რატომ დარჩნენ 1924 წლის "აგვისტოს აჯანყების" დროს ქართველი პატრიოტები საერთაშორისო დახმარების გარეშე: ნოე რამიშვილის უცნობი წერილები - კვირის პალიტრა

რატომ დარჩნენ 1924 წლის "აგვისტოს აჯანყების" დროს ქართველი პატრიოტები საერთაშორისო დახმარების გარეშე: ნოე რამიშვილის უცნობი წერილები

ოდითგან საქართველოს მძიმე ხვედრი ჩვენზე ძლიერი ქვეყნებისა და იმპერიების დახმარების იმედი იყო. მოლოდინი მოლოდინად რჩებოდა, რეალური დახმარება კი არსაიდან ჩანდა. უფრო მეტიც: ხშირად იმპერიები ურთიერთ საქმის გარჩევებში ღიად, თუ ფარულად, საქართველოს ფაქტორს თავის სასარგებლოდ იყენებდნენ.

"აქლემების ჩხუბში კოზაკი გაიჭყლიტაო" – ამგვარად იყო და დარჩა ჩვენი რეალობა. საგარეო ურთიერთობების ლაბირინთებსა და ინტრიგებში გარკვევა ახლაა ურთულესი და ჩვენ წინაპრებს მკაცრი საყვედური რატომ უნდა ვაკადროთ? თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საუკუნეების მანძილზე მივეჩვიეთ ფუჭ მოლოდინებს და ჩვენი გასაკეთებელი, რატომღაც სხვისი ვალდებულება გვგონია.

საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქართული ემიგრაციის ფარული ბრძოლის ეფექტიანობა შესუსტებული იყო საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური დახმარების არქონის გამო. დაპირება ბევრი იყო, რეალური დახმარება კი არა. თუმცა ნათქვამია „იმედი ბოლოს კვდებაო“ და ქართველ პატრიოტებს ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქყვეყნების დახმარების და თავად რუსეთში საშინაო პრობლემების გამწვავების იმედი ჰქონდათ. არქივებში შემონახული დოკუმენტებიდან და მემუარული ლიტერატურიდან ირკვევა, რომ 1922 წლის ოქტომბერში საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ნოე ხომერიკი.

noe-1654245924.jpg
ნოე ხომერიკი

მისი ჩამოსვლის შემდეგ სამხედრო აჯანყებისათვის მომზადება უფრო ორგანიზებული გახდა. ნ. ხომერიკმა (რომლის ფსევდონიმი “ფრანსუა” იყო) დამკომის წევრებს საქართველოს ემიგრანტული მთავრობისა და საზღვარგარეთის ბიუროს წერილობითი მიმართვები გააცნო და ზეპირადაც განუცხადა “ორი ნოეს” მთავარი დანაბარები: თუ ანტიბოლშევიკური აჯანყების შემდეგ არსებულ ხელისუფლებას დაამხობდნენ და კონტროლს ერთი-ორი თვის განმავლობაში შეინარჩუნებდნენ, მაშინ ევროპის ქვეყნებიდან (უპირველესად საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის იმედი არსებობდა) სამხედრო, დიპლომატიური და ფინანსური დახმარება რეალური გახდებოდა. ამ მოსაზრებას ნათლად ადასტურებს ნოე რამიშვილის ქვემოთ მოყვანილი საიდუმლო წერილი (ავტორის სტილი უცვლელია –ბ.ა.):

“10/III 1924.

დამოუკიდებლობის კომიტეტს

მთავრობამ მოისმინა ოსმანის მოხსენება და დამატებით 22/II ის წერილისა დაადგინა: თანამედროვე საერთაშორიოს მდგომარეობა არ უშლის ხელს იმ საქმეს, რომელზედაც მოგვახსენა ოსმანმა, მაგრამ არავითარ დახმარებას არ უნდა ველოდეთ არსაიდან, სანამ ამიერკავკასია ფაქტიურად არ განთავისუფლდება და კავკასიის ქედზე არ გავმაგრდებით. გამოგზავნილია გიგა და ტერენტი , რომელნიც გაცნობილი არიან მთავრობის დირექტივებს და სავსებით გამოხატავენ მის აზრს. მე ამჟამათ ვიმყოფები სტამბოლში და ამ დღეებში გამოვემგზავრები საზღვრისაკენ, სადაც დავუცდი თქვენსა და წამოსულთა ცნობას.

მთავრობის წარმომამადგენელი

ნ. რამიშვილი”.

ქართველ პატრიოტებს კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ რიცხობრივად გაცილებით მეტი და უკეთ შეიარაღებულ–ორგანიზებული ბოლშევიკთა ჯარის დამარცხებას და „კავკასიის ქედზე გამაგრებას“ საგარეო ფაქტორების ხელშეწყობის გარეშე ვერ შეძლებდნენ. ასევე უნდა გაეთვალისწინებინათ ბოლშევიკთა აგენტურის აქტიური მოქმედებები (როგორც ემიგრაციის რიგებში, ასევე საქართველოში არალეგალურად მოქმედ ორგანიზაციებში). 1923 წლის 10 ნოემბერს ქართველი ბოლშევიკების მთავარი რუპორი, გაზეთი „კომუნისტი“ იტყობინებოდა:

„გუშინ, საქართველოს საგანგებო კომისიის აგენტებმა დააპატიმრეს ტფილისში საქართველოს ყოფილი მენშევიკური პარტიის ერთი ბელადთაგანი, ბანდების ორგანიზატორი, ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, ნოე ხომერიკი“.

დაკავებულის ბინიდან ამოიღეს დაშიფრული დოკუმენტები, წერილები და პროკლამაციები, ასევე უცხოური ვალუტა.

საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას უხდებოდა დიდი ძალისხმევის გამოჩენა, რათა საბჭოთა რუსეთის საწინააღმდეგო ოპერაციებში როგორმე ჩაერთო სხვადასხვა ქვეყნები, მაგრამ ყველა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერების გათვალიწინებით მოქმედებდა, რასაც ადასტურებს ნოე რამიშვილის 1924 წლის 29 მარტის წერილი, საიდანაც ერთ ამონარიდს ქვემოთ გთავაზობთ (ავტორის სტილი უცვლელია –ბ.ა.).

“29/III 192

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს

ჩემი წერილები 22/II და 10 და 24 მარტის თარიღებით მიღებული გექნებათ. ერთხელ კიდევ საჭიროთ მიმაჩნია გაცნობოთ, რომ ოსმალეთმა კატეგორიულად გაგვიცხადა, რომ ჩვენს საქმეებში არ ჩაერევა, ხელს არაფერში შეგვიშლის და დარჩება ნეიტრალური. სამწუხაროთ აზერბაიჯანელთა ადგილობრივი წარმომადგენლები იმყოფებიან ბოლშევიკთა გავლენის ქვეშ, ხოლო ასეთები ოსმალეთში ბევრია. აქაურ მუსავატელთა წარმომადგენლებს არ სურთ ხელის განძრევა და მოწადინებული არიან გაიარონ ოსმალთა ექსპედიცია მსგავსათ 1918 წლისა. ეს დღეს შეუძლებელი არის და თან მავნებელი იქნებოდა. ოსმალთა აშკარა მეთაურობით დაწყებული მოძრაობა კავკასიაში მოგვაკლებდა საერთაშორიოსო დემოკრატიის სიმპატიას და გააღიზიანებდა ზოგიერთ დიდი სახელმწიფოს.

აზერბაიჯანის ხალხმა თავათვე უნდა იკისროს ინიციატივა თავისი განთავისუფლებისა. ამ მიზნისათვის მას უთუოთ მიეცემა ფარული დახმარება ოსმალეთისაგან. ეს სრულიად საკმარისი იქნება ჩვენი საერთო საქმისთვის. უკეთუ მუსავატის პარტიამ მიიღო რასულ ზადესაგან (იგულისხმება მამედ ემინ რასულზადე (1884-1955), აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და აზერბაიჯანის პოლიტიკური ემიგრაციის ლიდერი – ბ.ა.) უარყოფითი ინსტრუქცია, გადაიდგას უმალ საჭირო ნაბიჯი ამ ინსტრუქციის გასაბათილებლად. …

memed-1654246125.jpg
მამედ ემინ რასულზადე

ჩვენი განმარჯვება უმთავრესად დამოკიდებული იქნება ორ გარემოებაზე. პირველ ყოვლისა მთიელთა ამოძრავებით უნდა დაკავებულ იქნეს კავკასიის მთელი ქედი და იქ უნდა გავმაგრდეთ. შემდეგ მთილეთა გამოსვლას ქართველმა ერმა უნდა უპასუხოს ფართო ეროვნული მოძრაობით. უბრალო სამხედრო შეთქმულება, რომელსაც თავიდანვე ზურგს არ გაუმაგრებს მთელი ქართველი ხალხი, უეჭველი დამარცხებით გათავდება და ასეთ ნაბიჯს უნდა ვერიდოთ. ეს ჩვენი საქმის დაღუპვა იქნება. მთის ამოძრავება აიყოლიებს აზერბაიჯამელებსაც, თუკი თქვენ შესძლებთ წინასწარ ძაფი გააბათ აზერბაიჯანულ პარტიზანულ რაზმებთან ყარაბახში, ლენქორანში და სხვაგან, რომელნიც ბრძოლის გუნებაზე არიან და აქაურ ბოლშევიკებს აშკარათ მტრობენ.

მთავრობის წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოადგილე

ნ. რამიშვილი”.

ქართული ემიგრაციის ლიდერები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რაზედაც ნოე რამიშვილის 1924 წლის 14 აპრილის წერილი მეტყველებს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ (ავტორის სტილი უცვლელია –ბ.ა.).

დამკომს, ასლი ცეკას

ვადასტურებ არჩილის წერილების მიღებას 1 და 12 მარტის თარიღებით. ვიმედოვნებთ ჩამოსულთა დახმარებით უკანასკნელ დროს მიყენებულ ზარალს ადვილათ გამოასწორებთ. საერთაშორიოსო მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. სახეში გვაქვს რუმინია-რუსეთის კონფლიქტი ბესარაბიის გამო. ჩვენი შეფასებით ომი არ მოხდება, მაგრამ რუსეთი იძულებულია პოლონეთ-რუმინეთის საზღვარზე ჯარი გააძლიეროს. გვაქვს ცნობა, რომ იქ მოემატა 15 ათასი ხიშტი. ამ ფრონტიდან არ შეიძლება ჯარის თუნდაც მცირე ნაწილის მოხსნა. ჩვენი წინანდელი გეგმა ძალაში რჩება. ამ საგანზე ახალი შეკითხვები ზედმეტია. ამით შეიძლება მომენტიც გავუშვათ და შემდეგ, რაც უარესია,, ამდენი შეკითხვებით შეიძლება მტერმაც გაიგოს ეს ჩვენი გეგმა. სასიამოვნოა თქვენი ცნობა მთასთან მჭიდრო კავშირის შესახებ. უდიდესი მნიშვნელობა ექნება, თუკი ხელმძღვანელობა იქ ჩვენი სამხედრო შტაბის ხელში დარჩება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს. იქონიეთ სახეში, რომ მტერთა მიერ მუსლიმანთა მოსყიდვა ადვილია. ამიტომ მთელი გეგმა, რაც მთაში უნდა შესრულდეს, სავსებით მხოლოდ ჩვენგან გაგზავნილმა შტაბმა უნდა იცოდეს. ერიდეთ ისეთ გამოსვლას, რომელიც . . (სიტყვა არ იკითხება – ბ.ა.) გათავდება. ეს ჩვენი საქმის საბოლოო დამარცხება იქნება.

მთავრობის წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოადგილე

ნ. რამიშვილი”.

შემდეგ ნოე რამიშვილი ევროპაში არსებული საერთაშორიოსო მდგომარეობის ანალიზს აცნობს “დამკომის წევრებს”:

“საგარეო მდგომარეობა უცვლელია. ჰერიოს (იგულისხმება ედუარ ერიო (1872-1957), საფრანგეთის პრემიერ მინისტრი 1924-1925 წლებში – ბ.ა.) კაბინეტი ემზადება საბჭოთა მთავრობის დე იურეთ ცნობისთვის. ჩვენ მივიღეთ სათანადო ენერგიული ზომები საქართველოს უფლებათა მომავალშიც უზრუნველსაყოფათ და ვიმედოვნებთ, რომ რაიმე სახით საქართველოს საერთაშორისო უფლება დაცული იქნება. რუსეთსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა დღითი დღე მწვავდება, თუმცა ომის ატეხა მოსალოდნელი არაა. ინგლის-რუსეთის კონფერენცია გრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ უჩანს. თუ მოკავშირეთა კონფერენცია ლონდონში შეთანხმებით დამთავრდა და რეპარაციის საკითხი მოგვარდა, რუსეთი კიდევ უფრო გაირიყება”.

სამხედრო აჯანყების მომზადებაში საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას გარკვეულ დახმარებას უწევდა საბჭოთა კავშირის შეურიგებელი მოწინააღმდეგე - პოლონეთის ხელისუფლება. მათ მხარდაჭერაზე მეტყველებს ქვემოთ მოყვანილი მცირე ამონარიდი ნოე რამიშვილის საიდუმლო წერილიდან, რომელიც 1924 წლის 8 მაისითაა დათარიღებული (ავტორის სტილი უცვლელია –ბ.ა.):

„ვნახეთ პოლონეთის სამხედრო ატაშე . . . . მისი აზრით გამარჯვებისთვის საჭიროა ორი პირობა: 1. თავდასხმა უნდა იყოს სრულიად მოულოდნელი. თუ მტერმა გაიგო მზადება, საქმე წაგებულია. 2. პირველ ყოვლისა უნდა მოხდეს მთავარი პოლიტიკური და სამხედრო ცენტრების ხელში ჩაგდება როგორიცაა ბაქო, თფილისი, ბათუმი. ის გადამწყვეტ მნიშვნელობას აძლევს თფილისის ხელში ჩაგდებას. ეს აზრი გადაეცით სამხედრო ცენტრს”.

ორივე პირობა შეუსრულებელი დარჩა: ბოლშევიკებმა 1922 წლის ზაფხულიდან უკვე იცოდნენ აჯანყების მზადების შესახებ. ასევე, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა ბოლშევიკების წინააღმდეგ „ კავკასიის ერთიანი ფრონტით“ გამოსვლაც.

ამას ისიც დაემატა, რომ ევროპასა დ ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული სამხედრო–პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო: მათ საბჭოთა კავშირთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობის გზა აირჩიეს. პრემიერ–მინისტრ რამსეი მაქდონალდის გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა 1924 წლის 1 თებერვალს სცნო საბჭოთა კავშირი. 1924 წლის 28 ოქტომბერს კი, პრემიერ–მინისტრ ჰერიოს (რომელმაც ეს თანამდებობა იმავე წლის ივნისში დაიკავა) გადაწყვეტილებით საფრანგეთმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა საბჭოთა კავშირთან (ისევ ჰერიოს მთავრობამ, მოგვიანებით, 1932 წელს, სსრკ-სთან გააფორმა „თავდაუსხმელობის ხელშეკრულება“, რასაც მალევე, 1933 წლის ივლისში, პარიზში არსებული საქართველოს ლეგაციის გაუქმება მოჰყვა).

ასე, რომ უცხოეთიდან პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური დახმარების მოლოდინი, სამწუხაროდ მხოლოდ მოლოდინად დარჩა, – ყველა ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ფიქრობდა და ქართველი პატრიოტები მარტონი აღმოჩნდნენ საბჭოთა იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლაში. წაიკითხეთ პირველი ნაწილი

(მეორე ნაწილის დასასრული)