ჰოდა,  გუდაური იწყებოდა ასე... - კვირის პალიტრა

ჰოდა,  გუდაური იწყებოდა ასე...

ანუ უცნობი ჟურნალისტი ნიკა ნაკაიძე!

ჰოდა, "ვინ იცის, რამდენჯერ აგვივლია და ჩაგვივლია ამ გზაზე. ვინ იცის, რამდენჯერ წაგვიკითხავს გზის მაჩვენებელზე ჩვეულებრივი ტოპონიმი "გუდაური", რომელიც გარდა იმისა, რომ პაწაწინა - რამდენიმეკომლიანი სოფლის სახელს აღნიშნავდა, სხვა არაფერს გვეუბნებოდა, დღეს კი"...

ჰოდა, ასე იწყება გაზეთ "ლელოს" 1984 წლის 27 მარტის ნომერში ნიკა ნაკაიძის წერილი "გუდაური იწყებოდა ასე..." მასალას მთელი პირველი გვერდი და მეორე გვერდის ნახევარი უკავია. ოფიციალურ საყრილობო ანგარიშებსა და საპირველმაისო მოწოდებებს თუ არ ჩავთვლით, "ლელოში" ამ მოცულობის მასალა, თანაც ისე, რომ პირველი გვერდი მთლიანად დასთმობოდა, რამდენადაც მახსოვს, არც მანამდე დაბეჭდილა და არც მერე. და არც ნიკა ნაკაიძის სახელი და გვარი გამოჩენილა სადმე, გარდა ამ ერთი პუბლიკაციისა. ეს დანამდვილებით ვიცი, ავტორის ჟურნალისტური კარიერა "ლელოს" ამ ნომერში დაიწყო და, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, აქვე დამთავრდა. არადა, როგორღაც დაუჯერებელია, რომ სრულიად უცნობ ჟურნალისტს "ლელო" მთელი ფართობის მესამედზე მეტს - გვერდ-ნახევარს უთმობს. ისიც აქვე უნდა ითქვას, რომ მოცულობის გარდა, ნიკა ნაკაიძის ოპუსი არაფრით არის გამორჩეული და ვერც მის ავტორს ექნება პრეტენზია, ქართველ ჟურნალისტთა მოწინავე კოჰორტაში დაიკავოს ადგილი, თუმცა არც მოცულობით გამორჩეულობა უნდა იყოს ცოტა.

lelo-1984-n60-p-1-2-page-1-1654275930.jpg
"გუდაური იწყებოდა ასე..." (სტატია 1984 წლის 27 მარტის "ლელოს" ნომერში)

ჰოდა, არ არის გამორიცხული, ადრე თუ გვიან, თუნდაც უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო, ვინმე დაინტერესდეს ამ პუბლიკაციით და მისი ავტორით. ვინ არის ეს ნიკა ნაკაიძე? საიდან მოვიდა? სად წავიდა? ამგვარმა ცნობისმოყვარემ შეიძლება ძალიანაც მოინდომოს, ბევრიც იწვალოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მაინც ვერაფერს დაადგენს. რამდენადაც შემიძლია ვივარაუდო, დღეს ორად ორ ადამიანს ახსოვს, ვინ იყო ნიკა ნაკაიძე და რაკი იმ ორიდან ერთი მე ვარ, გადავწყვიტე, გუდაურისა და ქართული ჟურნალისტიკის მომავალ მკვლევართ თუ გაზეთ "ლელოს" მომავალ ბიბლიოგრაფებს ჩვენი სპორტული პრესის ეს თეთრი ლაქა ამოუხსნელ თავსატეხად არ დავუტოვო. ემანდ, ესეც ელენე იაშვილად და პაოლო დარიანად (გნებავთ, - პირიქით) არ ექცეს შთამომავლობას! მერე რა, რომ დარიანული ლექსებისგან განსხვავებით, აქ ბევრი არაფერია წასართმევი თუ მისათვისებელი.

ჰოდა, ვნახოთ, ერთი, რას წარმოადგენდა, რა იყო გადაჭიმული გაზეთის მთელ გვერდსა და კიდევ ნახევარზე. ცნობისმოყვარე მკითხველი თვალის ერთი გადავლებითაც მიხვდება, რომ ნიკა ნაკაიძის ის ოპუსი გახლავთ რეპორტაჟი თუ ანგარიში გუდაურში ჩატარებული პირველი ოფიციალური ასპარეზობის შესახებ, რომელსაც ორგანიზატორებმა "გუდაურის გაზაფხული" დაარქვეს და რომელიც აქ 1984 წლის 24-25 მარტს გამართულა. მისი პროგრამა მოიცავდა სამთო-სათხილამურო სპორტის ორ სახეობას - სპეციალურ სლალომსა და გიგანტურ სლალომს. ძირითადი შეჯიბრების გარდა ჩატარებულა იუნიორთა ასპარეზობაც 1968 წელს და უფრო გვიან დაბადებულ მოზარდებს შორის. გარდა ამისა, მოწყობილა საჩვენებელი გამოსვლები სპორტულ აკრობატიკაში და თავისი ოსტატობა უჩვენებიათ რესპუბლიკური სამთო-სათხილამურო სკოლის მოსწავლეებსაც. პატარა მოთხილამურეები ხომ გუდაურში გამართული სულ-სულ პირველი შეჯიბრებების მონაწილენი იყვნენ! იმ დღის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ "გუდაურის გაზაფხულის" საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ჩერქეზია იყო, რომელსაც გაუხსნია კიდეც ასპარეზობა შესავალი სიტყვით. მას შემდეგ ოთხ ათეულ წელიწადზე მეტი გავიდა და დღეს ეს ყველაფერი უკვე ისტორიაა...

ჰოდა, კიდევ ერთი ციტატა ნიკა ნაკაიძის მასალიდან: "ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში საერთაშორისო სიმპოზიუმზე ჩამოვიდა იტალიელ სპეციალისტთა ჯგუფი. სიმპოზიუმმა, რომელსაც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ჩერქეზია ხელმძღვანელობდა, შეისწავლა საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალი. იტალიელებმა მოიარეს ბაკურიანი, ტაბაწყური, ციხისჯვარი, გუდაური და სხვა ადგილები, სამშობლოში დაბრუნებისთანავე კი შეადგინეს ანგარიში, რომელშიც ერთი ასეთი ფრაზაც იყო: "სამთო-სათხილამურო სპორტისა და სამთო ტურიზმის განვითარებისათვის გუდაურისთანა ადგილი სხვა არ გვეგულება".

ჰოდა, როგორც გუდაურის, სამთო-საკურორტო პოტენციალის პირველაღმომჩენი და სასტუმრო "გუდაურის" გამოცდილი მენეჯერი, არქიტექტორი ვახტანგ მიქელაძე მრავალი წლის შემდეგ იტყვის მარიამ ვარდოშვილთან ინტერვიუში, "აი, მაშინ მართლა დაიწყო გუდაურის პროექტირება... მაგრამ მშენებლობის დაწყება მხოლოდ სოლიკო ხაბეიშვილის ენერგიულობითა და დაჟინებულობით მოხერხდა. ძალიან ძნელი იყო მისი დარწმუნება იმაში, რომ გუდაურში რაღაც უნდა აშენებულიყო, მაგრამ, როცა ირწმუნა, მერე უკვე წინ ვეღარაფერი დაუდგა. ერთი რამე მინდა ვთქვა. მე და ჩემი მეგობრები ყოფილი ალპინისტები ვართ, ისე როგორც სოლიკო ხაბეიშვილი იყო და ერთად დავდიოდით. მას ჰქონდა ერთი თვისება, რომ ძველ მეგობრებთან და ალპინისტებთან კონტაქტს არ კარგავდა, პირიქით. ამიტომ, სხვა თუ ვერაფერს უბედავდა, ჩვენ ვუბედავდით. მოკლედ, უფლება გვქონდა გვეკამათა და გვეჩხუბა კიდეც... თავიდან გუდაურში ერთი საბაგირო მოვიტანეთ და დავაყენეთ, აშენდა რამდენიმე კოტეჯი, ეს "ცეკავშირს" დაევალა. მანამდე იყო სასტუმრო "ბიდარა", რომელიც უღელტეხილის ძირში საშინელ კლიმატურ პირობებში იყო, მაგრამ ის როგორღაც გარემონტდა. იქ ბავშვები მივიყვანეთ და დავასახლეთ. იქიდან ტანჯვა იყო გუდაურში წამოსვლა, სულ ხუთი კილომეტრია, მაგრამ სიცივესა და ყინვაში ამ გზის გავლა ჭირდა, მაგრამ მაინც დავიწყეთ"...

gudauri-old-1654275930.jpg
ძველი გუდაური და ფოსტის შენობა

ჰოდა, დაიწყეს! ის პირველი სასტუმროც დამთავრდა 1982-ში და წავიდა და წავიდა! და მეც წავედი და წავედი... სად წავედი და, ზღვაზე! უფრო სწორად - ზღვაში! გუდაურის, როგორც ზამთრის სპორტული კურორტის იმ პირველი ნაბიჯებისას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსად დავიწყე მუშაობა და ჩვეული ჟურნალისტური წრის ნაცვლად პოლარული წრის, ბერმუდის სამკუთხედისა და სამხედროთა მიერ ზღვის აკრძალული კვადრატების გარემოცვაში აღმოვჩნდი. მანამდე რამდენიმე წელიწადი არჩილ გოგელიას "მართვეში" ვმუშაობდი და სანამ ზღვაში გავიდოდი, სპორტულ ჟურნალისტიკაში ვეძებდი თავშესაფარს. მეზღვაურობისას, შორეულ რეისებს შორის მცირე სახმელეთო ფანჯრები მქონდა და თბილისში ყოფნისას ისევ ძველ წრეში ვიწყებდი ტრიალს.

ჰოდა, ერთი ასეთი ფანჯრისას ლენინის 14-ში შევიარე, სადაც იმხანად ქართული ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა იყო განთავსებული. "ლელოშიც" შევედი, რა თქმა უნდა, და აჩიკო გოგელია მოვინახულე, რომელიც ამასობაში დაეწინაურებინათ და "მართვედან" "ლელოში" გადმოეყვანათ რედაქტორად. იმ ზაფხულს ტიმ სევერინის "არგოზე" უნდა ავსულიყავი, როგორც მისი მენიჩბე, ერთი მხრივ, და როგორც საქართველოს ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტი, მეორე მხრივ. ეს რომ ვუთხარი, "ლელოსთვისაც" რომ მოგვიმზადო არგონავტთა მოგზაურობაზე რეპორტაჟები, ვითომ რა დაგიშავდებაო, - აჩიკომ. რა უნდა დამშავებოდა, დავთანხმდი. შევყევით ლაპარაკს და ზაფხულამდე რას აკეთებო, მკითხა. რა ვიცი, იქნებ ერთი მოკლე რეისიც მოვასწრო-მეთქი. იმ მოკლე რეისამდე რაღას აპირებო. რა ვიცი, ცოტას დავისვენებ-მეთქი, - არავითარი კონკრეტული გეგმა არ მქონია.

ჰოდა, დასვენება თუ გინდა, ამ შაბათ-კვირას წადი და გუდაურში დაისვენეო! გუდაურის ამბავი როგორ არ ვიცოდი, მაგრამ ვერ გავიგე, რას მთავაზობდა. დათო კაკაბაძე შემოიხმო კაბინეტში. მე რომ "მართვედან" წავედი და ჟურნალისტური წრე ბერმუდის სამკუთხედზე გავცვალე, იენის უნივერსიტეტდამთავრებულმა დათო კაკაბაძემ სწორედ მაშინ დაიწყო "მართვეში" მუშაობა. დავით კაკაბაძე ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლის, "ლელოს" ყველაზე სახელოვანი რედაქტორის მიხეილ კაკაბაძის შვილია და შემთხვევითი არ იყო, რომ განათლებით გერმანისტს გულმა მაინც სპორტული ჟურნალისტიკისკენ გაუწია.

ჰოდა, აჩიკომაც "მართვეში" მიიღო, როგორც თავის დროზე თავად აჩიკო მიიღო "ლელოში" მიშა კაკაბაძემ. ასე რომ, ერთსა და იმავე რედაქციაში ვმუშაობდით, ერთსა და იმავე ოთახში, იქნებ ერთსა და იმავე სკამზეც კი ვისხედით, მაგრამ დროში ავცდით და ერთ სამსახურში ყოფნა რასაც ჰქვია, მე და დათოს ერთად არასოდეს გვიმუშავია. თუმცა ჩვენი გზები არაერთხელ გადაიკვეთა საქართველოსა თუ უცხოეთში. პირველად ეს 1978 წელს მოხდა, როცა იმავე აჩიკო გოგელიამ უჯარმაში გაგვიშვა მე და ჯემალ კასრაძე მივლინებით, სადაც სტუდენტური რაზმის შემადგენლობაში შრომით სემესტრს ატარებდა იენიდან ცოტა ხნით ჩამოსული დათო კაკაბაძე. ქართველ კემპესებსა და რენსენბრინკებს, რუმენიგეებსა და პაოლო როსებს, ზიკოებსა და პასარელებს არგენტინაში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, სტუდენტური რაზმების ჩემპიონატი მოეწყოთ და "მართვესთვის" ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საინტერესო თემა იყო.

ჰოდა, წლების მერე დათო საფეხბურთო მიმომხილველად მივიწვიე გაზეთში, რომელსაც მე ვრედაქტორობდი, უფრო მერე ჩვენ ერთად ჩავქანდით სპიტაკში მიწისძვრის მეორე დღესვე, ერთად ვმონაწილეობდით უმაღლესი დონის მოლაპარაკებაში ხუან ანტონიო სამარანჩთან საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღიარებისთვის, ერთად ვეწვიეთ შვეიცარიელ ქართველოლოგებს ციურიხში, კიდევ მერე ერთად ვესწრებოდით ოლიმპიურ თამაშებს ლილეჰამერსა თუ ათენში, კიდევ უფრო მერე, როცა დათო კაკაბაძე "რადიო თავისუფლების" ქართულ სამსახურს ჩაუდგა სათავეში, წლების განმავლობაში ვმუშაობდით მეტად საინტერესო საგამომცემლო პროექტზე "თავისუფლების დღიურები". უჯარმის საფეხბურთო ჩემპიონატსა და "თავისუფლების დღიურებს" შორის სხვა გადაკვეთის წერტილებიც იყო, მაგრამ გუდაურის ამბავი მათგან ყველაზე სახალისოა, მიუხედავად მისი შემთხვევითი და ეპიზოდური ხასიათისა, ან იქნებ სწორედაც ამიტომაც. არავინ იცის, მომავალში იქნებ სადმე კვლავაც კეთილად გადაიკვეთოს ჩვენი ჟურნალისტური გზები...

godauri-post-office-2019-1654275930.jpg
გუდაურის ფოსტის შენობა (2019 წ.)

ჰოდა, შემოვიდა დათო აჩიკოს კაბინეტში და ჩემი თბილისში ყოფნა კი გაიკვირვა, მაგრამ ის აღარ გაჰკვირვებია, აჩიკომ რომ გვითხრა, შაბათ-კვირას ერთად წადით გუდაურში და ფერხორციანი მასალა მოამზადეთ საგაზეთოდ - პატარა ამბავი ხომ არ არის, გუდაურში პირველი ოფიციალური შეჯიბრება ტარდებაო! თანაც, კოტორა შემოგვიამხანაგა - ანუ სანდრო კოტორაშვილი, ქართული სპორტული ფოტოჟურნალისტიკის დღეს უხუცესი მაესტრო, მაშინ კი უბრალოდ ჩვენი უფროსი კოლეგა და მეგობარი.

ჰოდა, ჩავლაგდით შაბათს დილაადრიანად დათო კაკაბაძის "ნივაში" სამივენი და შევუყევით გუდაურის გზას. პირველკურსელი ვიყავი, პირველად რომ დავადექი ამ გზას ალპინიადაზე მყინვარწვერისკენ მიმავალი და მას მერე ამ გზაზე მუდამ ილიას "მგზავრის წერილები" მახსენდება ხოლმე იმ თავისი ლელთ ღუნიათი და ჩვენი-თავი-ჩვენადვე-გვეყუდნესოთი. იმ ჯერზე, სანამ "მგზავრის წერილები" გამახსენდებოდა, ერთი ჩემი ძველი სიყვარული გამახსენდა. მეზღვაურობამდელ ცხოვრებაში დიდ დროს ვატარებდით ერთად. მისი პაპა-ბებია წარმოშობით იმ ადგილებიდან ყოფილა. მალე გუდაურში დიდი ამბები მოხდება და იქაურს ყველაფერს ოქროს ფასი დაედებაო - მეუბნებოდა. ახლაო, ჩემებს შეუძლიათ იაფად გაყიდვინონ იქ პატარა კარ-მიდამო თავისი ეზო-ყურეთიო. მგონი, იმასაც ვუყვარდი, კარგი უნდოდა ჩემთვის, მე კი იმ "იაფის" თანხაც არ მქონდა მაშინ, თორემ ვიქნებოდი ახლა ალბათ ერთი პატარა სასტუმროს პატრონი გუდაურში! ნეტა დღეს რა ღირს გუდაურში სამოსახლო-მეთქი, - ჩემი ფიქრის გაგრძელებასავით ვიკითხე, მაგრამ კოტორამ ისეთი თანხა მითხრა, უბრალო მატროსი კი არა, გემის კაპიტანი რომ ვყოფილიყავი, ალბათ მაინც ვერ შევწვდებოდი. მგონი, ბაუსბეკი იყო უკვე ჩამოსული და "მარკო პოლოს" ბიზნესი იკვირტებოდა.

ჰოდა, დავუბრუნდი ფიქრებში ისევ "მგზავრის წერილებს": "ბოლოს ჩემთა ფიქრთა, ყოველმა თითოეულად, თავისი შესაფერი ადგილი დაიჭირა ჩემს გონებაში. მათ შორის ერთი უფრო ბრწყინვალედ გამომეხატა. იმ ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, ასე განუწყვეტელ გრეხილად შემექმნენ". რა მოხდება, რომ ამ ჩვენს რეპორტაჟში ლელთ ღუნიას ის ცნობილი სიტყვებიც გავიხსენოთ, ილიასია ბოლოს და ბოლოს-მეთქი. კი გავიფიქრე, მაგრამ მეორე ფიქრმა, უფრო პრაგმატულმა და გამოცდილმა სასწრაფოდ მოიშორა ის პირველი, უფრო რომანტიკული და თავზეხელაღებული: რა მოხდება და, უკან დაგრჩება ტიმ სევერინიც თავისი "არგოთი", ჟურნალისტიკაც, შორეული ნაოსნობებიც და უკეთეს შემთხვევაში კაბოტაჟში აღმოგხდება ეგ მოუსვენარი სულიო. მაგრამ მესამე ფიქრმა ეს ორივე გადაფარა - შენ კი დაწერ, დათოც ხელს მოაწერს, იქნებ აჩიკომაც გაუშვას, თამამი რედაქტორია, მაგრამ მთავლიტი ბრმა და ყრუ ხომ არ გგონია, ასეთი რამ გაეპაროსო. 1984 წლის გაზაფხული იდგა. ანდროპოვი ჯერ გაციებულიც არ იყო. ქვეყანა ახალარჩეული ჩერნენკოს სიკვდილის მოლოდინში გატრუნულიყო. კინაღამ "გატრუპულიყო" დავწერე.

gudauri1crdownload-2-1654275930.jpg
დღეს გუდაური პოპულარული ადგილია

ჰოდა, ფიქრთა ამ გრეხილის დევნაში დრო ისე გაიპარა, ვერც კი გავიგეთ, როგორ ავედით გუდაურში. ალალად გამიკვირდა, ისეთი უჩვეულო გამოცოცხლება სუფევდა ოდესღაც უდაბურ ადგილას. შეჯიბრების მონაწილეებს მსაჯებიან-ორგანიზატორებიანად იმ ერთადერთ სასტუმროში დაედოთ ბინა. ისინი უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე გულშემატკივრები თუ მაყურებლები. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ადგილი გუდაურში არ აღმოჩნდა. სასტუმროდან ხომ ცივი უარით გამოგვისტუმრეს, - ჟურნალისტები კი არა, თუ გინდათ კოსმონავტები იყავითო, - აღარც იმ ჩემი ძველი შეყვარებულის სახელის ხსენებამ გვიშველა, ვიცნობთ მაგათ, მაგრამ ღამის გასათევი აქ აღარსად არისო. ასეთი სიტუაცია წინასწარ განვსაზღვრეთ და ამიტომ კარავი და საძილე ტომრები მომარაგებული გვქონდა.

ჰოდა, მაშინ იყო ფოსტის შენობას რომ მივადექით, რომელიც ვინ იცის, იქნებ ილიასა და ლელთ ღუნიას იმ ცნობილი დიალოგის მოწმეც იყო. ის იმთავითვე ყველაზე მაღლა მდებარე საფოსტო შენობად ითვლებოდა მთელ კავკასიაში. არც მაშინ მახსოვდა და არც დღეს მახსოვს, ასახელებს თუ არა ილია "მგზავრის წერილებში" რაიმე სხვა ადგილს ლარსის გარდა, სადაც ის რუს პოდპორუჩიკს შეხვდა, თუმცა კარგად ვიცი, რომ გუდაური საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარე 12 საფოსტო სადგურს შორის ერთ-ერთი მთავარი "სტანცია" იყო, სადაც ცხენებს ცვლიდნენ და მგზავრები ცოტა ხნით ისვენებდნენ. თუმცა გაპარტახებული, ეს შენობა დღესაც დგას გუდაურში, გზის პირას. ბოლოს მე მას პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე ავუარ-ჩავუარე და ფოტოც გადავუღე, როცა თრუსოს ხეობაში ვახლდი ავსტრიელ სტუმრებს. მერე განცხადებასაც მოვკარი ინტერნეტში თვალი - საქართველოს ფოსტა ამ შენობას ყიდის თუ აქირავებს.

ჰოდა, სტეფანწმინდიდამ წამოსული ილია და ლელთ ღუნია აქ ცოტა ხნით აუცილებლად ჩამოხდებოდნენ, ცხენებს თუ არ გამოცვლიდნენ, დაასვენებდნენ მაინც და თავადაც ცოტა ხნით დაისვენებდნენ. ცოტა ხნით დასვენება კი არა, ჩვენ ღამის გასათევი გვჭირდებოდა და ფოსტის ხელმძღვანელობამ დიდსულოვნად დაგვითმო ერთი ღამით ის შენობა თავისი დივან-სკამ-მაგიდიანად, რომლებიც იმ ღამეს ჩვენ საწოლებად ვაქციეთ. მანამდე კი დათოს მანქანაში შემთხვევით აღმოჩენილი გალეტით ვივახშმეთ. სხვა რა გზა გვქონდა! - სასტუმროს სასადილოში არ შეგვიშვეს, ხოლო მაღაზია იქ არ იყო და არაფერი. ის ჩაი, სტანციის სულელმა გუშაგმა რომ ილიას მიართვა, სანატრელი გვქონდა. ჩაი კი არა, წყალიც გაჭირვებით ვიშოვეთ. ის ღამისთევა ჩვენი მეხსიერების გარდა კოტორას გადაღებულმა რამდენიმე ფოტომაც შემოგვინახა.

ჰოდა, ასე იყო თუ ისე, მშივრები თუ გამო­უძინებლები, მეორე დღეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას დავესწარით გუდაურის სასტუმროს ვეებერთელა დარბაზში. ასეთი ორიგინალური და კრეატიული დაჯილდოება არც მანამდე მინახავს სადმე და არც მერე. ციტატა ნიკა ნაკაიძის პუბლიკაციიდან: "დიპლომისა და მედლის მიღების შემდეგ სპორტსმენი თავად არჩევდა საჩუქარს. არჩევანი კი დიდი იყო. ვინ პატარა ფარდაგები აირჩია, ვინ - ბროლის ლარნაკები, ვინ - წიგნი, ვინ - ფოტოაპარატი თუ რადიომიმღები~.

ჰოდა, ვიმუშავეთ ის ორი დღე როგორც შეგვეძლო, ბლომად ინტერვიუ ჩავწერეთ, უმეტესად - საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სპორტსმენებთან თუ მწვრთნელებთან. დათოსაც ჰქონდა და მეც მქონდა მაშინ საკმაოდ იშვიათი დიქტოფონი. კოტორაც აჩხაკუნებდა იმ თავის "ზენიტს", თუ რაც ჰქონდა, აღარ მახსოვს. მეორე დღეს, უკანა გზაზე, ფასანაურში დავნაყრდით. მე და დათომ გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე მოგვემზადებინა მასალა, დათოს

ინტერვიუები, მე - ანგარიში თავისი შედეგებით. "მგზავრის წერილებზე" არაფერი მითქვამს. არც დიუმაზე, რომლის სიტყვები კოხტად არის ციტირებული მასალაში.

ჰოდა, კიდევ ერთი ციტატა იმ პუბლიკაციიდან: "გუდაური ალბათ ნელ-ნელა მოექცევა ევროპელთა ყურადღების ცენტრში. ლაპარაკია სამთო-სათხილამურო სპორტის სპეციალისტებზე, თორემ ევროპელთა ყურადღება გუდაურმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიიპყრო. ალექსანდრ დიუმა თავის "კავკასიაში" წერდა: "მთელ საქართველოს სამხედრო გზაზე არ არის ადგილი უფრო მომხიბლავი თავისი სილამაზითა და შთაბეჭდილებათა მრავალფეროვნებით, როგორც დაღმართი გუდაურიდან მლეთამდე ზემო მლეთის ველით. კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები თითქოს უშუალოდ თქვენს მხრებს უკან აზიდულან და ისე ახლო და თვალნათლივ იგრძნობიან, რომ სურვილი გაქვს ხელით შეეხო. მზეც მჭიდროდ ელამუნება მთებს, ისე მჭიდროდ, რომ გგონია ხელის აწევით მისწვდები მას“. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ ჩერქეზიამ სწორედ დიუმას ამ ციტატით დაიწყო თავისი შესავალი სიტყვა, რომელიც მან გუდაურში გამართული პირველი ოფიციალური შეჯიბრების გახსნისას წარმოთქვა - როგორც ასპარეზობის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ“.

ჰოდა, მეორე დილით რომ შევხვდით რედაქციაში, გადავწყვიტეთ, ჩვენ-ჩვენი ნამუშევარი ერთიან ტექსტად გვექცია და ორივეს მოგვეწერა ხელი. ჩემს ჟურნალისტურ ცხოვრებაში ოთხი შემთხვევა მქონდა თანაავტორთან მუშაობისა. ერთმა თავ-ბედი მაწყევლინა, ორის კმაყოფილი ვარ, ხოლო დათოსთან თანაავტორობა, თუმცა ერთჯერადი იყო და ფაქტობრივად შეუმჩნეველი დარჩა გარეშე თვალისთვის, უაღრესად კომფორტული გახლდათ და დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ. ნაჩქარევად, ყოველდღიური გაზეთის რიტმში, აბზაც-აბზაც მიმოვამონტაჟეთ ტექსტი, გამეორებები დაუნდობლად ამოვყარეთ, მაგრამ ფინალს, როგორც მახსოვს, ვერც ერთისას ვერ შეველიეთ და ორივე დავტოვეთ, რაც ჟურნალისტიკაში ნამდვილი ფუფუნებაა და ჩვენც, რედაქტორის კეთილგანწყობილებაში დარწმუნებულებმა, მივეცით თავს ამ ფუფუნების უფლება.

ჰოდა, აი, პირველი ფინალი: "გუდაურის გაზაფხული~ შესანიშნავად ორგანიზებული სპორტული დღესასწაული იყო. ასეთი დღესასწაულისთვის ნამდვილად ღირდა შაბათ-კვირას ყველაფრის მიტოვება და გუდაურში ასვლა. ღირდა სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა - ავტოსაგზაო შლაგბაუმიდან დაწყებული, უწყლობით დამთავრებული, ღირდა სიცივეში ღამისთევაც საძილე ტომრებში. ეს ყველაფერი წვრილმანია, ეს ყველაფერი მალე ავიწყდება ადამიანს, დღესასწაულის განწყობა, დღესასწაულით მოგვრილი შთაბეჭდილება კი არასოდეს ამოიშლება მეხსიერებიდან".

ჰოდა, აი, მეორეც: "გაივლის წლები, ათეული წლები, გუდაურში აღზრდილი სამთო მოთხილამურეები დიდ გამარჯვებებს მოიპოვებენ საერთაშორისო ასპარეზზე. გუდაურის სახელს შამონის, ინსბრუკის, გარმიშ-პარტენკირხენის, სანკტ-მორიცის, ლეიკ-პლესიდის, საპოროს, სკვო-ველის, სარაევოსა და სხვა ცნობილი სამთო-სათხილამურო ცენტრების გვერდით მოიხსენიებენ. რომელიმე ჩვენგანი, რომელიმე ჩვენი კოლეგა მომავალში უეჭველად დაწერს გუდაურის წარსულზე, ესე იგი - გუდაურის დღევანდელ დღეზე, მოიგონებს ამ სამთო-სათხილამურო კერის პირველ ნაბიჯებს, გაიხსენებს გუდაურში გამართულ პირველ ოფიციალურ შეჯიბრებას - "გუდაურის გაზაფხული-84" და იმ თავის წერილს ალბათ ასეთ სათაურს დაარქმევს: "გუდაური იწყებოდა ასე"... ჩვენ გვინდა, ჩვენს დღევანდელ წერილს სწორედ იმ "მომავლის სათაური" დავარქვათ"

ჰოდა, კოხტად გადავაბეჭდვინეთ ეს ყველაფერი "ლელოს" მდივან-მემანქანეს ციცო ხერგიანს, მერე გვარები ანბანური თანამიმდევრობით მოვაწერეთ და აჩიკოს შევუტანეთ. მოცულობას რომ შეხედა, აჩიკომ ტელეტაიპით მოსული იმდილანდელი ოფიციალური ტექსტი გამოგვიწოდა, ერთი აბზაცი მონიშნა და ბარემ ესეც ჩაამატეთ, ცალკე ხომ არ დავბეჭდავო, - გვითხრა. თავიდან ორივეს გვეგონა, რომ ოხუნჯობდა და ამხელა რამ დაგაწერინათო, ამას გულისხმობდა. ტექსტს რომ გადავხედეთ, მივხვდით, უამისოდ ჩვენი ანგარიში, არსებული სტანდარტით, ნაკლულოვანი იქნებოდა. ავიღეთ და პირდაპირ ჩავსვით, ოფიციალური მასალა ოფიციალური მასალაა, რომც გალექსო, არაფერი ეშველება. თან არც იყო გალექსვის დრო - გაზეთს თავისი გრაფიკი აქვს.

ჰოდა, ასე გაჩნდა ჩვენს ტექსტში იმ დროის საინფორმაციო სივრცისთვის დამახასიათებელი და სავალდებულო აბზაცი: "კვირას გუდაურს კვლავ ეწვია ამხანაგი ედუარდ შევარდნაძე. მასთან ერთად აქ ჩამოვიდნენ ამხანაგები: გ. ანდრონიკაშვილი, გ. ენუქიძე, ბ. ნიკოლსკი, ს. ხაბეიშვილი, ჟ. შარტავა, ვ. ლორთქიფანიძე, ო. ქინქლაძე, რ. გოგლიძე და სხვები. მათი მხარდაჭერა და გამხნევება ჰაერივით სჭირდებათ დღეს გუდაურის ენთუზიასტებს, რომლებიც ძალასა და ენერგიას არ იშურებდნენ, რათა განახორციელონ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის სექტემბრის დადგენილება `გუდაურში ზამთრის სპორტისა და დასვენების ზონის შექმნის შესახებ"

ჰოდა, ისედაც საკმაოდ საშუალო ჟურნალისტური მასალა, რომლის ხარისხით არც მაშინ ვიყავით აღფრთოვანებული მისი ავტორები და არც, მით უმეტეს - დღეს, მეტი რომ არ ვთქვა, კიდევ უფრო საშუალო გახდა. ლელთ ღუნია მაინც გვეხსენებინა სადმე, თუნდაც იმ სახიფათო ფრაზის გარეშე! ახლა ვერ ვიხსენებ, რომლის იდეა იყო, ჩემი თუ დათოსი, მაგრამ გადავწყვიტეთ, ფსევდონიმები მოგვეწერა. ის კი ზუსტად მახსოვს, რომ შევთავაზე, ორი ფსევდონიმის მოწერა სადაური წესია, მოდი, საერთო ფსევდონიმი მოვიგონოთ-მეთქი.

gudauri-winter-1654275930.jpg
ფოსტის შენობა ზამთარში

ჰოდა, ასე გაჩნდა ნიკა ნაკაიძე - უცნობი ჟურნალისტი, უცნობი კი არა - არარსებული. ნაკაიძე ჩემი და დათოს გვარების მიმოკვეცილ-მიმოკუმშული ვარიანტია, ერთგვარი აბრევიატურული კენტავრი: "ნა" ჩემი გვარის პირველი ორი ასოა, "კა" - დათოს გვარის პირველი ორი ასო. "ი" ჩემი გვარის ბოლო ასოა, "ძე" - დათოს გვარის ბოლო ორი ასო. მივიღეთ გვარი ნაკაიძე, რომლის მატარებელ გამოგონილ ჟურნალისტს სახელად, რა თქმა უნდა, ნიკა უნდა რქმეოდა, ელემენტარული კეთილხმოვანების გამო.

ჰოდა, ასე იქცა ორი ავტორი ერთ ავტორად, მაგრამ ბოლოს ტექსტში სათანადო ცვლილების შეტანა ორივეს დაგვავიწყდა და ამ ცვლილების კვალი საბოლოო ვარიანტში დაკვირვებულ თვალს, წესით, არ გამოეპარება. კარგი ტესტია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ნეტა თუ შეამჩნევენ მეორე ფინალში სიტყვებს "რომელიმე ჩვენგანი", ტექსტის ერთზე მეტ ავტორს რომ გულისხმობს! როცა ეს სიტყვები იწერებოდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის "რომელიმე ჩვენგანი" სწორედ მე აღმოვჩნდებოდი და ამდენი წლის შემდეგ მივუბრუნდებოდი თემას და გავიხსენებდი იმ პირველ ოფიციალურ შეჯიბრებას და იმას, თუ როგორ იწყებოდა გუდაური. გახსენებით კი გავიხსენებდი, მაგრამ "მომავლის სათაურს" მეორე სათაურსაც დავურთავდი, რადგან მთავარ მიზნად სხვა რამ - უცნობი ფსევდონიმის გახსნა მექნებოდა.

paata-gudauri-1984-03-25-1654275930.jpg
„ნიკა ნაკაიძე“ გუდაურის ფოსტის შენობაში

ჰოდა, იქნებ არც არავის აინტერესებდეს, მაგრამ კიდევ ერთი უცნობი ფსევდონიმი გაიხსნა: ნიკა ნაკაიძე დავით კაკაბაძისა და პაატა ნაცვლიშვილის ერთობლივი და ერთჯერადი, ოკაზიური ფსევდონიმია. ფსევდონიმის საჯაროდ გახსნა, რა თქმა უნდა, შეთანხმებული მაქვს მეორე მხარესთან. ამ ტექსტის პირველი მკითხველიც სწორედ მეორე (გნებავთ, - პირველი) მხარე - დათო კაკაბაძე იქნება.

პაატა ნაცვლიშვილი

"ისტორიანი" .#123