"საქმე დიდ გაუგებრობასთან გვაქვს" - ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბრალს არ აღიარებს - კვირის პალიტრა

"საქმე დიდ გაუგებრობასთან გვაქვს" - ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბრალს არ აღიარებს

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ადვოკატის, თენგიზ კახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გირაოს დაწესების შუამდგომლობით მიმართავენ.

„ინტენსიური შეხვედრა და კომუნიკაცია გამაჩნია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ბატონ გალიფთან. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და არ ეთანხმება. ასევე, დაცვის მხარეც არ ვეთანხმებით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არარეალურია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ჩვენ კი გირაოს შუამდგომლობით მივმართავთ“, - განაცხადა ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.

მისი თქმით, რა რაოდენობის გირაოზე იქნება საუბარი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„ჩვენ გაგვაჩნია მტკიცებულებები, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები მის საძინებელ თუ სამუშაო ოთახში აღმოჩენილი არ არის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ პერიოდში ბატონი გალიფი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო ადეკვატურ, სამართლიან და ჰუმანურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით ჯერ ბრალის დადგენილება არ გაგვაჩნია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საგამოძიებო მოქმედებები და პროცესები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, არავითარი დასაბუთებული ვერდიქტი არ გვაქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში დააკავა.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.

კომპანია „მეტრო სითის“ დირექტორის, რაულ კახაძის ინფორმაციით, ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი თავს მხნედ გრძნობს და ფიქრობს, რომ „საქმე დიდ გაუგებრობასთან გვაქვს“.

როგორც რაულ კახაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებას და ქართული სასამართლოს იმედი აქვს.

„მინდა გაგიზიაროთ გალიფ ოზთურქის გზავნილი. მიუხედავად მაღალი ემოციური ფონისა, ის მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, როგორც კომპანიის მართვის რგოლს, ისე მედიასაშუალებებს. არ გავაკეთოთ ისეთი განცხადება, რომელიც დააზიანებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს.

ის თავს გრძნობს უდანაშაულოდ ყველა ნაწილში. არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებას. თავს მხნედ გრძნობს და ფიქრობს, რომ საქმე დიდ გაუგებრობასთან გვაქვს. დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება გაუგებრობა. ფინანსური დოკუმენტაცია ამოღებულია. ქართული სასამართლოს იმედი აქვს“,- აღნიშნავს კახაძე.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაია განიხილავს.

გამოძიება, გალიფ ოზთურქს „სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა- შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, დაკავებულ გალიფ ოზთურქს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატები დღევანდელ პროცესზე სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ.

IPN