"ქმრის გაუჩინარებიდან სამი წლის შემდეგ შეიტყო, რომ მასთან განქორწინების გარეშე, სხვა ოჯახი შეუქმნია, საკუთარი შვილი კი არც გახსენებია" - კვირის პალიტრა

"ქმრის გაუჩინარებიდან სამი წლის შემდეგ შეიტყო, რომ მასთან განქორწინების გარეშე, სხვა ოჯახი შეუქმნია, საკუთარი შვილი კი არც გახსენებია"

ნათია წლებია, მარტო ზრდის თავის ერთადერთ შვილს. ქმარმა მოულოდნელად იგი 7 წლის გოგონასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში დატოვა და მას შემდეგ ბავშვს მამა არ უნახავს. ახლა გოგონა პირველი კურსის სტუდენტია და მამას არ ახსენებს. როგორც დედა ამბობს, იყო პერიოდები, როცა პატარას მამა ძალიან ენატრებოდა, დედას ის გაუთავებლად ეკითხებოდა, როდის ნახავდა მამას, ამის გამო ხშირად ტიროდა.

დედას კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, რადგან მანაც არ იცოდა, სად იყო მისი ქმარი და სახლიდან რატომ წავიდა.

ქმრის გაუჩინარებიდან სამი წლის შემდეგ კი შეიტყო, რომ ყოფილმა ქმარმა, მასთან განქორწინების გარეშე, სხვა ოჯახი შექმნა, მაგრამ ერთხელაც არ გახსენებია საკუთარი შვილი, რომელსაც ასე ძალიან ენატრებოდა მამა.

მისთვის არც ალიმენტის გადახდაზე უფიქრია და არც იმაზე, უბრალოდ რომ მოენახულებინა იგი.

38 წლის ნათია:

- ცხოვრებაში ამდენი ტკივილიანი დღის გადატანა თუ მომიწევდა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ლაღი და კარგი ბავშვობა მქონდა, სკოლა წარმატებით დავამთავრე და უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

თბილისში მეგობარ გოგონასთან ერთად ბინა ვიქირავე და ერთად ვცხოვრობდით.

მან გამაცნო ჩემი ყოფილი მეუღლე და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ერთმანეთი შეგვიყვარდა და მესამე კურსზე ვიყავი, როცა მას ცოლად გავყევი. თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მიყვარდა... როცა ამ სიტყვას ვამბობ, ჩემს თავზე ვბრაზდები. როგორ შეიძლება ასეთი კაცი შემყვარებოდა?.. ნათქვამია, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო და მართლაც ასე ყოფილა. ფაქტია, სიყვარულისგან თვალები დაბრმავებული მქონდა და ის უარყოფითი მხარეები, რაც მას უამრავი ჰქონდა, მაშინ არ დამინახავს.

მალე ფეხმძიმედ დავრჩი და გოგონა გაჩნდა. მარის დაბადებით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთმანეთს ვეხმარებოდით, უნივერსიტეტი ასე დავამთავრე. დათო იმერეთის ერთ-ერთი ქალაქიდან იყო. ოჯახი რომ ერჩინა, ვაჭრობა დაიწყო. ნაქირავებში ვცხოვრობდით, ჩემს მშობლებს შევეცოდეთ და ბინა დაგვიგირავეს, სამუშაო ფულიც მისცეს და თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.

ძირითადად, სახლში ვიყავი, შვილს ვუვლიდი. ბუნებით ეჭვიანი არ ვარ და მის ერთგულებაში ეჭვი არასდროს შემპარვია. რას წარმოვიდგენდი, ასე საშინლად თუ მოგვექცეოდა.

ერთ დღეს გამომიცხადა, ვალებში ჩავვარდი და დროებით ნაქირავებში უნდა გადავიდეთო. მეც დავეთანხმე, ჩემი მშობლების დაგირავებული ბინიდან გამომიყვანა და ქირით გადავედით. ის 10000 დოლარი, გირის ფული თან წაიღო, იმის გარდა 2000 დოლარამდე სავაჭროდ ჰქონდათ მიცემული. ვხედავდი, ბოლო დროს უხასიათოდ იყო, საუბარსაც გაურბოდა. ამბობდა, პრობლემები მაქვსო.

არ ვიცოდი, რით დავხმარებოდი, ჩემს ძმას ვუთხარი - ვალებში ჩავარდა და ძალიან განიცდის-მეთქი. დამატებით 1000 დოლარი გამომიგზავნა და ისიც მივეცი. ბოლოს სახლშიც აღარ მოდიოდა, მეუბნებოდა, მევალეებს ვემალებიო. რომ ვურეკავდი, ამბობდა, ქალაქიდან ვარ გასულიო და ვინ იცის, რას არ იმიზეზებდა ხოლმე. სინამდვილეში, თურმე, ქუჩის მეძავში გამცვალა...

- საყვარელი გაიჩინა?

- ფაქტობრივად, გამძარცვა, ჩემი მშობლების ფული მიითვისა და გადაიკარგა. ბავშვი მეორე კლასში იყო, მამამისი სახლიდან რომ წავიდა. არც გვიჩხუბია, სახლიდან გაიპარა. პურის ფულის გარეშე დაგვტოვა ნაქირავებში, ბინის ქირის გადახდასაც ვერ ვახერხებდი. რამდენიმე თვე ჩემი ძმა მიხდიდა ბინის ქირას.

რომ არ გამოჩნდა, ახლობლები ავაწრიალე. მის მშობლებსაც შევატყობინე და ვუთხარი, რომ პოლიციაში ვაპირებდი განცხადების შეტანას. ამის კატეგორიული წინააღმდეგნი წავიდნენ. მითხრეს, მას პრობლემებს შეუქმნი, მევალეებს ემალებაო, ამიტომ ველოდებოდი. სადაც მუშაობდა, იქ რამდენჯერმე მივედი, იქაც ვერაფერი მითხრეს. ძალიან რომ გამიჭირდა და ვხედავდი, ბინის ქირასაც ვეღარ ვიხდიდი, ბინა დავცალე და მის სოფელში, მის მშობლებთან ჩავედი.

თითქმის ერთი თვე ვიყავით მე და ჩემი შვილი იქ. ვხედავდი, დედამისი არ ნერვიულობდა და ამის გამო ხშირად ვკამათობდით. ბოლოს ჩემს მშობლებთან წავედი. ვეძებდი ქმარს და მის შესახებ ვერაფერს ვიგებდი. წარმოიდგინეთ, ასეთ გაურკვევლობაში ვიყავი თითქმის სამი წელიწადი.

- შემდეგ რა გაირკვა?

- შემთხვევით ახლობლისგან გავიგე, რომ ჩემმა ქმარმა ქუჩის მეძავში გამცვალა და ის ცოლად შეირთო. ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა შოკი იყო ჩემთვის. წლების შემდეგ ისიც გავიგე, რომ დედამისმა და მისმა დამ ყველაფერი იცოდნენ. იმ საყვარელთან ერთად, თურმე, თავის რაიონშიც ხშირად ჩადიოდა ხოლმე.

როცა გავიგე, რომ ჩემმა დედამთილმა იცოდა ეს ყველაფერი, ვეღარ მოვითმინე და სახლში მივუვარდი. ვიჩხუბეთ, ბოლოს მითხრა, ჩემს შვილს ვინც უყვარს, მეც ის მინდაო. ძალიან შეურაცხყოფილი და დამცირებული ვიყავი. ძალიან განვიცადე, სიკვდილი მინდოდა, ქუჩაში გამოსვლის მრცხვენოდა. არც იმას დავმალავ, ერთი პერიოდი მისი მოკვლის განზრახვაც მქონდა, მაგრამ სად ვიპოვიდი?

ქალისთვის ოჯახის დანგრევა ადვილი არ არის, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მით უმეტეს, არც გვიჩხუბია, ქურდივით გამძარცვა და წავიდა. მერე დიდხანს მშობლებთან ვცხოვრობდი, ძმას თავისი ოჯახი აქვს, სხვის კმაყოფაზე რამდენ ხანს ვყოფილიყავი, იმასაც მივხვდი, ხელფასით ვერ შევძლებდი შვილის რჩენას, ამიტომ ვაჭრობა დავიწყე. ძალიან ვწვალობ, ახლობლებიც მეხმარებიან და ჩემს შვილს არაფერს ვაკლებ, ვცდილობ, უმამობით გამოწვეული ტკივილი მე შევუვსო და მოვახერხე, მგონი. ძალიან კარგი შვილი გავზარდე. უკვე სტუდენტია და გულს მიხარებს.

- ბავშვი ეს წლები მამას არ უნახავს?

- მამამისს ერთხელაც არ უნახავს. შვილი არ აინტერესებს. ბებიამ ერთხელ ნახა და მერე არც მოუკითხავს. ახლა, თურმე, თავის რაიონში ცხოვრობს და იმ ქალთან ორი შვილი ჰყავს.

- ბავშვს ალიმენტსაც არ უხდის?

- არა, თავიდან ალიმენტის გაგონება მეც არ მინდოდა, მაგრამ როცა გავაანალიზე, მივხვდი, ეს ჩემი შვილისთვის საჭირო იყო და განცხადება სასამართლოში შევიტანე. ყველაზე მეტად ჩემი მშობლებისგან წართმეული ფულის დაბრუნება მინდოდა, იმ არაკაცმა, ეს ფულიც არ დააბრუნა. სასამართლოში ვეღარ შევძელი იმის დამტკიცება, რომ ფული მან წაიღო და ამიტომ იქიდან ვერაფერი დავიბრუნე.

ალიმენტის 100 ლარის გადახდა დააკისრა სასამართლომ ყოველთვიურად, მაგრამ არც იმას იხდის, უკვე საკმაოდ დიდი თანხა დაგროვდა. ბავშვის სახელზე ანგარიში გავხსენი, მაგრამ ფულს არ რიცხავს.

სააღსრულებო ბიუროს არა ერთხელ მივმართე. ერთი პერიოდი, თითქმის ყოველდღე ვურეკავდი აღმასრულებელს, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. შემდეგ განცხადება თბილისში, სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსის სახელზეც დავწერე. ვეჭვობდი, რომ აღმასრულებელი, რადგან მისი რაიონელი იყო, ფულს არ სთხოვდა.

საჩივრის შემდეგ ერთადერთხელ 100 დოლარი გადმორიცხეს და ამით დამთავრდა ყველაფერი.

არ მინდა შერჩეს ის თანხები, რაც ჩემი ოჯახიდან მიითვისა. აღმასრულებელი კი მეუბნება, რომ მის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება და თანხის ამოღებას ვერ ახერხებს. სახლი მამამისის სახელზეა გაფორმებული და - მანქანაც, ამბობს, რომ უმუშევარია და ფულს ვერ იხდის. არადა, ვიცი, პატარა ბიზნესიც აქვს, მაგრამ ეს ოფიციალურად არ ჩანს, თვითონ კი არ კადრულობს, რომ საკუთარ შვილს მიზერული თანხა მაინც მიაწოდოს.

რას ვიზამთ, ასეთი მამებიც არსებობენ.

მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეს, არ მოვეშვები, ვიდრე ჩემი შვილის კუთვნილ თანხებს არ გადმოვარიცხვინებ ჩემი შვილის ანგარიშზე!

სახელმწიფოც უნდა ზრუნავდეს ასეთ დროს, რომ აიძულოს, გადაიხადოს ალიმენტი...

მან მე და ჩემს შვილს იმხელა ტკივილი მოგვაყენა, რომ ამას ღმერთი არ აპატიებს. ჩემი შვილი ძალიან განიცდის დღემდე და მამას არასოდეს ახსენებს. მე ძალიან კარგი შვილი გავზარდე, მადლობა ღმერთს ამისთვის. ჩემი შრომით შვილისთვის არაფერი დამიკლია და არც გვერდიდან მოვშორებივარ ეს წლები. საქართველოში, მოგეხსენებათ, ფულის შოვნა ადვილი არ არის, ბევრჯერ მიფიქრია, საზღვარგარეთ წავსულიყავი, მაგრამ მაშინვე, როგორც კი ეს აზრი გამიელვებდა თავში, უარს ვამბობდი, ჩემს შვილს დედის მონატრების ტკივილსაც ვეღარ მივაყენებდი.

მთელი ეს წლები ძალიან გვერდში მედგა ჩემი ოჯახი და ჩემს სოფელში გავზარდე შვილი. დღეს სტუდენტია და ერთად გადმოვედით საცხოვრებლად თბილისში. ბინა დავიგირავეთ და ერთი წელია, აქ სამუშაოც ვიშოვე. უფლის მფარველობას სულ ვგრძნობ და ბედნიერი დედა ვარ, ასეთ მამებს კი უნდა რცხვენოდეთ!..

(სპეციალურად საიტისთვის)