"ზოგი მწერს, რა მაგარი ხარო, ზოგიც - დოყლაპიაო" - კვირის პალიტრა

"ზოგი მწერს, რა მაგარი ხარო, ზოგიც - დოყლაპიაო"

"ჩვენ გარშემო ბევრი კასპერაა, მაგრამ ამას ვერ ხვდებიან", - ამბობს მსახიობი გიგი მიგრიაული. შემოქმედებით ცხოვრებაში გარკვეული პაუზის შემდეგ ის სერიალში - "სიყვარულს მიღმა" თამაშობს. ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ, ვინ არის ადამიანი, ვის შეფასებასაც ყველაზე დიდი ინტერესით ელოდება, ენატრება თუ არა თეატრში თამაში, როგორი მამაა და რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სირთულედ მსახიობის პროფესიაში?

- გიგი, ახმეტელის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდი შემოქმედებითი პაუზა გქონდა. სერიალში "სიყვარულს მიღმა" გადასაღებ მოედანზე როგორ აღმოჩნდი?

- ეს პაუზა ჩემდა უნებურად მოხდა, თითქოს შეგუებულიც ვიყავი, როგორც მსახიობი აღარავის ვაინტერესებდი. კასტინგზეც არავინ მირეკავდა. ალბათ ეგონათ, რადგან თეატრიდან წამოვედი, ამ პროფესიას შევეშვი, არადა, ეს საქმე ძალიან მიყვარს. "ღამის შოუს" სტუდიასთან წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი, თავადაც დადებითად არიან ჩემდამი განწყობილი. ერთ დღეს პროდიუსერმა სალომე ღლონტმა დამირეკა და მითხრა, რა ჩანაფიქრიც ჰქონდა, გვინდა ჩვენთან ერთად იყოო. ამ ჯგუფის შემოთავაზება ჩემთვის ყოველთვის მისაღებია, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. გასაუბრებაზე რომ მივედი, ირაკლი კაკაბაძე დამხვდა, პერსონაჟის შესახებ მცირე მონახაზი მითხრა. როგორც შემდეგ გავარკვიე, თურმე დიდი კასტინგები ჰქონდათ.

- თავიდანვე ამ როლზე იყავი მოაზრებული?

- კი მეუბნებიან, ეს როლი შენთვისაა დაწერილიო, მაგრამ სავარაუდოდ, ვიღაცამ უარი თქვა მასზე (იცინის). გადასაღებ მოედანზე რომ მივედი, მართალია ნახევრად შეცვლილი გადამღები ჯგუფი დამხვდა, მაგრამ მაინც ის ოჯახური გარემო იყო, რომელიც ამ ჯგუფთან თანამშრომლობისას ყოველთვის მქონდა.

- პაუზის შემდეგ, გადასაღებ მოედანზე ყოფნა, მონატრებული საქმის კეთება მეტი აზარტია, არა?

- ნამდვილად ასეა. რაღაც პერიოდი სხვადასხვა პროექტზე კადრს მიღმა ვმუშაობდი, მავანის გადაცემას ვაკეთებდი, ცოტა ხნით "პოსტივისთან" ვთანამშრომლობდი. ახლა, როცა კამერის წინ გადმოვინაცვლე, პოპულარობა ისევ მოვიდა, მიგზავნიან ვიდეოებს, ზოგი მწერს, რა მაგარი ხარ, ზოგი - დოყლაპიაო.

- პერსონაჟთან გაიგივებენ?

- კი. ცუდს რომ მწერენ, თან მიხარია, თან მწყინს. მსახიობს ყოველთვის ურჩევნია, თავისი პერსონაჟი კარგ ტიპად გამოიყვანოს.

- როგორ გგონია, ჩვენ გარშემო ბევრი კასპერაა?

- ძალიან ბევრი. შეიძლება ახლა ამას თავად ვერ იგებენ, მაგრამ როცა დრო ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს, მერე მიხვდებიან. ახლა ისე არიან კასპერები, ამას ვერც ხვდებიან.

- როგორია შენი თვალით დანახული კასპერა?

- მყავს ახლობელი, რომელსაც ხის ნაკეთობების საამქრო აქვს. რომ მკითხეს, სერიალში ვის თამაშობო? ვუთხარი, - ბაჩოს-მეთქი. პერსონაჟის მოგონება და შექმნა დიდად არც დამჭირვებია. კასპერა უბოროტო ადამიანია. ეს ბიჭი აღფრთოვანდა გოგოზე; ლაკოს გარდა მის ცხოვრებაში აღარავინ არსებობს, მას კი სხვა ინტერესები აქვს. ჩემს პერსონაჟს მეგობრისგან, საყვარელი გოგოსგან დიდი იმედგაცრუება ელის და ეს მართლა დოყლაპია კასპერა ისეთ ჩიხში ხვდება, საიდანac გამოსვლა მარტივი არ არის. ამ პერსონაჟის შესახებ მეტი თავადაც არაფერი ვიცი, ჩემი შვილების ძიძა არის სერიალში ძალიან ჩართული და კასპერაზე სულ ბრაზობს. ვეუბნები, გულთან ახლოს ნუ მიიტან-მეთქი, მაგრამ მაინც.

- ახმეტელის თეატრში თამაშის დროს, ბევრ სპექტაკლში იყავი დაკავებული. მახსოვს, 2 წლის განმავლობაში, "ყველაზე პროდუქტიულ მამაკაც მსახიობადაც" კი გასახელებდნენ. სცენაზე დაბრუნება არ გენატრება?

- ძალიან მენატრება, მაგრამ ახლა 2 შვილი მყავს და სხვა ვალდებულებები მაქვს. უკვე ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, თავი გადავდო და მხოლოდ თეატრისთვის ვიცხოვრო. მირჩევნია, თავად ვიარო სპექტაკლებზე, ტაში სხვის ნათამაშებს დავუკრა. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. რეპეტიციაზე როცა ვარ, თავიდან ბოლომდე იმ პროცესში უნდა ვიყო ჩართული, უბრალოდ სიარული და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება არ გამოვა. თეატრი სხვაგვარ თავგანწირვას მოითხოვს.

- პროფესიული არჩევნის გამო სინანული გქონია?

- აბიტურიენტი ვიყავი, მსახიობობა რომ გადავწყვიტე. ვანო დუგლაძე ჩემი ბავშვობის მეგობარია. ერთ დღეს მოსაკითხად რომ დავურეკე, მითხრა, თეატრალურში გასაუბრებაზე მივდივარო, წავყევი და... ამ პროფესიამ გამიტაცა. არ ვიცი, თითოეულ სპექტაკლში თამაში რას შეიძლება შევადარო, სცენაზე ყოველი გასვლის წინ, წლები მაკლდებოდა. ემოციურად იმდენად რთული იყო, კულისებში, სცენაზე გასასვლელად გამზადებულისთვის, ვინმეს იმ წუთში ტექსტი რომ ეკითხა, ორ სიტყვას ვერ ვიტყოდი. მერე გავდიოდი სცენაზე, ამ მართლაც ჯადოსნურ ადგილზე და ყველაფერი ლაგდებოდა. მარტო ამ ადრენალინისთვის ღირს ამ პროფესიის არჩევა. მაყურებელი ხომ იმისთვის არის მოსული, ლამაზად მოატყუო. ყველამ იცის, მე რომ რომეოს ვთამაშობ, სინამდვილეში გიგი მიგრიაული ვარ, მაგრამ აინტერესებს, გიგი როგორი რომეო იქნება. მაყურებლისა და მსახიობის კავშირი არის ამოუცნობი, უხილავი, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო. თეატრში სულების არსებობის მჯერა. მჯერა, რეზო გაბრიაძის თეატრში ღამე მარიონეტები ცოცხლდებიან. საღამოს იქ ყველაფერი მოწყენილია, აღარც მსახიობია, აღარც მაყურებელი, დეკორაციაც სხვაგვარად გამოიყურებa. რომელიმე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რომ ვიყო, ღამე თეატრში სინათლეს არასდროს გავთიშავდი.

- სპექტაკლის გამო, კინოროლებზე უარი გითქვამს?

- როცა "ტიფლისს" და "ქერჩს" იღებდნენ, მქონდა შემოთავაზება, ტექსტიც კი გადმოგზავნილი ჰქონდათ, მაგრამ თეატრის რეჟიმთან შეთავსება ვერ მოვახერხე. ის პერიოდი, რომელიც ახმეტელის თეატრში გავატარე, შეიძლება ითქვას, რომ იქ ვცხოვრობდი. ნათურის გამოცვლა, დეკორაციის დამზადებაში მიხმარება, სხვისი სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმება... მაქსიმალურად ვიყავი ჩართული, თეატრში დიდი დოზით გახლდით. მხოლოდ სპექტაკლები რომ მეთამაშა, ალბათ არჩევნის წინაშეც არ დავდგებოდი - თეატრი თუ სხვა საქმე?

- ადრენალინი ახსენე. შენთვის პროფესიული ხიბლი სცენაზე მეტი დოზითაა თუ გადასაღებ მოედანზე?

- სცენაზე დიდი დოზითაა, მაგრამ გადასაღებ მოედანზე თუ მსახიობი, ოპერატორი, რეჟისორი თანამოაზრეა და პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რასაც აკეთებს, არნაკლები "კაიფი" და ადრენალინია.

- დღევანდელი გადასახედიდან, რას ფიქრობ, ყველაზე რთული მსახიობის პროფესიაში რა არის?

- ეს პროფესია თავიდან ბოლომდე გშთანთქავს, ოჯახისთვის დრო აღარ გრჩება, ეს რთულია.

- როლი, რომელსაც დიდი სიამოვნებით ითამაშებდი, რომელია?

- ამაზე არასდროს მიფიქრია, როლი არასდროს მინატრია, ალბათ იმიტომ, რომ ფუფუნებაში ვიყავი.

- შესრულებული როლებიდან გამორჩეულად რომელი გახსოვს; როლი, რომელმაც დაგაფიქრა, მსოფლმხედველობა შეგიცვალა, რომელია?

- ჩემთვის ძალიან ემოციური იყო სპექტაკლი "დაბრუნებამდე", რომელიც აფხაზეთის თემაზე დაიდგა. სპექტაკლში ჯერ ახალგაზრდა, შემდეგ ჭაღარაშერეული კაცის როლს ვასრულებ. ჩვენი საერთო ტკივილიდან გამომდინარე, ეს როლი და მთლიანად სპექტაკლი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ყველა განსახიერებულმა პერსონაჟმა გარკვეული როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.

- ვინ არის ის ადამიანი, ვის შეფასებასაც ყველაზე დიდი ინტერესით ელოდები?

- ჩემი მეუღლე. ის მსახიობი არ არის, რიგითი მაყურებლის თვალით დანახული ჩემი პერსონაჟი ყოველთვის მეტად მაინტერესებს. ბავშვის თვალით დანახული ყველაზე საინტერესოა; თუ არ მოეწონება, ტაშსაც არ დაგიკრავს.

- კასპერას როლზე მეუღლე რას გეუბნება?

- დიდად არ მაკრიტიკებს. მეუბნება, თმა შევიჭრა, წვერი შევისწორო, მოუვლელ კაცს ჰგავხარო.

- ამას რეალურ ცხოვრებაში არ აპროტესტებს?

- ერთი ამბავი გვაქვს, სალონშიც არ დავდივარ, თმას თავად ვიჭრი.

- ვინ არის შენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

- ჩემი შვილები. ანკა 3 წლის არის, კატო - 1-ის. კატოს სტიქია დაარქვეს, არც ერთი წამით არ ჩერდება, მძინარეც კი, ძალიან ცელქია; ჰიპერაქტიურია იმდენად, რომ აღარავის "აღარ უყვარს", 2 წუთის შემდეგ ყველა ამბობს, ეს ბავშვი მომაშორეთო (იცინის).

- როგორი მამა ხარ?

- ვფიქრობ, კარგი მამა ვარ, ბავშვების აღზრდის საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართული. პირველი შვილის დაბადებას დავესწარი. მგონია, რომ დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ ვიცვლები. მეტად ყურადღებიანი გავხდი, მობილიზებულიც.

- ერთხელ მითხარი, ჩემი ოცნებაა მყავდეს ბევრი შვილი და მქონდეს სახლი ქალაქგარეთო. სურვილები შეგეცვალა?

- არა, იგივე ოცნება მაქვს. მეორე ბავშვმა ჩემი ახალგაზრდული ენერგია წაიღო, ერთია კატო, მაგრამ რამდენიმე ბავშვს უდრის, ასე რომ, მგონი, უკვე მრავალშვილიანი ვარ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"