"მომწონს, რომ ქართული მედია "მოდარაჯე ძაღლის" ფუნქციას ინარჩუნებს" - კვირის პალიტრა

"მომწონს, რომ ქართული მედია "მოდარაჯე ძაღლის" ფუნქციას ინარჩუნებს"

ფოტოგრაფის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო

"ფოტოგრაფიის მთელი მუღამი იმაშია, რომ სიტუაციის სიტყვებით აღწერა არ გჭირდება", - ამტკიცებდა მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფი ელიოტ ერვიტი, თუმცა ყველაფერს ფოტოებით ვერ გადმოსცემ... ჩვენ დავინტერესდით, როგორია ფოტოგრაფის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო და ფოტოჟურნალისტ გოგა ჩანადირს ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"თანამედროვე ქართული მედია ხშირად მიმართავს სიძულვილის ენას და ამით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ეს სამწუხარო რეალობაა: მედია შეიძლება იცავდეს რომელიმე მხარის ინტერესებს, მაგრამ მისი მთავარი ფუნქცია ხალხისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. მიუხედავად ამისა, მაინც მომწონს, რომ ქართული მედია ყოველთვის ინარჩუნებდა და ახლაც ინარჩუნებს "მოდარაჯე ძაღლის" ფუნქციას..."

"ჯობია მედიასთან ითანამშრომლო, ვიდრე მას ეომო. ტელევიზია და პრესა თავისუფალი უნდა იყოს - ეს კარგად იციან ევროპაში და დასავლეთის ქვეყნებში, სადაც პოლიტიკოსები მედიასთან თანამშრომლობას და მეგობრობას ცდილობენ. არავის უნდა მოუვიდეს აზრად, რომ მედიას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ძალით დაუპირისპირდეს..."

"ნებისმიერი მედიის მუშაობა უნდა აიკრძალოს, რომელიც მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს ახმოვანებს, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნის ინტერესებს, რომელსაც ჩვენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული! ეს არ არის განსხვავებული აზრის და დემოკრატიის ხელშეწყობა, ეს მტრული იდეების პროპაგანდაა: როდესაც ტელეეთერიდან გვირჩევენ, რომ პოლიტიკურ მოკავშირედ და მეგზურად მტერი ავირჩიოთ, ამის მოსმენა ჩემთვის შეუძლებელია. როცა საქმე ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება, გულგრილი ვერ ვიქნები..."

"პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცი: უკრაინას იარაღით ვერ დავეხმარებოდით, თვითონაც საომარ მდგომარეობაში ვართ და ამდენი იარაღი არა გვაქვს. რით შეგვეძლო დავხმარებოდით და არ დავეხმარეთ? ვინმეს აქვს ამ კითხვაზე პასუხი? ჩვენს სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა იყო და ამ მისიას მგონი, თავი კარგად გავართვით. საქართველომ უკრაინას საერთაშორისო სტრუქტურებშიც მხარი დაუჭირა, ჩვენი დელეგაცია იმ ქვეყნების ათეულშია, რომელიც ომისგან დაზიანებულ ბუჩაში ჩავიდა, მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ ომში უნდა დავეხმაროთ, ცდება: ჩვენ არც საამისო ძალა გვაქვს და არც შესაძლებლობა. რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე