"რამდენიმე მეგობარი ხელში ჩამაკვდა" - რას ჰყვება 19 წლის უკრაინელი სტუდენტი, რომელიც ომში თავისუფლებისთვის იბრძვის - კვირის პალიტრა

"რამდენიმე მეგობარი ხელში ჩამაკვდა" - რას ჰყვება 19 წლის უკრაინელი სტუდენტი, რომელიც ომში თავისუფლებისთვის იბრძვის

უკრაინელი სტუდენტი მაქსიმ ლუციკი ერთ-ერთი სტუდენტთაგანია, რომელიც სამშობლოს დასაცავად ომში ჩაერთო. მოხალისედ წასული 19 წლის სტუდენტი ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ სრულიად შეცვალა - ახლა უკვე ნაკლებად იცინის და აღარც ხუმრობის გუნებაზეა. გასულ კვირას დონბასში დაბრუნებისას რთული გზის გავლა მოუხდა. ის ღამით გადაადგილდებოდა, რათა მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი არ გაეხსნა და დანაყოფისთვის საჭირო მარაგი მიეტანა.

მაქსიმ ლუციკი რუსულ არმიასთან ბრძოლის შესახებ BBC-ის ესაუბრა.

ის სამი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიას იცავდა, რომელიც საბოლოოდ რუსებმა დაიკავეს.

„ნამდვილი ჯოჯოხეთი მოგვიწყეს, თავდაცვისთვის არავითარი გამაგრება არ გვქონდა, მხოლოდ საბჭოთა კავშირის შემდეგ დარჩენილი თავშესაფარი და სახანძრო სადგური იყო“, - როგორც მაქსიმი იხსენებს, მის დანაყოფს რუსული არტილერია ყოველ საათში უტევდა, შედეგად დაიღუპა მაქსიმის ერთი მეგობარი, ათეულობით მებრძოლი კი - დაიჭრა.

სტუდენტობიდან მოხალისეობამდე

რუსი გენერლები კიევსა და ხარკოვთან დაშვებულ საბრძოლო შეცდომებს ასწორებენ და დონბასს ახალი ძალით უტევენ.

ახლა მთელი ძალები რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთით მიმართა და ქვეყანას შეუჩერებლად უტევს. მარტში, შეტაკებებისას განცდილი უამრავი მარცხის შემდეგ, რუსულმა არმიამ, როგორც ჩანს, ტაქტიკა შეცვალა და ლუგანსკის ტერიტორიიდან უკრაინის არმიის განდევნას ცდილობს.

დონეცკის ოლქში უკრაინის არმია უფრო მყარი პოზიციებითაა განლაგებული, თუმცა რუსული მხარე აქაც უტევს უკრაინელებს.

ომის დაწყებისას მაქსიმი ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ის მის მეგობარ დმიტრი კისილენკოსთან ერთად მოხალისედ ჩაეწერა.

გამოუცდელ ბიჭებს კალაშნიკოვის ტიპის იარაღი დაურიგეს...

„ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება ჩვენს მეუღლეებთან, შვილებთან და მშობლებთან ერთად. არ შეგვიძლია უბრალოდ ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რასაც რუსეთის შემოჭრამდე ვაკეთებდით. ყველას ესმის, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანი დავალება გვაქვს. ჩვენ ისევ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, ისევ აღვზრდით შვილებს და ვაკოცებთ ჩვენს ცოლებს, მაგრამ... მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ“, - ამბობს მაქსიმი.

maqsim2-1654092242.jpg
მაქსიმი მეგობართან ერთად

„რამდენიც უნდა დაგვჭირდეს, იმდენი ხანი გავუძლებთ სიცივესა და შიმშილს, ჩვენ სიკვდილისთვისაც მზად ვართ, მთავარია, მოვიგოთ დრო, რათა დანარჩენმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი მშვიდობიანი გზით დაამარცხოს“.

„ვფიქრობ, რომ პუტინისტებთან არ შეიძლება შეთანხმება, მათ მხოლოდ ტყვიების, სისხლის და სამხედრო დანაშაულის გზა ესმით. შეუძლებელია უთხრა: წაიღეთ ეს ტერიტორია და დაასრულეთ ომი“, - როგორც BBC-სთან უკრაინელი მებრძოლი ამბობს, მას არ სურს, მოუსმინოს ხალხს, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის მოკავშირეს უწოდებს და, ამასთან ერთად, მზადაა დათმოს უკრაინის ტერიტორია.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეცვალა ომმა, ის პასუხობს:

„არ შემიძლია, ზუსტად გიპასუხო... ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული, რომ რამდენიმე მეგობარი ხელში ჩამაკვდა. ამასთან ერთად ცხოვრება ძალიან რთულია. როცა რუბეჟნოე დავტოვეთ, რთული იყო იმის დაჯერება, რომ ამ ქარხნისთვის და ლუგანსკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქისთვის ბრძოლა წავაგეთ“, - ამბობს უკრაინელი მებრძოლი.

„წყვდიადისა და ნათელის ომი“

მარტში მაქსიმი ჯერ კიდევ იმას ხუმრობდა, რომ მშობლებს წესიერად ვერ აუხსნა, რისთვის ჩაიცვა სამხედრო ფორმა.

„ახლა მშობლებს ჩემი 100%-ით ესმით. როცა საშუალება მაქვს, ვცდილობ, მათ ყოველთვის დავურეკო“, - როგორს მაქსიმი ამბობს, მამამისსაც სურდა ომში ჩართვა, „მაგრამ ის ომისთვის უკვე მოხუცია, 65 წლისაა. როცა მას უარი უთხრეს, დამირეკა: მაქსიმ, შეიძლება შენს დანაყოფში მოვიდეო?.. მშობლებს ჩემი ესმით და მხარს მიჭერენ“.

„ჩვენ მთელი მსოფლიოს თავისუფლებისთვის ვიბრძვით და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ომი მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორისაა, ცდება. ეს ომი წყვდიადსა და ნათელს შორის მიმდინარეობს, ომი რუსეთსა და მთელ მსოფლიოს შორისაა“, - ამბობს 19 წლის უკრაინელი სტუდენტი, რომელიც ამ დრომდე თავისუფლებისთვის იბრძვის. (წყარო)