ომის 100 დღე - სამხედრო მიღწევები და საბრძოლო დანაკარგები - კვირის პალიტრა

ომის 100 დღე - სამხედრო მიღწევები და საბრძოლო დანაკარგები

დღეს, 3 ივნისს, შესრულდა 100 დღე-ღამე მას შემდეგ, რაც 24 თებერვლის გამთენიისას რუსეთის ფედერაცია რამდენიმე მიმართულებიდან თავს დაესხა მეზობელ უკრაინას და დღემდე აგრძელებს მისი ტერიტორიის ნაბიჯ-ნაბიჯ ოკუპაციას.

ვინ რას მიაღწია ამ ომის 100 დღეში - რა წარმატებები და წარუმატებლობები ჰქონდა ფრონტის ხაზზე?

უკრაინა

პუტინი რომ თავს დაესხმებოდა, უკრაინის ხელისუფლებამ შეიძლება ერთი წლით ადრეც იცოდა, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურებიდან, ამიტომაც მოსალოდნელი ომითვის მზადება დაწყებული იყო, თუმცა ბევრი შეცდომა მაინც იქნა დაშვებული.

უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლებისა და სამხედრო მეთაურობის უდიდესი შეცდომა ომის პირველი საათებში ის გახლდათ, რომ მათ ვერ მოახერხეს სათანადო წინააღმდეგობის გაწევა, მანამდე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში შეჭრისას, თუნდაც ხიდებისა და გზების აფეთქების სახით.

კიევის ცენტრიდან, დასავლეთით, 25 კმ-ში მდებარე გოსტომელის „ანტონოვის“ აეროდრომზე თითქმის ორასშვეულმფრენიანი საჰაერო ტაქტიკური დესანტის 24 თებერვლის დილას გადასხმის უკეთესად მოგერიება უკრაინის არმიას ნამდვილად შეეძლო, რადგან დასავლეთის დაზვერვას კიევისთვის ჰქონდა მიწოდებული წინასწარი ინფორმაცია, რომ რუსული სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფები შველმფრენებიდან გადასხდებოდნენ გოსტომელის აეროპორტში, მისი დაპყრობისა და იქ ფსკოვის საჰაერო-სადესანტო დივიზიის მედესანტებით სავსე, არანაკლებ, 17 მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მისაღებად.

უკრაინულმა ძალებმა მართალია, მთლიანად ვერ შეძლეს გოსტომელის აეროდრომის დაცვა, თუმცა იქ გამორიცხეს რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავების დაშვება.

ომის პირველ ფაზაში უკრაინის ერთგვარ გამარჯვებად იქცა ნახევრად პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკის არჩევით კიევის, ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის მიმართულებებზე მოწინაღმდეგის ჯავშანკოლონებზე წარმატებული თავდასხმები, რამაც, საბოლოო ჯამში, აიძულა რუსეთის გენშტაბ, საერთოდ გაეყვანა საოკუპაციო ძალები ამ მიმართულებებიდან.

2-1654247584.jpg

რუსეთი

პუტინს არ გამოუვიდა 2014 წლის ყირიმის ავანტიურა, როდესაც ტყვიის გაუსროლელად დაიპყრო უკრაინის ამხელა ტერიტორია.

რუსული ბლიცკრიგის ჩაშლის მთავარი მიზეზი არა მარტო უკრაინული არმიის მიერ არჩეული სწორი ტაქტიკა გახლდათ, არამედ ისიც, რომ კრემლში რატომღაც „რუსულ ქალაქად“ მიჩნეული ხარკოვის მაცხოვრებლებმა, ეთნიკურად რუსებმაც კი, ხელში იარაღი აიღეს მშობლიური მხარის დასაცავად მომხვდურისგან ანუ რუსულმა „მეხუთე კოლონამ“ უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში ვერ იმუშავა...

სამაგიეროდ, რუსი ოკუპანტების წარმატებულმა შეტევამ ოკუპირებული ყირიმიდან ჩრდილოეთის მიმართულებით კრემლს საშუალება მისცა, რომ დღეისათვის აკონტროლოს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონების დიდი ნაწილი. მათ დაიპყრეს მარიუპოლი და გაჭრეს სახმელეთო დერეფანი აზოვის ზღვის სანაპიროს გასწვრივ, რუსეთის როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულამდე, ამასთან, კვლავ ემუქრებიან მიკოლაევსა და ოდესას, მოლდოვას სეპარატისტულ დნესტრისპირეთისკენ გასაჭრელად.

შესაბამისად, უკრაინას ამ ეტაპზე დაკარგული აქვს გასასვლელი აზოვის ზღვაზე, ხოლო მისი შავი ზღვის პორტები კი - ბლოკირებულია.

რუსეთის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რომ საოკუპაციო ძალები რაც შეიძლება მალე გავიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, ოკუპანტების მთავარი შეტევებიც სწორედ სევეროდონეცკისა და ლიმანის მიმართულებით ხორციელდება, საერთო ჯამში, კრამატორსკისა და სლოვიანსკის დაპყრობისა და უკრაინის არმიის შენაერთების „ქვაბში“ მოქცევის მიზნით.

700 კმ-ზე მეტი სიგრძის ნახევარრკალური ფორმის ფრონტის სხვა უბნებზე ადგილობრივი მასშტაბის პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს და ერთგვარი ოპერატიული პაუზაა აღებული, რადგან ომის შემდგომ ბედს ამ ეტაპზე სწორედ ის განსაზღვრავს, თუ რა მოხდება უახლოეს ორ-სამ კვირაში დონბასის ფრონტის ხაზზე.

დანაკარგები, 3 ივნისის მონაცემებით, რომელსაც სისტემატურად ანახლებს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამხედრო-ანალიტიკური ბლოგი Oryx-ი (ისინი მებრძოლი მხარეების დანაკარგებს განადგურებული, დაზიანებული, მიტოვებული და დაპყრობილი სამხედრო ტექნიკის სახით ითვლიან მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოვიდეოკადრების გათვალისწინებით, ასე რომ, დანაკარგების საერთო რიცხვი ნაკლები ვერ იქნება, მეტი კი - აუცილებლად, რადგან ყველა აფეთქებული ტანკისა თუ ჯავშანმანქანის ფოტო შეიძლება არ იყოს გადაღებული ან, მით უმეტეს - ინტერნეტში ატვირთული) ომის მე-100 დღეს ასე გამოიყურება:

რუსეთის საბრძოლო დანაკარგები

რუსეთის საოკუპაციო არმიის დანაკარგი, საერთო ჯამში, შეადგენს 4 212 ერთეულ სამხედრო ტექნიკას, მათ შორის - 749 ტანკს (აქედან 255 ტანკი უკრაინელებმა გამართულ მდგომარეობაში ჩაიგდეს ხელში), 1 500-მდე სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანას, 30 საბრძოლო თვითმფრინავს, 43 შვეულმფრენს, 80 დრონს, 9 სამხედრო ხომალდსა და კატარღას.

უკრაინის საბრძოლო დანაკარგები

უკრაინის არმიამ დღემდე დაკარგა არანაკლებ 1 122 სამხედრო ტექნიკა, მათ შორის - 187 ტანკი (აქედან მოწინააღმდეგემ 93 ტანკი ალაფად წაიღო), 382 ჯავშანმანქანა, 25 თვითმფრინავი,11 შვეულმფრენი, 19 დრონი (მათ შორის - 8 „ბაირაქტარი“) , 18 სამხედრო ხომალდი და კატარღა.

3-1654247640.jpg
Caption

რამდენი მებრძოლი დაეღუპათ მოწინააღმდეგე მხარეებს

აფეთქებული ტანკისგან ან ჩამოგდებული თვითმფრინავისგან განსხვავებით, რომელთა ფრაგმენტები სადაზვერვო თანამგზავრიდანაც კი მოჩანს, დაღუპული მებრძოლების ზუსტი რიცხვის განსაზღვრა ომის დამთავრებამდე ვერ ხერხდება და ხშირად ვერც ომის შემდგომ, ათწლეულების განმავლობაში, შორს რომ არ წავიდეთ, ამის სამწუხარო მაგალითები აფხაზეთის ომიდანაც გვაქვს...

უკრაინის ხელისუფლება ყოველდღიურად აქვეყნებს რუსი ოკუპანტების დანაკარგებს და ომის მეასე დღისთვის 30 ათასს „ასცდა“, მაგრამ რამდენად სარწმუნოა ეს რიცხვი - ნუთუ უკრაინის ომის სამ თვეში რუსეთმა ზუსტად ორჯერ მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ცხრაწლიან ომში?

სავარაუდოდ, რეალობასთან უფრო ახლოსაა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების, როსგვარდიის, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული „არმიების“ საერთო დანაკარგი პირადი შემადგენლობის სახით, უახლოვდებოდეს 17-18 ათასს ადამიანს, რაც, ასევე, ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია.

ბრძოლებში დაღუპული უკრაინელებისა და სხვა ქვეყნებიდან ჩასული მოხალისეების (უცხოელი მოხალისეებიდან ყველაზე მეტი დაღუპული, სამწუხაროდ, ქართველებს გვყავს) საერთო რაოდენობა 10 ათასზე მეტი იქნება, რაზეც მეტყველებს თავად პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაცხადებული რიცხვები - ყოველდღიურად ბრძოლებში 60-100 სამხედროს ვკარგავთ, 500-მდე კი გვეჭრებაო...