“8 წელია საქართველოში ვიმყოფები, სიკეთის გარდა არაფერი მიკეთებია" - რას აცხადებს ბრალდებული გალიფ ოზთურქი ? - კვირის პალიტრა

“8 წელია საქართველოში ვიმყოფები, სიკეთის გარდა არაფერი მიკეთებია" - რას აცხადებს ბრალდებული გალიფ ოზთურქი ?

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაია, თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

პროცესზე როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ სასამართლოს სიტყვით მიმართეს.

დაცვის მხარე სასამართლოს ოზთურქის გათავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს - ერთ მილიონ ლარს სთავაზობს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს უსაფუძვლო ბრალდება აქვს წარდგენილი.

ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ საქმეში ფინანსური დანაშაული იკვეთება და საქმეზე დამატებით გამოძიება მიმდინარეობს.

თავად ბრალდებული გალიფ ოზთურქი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო პროცესში სახლში იმყოფებოდა.

“8 წელი საქართველოში ვიმყოფები, სიკეთის გარდა არაფერი მიკეთებია. სახელმწიფოს ბიზნეს პროექტების განხორციელებაში ვეხმარებოდი. ვუარყოფ წარდგენილ ბრალდებას და არ ვეთანხმები. ვაპირებ, რომ სამართლებრივი ბრძოლა გავაგრძელო. შემიძლია გირაოს სახით რამდენიმე მილიონიანი ქონება შემოგთავაზოთ, მათ შორის ერთი მილიონი ლარი, თუ სასმართლოს სურვილი აქვს, შეუძლია გაზარდოს გირაოს ოდენობა. თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ ვიქნები. მიყვარს საქართველო, დიდ პატივს ვცემ ქართველებს, მთელი რესური აქ მაქვს ჩადებული და წასვლას არსად ვაპირებ”,- განაცხადა გალიფ ოზთურქმა.

"ინტერპრესნიუსი"