"არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. პარტნიორებიდან და მეგობრებიდან არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა" - კვირის პალიტრა

"არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. პარტნიორებიდან და მეგობრებიდან არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა"

რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ არავინ გვთხოვს ეროვნულ სანქციებს - რატომღაც საჭიროდ ვთვლით უარი ვთქვათ ისეთ რაღაცებზე, რაზეც არ არის მოთხოვნა ჩვენთან დაკავშირებით. არ მესმის, ეს რატომ არის საჭირო, რომ ჩვენ წინსწრებით რაღაცებს ვაცხადებდეთ?! - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესებას.

პრეზიდენტის თქმით, დასავლეთს საქართველოსთვის არ მოუთხოვია რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ამოქმედება, რაც უშუალოდ ევროპულ ქვეყნებში კი არ არის დღეს.

"ჩვენ არავინ გვთხოვს ეროვნულ სანქციებს. ევროპაში ძალიან ბევრ ქვეყანაში, არ აქვთ ეროვნული სანქციები დამატებული, იმ მთავარ სანქციებთან ერთად, რომელიც არის ის ფინანსური სანქციები და ადამიანების სია, რომელთაც ევროპის ტერიტორიაზე არ უშვებენ. ჩვენ რატომღაც საჭიროდ ვთვლით უარი ვთქვათ ისეთ რაღაცებზე, რაზეც არ არის მოთხოვნა ჩვენთან დაკავშირებით. არ მესმის, ეს რატომ არის საჭირო, რომ ჩვენ წინსწრებით რაღაცებს ვაცხადებდეთ?! ჩვენზე არანაირი მოთხოვნა არ არის დამატებითი სანქციების“, - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ასევე არ ყოფილა მოთხოვნა, საქართველოში, ომის მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. "არ არის მოთხოვნა ჩვენი პარტნიორებისგან მეორე ფრონტის გახსნაზე. უკრაინელები, ზოგიერთი, ვინც მთავრობაში არიან, ამის სურვილი რომ მოვისმინეთ, ეს გასაგებია, როცა ომში ხარ და გინდა, რომ ამ სიტუაციაში იყო გამარჯვებული, ეძებდე საიდან შეიძლება იყოს რაღაცა ფორმის შვება, - შეიძლება რაღაცები თქვა, მაგრამ საუბარი, რომ არის მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის, ეს არასწორია, რადგან პარტნიორებიდან და ჩვენი მეგობრებიდან, არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა. არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა ძალიან დამაზიანებელი არის ჩვენთვის, ყველასთვის. ვიცით, რომ მეორე ფრონტის გახსნის არც საშუალება და არც სურვილი არ გვაქვს, რადგან ჩვენ სხვა პოლიტიკა გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და არ არის საჭირო ამ თემით აპელირება და მანიპულირება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"