიკას მოწინააღმდეგედ განიხილავს, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ ჩინელი კომუნისტები დიპლომატიური ურთიერთობისთვისაც მზადყოფნას გამოხატავენ და, ასევე, დათმობებზეც თანხმდებიან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. დიახ, ჩინეთის მმართველი კომპარტიის რიტორიკა ტაივანის მიმართ მკაცრია, მაგრამ ეს უფრო მხოლოდ იარაღის ფორმალურ „ჟღარუნს“ ჰგავს და ბევრად ჩამოუვარდება აშშ-ის მიერ ლათინურ ამერიკაში პრაქტიკულად გატარებულ მკაცრ პოლიტიკას.

ჩინეთთან ახალი ცივი ომის დაწყების მომხრეებს, ალბათ, ასეთი შედარებები და არგუმენტები არ მოეწონებათ. ისინი საპასუხოდ იტყვიან, რომ ჩინეთი თავს არიდებს და არღვევს სავაჭრო ვალდებულებებს, რომ პეკინს არა ერთხელ დაურღვევია კლიმატური შეთანხმებებიც, იყენებს ჯაშუშების ქსელს ინტელექტუალური საკუთრების დაუფლების მიზნით და თავის არმიას აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმისათვის აძლიერებს.

მაგრამ სრულიად ლოგიკურია, რომ ისეთი განვითარებული სახელმწიფო, როგორიც ჩინეთია, როცა თავისი თავდაცვის გეგმებს აწყობს, მათში აშშ-სთან პოტენციური კონფლიქტსაც ითვალისწინებს. პარალელურად, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ჩინეთი მჭიდროდ არის დაკავშირებული აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკასთან. ჩინეთი ფლობს აშშ-ის სახაზინო ფასიან ქაღალდებს ტრილიონი დოლარის ოდენობით და, თავის მხრივ, ამერიკული კომპანიებიც მოგებულები რჩებიან ჩინეთში ჩადებული ინვესტიციებით. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ჩინეთის რეალური სამხედრო კონფრონტაცია აშშ-სთან ნაკლებად სავარაუდოა - რუსეთისაგან განსხვავებით, რომლის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყველაფერზე წამსვლელია.

იმის ნაცვლად, რომ ამერიკამ ჩინეთი მორიგ „დიდ მტრად“ შერაცხოს, ვაშინგტონმა უმჯობესია, რუსეთის პოლიტიკა გააცნობიეროს: კრემლის ქცევა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არის დაკავებული რუსეთი, რომ პეკინი და ვაშინგტონი ერთმანეთს არ დაუახლოვდნენ. ჩინეთმა და ამერიკამ უნდა გააღრმაონ ის, რაც მათ ორივეს ინტერესებში შედის.

ჯო ბაიდენმა დღევანდელ ჩინეთთან მუშაობის ახალი მეთოდები უნდა გამონახოს და არ უნდა შეეცადოს მის იძულებას, რომ ის სხვანაირი გახდეს. ამერიკამ თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას ანტიჩინური რიტორიკის შესარბილებლად, ასევე, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაუქმებლად, რაც ხელს შეუწყობს ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთმანეთისადმი მხარდაჭერის შესუსტებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯო ბაიდენი ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას, გახდეს საღად მოაზროვნე და სტრატეგიულად საჭირო პრეზიდენტი და არა ისეთი, რომელიც ჩინეთს მუდმივად ებრძვის, მისთვის მოსახერხებელ ყველა სიტუაციაში.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ