ომი უკრაინაში: როდემდე შეძლებს დასავლეთი ერთიანობის შენარჩუნებას? - კვირის პალიტრა

ომი უკრაინაში: როდემდე შეძლებს დასავლეთი ერთიანობის შენარჩუნებას?

იმ დროს, როცა რუსეთის არმია მძიმედ და დიდი დანაკარგების ხარჯზე დონბასის აღმოსავლეთით უკრაინის ტერიტორიის სიღრმისკენ მიიწევს, სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა, ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. ჩნდება კითხვა, ხომ არ გაუქრება დასავლეთს უკრაინის დახმარების სურვილი და ხომ არ ჩნდება დასავლეთის ერთიანობაში ბზარი?

რას ფიქრობს ვლადიმერ პუტინი, რომელიც ომს კრემლის დარბაზებიდან უძღვება, იმ მსჯელობასა თუ კამათზე, რომელიც დასავლეთში მიმდინარეობს, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას და რამდენად შორს წავიდნენ რუსეთის სანქცირებისა თუ დასჯის საკითხებში.

ვლადიმერ პუტინი, ერთი მხრივ, ხედავს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც მას ამ ომში მარცხს უწინასწარმეტყველებენ.

„ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტი იმისა, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან უკრაინელები განდევნიან“, - განაცხადა გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

მეორე მხრივ კი, პუტინი ხედავს, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მმართველები განსხვავებულ მიდგომას სთავაზობენ.

მაისის დასაწყისში ემანუელ მაკრონმა რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებისკენ, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს - რუსეთის „შეურაცხყოფისა და დამცირებისგან თავის შეკავებისკენ“ მოუწოდა.

omi2-1654257507.jpg

თეთრ სახლში კი იტალიის პრემიერმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპაში სურვილი აქვთ, განიხილონ პროდუქტიული მოლაპარაკებებისა და დაზავების შესაძლებლობა.

გასულ კვირას, შოლცსა და მაკრონს პუტინთან თითქმის საათნახევრიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, ლიდერებმა უკრაინული ხორბლის ექსპორტზე ისაუბრეს, რასაც შავი ზღვის გავლით შეძლებენ, ამ ამბავს გამოეხმაურა ლატვიის ვიცე-პრემიერი არტის პაბრიკსი.

„როგორც ჩანს, არსებობენ ე.წ. დასავლელი ლიდერები, რომლებიც შეპყრობილნი არიან თავის დამცირების სურვილით და შორს არიან პოლიტიკური რეალობისგან“, - დაწერა „ტვიტერზე“ პაბრიკსმა.

ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები

ყველასთვის ნათელია, რომ კრემლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აშშ-ის პრეზიდენტის აზრია, ჯო ბაიდენისგან კი საზოგადოება ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს ისმენს.

მარტში ჯო ბაიდენი პრეზიდენტ პუტინს სამხედრო დამნაშავეს უწოდებდა და კრემლის რეჟიმის ცვლილებაზე საუბრობდა, გასულ კვირას კი განაცხადა, რომ არ სურს, უკრაინას ისეთი სარაკეტო კომპლექსი (თუ კომპლექტი ან სისტემა?) მიაწოდოს, რომელიც რუსეთის ტერიტორიას დაარტყამს, ამით მან დიმიტრი მედვედევის შექებაც დაიმსახურა, რომელმაც ბაიდენის გადაწყვეტილებას „რაციონალური“ უწოდა.

omi4-1654257507.jpg

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას უკრაინას მაინც გაუგზავნეს 4 სარაკეტო სისტემა, რუსეთში კი განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედებით აშშ კონფლიქტს უფრო ამძაფრებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის საბოლოო გადაწყვეტილებას ენტონი ბლინკენი აჟღერებს.

ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ხვდებოდნენ, ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები უკრაინას მაქსიმალურად დაეხმარებიან, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოლაპარაკებებისას დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი.

თუმცა, რა იგულისხმება „მაქსიმალურ დახმარებაში“, ჯერ ცნობილი არ არის.

შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დასავლეთის ერთიანობის ფასადზე ბზარები გაჩნდა?

„ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ ნავთობზე ემბარგოს შემოღების შესახებ ბრძოლა“ - ამბობს იენ ბონდი, რომელიც ევროპული რეფორმების ცენტრის წარმომადგენელია. ბონდი იმ პერიოდს იხსენებს, როცა დასავლელმა მმართველებმა, უამრავი მოლაპარაკების შემდეგ, მიაღწიეს შეთანხმებას, რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად შეეწყვიტათ. ხოლო რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესების საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ ზედმეტია.

ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესება საერთოდ არ განიხილება.

საჭიროა უფრო მეტი იარაღი

როგორც უკრაინაში აღნიშნავენ, დასავლეთი მათ ბევრს ჰპირდება, თუმცა ამ დაპირებათაგან ძალიან ცოტა შეასრულა.

ამ კვირაში აშშ-მა და გერმანიამ უკრაინის თავდაცვის ძალებს ახალი იარაღი უნდა მიაწოდონ. ხოლო ბაიდენის ნათქვამი, რომ ამერიკული იარაღი რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენონ, კითხვებს იწვევს. რატომ სურს დასავლეთს კიევის სამხედრო ძალების შეზღუდვა, მაშინ, როცა რუსეთი არცერთ შეზღუდვას არ ითვალისწინებს?

„თავისებური კორექტირება მიმდინარეობს. ისეთი, რომ ვამბობდეთ, უკრაინელებს გამარჯვებას ვუსურვებთ, თუმცა - არა დიდ გამარჯვებას“, - ამბობს იენ ბონდი BBC-სთან ინტერვიუში.

omi3-1654257507.jpg

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დღეს საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ პუტინმა ეს ომი დაიწყო და იყო დარწმუნებული, რომ ნატოს ქვეყნები და დასავლეთი ვერ გასცემდა მას სათანადო პასუხს და ავღანეთში განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ისინი ვერ გაბედავდნენ ახალ საერთაშორისო კონფლიქტში ჩართვას.

საინფორმაციო სააგენტო „მედუზასთან“ წყარომ კრემლიდან განაცხადა, რომ მოსკოვში უფრო და უფრო ფეხს იკიდებს აზრი, რომ ადრე თუ გვიან ევროპა დაიღლება უკრაინის დახმარებით.

კრემლში, ასევე, იმედოვნებენ, რომ თუ რუსეთი დიდ ბრიტანეთს ზამთარში გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, 6 მილიონამდე ბრიტანული ოჯახი ენერგომომარაგების გარეშე დარჩება.

მაგრამ შეუძლია თუ არა დასავლური საზოგადოების ბრაზს შეწყვიტოს უკრაინის მხარის დახმარება?

ამ საკითხზე მაისში კონგრესს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ევრილ ჰეინსი ესაუბრა.

„შესაძლოა, პუტინი ფსონს დებს იმაზე, რომ სურსათზე, ენერგომომარაგებასა და ინფლაციაზე პრობლემების გაღრმავებით, აშშ-სა და ევროკავშირის სიმტკიცე შესუსტდება“ - აღნიშნა ჰეინსმა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ უამრავი პრობლემის მიუხედავად, დასავლეთი უკრაინის დახმარების საკითხში ერთიანობას ინარჩუნებს.

„თუ კონფლიქტის რომელიმე მხარე ნათლად წარმოაჩენს უპირატესობას, მაგალითად, თუ რუსეთის არმია აღმოსავლეთით უკრაინის თავდაცვას გაარღვევს და დნეპრისკენ გაემართება, ისევ დაიწყება საუბრები, ცეცხლის შეწყვეტისთვის, ქვეყნის რომელ ნაწილს გაიღებს მსხვერპლად უკრაინა“, - ამბობს იენ ბონდი.

ხოლო თუ უკრაინული მხარე აიღებს უპირატესობას, დასავლეთში მაშინვე დაიწყება საუბარი: „ნუ ეცდებით დონბასის იმ ტერიტორიის დაბრუნებას, რომელსაც 2014 წლიდან რუსეთი აკონტროლებს“.

ახლა მსგავსი დებატები შეიძლება ვინმეს უსაფუძვლოდ მოეჩვენოს, თუმცა დავოსში ამერიკელი დიპლომატის - ჰენრი კისინჯერის ნათქვამს, რომ უკრაინა უნდა დაფიქრდეს და ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე უარი განაცხადოს, რათა რუსეთთან მშვიდობა დაამყაროს, უკრაინაშიც და მის ფარგლებს გარეთაც დიდი რეაქცია მოჰყვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ ბევრი უთანხმოება იქნება. (წყარო)