"სინამდვილეში, "ქართული ოცნების" ლიდერი მიხეილ სააკაშვილია! ამ ხელისუფლების სტაბილურობას ბიძინა კი არა, მიშა სააკაშვილი უზრუნველყოფს" - კვირის პალიტრა

"სინამდვილეში, "ქართული ოცნების" ლიდერი მიხეილ სააკაშვილია! ამ ხელისუფლების სტაბილურობას ბიძინა კი არა, მიშა სააკაშვილი უზრუნველყოფს"

„2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელმა კლება დაიწყო და ის რადიკალურად არის შემცირებული“, „საქართველოში გრძელდება თანმიმდევრული რეფორმები ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, ამასთან, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისა და ალიანსში ინტეგრაციისთვის მზადყოფნის მიმართულებით“... - ასეთია მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ დანახული მოცემულობა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 2020 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 19.5%-მდე იყო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, დაახლოებით, 30%-ს შეადგენდა. მეორე მხრივ, პრემიერი ღარიბაშვილი გვარწმუნებს, რომ საქართველო შეუქცევადად, თანამიმდევრულად აგრძელებს სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კი დინამიკურად ვითარდება.

რა მოცემულობაა სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "კვირის პალიტრას" ესაუბრება:

- აბსტრაქტულად ყველაფრის თქმა შეიძლება, ასე თუ განვსჯით, პაპუაშვილს და ღარიბაშვილს იმის თქმაც შეეძლოთ - იბერიის გაბრწყინება გრძელდებაო. კონკრეტული რეფორმები დაგვისახელონ.

- როდესაც ამგვარად დგება საკითხი, ისინი ასახელებენ სასამართლო რეფორმას.

- სასამართლო რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელსაც დღემდე ითხოვს ევროკავშირი. დიახ, მათ რეფორმები გაატარეს, ოღონდ საკუთარ ხელისუფლებაზე სასამართლო სისტემის მორგების კუთხით და არა - სასამართლოს დამოუკიდებელ სისტემად ფორმირების თვალსაზრისით. მართლმსაჯულება რომ ადრე მიშაზე იყო მორგებული და ახლა ბიძინას მოარგეს, შესაძლოა, ამას თავად რეფორმად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ ასე არ არის?! შეიძლება, რეფორმებს ატარებდე და კორუმპირებულ მოსამართლეებს თანამდებობებზე ტოვებდე?! თავადვე აღიარეს, - მურუსიძე და ძმანი მისნი პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ, მაგრამ მსხვერპლნი იყვნენ, მიშა აძალებდაო. ე.ი. მიშა ცუდი იყო, ჩვენ კარგები ვართ და არაფერი უჭირს, თუ სასამართლოს ჩვენ გავაკონტროლებთო.

დასავლელი პარტნიორები დღემდე რატომ მიუთითებენ სასამართლო რეფორმებზე?! - ხედავენ, ხალხის ნდობა სასამართლოს მიმართ ნულოვანი რომ არის და იმიტომ. ესენი ყურებს არ იბერტყავენ და გაიძახიან - უკვე ჩავატარეთო. ამას ჰქვია პოლიტიკური სოციოპათია. კობახიძეს შეუძლია ნებისმიერი სახის ტყუილი ისე თქვას, წარბიც არ შეუტოკდეს.

- პაპუაშვილი ამბობს, ყველამ იცის, სიღარიბის მაჩვენებელმა კლება რომ დაიწყოო. ეს რა სტრატეგიაა, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ასეთ მტკიცებით ფორმაში საუბარს საზოგადოებაზე?

- არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ყველამ იცის, რას ამბობს პაპუაშვილი და იმ ყველას შეუძლია მაცივარი გამოაღოს და ნახოს, რა აქვს შიგნით. ზოგიერთ ტელევიზიას, რასაც უნდა, იმას ალაპარაკებენ, მაგრამ ადამიანებს ტელევიზორებს ხომ ვერ შეაჭმევენ? ხალხმა რასაც უნდა უსმინოს და უყუროს, შიმშილის გრძნობა მაინც შეაწუხებს. მერე რა ქნან, პაპუაშვილის, ღარიბაშვილის და კობახიძის ლაი-ლაი ჭამონ?

ვნახოთ, როგორია დღევანდელი ინფლაციის დონე და შევადაროთ 2012 წლის ინფლაციას. ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა, კურსი კი ორჯერ გაძვირდა. შემოსავლების ინდექსაცია არ მომხდარა. ე.ი. კურსის ორჯერ მომატების შესაბამისად, სამომხმარებლო კალათი ორჯერ გაძვირდა, მაგრამ შემოსავლები არ გაზრდილა ორჯერ. ამ ფონზე, საშუალო სტატისტიკური ქართველი კიდევ უფრო გაღარიბდა.

თუ პაპუაშვილი იმას გვეუბნება, რომ დღეს ადამიანი ხელფასის და პენსიის სახით მეტ ლარს იღებს, ისიც თქვას, რომ დღეს აღებული ლარის მსყიდველუნარიანობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე - 2012 წელს იყო.

- თქვენი ვერსიით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად არიან, მმართველი გუნდის შექმნის მოცემულობას რეალობად აღიქვამენ?

- მე ვერ ვიტყვი, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ტროლები და ბოტები არიან, კი, ბატონო, და ქმნიან ილუზიას, რომ მმართველ გუნდს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. სინამდვილეში, ის მცირედიც კი, ვინც ამბობს, რომ „ოცნების“ მხარდამჭერია, რეალური მხარდამჭერი არ არის. ვგულისხმობ იმას, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ წარსულსა და აწმყოს შორს აქვთ არჩევანი, იმ ცუდი აწმყოს ცუდი წარსულით შეცვლა არ უნდათ, კარგ მომავალს ეძებენ, ამიტომ იძულებულები არიან, გაჩერდნენ.

- როდემდე შეძლებენ გაჩერებას და წარსულის დაბრუნების შიშით ცხოვრებას?

- მანამდე მოუწევთ გაჩერება, ვიდრე ისეთი ოპოზიცია გვეყოლება, როგორიც გვყავს. „ქართული ოცნება“ რომ წავიდეს, მათ მაგივრად ვინმე ხომ უნდა მოვიდეს?! ეს ოპოზიცია კი არჩევანის საშუალებას არ იძლევა. აი, ეს არის ჩვენი ნამდვილი პრობლემა. დღეს ხელისუფლება თავის სიძლიერეზე კი არა, ოპონენტების სისუსტეზე დგას. სინამდვილეში, ამ ხელისუფლების სტაბილურობას ბიძინა კი არა, მიშა სააკაშვილი უზრუნველყოფს. დიახ, მიშაა ამ ხელისუფლების ნამდვილი ლიდერი. მიშა ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისთვის.

- როგორ კითხულობთ პაპუაშვილის განცხადებას, რომელშიც ის იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირს ეყოფა სიმამაცე - ერთი მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას?

- როგორ ვკითხულობ და „ქართულ ოცნებას“ ეშინია. მათ არც ევროპა უნდათ, არც სხვა არაფერი, ხელისუფლებაში ყოფნა და ძალაუფლება უნდათ. იციან, თუ უკრაინას და მოლდოვას მისცეს სტატუსი და ჩვენ არა, ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა შეექმნებათ. ამიტომ არიან გამწარებულები და ამიტომ უტევენ ასე თავხედურად დასავლელ პარტნიორებს. იმ ხულიგნებივით იქცევიან, მდიდარ კაცს რომ სთხოვენ, შენს სახლში მაცხოვრეო და თან ლანძღავენ. ის კაცი ეუბნება, ჩემს სახლში სიგარეტს არ ეწევიანო, ესენი კი პასუხობენ, შენ მიმიღე და მე მინდა სიგარეტს მოვწევ, მინდა, მაგიდაზე ფეხებს შემოვაწყობო და ქალებსაც მოვიყვან სახლშო. აი, ასეთ ენაზე ელაპარაკება ჩვენი ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს.

- თუმცა ფაქტია, რომ ეს "ხულიგნები" იმ მდიდარ კაცსაც სჭირდება, საკუთარი ინტერესებისთვის.

- დიახ, მათ ეს იციან და ამიტომ ლაპარაკობენ ასეთი „გონორით“, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იმ მდიდარმა კაცმა, თავისი ინტერესები და მიზნები შეცვალოს.

- და რა მოხდება, თუ სტატუსზე უარს მივიღებთ?

- არც არაფერი, ეს არ იქნება აპოკალიფსი. ჩვენი ამოცანა ევროკავშირში შესვლა კი არა, რეფორმები და დემოკრატიაა, ეს გვჭირდება სინამდვილეში. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გეოგრაფიულად ევროკავშირში ვიქნებით, თუ - არა.

ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიას მოგვცემს და რუსეთი თავს აღარ დაგვესხმება?! როდემდე უნდა ვიცხოვროთ ყალბი მოლოდინებით, ფსევდო გამარჯვებებით?!

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)