ერთი ნაბიჯი მსოფლიო ომამდე - კვირის პალიტრა

ერთი ნაბიჯი მსოფლიო ომამდე

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ყველაზე მასშტაბური კონფლიქტია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სამხედრო მოქმედებები თავიდანვე ორ ქვეყანას შორის წარიმართა, მესამე - ბელორუსიაც ომის ფაქტობრივი მონაწილე იყო. მან თავისი ტერიტორია რუსეთის სამხედრო ნაწილებს დაუთმო როგორც უკრაინაში შეჭრის, ასევე სარაკეტო დაბომბვისთვის. მართალია, არა უშუალოდ ბრძოლის ველზე, მაგრამ რუსეთთან მწვავედ არიან დაპირისპირებული აშშ და ევროპის ქვეყნები, და ეს ანტაგონიზმი მწვავდება. როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სამხედრო დამნაშავე, მკვლელი დიქტატორი და ყაჩაღი უწოდა, რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაიმუქრა, რაც ისედაც ხისტ დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამძაფრებს.

ევროპა უპრეცედენტო სანქციებით დაემუქრა რუსეთს, თუმცა ამათგან ბევრი ჯერ არ ამოქმედებულა. ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნებს ნავთობსა და ბუნებრივ აირზე უარის თქმა უჭირთ, თუმცა პირობას დებენ, რომ თანდათან შეძლებენ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას და რამდენიმე წელიწადში, რუსეთიდან იმპორტის მთლიანად შეწყვეტას. ცხადია, მარტო რუსეთი არ ზარალობს სანქციებით, არამედ მათი გამომცხადებლებიც. კრემლსაც იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში ისინი თანდათან შერბილდება.

ukr13-1654273252.jpg
განადგურებული რუსული ტექნიკა ბუჩას ქუჩებში. გააფთრებული ბრძოლების მიუხედავად, ქალაქი რუსებმა დაიკავეს

რამდენიმე წლის წინ რუსეთმა ახალ ერას დაუდო საფუძველი - ატომური იარაღის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენების თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც თავისუფალი სამყარო და კომუნისტური ბანაკი ბირთვულ არსენალს დაეუფლნენ, ატომური იარაღი შემაკავებლის როლს ასრულებდა. რაკი ორივე მხარეს შეეძლო მოწინააღმდეგის გარანტირებული განადგურება ბირთვულ აპოკალიფსში, ერთმანეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობას მხარეები შორს იჭერდნენ. შესაბამისად, ცივმა ომმა ათწლეულები გასტანა. იყო დაპირისპირების უმწვავესი ფაზებიც, მაგრამ ელემენტარულმა საღმა აზრმა და ცოტა კეთილგონიერებამაც მოიტანა ის, რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაწყებულა. ასე მოხდა უამრავი ლოკალური კონფლიქტის მიუხედავად. ზოგიერთმა სწორედ ცივ ომს უწოდა "მესამე მსოფლიო ომი", თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა სჯობს პოლიტიკის ანალიტიკოსებს დავუთმოთ. რაც უნდა ითქვას, ერთი რამ ფაქტია - სამყარო შეიცვალა. ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორსაც აქამდე ვიცნობდით.

პუტინის რუსეთმა კი წამოიწყო ის, რაც საბჭოთა კავშირსაც არ გაუკეთებია - ბირთვული შანტაჟი. და უკვე რამდენიმე წელიწადია, ამ შანტაჟს შედეგები მოაქვს. უკრაინაზე თავდასხმის დღეებშიც მოსკოვიდან გაისმა მუქარა მთელი მსოფლიოს გასაგონად, ვინც ამ ომში ჩაერევა, ისეთ კატასტროფებს იწ­ვნევს, როგორიც თავის ისტორიაში არ უნახავსო. დასავლეთის ქვეყნებიც, მათ შორის აშშ, მხარს უჭერენ უკრაინას პოლიტიკურად, ფინანსურად და იარაღსაც აწვდიან თავდაცვისთვის ("სტინგერები", "ჯაველინები" და სხვ.). მაგრამ კვირების განმავლობაში წამყვანი ქვეყნების ლიდერები თუ ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელები ყოველ დილას იმის გაცხადებით იწყებდნენ, თუ რის გაკეთებას არ აპირებდნენ. პირველ რიგში, აქ იგულისხმებოდა უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება. დასავლეთის წარმომადგენელი პოლიტიკური ლიდერები სწორედ იმიტომ უსვამდნენ ამას ხაზს, რომ ბირთვულ შანტაჟს ითვალისწინებდნენ.

ცის დაკეტვას კი მამაცი უკრაინის ლიდერი, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლამის ყელის გამოწევით ეხვეწებოდა ყველას, ვისაც ამის გაკეთება ხელეწიფებოდა. თუმცა არაერთგზისი უარის მიღების შემდეგ დარწმუნდა, რომ ამას ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსი არ მოიმოქმედებდა, რადგან ეს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირება იქნებოდა. მაშინ მან მოითხოვა ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელთა მეშვეობით უკრაინელები უკეთესი საჰაერო თავდაცვის ორგანიზებას შეძლებდნენ. შესაბამისი დაპირებაც მიიღო. მაგრამ ამ სისტემების ჯერ უკრაინისთვის მიწოდება და მერე ადგილებზე განაწილება ადვილი საქმე არ არის.

001-1654273252.jpg
ირპენის მცხოვრებლები ევაკუაციის მოლოდინში

საქმე ის გახლავთ, რომ რუსული ავიაციისთვის გაწეული დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინისთვის ჰაერიდან მომდინარე საფრთხე კვლავაც დიდია. მართალია, რუსეთის ჯარის საქმეები კარგად არ მიდის და მისი დარტყმითი ძალა ნელ-ნელა იფიტება, მაგრამ ცუდ დღეშია უკრაინაც, რომელსაც ასევე ეღუპება მებრძოლები, უნადგურდება სამხედრო ტექნიკა. ისინი საკმაოდ ეფექტიანად ებრძვიან რუსეთის ავიაციას, მაგრამ რუსეთს საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები ჯერჯერობით ბევრი ჰყავს. ამას გარდა, ის ფაქტობრივად დაუსჯელად იყენებს როგორც ფრთოსან, ისე განსაკუთრებით ბალისტიკურ რაკეტებს. უკრაინის დღეს არსებული საჰაერო თავდაცვა ახერხებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობის გაწევას საფრენი აპარატებისა და ფრთოსანი რაკეტებისთვის, თუმცა მისთვის სრულიად მიუწვდომელია ბალისტიკური რაკეტები. დაბალ სიმაღლეებზე ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ 6-7 კილომეტრის და მეტი სიმაღლიდან თავდამსხმელი თვითმფრინავებისთვის სხვა სისტემები არის საჭირო, რაც უკრაინას არ აქვს. რუსებიც რისკის გარეშე ანადგურებენ მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას როგორც ბალისტიკური, ასევე ზოგჯერ ჰიპერბგერითი რაკეტებითაც. შეიძლება ითქვას, ჰაერიდან თითქმის ყველაფერი "გამოთოფილია" ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვხედავთ უკრაინელთა შედეგიან თავდაცვით ბრძოლებს, აგრეთვე კონტრშეტევებს, მაგრამ მათი მასშტაბი ჯერჯერობით დიდი არ არის. ეს იმიტომ, რომ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მეტ-ნაკლებად მსხვილი კონცენტრაცია შეზღუდულია, ჰაერიდან მომდინარე საფრთხის გამო. შედეგიანი კონტრშეტევების გარეშე კი ოკუპაცია ნელა, ცოცვით, მაგრამ ფართოვდება.

ამიტომ ცის დაკეტვა არის კრიტიკულად აუცილებელი. დასავლეთი კი ამას ერიდება, რადგან არ უნდა გამოსცადოს, მართლა აასრულებს თუ არა მოსკოვი ბირთვული ომის მუქარას. მეორე მხრივ, ამგვარ ვითარებას დაუსრულებლად ვერც ერთი ქვეყანა და ხალხი ვერ გაუძლებს - თვით უკრაინაც კი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ და მისმა ხალხმა არა მარტო გმირული სიმამაცე გამოავლინა, არამედ ასევე საოცარი გონიერება, ძალმოსილება და უტეხი ნება, რის გარეშეც კრემლის ურდოებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იქნებოდა.

mariupolshi-1654273252.jpg
საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებს უკრაინაში მუდმივად ესხმიან თავს

აღსანიშნავია ამ ომის განსაკუთრებით უსამართლო ხასიათი. რუსეთი უკრაინას მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ემართლება, ყირიმსა და აღმოსავლეთ პროვინციებს, არამედ მიაჩნია, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა და სინამდვილეში უკრაინა "არ არსებობს". შესაბამისად, ლამის არც უკრაინელი ხალხი არსებობს, ამიტომ საჭიროა ამ ქვეყნის მოსახლეობის "დენაციფიკაცია". რუსული გაყალბებული იდეოლოგიის თანახმად, რომელიც უწყვეტი პროპაგანდის მეშვეობით მოახვიეს თავს რუსეთის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (სამწუხაროდ, ამ პროპაგანდის გავლენამ სხვა ქვეყნებშიც შეაღწია), უკრაინა დღეს ფაშისტური სახელმწიფოა. სამოქალაქო პირების დაღუპვის ნებისმიერ ფაქტზეც კრემლის პროპაგანდა ამბობს (და კვლავაც იტყვის), რომ მთელი დანაშაული უკრაინის დამცველების სინდისზეა და თვითონ ამ საქმეში უბრალოა! კრემლი უფრო ლუგანსკელ და დონბასელ რუსულენოვან სეპარატისტებს მიიჩნევს "ნამდვილ უკრაინელებად", ვიდრე იმათ, ვისაც დანარჩენი სამყარო უკრაინელებად იცნობს. ესენი უბრალოდ თურმე ფაშისტები არიან. მერე რა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ებრაელია და პრემიერ-მინისტრიც ჰყავდათ ებრაელი. ამიტომ, სულ მცირე, პოლიტიკაში მათი ხმა აღარ უნდა ისმოდეს. შესაბამისად, დღევანდელი უკრაინის ნება და მისწრაფებებიც არაფერს ნიშნავს და არ უნდა გაითვალისწინონ... აგრესიის განსაკუთრებული ხასიათიც ეს არის. მოსკოვის გეგმა იყო არა უკრაინის "უბრალოდ" დაპყრობა და ტერიტორიების ჩამოჭრა, არამედ, ფაქტობრივად, მისი გაუქმება. უკრაინელთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენია, რომ კრემლში უარი თქვან ამ ბოდვით გეგმებზე. დღეს თუ ამას ვერ შეძლებენ, ხვალ-ზეგ შეეცდებიან - რუსული იმპერიული რწმენით, არც ერთი-ორი წელიწადი და არც ათი ან ოცი არაფერს ნიშნავს, "იმპერია დაიცდის", მაგრამ თავისას მაინც მიაღწევს...

აქედანვე მომდინარეობს რუსეთის პრეტენზია, რომ სწორედ ის არის ძველი სლავური სახელმწიფოს, კიევის რუსეთის მემკვიდრე და არა უკრაინა. თუმცა მოგვიანებით წარმოქმნილი მოსკოვის სამთავრო იყო სწორედ ყველაზე ახლოს რუსული სათავადოების დამპყრობელ მონღოლებთან და შემდეგ წარმოქმნილ ოქროს ურდოსთან. ხშირად მოსკოვი მათი ჯარის გამოყენებითაც იმორჩილებდა სხვა რუსულ მხარეებს. შესაბამისად, მოსკოვს მეტი რესურსი და ძალა ჰქონდა იმ დროისთვის, როცა ოქროს ურდოს მზე ჩაესვენა. სხვათა შორის, ხერხემალი ურდოს თემურ-ლენგმა გადაუმტვრია. 1391-1396 წლის ლაშქრობებისას რამდენჯერმე ისეთი მარცხი აგემა, რომ მას შემდეგ ოქროს ურდო წელში ვეღარც გასწორდა. საბოლოოდ, მოსკოვმა, ფაქტობრივად, უცხოელი დამპყრობლების ადგილი დაიკავა და თითქმის გარე მტერივით დაიპყრო დანარჩენი რუსეთი, მათ შორის კიევიც. ამას კი ლამის ნახევარი მსოფლიოც მიაყოლა...

დასავლეთში ბირთვული ომის ეშინიათ, ბუნებრივია, მაგრამ წინასწარ გათვლებსაც ხომ აკეთებენ და სულ უფრო პრობლემურად მიაჩნიათ აგრესორის გამარჯვების პერსპექტივა. მათ უკვე კარგად წარმოიდგინეს, რომ ვთქვათ, რუსეთმა ხელი მოაწერინა უკრაინას პროვინციების დათმობაზე და პუტინი გახდება ომში გამარჯვებული, პოლიტიკოსი, ვინც დასავლეთი, ნატო და აშშ დაამარცხა! ცხადია, მას მადა მოემატება, მოითხოვს ყველაფერს, სანქციების გაუქმებიდან დაწყებული. ხოლო შანტაჟი რომ ჭრის, ამაში უკვე არაერთხელ დარწმუნდა. ამას გარდა, დასავლეთის დამმარცხებლის როლში ის გახდება ნახევარი სამყაროს გმირი, როგორც აზიის აღმოსავლეთის, ისე სამხრეთის ბევრ ქვეყანაში. და მერე რაღა შეაჩერებს მას? თუ მაინც ბირთვულ ომამდე მივიდა საქმე, მერე ამას გაცილებით მასშტაბური ბირთვული ომი დასჭირდება, ვიდრე დღეს და ხვალ ცის დაკეტვას შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ დასავლეთის დედაქალაქებში ახლა ძალიან მძიმე საფიქრალი აქვთ.

275291172-10158079779157105-8596962833703319242-n-1654273252.jpg
პატარა გოგონა და სამშობლოს ჯარისკაცი

* * *

"ისტორიანის" წინამდებარე, 2022 წლის II კვარტალის ნომერი (აპრილი-ივნისი) სტამბაში მარტის მეორე ნახევარში გაიგზავნა. იმედს გამოვთქვამთ, ნომრის გამოსვლის დროისთვის სამხედრო მოქმედებებში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა არ იქნება გაზრდილი, რადგან ამან შესაძლოა შეუქცევადი სახე მიიღოს და საბოლოოდ ეს რით დასრულდება, ამის წარმოდგენაც კი შემზარავია. თუმცა ყველაფერს აჯობებს, უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა და მისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება იდგეს დღის წესრიგში. მარტის ბოლოსთვის უკრაინაში საკუთარი სახლი 10 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. ანუ ევროპის ყველაზე ვრცელი ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი უკვე გაძევებულია შინიდან. წარმოუდგენელი მასშტაბის ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თვალწინ.

"ისტორიანი".#123