"დაესხმება თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოს უკრაინის შემდეგ? კავკასიაში შიშობენ, რომ შეიძლება 2008 წელი განმეორდეს" - კვირის პალიტრა

"დაესხმება თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოს უკრაინის შემდეგ? კავკასიაში შიშობენ, რომ შეიძლება 2008 წელი განმეორდეს"

გერმანიის მსხვილ რეგიონულ გაზეთ „აუგსბურგერ ალგემაინეში“ (Augsburger Allgemeine - გამოდის ქალაქ აუგსბურგში, ბავარიის მხარეში) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „დაესხმება თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოს უკრაინის შემდეგ? კავკასიაში შიშობენ, რომ შეიძლება 2008 წელი განმეორდეს“ (ავტორი - ულრიხ კრეკელი). მასალაში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გადმოცემულია ქართველ ანალიტიკოსთა ვარაუდები რუსეთ-საქართველოს შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თაობაზე.

ავტორი ესაუბრება 48 წლის თინათინ ხიდაშელს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელიც ამჟამად საგარეო პოლიტიკის ანალიზის ცენტრს ხელმძღვანელობს. ექსმინისტრის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომში დამარცხდება, მაშინ ის საქართველოზე თავდასხმას ვეღარ შეძლებს და პირიქით, თუ კრემლი გაიმარჯვებს, მაშინ ომის საფრთხის რისკი გაიზრდება. შესაბამისად, ახლა ყველაზე აუცილებელი ისაა, რომ ნატომ დახმარება გაუწიოს რუსეთთან სავარაუდო აგრესიული ომის პოტენციურ მსხვერპლ ქვეყნებს ანუ - პირველ რიგში, საქართველოს და მოლდოვას.

თინა ხიდაშელი თავისი თანამემამულეების დიდი ნაწილის თვალსაზრისს გამოხატავს: ათი ქართველიდან ცხრა რუსეთს - ჩრდილოელ მეზობელს - თავისი ქვეყნის საფრთხედ მიიჩნევს.

საქართველოს მთავრობაც ფრთხილად მოქმედებს: ერთი მხრივ, თბილისმა რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრა საბაბად გამოიყენა და ევროკავშირში წევრად მიღების განაცხადი ბრიუსელში დაგეგმილზე (ანუ 2024 წლამდე) უფრო ადრე წარადგინა, მეორე მხრივ კი, საქართველო ჯერ კიდევ არაა მთლიანად მიერთებული დასავლეთის ანტირუსულ სანქციებს - „იმის შიშით, რომ მოსკოვის მორიგი თავდასხმის მსხვერპლი არ გახდეს“, - ამბობს პოლიტოლოგი გელა ვასაძე. და ეს შიში უსაფუძვლო მართლაც არ არის - 2008 წელს რუსული ტანკები უკვე იმყოფებოდნენ თბილისის მისადგომებთან.

სტატიის ავტორის მიერ 14 წლის წინანდელი სიტუაცია ასეთნაირად არის გადმოცემული:

იმ დროს საქართველოს პროდასავლური, მაგრამ ექსცენტრული პიროვნება - მიხეილ სააკაშვილი მართავდა. მის მიზანს ნატოში ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფი გაწევრება წარმოადგენდა, თუმცა [აშშ-ის წინადადება] გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს. ამის მიუხედავად, რუსეთი შავიზღვისპირა კავკასიური სახელმწიფოს სახით მაინც გეოსტრატეგიულ მოწინააღმდეგეს ხედავდა. მოსკოვმა დაიწყო საქართველოს სეპარატისტულად განწყობილი რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისადმი“ დახმარება, იქაური მოსახლეობა რუსული პასპორტებით უზრუნველყო.

კრემლი წინასწარ კარგად იყო მომზადებული. რუსეთის არმიამ უკან დაახევინა ქართულ არმიას და ტანკებით სწრაფად მიაღწია თბილისამდე... რუსეთმა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მათ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განალაგა ანუ საქართველომ თავისი ტერიტორიის 20%-ზე კონტროლი დაკარგა. უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლიდან, საქართველოში კვლავ გაჩნდა შიში ვლადიმერ პუტინის შემდგომ აგრესიულ გეგმებთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ქართველების შეშფოთებას საფუძველი ნამდვილად აქვს - ამას წინათ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარება ჰქონდათ განზრახული, რუსეთთან მიერთების მიზნით: „ძველმა“ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ბრძანებულება გამოსცა, „ახალმა“ კი, ალან გაგლოევმა, წინამორბედის ხელმოწერილი აქტი გააუქმა იმ მოტივით, რომ ამ საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა არ შეიძლება, ჯერ რუსეთთან მოლაპარაკებაა საჭიროო.

თბილისში დამკვირვებელთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი - „წინ და უკან სიარული“ - მოსკოვმა განგებ მოაწყო, რომ ქართველებისთვის თავისი ბერკეტი ეჩვენებინა. კრემლის მინიშნება საქართველოსადმი შემდეგნაირია: „თუ თქვენ ზედმეტად შორს წახვალთ დასავლეთისკენ, მაშინ ჩვენ უმოკლეს ვადაში ე.წ. სამხრეთი ოსეთის ანექსიით გიპასუხებთ“.

თუმცა ზოგიერთი მოსკოველი პოლიტოლოგი თვლის, რომ ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინს კავკასიაში რამე ესკალაცია განზრახული არ აქვს. ამჟამად რუსეთს სრულიადაც არ აწყობს კავკასიაში „მეორე ფრონტის გახსნა“, მით უმეტეს, რომ აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული სამხედრო ბაზებიდან ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ნაწილი - როგორც რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები - უკრაინის ფრონტზე არიან გადასროლილი - „თუმცა შედარებით წარუმატებლად: დღეისათვის 300 კავკასიელი ომიდან გამოიქცა და დეზერტირად ითვლება. მოტივი: „ეს ჩვენი ომი არ არის“, - წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ