"მარწყვის ეს ჯიში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე იკრიფება“ - კვირის პალიტრა

"მარწყვის ეს ჯიში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე იკრიფება“

ვისაც გაზაფხულის ყველაზე გემრიელი კენკრა, ქართული (კახური) მარწყვი უყვარს, მისთვის ძნელი იქნება წარმოდგენა, რომ საქართველოში მოწეული მარწყვის დიდი ნაწილი შორეულ ქვეყნებში გადის, ჩვენ კი იმპორტირებულ, უმეტესად თურქეთიდან შემოტანილ მარწყვს მივირთმევთ, თუმცა მაისის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე ქართულ ბაზარზე მხოლოდ ქართული მარწყვი იყიდება. მათ შორის უპირატესია ტრადიციული კახური მარწყვი. როგორც კახელები ამბობენ, მარწყვისთვის განკუთვნილი ჰექტარები ბოლო წლებში ნაწილობრივ ვენახებმა ჩაანაცვლა, თუმცა, ამის მიუხედავად, ზოგიერთი ფერმერი მარწყვის მოყვანაზე უარს არ ამბობს. მიზეზი მარწყვის შემოსავალია და არამხოლოდ ადგილობრივი ბაზრიდან: როგორც აღმოჩნდა, ქართული მარწყვის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება, გაყინული მარწყვის ჩათვლით. გურჯაანელი მალხაზ ფურცელაძის მარწყვი ექსპორტზეც გავიდა და ადგილობრივ ბაზარზეც მოწონებით სარგებლობს.

მალხაზ ფურცელაძე:

- მართალია, კახელი კაცი ვაზისთვის არის დაბადებული, მაგრამ ისეთი მიწა გვაქვს, ყველა საქმისთვის მოგაკიდებინებს ხელს. გულახდილად რომ ვთქვა, მარწყვის მოყვანას სულაც არ ვფიქრობდი, მაგრამ როცა მეგობრის ნაჩუქარი რამდენიმე ათეული ძირი დავრგე, ისეთი ზღაპრული მოსავალი მივიღე, რომ გურჯაანში მარწყვისთვის მიწის შეძენა გადავწყვიტე. არის სოფლები, მაგალითად, კალაური, სადაც განთქმული მარწყვი მოდის, მაგრამ თუკი კარგად მოუვლი, ჩემი აზრით, კახეთში ხარისხიან მარწყვს ყველგან მოიყვან. მოკლედ, ქართული მარწყვის სეზონი ხანმოკლეა, ივნისის შუა რიცხვებში მთავრდება, მარწყვის ის ჯიში კი, რომელიც ასე მომეწონა, ამერიკული გახლავთ და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე იკრიფება. სწორედ ამიტომაც მივიჩნიე მისი გაშენება საჭიროდ.

- ამბობენ, რომ ქართული მარწყვის ჯიშები ახალ ჯიშებზე გემრიელია. ბაზარზეც ქართული მეტად იყიდება. თქვენ გაყიდვაში ხელი არ შეგიშალათ უცხოურმა ჯიშებმა?

- კი, მეც მესმის ასეთი საუბარი, მაგრამ მითხარით, განა ჩვენი ქართული, ტრადიციული ჯიშები ასე ნელ-ნელა შემოტანილი და გაკულტურულებული არ არის? მაგალითად, პომიდორი ხომ საუკუნეების წინ ჩვენი, ადგილობრივი კულტურა არ ყოფილა, ან თუნდაც კიტრი და სიმინდი? ასე რომ, გაახლება აუცილებელია, ოღონდაც არა - ბრმად. მარწყვის ჯიში ალბიონი, რომელიც ერთ ჰექტარზე გავაშენე, ძალიან გემრიელია. ჩემი აზრით, მხოლოდ იმით განსხვავდება ადგილობრივი მარწყვისგან, რომ ტრანსპორტირებას უკეთ უძლებს. რაც მთავარია, დეკემბერში დარგული ნერგები უკვე აპრილის დასაწყისში მოსაკრეფია და კრეფა ოქტომბრამდე გრძელდება.

- ანუ საადრეო ჯიშია.

- საგვიანოც. სწორედ ეს არის ასეთი ჯიშების მოგება. ასეთი მარწყვის ფასი სეზონის დასაწყისში, აპრილში, მაღალია. მერე ნელ-ნელა იკლებს, შემოდგომაზე კი ფასი ისევ იმატებს. ასე რომ, ხუთი წლის წინ რომ გავრისკე და ერთ ჰექტარზე ეს ჯიში გავაშენე, არ მოვტყუვდი. მიწის შეძენის ჩათვლით, მარწყვის გაშენებაში 60.000 ლარი დავხარჯე და ეს თანხა ბანკიდან ავიღე სესხად, სამ წელიწადში კი მარწყვის ფასმა ეს ვალი მთლიანად დამაფარინა.

- სამ წელიწადში 60.000 ლარის დაფარვა არც ისე ადვილია.

- გეთანხმებით, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარწყვის მოსავალს დიდი შრომა სჭირდება. საქმე ის არის, რომ მარწყვის პლანტაციას გამარგვლას თუ დაკრეფას წელში მოხრილი მუშაობა სჭირდება, ეს კი ბევრს არ შეუძლია, ამიტომ მუშახელიც ძალიან ჭირს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორ საათამდე ვმუშაობთ, რათა შუადღის სიცხემ ადამიანზე ცუდად არ იმოქმედოს. სამუშაო დილის 6 საათზე იწყება.

- გამახსენდა, როგორ წავიდა ხალხი ჩვენი ქვეყნიდან გერმანიაში მარწყვის საკრეფად და როგორ უკმაყოფილო იყვნენ ფერმერებით, რომელთაც მძიმე ექსპლუატაციაში ადანაშაულებდნენ.

- იქნებ მაგ საყვედურიდან ცოტა რამ არარეალურიც იყო, მაგრამ უცხოეთში, გაცილებით მეტი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად. ხარისხს ჩვენც ვითხოვთ, ხალხიც ბევრს შრომობს, მაგრამ, ალბათ, ფსიქოლოგიასაც აქვს მნიშვნელობა - ნაცნობთან ურთიერთობისას სტრესიც ნაკლებია. ჩვენ დღეში უკვე 50 ლარს ვუხდით მუშახელს. სამწუხაროდ, ადგილობრივ მუშახელს ნაკლებად ვშოულობთ, რადგან კახეთი, ღვთის მადლით, ბარაქიანია და აქ ბევრ კულტურას სჭირდება ხელი. ძირითადად, დასავლეთ საქართველოდან ვასაქმებთ ხალხს.

- ექსპორტზე მარწყვი თქვენც გაგაქვთ?

- ჩემი მარწყვი დუბაიში გაიტანეს ინდოელებმა. როდესაც მითხრეს, რომ მარწყვი დუბაიში გაჰქონდათ, გამიკვირდა, მაგრამ ისეთი ტექნოლოგიებით გადაიტანეს, დარწმუნებული ვარ, ახალდაკრეფილივით იქნებოდა. თან თავადვე დაკრიფეს. მარწყვი სხვა ფერმერებსაც გააქვთ ექსპორტზე.

- სტატისტიკური მონაცემებით, წლეულს საქართველოში 770 ტონა მარწყვი შემოვიდა, 47 ტონა კი ექსპორტით გავიდა.

- დიახ, ასეთია ბაზარი, თუმცა, უმეტესწილად, მაინც გაყინული მარწყვი გადის, რომელიც შოკური მეთოდით იყინება და შემდეგ იგზავნება არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, როგორც ვიცი, ამერიკაშიც.

- ამბობენ, რომ ჩვენი ფერმერები პესტიციდებს დიდი რაოდენობით ხმარობენ, რაც მავნებელია ჯანმრთელობისათვის.

- ჩვენ რომ პესტიციდებს ასე მომაკვდინებელი რაოდენობით ვხმარობდეთ, ის ქვეყნები, სადაც ჩვენი მარწყვი გადის, მას საზღვარზეც არ გადაატარებდნენ, ჩემი მარწყვი დიდ სუპერმარკეტში იყიდება, ასე რომ, არ ღირს ფერმერებისთვის ჩასაფრება, მით უფრო, რომ ქართული მარწყვის ექსპორტი სულ უფრო და უფრო ზრდის მასშტაბებს.

- ბრძანეთ, რომ მარწყვის პლანტაციაში მუშაობა შრომატევადია და მუშახელიც ნაკლებად იშოვება. ხომ არ გვემუქრება საშიშროება, რომ ქართული მარწყვის პლანტაციები შემცირდება?

- ტენდენცია არის, მით უფრო, რომ კახურ ღვინოს თვალუწვდენელი ბაზარი აქვს და ვაზის ფართობებიც შენდება. თუმცაღა ბაზარს ერთი საინტერესო თვისება აქვს - როგორც კი მოსავალი შემცირდება, მაშინვე ფასები აიწევს, ასე რომ, შეუძლებელია როდისმე ქართული მარწყვი არ გვქონდეს.