როგორ ვაქციოთ უდაბნო წალკოტად - კვირის პალიტრა

როგორ ვაქციოთ უდაბნო წალკოტად

საგარეჯოში, უდაბნოს ტერიტორიაზე, 2017 წელს გრანდიოზულ პროექტს, ბიომრავალფეროვან მეურნეობას ჩაეყარა საფუძველი. 15 000 ჰექტარზე გაუდაბნოებულ ნიადაგზე მრავალწლიანი ნუშის ბაღები, 254 ჯიშის ყურძენი და კენკროვანი კულტურები გაშენდა. დაუღალავი შრომით უდაბნო მწვანე კუნძულად გადაიქცა, რომელსაც მნახველი თვალს ვერ გაუწვდენს. პროექტის ავტორებს კიდევ დიდი გეგმები აქვთ. რატომ შეირჩა ეს ადგილი ასეთი მასშტაბური მეურნეობის გასაშენებლად, როგორ გაიხარა უდაბნოში ნუშმა და ვაზის 250-ზე მეტმა ჯიშმა, ამაზე გოდერძი მეტრეველი, უდაბნოში მოქმედი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გვესაუბრება.

გოდერძი მეტრეველი:

- აქ ნუშისთვის, როგორც მონოკულტურისთვის აუცილებელი გარემო, კლიმატი და ნიადაგია. მალე მივხვდით, რომ ტრადიციული სოფლის მეურნეობა გარემოსთვის ზიანის მომტანია, ამიტომაც არჩევანი ე.წ. რეგენერაციული სოფლის მეურნეობაა. არ ვებრძვით მწვანე მასას და არც არანაირ ნარგაობას. ჩვენთვის ეს "მტერი" და დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არის.

- ნიადაგი ბაღის გაშენებამდე შეისწავლეთ?

- კი, ნიადაგის კვლევა-შესწავლით დავიწყეთ. ამ ტერიტორიების პრობლემა უკონტროლოდ ძოვება იყო, რასაც ცუდი შედეგი მოაქვს... ახლა უკვე კონტროლირებადი, როტაციული საძოვრების პირობებში კარგ შედეგს ვიღებთ. ჩნდება სხვადასხვა მიკროორგანიზმი და ჩქარდება ჰუმუსოვანი ფენის წარმოქმნა, უკონტროლო ძოვების შემთხვევაში კი ნიადაგი შრება და კვდება. ამ ტერიტორიაზე, სულ ცოტა, 50 წლის მანძილზე უკონტროლოდ აძოვებდნენ და ერთ-ერთი პრობლემაც ეს იყო.

lali2-1654240028.jpg

- ამგვარი მიდგომით ნიადაგის რეგენერაცია მოხერხდა?

- დიახ, ეს გახლავთ რეგენერაციული სოფლის მეურნეობა. ნიადაგის მოწესრიგება-გაცოცხლება რთული კი იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ბაღებში უკვე ფესვთა სისტემა გაჩნდა, შემცირდა აორთქლება, მწვანე მასამ მოიმატა, გაჩერდა ქარით გამოწვეული ეროზიები. რაც მთავარია, გაუდაბნოების პროცესი 3 000 ჰექტარზეა შეჩერებული.

- მეურნეობის ფართობი რამდენია?

- 15 000 ჰექტარი, სადაც არის სხვადასხვა ნარგაობა. არის როტაციული საძოვრები, 2 300 ჰექტარზე ნუშია გაშენებული. დავრგეთ ვაზი, კენკროვანი კულტურები, ერთწლიანი და მრავალწლოვანი ბალახოვანი კულტურები, რასაც როტაციულ საძოვრებად ვიყენებთ, ასევე - სათიბად. გვაქვს ქართული ხორბალი, ქერი, სათიბი კულტურები (იონჯა, სამყურა, სორგო და სხვ.), დანარჩენი ტერიტორია კი, რაც აქამდე უკონტროლოდ იყო, გვინდა, განსაზღვრული დროის განმავლობაში დავკეტოთ და ამისთვის ღობე შემოვავლოთ, რათა ცოტა ხანს ნიადაგს ამოსუნთქვისა და აღდგენის საშუალება მივცეთ.

- უდაბნოში, ალბათ, წყლის შემოყვანა და საირიგაციო ქსელის შექმნაც არ იყო ადვილი.

- ჩვენგან წყალი 16 და 23 კილომეტრის მანძილზეა დაშორებული, თუმცა წყალმომარაგების ორი წყარო გვაქვს - საქართველოს მელიორაცია და ჩვენი ინფილტრატის წყლები. 2 კილომეტრამდე ცენტრალური მომარაგების მაგისტრალური სისტემაა მოწყობილი, რაც რეზერვუარებს ამარაგებს და მისი საშუალებით წვეთოვანი სარწყავი სისტემა მუშაობს.

- ვაზის მრავალი ჯიშიც გაქვთ... უდაბნოში ვაზი პატარა საქმე არ უნდა იყოს

- 254-მდე ჯიშია და ყველა - ქართული. სხვადასხვაგვარი კლიმატის ვაზის აქ გაშენება რისკებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებმაც გაიხარა. ფაქტებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ამ ყველაფერმა გაამართლა. გვაქვს კენკროვანი კულტურებიც - მარწყვი, მაყვალი და ჟოლო.

- უდაბნოში ყველაზე უკეთ მაინც რომელი კულტურა გრძნობს თავს?

- კარგი მოვლით, სწორი რეგენერაციული მიდგომით, თუ ნიადაგშიც ბიომრავალფეროვნება იქნება, თითქმის ყველა კულტურის მოყვანა შეიძლება.

lali3-1654240028.jpg

- უდაბნოს მწვანესაფარიანი "კუნძული" საბოლოოდ რას ემსახურება, რა გეგმები გაქვთ?

- კომპანია აერთიანებს როგორც ერთწლიან კულტურებს, ასევე საკმაოდ მძლავრ მეცხოველეობას (მერძეული მიმართულებით), მეფრინველეობას. 600-მდე ერთეული მსხვილფეხა პირუტყვი გვყავს (კამეჩი, ძროხა, დანიიდან ჩამოყვანილი), 2 000-მდე - წვრილფეხა (ესპანური და შოტლანდიური შავთავიანი ცხვრები). ისინი საძოვარზე არიან გაზრდილი, თავისუფალ გარემოში, არა - ბაგურ კვებაზე და ფერმის პირობებში. მეფრინველეობაც ასევეა - არაფერია ჩაკეტილი და შემოსაზღვრული. თავისუფლად, ბუნებასთან არიან შერწყმული და ტერიტორიაზე გაშვებული. გვაქვს გადამმუშავებელი საწარმო - პირველადი და მეორადი. ჩვენი ბაზარი ევროპა და საქართველოა. ყველაფერი პროდუქციის ხარისხის მიხედვით განაწილდება.

მიზანი არის ორგანული მიმართულება, არანაირი შხამქიმიკატი და სინთეტიკური საშუალება - ეს 100%-ით გამორიცხულია.

- პირუტყვი მწვანე საფარს კი ძოვს, მაგრამ, ალბათ, არსებობს რისკი, რომ მათ ნარგაობა გაანადგურონ.

- ახალი, ნორჩი ფოთოლი რომ გამოდის და მცენარე ვეგეტაციას იწყებს, მაგ პერიოდში საქონელი ღია საძოვარზე გადაგვყავს. ვეგეტაციის პროცესი რომ დასრულდება, მცენარის ფოთოლი უხეშდება... რეგენერაციული სოფლის მეურნეობის იდეაც ის არის, რომ ბუნებაში ცხოველებთან ერთად ბალანსი დაიცვა.

- რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

- 500 ადგილობრივი დასაქმებული გვყავს, - საგარეჯოს რაიონის მოსახლეობა, სოფლებიდან იორმუღანლო, და უდაბნო. გვყავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ეკომიგრანტები. მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაც ვითავეთ. საწარმოს, რომელსაც გავხსნით, ნუშის პირველადი და მეორადი გადამმუშავებელი საამქრო ექნება, რომელიც ნუშს დაამტვრევს, გაასუფთავებს, შეფუთავს. საამქრო გათვლილია იმაზე, რომ ჩვენთან პროდუქტი ადგილობრივმა წვრილმა ფერმერებმაც მოიტანონ. რასაც ჩავიბარებთ, გადავამუშავებთ, დავახარისხებთ, სურვილის შემთხვევაში კი პროდუქტს უკან გავატანთ.

- ბოლო დროს საქართველოში ნუშის ბაღების რიცხვი გაიზარდა. რა არის ამის მიზეზი? რატომ იზიდავთ ფერმერებს ეს კულტურა?

- მის გასაშენებლად ჩვენი რელიეფი, კლიმატი საუკეთესოა, გვალვაგამძლე მცენარეა, თუმცა წყალიც უყვარს. მსოფლიოს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, კაკლის გაშენება უზარმაზარ ტერიტორიებზე შეიძლება, ნუშისთვის კი ადგილები შეზღუდულია. საუკეთესო ტერიტორიაა კახეთი, ქვემო ქართლი. აქ არ არის გრუნტის წყლები, ფერდობებია, ქვანარევი ნიადაგები, წყლის ინფილტრაცია კარგია, შეკავება არ ხდება და ნუში კარგად ადაპტირდება კლიმატთან და პირობებთან. ნუშთან დაკავშირებული საკითხების არცოდნის გამო თითოეულ თანამშრომელს ყველა დეტალში გარკვევამ მოგვიწია - აგრონომიით დაწყებული, ირიგაციით დამთავრებული. ბევრი რამ შევისწავლეთ.

- შრომის შედეგებმა რა აჩვენა, რა დასკვნა გააკეთეთ?

- პირველი ის, რომ დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ თვალსაჩინო შედეგს. ინდუსტრიულ მხარეს თავი რომ დავანებოთ, რელსებზე დადგა ბიზნესი, რომელიც წარმატებული იქნება. იმას მივაღწიეთ, რომ გაუდაბნოება გავაჩერეთ, ნიადაგში ბიომრავალფეროვნება შევქმენით, ნუშის ბაღი გავაჩინეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის კონტინენტზე ეს ყველაზე დიდი ბაღია, თავისი ინფრასტრუქტურით, სადაც ყველაფერი ავტომატიზებულია. ეს ძალიან გვეამაყება. საქართველოში შრომის ფასად ყველაფერია შესაძლებელი. ბევრი შრომა, სწავლა, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და ფინანსური მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია.

- სამომავლოდ ამ მწვანე კუნძულზე, ალბათ, დასახლებაც გაჩნდება...

- ჩვენი მიზანია, დაახლოებით ორ წელიწადში აქ სასწავლო კამპუსი აშენდეს, ამასთან, კამპუსთან იქნება საცხოვრებელი. საქართველოში აგროტურიზმი, აგრონომია, საველე სამუშაოები და მათი ზედამხედველობა დეფიციტური პროფესიებია, ამიტომ ამას შევასწავლით. ამასთან, ჩვენი მიზანი მოძველებული მეთოდოლოგიის განახლება და ცოდნის გაღრმავებაა. "იუესაიდთანაც" გვაქვს პროექტები. ადამიანებს ვატრენინგებთ, სტუდენტებსაც გვიგზავნიან. გვინდა, ჩვენს ტერიტორიაზე კამპუსი შეიქმნას, საცხოვრებლებიც და ხალხიც აქვე დასაქმდეს.