დაბრუნებული საგანძური
ხელოვნების სასახლე მუზეუმების საერთაშორისო დღეს ახალშექმნილ კოლექციას წარუდგენს დამთვალიერებელს
2021 წელი ხელოვნების სასახლისთვის ნაყოფიერი გამოდგა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 30-წლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედდა სამუზეუმო ფონდების შევსების პროგრამა, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული საგანძურის გამდიდრებას. მის ფარგლებში სასახლემ არაერთი ძვირფასი ნიმუში შეისყიდა ევროპულ აუქციონებზე და სამშობლოში დააბრუნა. რას ნიშნავს “დააბრუნა”?
ჩვენს ხელთაა, სავარაუდოდ, 1923 წელს განათლების სახალხო კომისარიატში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, აკაკი ჭანტურიას შედგენილი ნუსხა ვრცელი სათაურით: “აღწერილობანი ანდრია დადიანის იმ ნივთთა და ნახატთა, რომელიც ჯერეთ გაყიდულა ქალაქ კიევს და მემრე წაუღიათ ტიფლისის სასახლიდან ბაღის ქუჩაზედ მდებარე და კუთვნებული გრაფის ოლდენბურგელის მიერ”.
ანდრია დადიანი პირველი პროფესიონალი ქართველი მოჭადრაკეა. სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის უმცროსი ვაჟი ჰაიდელბერგის სახელგანთქმული უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი გახლდათ. 1868 წლიდან იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, ცხოვრობდა ცნობილი ისტორიკოსის, ვილჰემ ინეს სახლში, რომელიც უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ლექციებს კითხულობდა. დადიანს ასწავლიდნენ გამოჩენილი მეცნიერები გუსტავ კირხოფი და რობერტ ბუნზენი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი ექვს ენაზე საუბრობდა. უნივერსიტეტში სწავლის დროს ნაკლები დრო რჩებოდა ჭადრაკისთვის, მისი ყველაზე დიდი გატაცებისთვის.
ჩინებული შესახედაობის ანდრია დადიანს ბობოქარი ცხოვრება და დაუჯერებელი თავგადასავლები ჰქონდა. ჭადრაკის თამაში დედამ, ეკატერინე ჭავჭავაძემ ასწავლა. 1874 წლიდან “ცარსკოე სელოში”, ლეიბგვარდიის პოლკში მსახურობდა. მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში (ბალკანეთის ნახევარკუნძულის განთავისუფლების ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის ანდრია და მისი ძმა ნიკო ოქროს ხმლებით დააჯილდოვეს). 1879 წლიდან ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას რომში, რუსეთის საელჩოში.
ანდრია თავისი წარმომავლობის, გარეგნობისა და გამჭრიახობის წყალობით, პოპულარული იყო იმპერიის ელიტურ საზოგადოებაში და სამეფო კარზე. 1900-1904 წლებში იგი მონტე კარლოს საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრეზიდენტი გახლდათ. აწესებდა პრიზებს “ლამაზი პარტიებისთვის”. 1905 წელს გერმანელებმა ანდრია დადიანი ბარმენის კონგრესის პრეზიდენტად მიიწვიეს.
ანდრია დასავლეთევროპული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობით იყო გატაცებული, მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენლებთან მეგობრობა და კონტაქტები საშუალებას აძლევდა, ბრწყინვალე კოლექცია შეექმნა.
სიცოცხლის ბოლო 20 წელიწადი თავადმა მინგრელსკიმ კიევში გაატარა, სადაც ბრწყინვალე ორსართულიანი სასახლე აიშენა. სამოც წელს მიტანებული დაავადდა, დამბლის შედეგად ხელი და ენა წაერთვა. გარდაიცვალა სიმარტოვეში. დამ, სალომე მიურატმა საქართველოში ჩამოასვენა და მარტვილის საკათედრო ტაძარში დაკრძალა. კოლექცია დაიფანტა და მივიწყებას მიეცა. საბედნიეროდ, კოლექციის მასშტაბებისა და მნიშვნელობის შესახებ წარმოდგენას აკაკი ჭანტურიას მიერ შედგენილი ზემოხსენებული სია გვიქმნის.
ამ ნუსხის მიხედვით, ჩვენ არაერთი წელიწადია, სხვადასხვა აუქციონსა თუ კერძო კოლექციებში ვეძებთ უნიკალურ ნივთებს და მათ მუზეუმში დაბრუნებას ვცდილობთ. შედეგებს აღნიშნული ნუსხის მიხედვით წარმოგიდგენთ. აღწერილობაში წერია: “ამსტერდამელი მხატვრის ბართოლომეუს ჰელსტის მიერ დახატული ამსტერდამელი ვაჭარი. ნახატს განსვენებული პრინცი “მაქმანიან კაცს” ეძახდა. საუცხოო ხელოვნების ძეგლი. ფრიად დასანანია, რომ ეს ძეგლი ჩვენის ქვეყნიდან წაღებულა. რამდენს შკოლნიკს ან ხელოვნების სწავლების მწყურვალს დაეხმარებოდა და თვალის საზრისს და ცოდნის გაქანებას გაუფართოებდა. ესეც გრაფ ოლდენბურგელის სასახლიდან უნდა იყოს წაღებული”.
ნახსენები მხატვარი XVII საუკუნის დიდი ნიდერლანდი ფერმწერი და გრავიორი, განთქმული პორტრეტისტი ბართოლომეუს ვან დერ ჰელსტია (1613-1670). ის მედუქნის შვილი იყო და ჰარლემში დაიბადა, ქორწინების გამო 1636 წელს ამსტერდამში გადავიდა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა, ჰოლანდია არასოდეს დაუტოვებია. შესაძლოა ფერწერის შესწავლა ჯერ კიდევ ჰარლემში დაიწყო, თუმცა უცნობია, პირველი გაკვეთილები ვისთან გაიარა. მიიჩნევენ, რომ ამსტერდამში ჰელსტი XVII საუკუნის გამოჩენილ მხატვართან, ნიკოლას ელიას პიკენოისთან სწავლობდა. დანამდვილებით არავინ იცის, იყო თუ არა მის პედაგოგთა შორის თანამოქალაქე რემბრანდტი, თუმცა ცხადია, რომ ჰელსტი მხატვრობაში რემბრანდტისა და ფრანს ჰალსის პორტრეტული სტილისთვის დამახასიათებელ ხერხებს იყენებს. ჰელსტის პირველი და აღიარებული ნახატი “ვალონის თავშესაფრის მზრუნველთა საბჭოს 4 წევრის პორტრეტი” 1673 წლით თარიღდება. ამ ნახატის წარმატებამ ავტორს პოპულარობა მოუტანა. იმატა მისი კლიენტების რიცხვმა, რომელთა შორის იყვნენ ქალაქის მდიდრები, მთავარი სიუჟეტები კი მსროლელთა დღეობები, ჯილდოების მინიჭება, მმართველთა და მზრუნველთა ფიგურები იყო. 1642 წელს ფერმწერმა ბურგომისტრ ანდრის ბიკერის, მისი ცოლისა და შვილის პორტრეტი დახატა. ჰელსტის შემოქმედებაში შედევრად აღიარეს 1648 წელს მის მიერ შექმნილი ჯგუფური პორტრეტი “ზეიმი მიუნსტერის ხელშეკრულების გაფორმების გამო”. ამ ნახატში იკვეთება ავტორის ტალანტი მრავალფიგურიანი კომპოზიციის ჰარმონიულობის დროს, სადაც ყველა ფიგურა ინდივიდუალობასა და თავისთავადობას ინარჩუნებს. ნახატი ინახება ამსტერდამში, იმავე დარბაზში, სადაც ექსპონირებულია რემბრანდტის ცნობილი ტილო “ღამის გუშაგნი”. ამდენად, დამთვალიერებელს საშუალება აქვს ერთმანეთს შეადაროს ორი დიდი მხატვარი მათივე ნაწარმოებების მაგალითზე. საკმაოდ დიდხანს ჰელსტის ნახატი “ღამის გუშაგების” თანასწორად და იმავე მხატვრული დონის ნამუშევრად ითვლებოდა. სამეფო სამხატვრო აკადემიის პირველმა პრეზიდენტმა, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრმა ჯოშუა რეინოლდზმა, რომელმაც ამსტერდამი 1781 წელს მოინახულა, ჰელსტის ნამუშევარი მანამდე ნანახ ყველა პორტრეტსა და ტილოს შეადარა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს შედევრი გადმოსცემს ყველა იმ თვისებას, რაც იდეალურ პორტრეტს უნდა გააჩნდეს. უნდა აღინიშნოს, რომ მართალია ჰელსტის აღიარება მის პორტრეტულ ფერწერას უკავშირდება, თუმცა ის ასევე ქმნიდა ტილოებს ისტორიულ, ბიბლიურ და მითოლოგიურ თემებზე.
იმ დროს, როდესაც ჰელსტი ამსტერდამში გადასახლდა, რემბრანდტი თავისი წარმატების ზენიტში იყო, თუმცა უკვე დიდი მოწონებით სარგებლობდა ვან დეიკის ნატიფი სტილი და ამ სტილის საუკეთესო წარმომადგენელი ჰელსტი. 1640-იანი წლებისთვის მხატვარი ამსტერდამის წამყვანი პორტრეტისტი გახდა და მალე თავად რემბრანდტი დაჩრდილა. ჰელსტის დეტალებში დამუშავებული, დახვეწილი და ამასთანავე შელამაზებული პორტრეტები პუბლიკასაც უფრო მოსწონდა, ვიდრე რემბრანდტის ნამუშევრები. ჰელსტი იმ მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელთაც იცოდნენ, როგორ დაეკმაყოფილებინათ მაღალჩინოსანი დამკვეთების მოთხოვნები ისე, რომ არ დაეთმოთ რეალისტური შემოქმედების პოზიციები. ის ბრწყინვალედ ახერხებდა, სრულყოფილად გადმოეცა მატერიალისტური სინამდვილე, თავისუფალი პოზა და მოდელის ჟესტი.
1654 წელს ჰელსტი წმინდა ლუკას სახელობის გილდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა, სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ამსტერდამში სრულად უზრუნველყოფილი, დიდებასა და პატივში. მნიშვნელოვანი დრო დაუთმო საკუთარი შვილის, ლოდევეიკ ვან დერ ჰელსტის აღზრდას, რომელიც საკმაოდ თავისთავადი მხატვარი დადგა. სხვა მხრივ ჰელსტს არ გაუმართლა, მის მოსწავლეთა შორის არც ერთის სახელი აღარ შემორჩა მსოფლიო მხატვრობის ისტორიას.
სიცოცხლეში ჰელსტის, უფრო სწორად კი მისი ხატვის სტილის გავლენა უდიდესი იყო. რემბრანდტის ისეთმა სახელგანთქმულმა მოსწავლეებმა, როგორებიც იყვნენ ფერდინანდ ბოლი და ჰოვერტ ფლინკი, ჰელსტის მიერ დამკვიდრებული მოდური ხატვის მანერის გამო უარი თქვეს საკუთარი მასწავლებლის სტილზე. ჰელსტის როგორც ფერმწერის დიდება მომდევნო საუკუნეებსაც გადასწვდა. მეტიც, ჰოლანდიურ მხატვრობაში დღემდე დიდი და გამორჩეული ადგილი უკავია. პორტრეტის გადმოცემის სიზუსტესა და კოლორიტის შერჩევის ოსტატობაში ის მხოლოდ ვან დეიკის შემდეგ შეიძლება დასახელდეს. არის მოსაზრება, რომ ჰელსტს არ ჰყოფნიდა ოსტატობა, სრულად გადმოეცა ადამიანის არსი და ბუნება. სწორედ ამიტომაც მისმა ნამუშევრებმა ვერ დაიკავა ადგილი რემბრანდტისა და ჰალსის ნაწარმოებთა გვერდით, თუმცა ისიც ფაქტია, რომ თანამედროვეთა უმეტესობა მას ზემოთქმულ ორივე მხატვარზე უფრო დიდ ოსტატად მიაჩნევდა.
ბართოლომეუს ვან დერ ჰელსტის ნამუშევარი დღეს უკვე ხელოვნების სასახლეშია. ნამუშევარი მუზეუმმა ზემოთ აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, ერთ-ერთი ევროპული აუქციონიდან გამოისყიდა. ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი კიდევ ერთ ევროპულ ნამუშევართან დაკავშირებით. მის შესახებ აკაკი ჭანტურია წერდა: “ქალი სარკით და ბავშვით”. მხატვარი შარლ ლუი მილერი. ეს დიდად სახელგანთქმული და დიდებული მხატვარი ყოფილა. თვით ნაპოლეონ მესამეს სცნობია და მისი სასახლის კედლები დაუხატავს. პირადადა სცნობია დადიანების ოჯახს... ანდრიას ნახატი ფრიად მოსწონებია, რადგან აქ დახატულის ქალის სახე ფრიად წააგავდა ქართველი ქალისას. ეს ნახატი სალომე მიურატისას კიევში გაუყიდნია ანდრია დადიანის სიკვდილის შემდეგ და ამ საქმეში კარგი რიგიანი ფულიც აუღია”. ჩვენ მიერ დაბრუნებული და აკაკი ჭანტურიას მიერ აღწერილი ნახატი აუქციონზე შემდეგი დასახელებით იყო გამოტანილი: “შარლ ლუი მიულერი (1815-1892). პორტრეტი სახელწოდებით A Fair Reflection - “ლამაზი ანარეკლი”
შარლ ლუი მიულერი ცნობილი ფრანგი პორტრეტების მხატვარი და დეკორატორი იყო, მეტსახელად მას “მიულერ დე პარიზი” ეწოდებოდა. იგი ჯერ საფრანგეთის დედაქალაქში სახვითი ხელოვნების სკოლაში, ბარონ გროს კლასში სწავლობდა, შემდეგ კი ლეონ კონიესთან გადაინაცვლა. მხატვარმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა 1834 წლის ფრანგ მხატვართა სალონში დაიწყო და ტრადიციას 1892 წლამდე არ ღალატობდა. 1850 წელს მან ფრანგ მხატვართა სალონში გამოფინა ნახატი სათაურით “პარიზის წმინდა ლაზარეს მსხვერპლთა ბოლო განგაშის ზარი”. ამ შესანიშნავმა ნამუშევარმა მხატვარს კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა. შარლ მიულერი თანამედროვეებმა აღიარეს, როგორც თავისი დროის გამორჩეული ფერმწერი. იგი ასევე იპოლიტ ფლანდრინის ინსტიტუტის წევრი გახდა და გობელენების ქარხანაში ხელოვნების ნიმუშების შემფასებლის წოდებაც მიენიჭა. 1864 წელს საფრანგეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის წევრად აირჩიეს. 1878 წელს შარლ მიულერი მონაწილეობდა უნივერსალური გამოფენების ფორუმში პარიზში. მანამდე, 1849 წელს დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის ორდენით და 1859 წელს ოფიცრის წოდება მიენიჭა.
ამ ოფიციალურმა აღიარებამ მას მრავალი შეკვეთა მოუტანა, განსაკუთრებით აღსანიშნავია სალონ დენონის ჭერისა და ლუვრის Salle des Etats-ის დეკორაციები. შემდგომში იგი მუშაობდა არქიტექტორ ჰექტორ ლეფუელთან, ნაპოლეონ III-ისთვის ახალი ლუვრის შესაქმნელად.
პარიზის ბურჟუაზია შარლ ლუი მიულერს მისი პორტრეტების გამო განსაკუთრებით აფასებდა, მის ნამუშევრებს შორის გამოირჩეოდა “მონაზვნების თანაგრძნობა”, “ქალის პორტრეტი მარაოთი”. მიულერმა ასევე შექმნა შესანიშნავი ორიენტალისტური ნამუშევრები, რომლებიც აღმოსავლეთის მიმზიდველობას ნათლად წარმოაჩენს. საერთოდ კი მისი პორტრეტები გამოირჩევა იმ დროისთვის დამახასიათებელი ეგზოტიკური ხიბლით.
შარლ ლუი მიულერი დიდ ყურადღებას აქცევდა სახეებსა და თავისი პერსონაჟების გამომეტყველებას. ამიტომაც იგი ხშირად ატარებდა წინასწარ კვლევას, შესაბამისად, მისი ნახატები პეიზაჟებსა და ჩაცმულობაზე მეტად ჟესტიკულაციაზეა კონცენტრირებული. მის დიდებულ ნამუშევართა შორისაა საქართველოში დაბრუნებული ტილო სახელწოდებით “ლამაზი ანარეკლი”.
ხელოვნების სასახლის ახალშეძენილი კოლექციის ნამდვილ მარგალიტად იქცა მუხის პანელზე შესრულებული ჯენტლმენის პორტრეტი, რომლის ავტორი პიტერ იანს პორბუსი უნდა იყოს. აღორძინების ხანის ეს ნიდერლანდელი მხატვარი 1523 წელს გაუდაში დაიბადა და 1584 წელს ბრიუგეში გარდაიცვალა. მის მიერ შესრულებულ პორტრეტზე 26 წლის ყმაწვილია ასახული. ამის აღსანიშნავად მარცხენა ზედა კუთხეში არის საგვარეულო გერბი: წითელ ფარზე დატანილი ოქროსფერი ისარი ასოებით PVS და ქვეშ ლათინური წარწერა: “anno aetatis svae 26”, რაც ასე ითარგმნება: “ასაკით 26 წლისა”. მარჯვენა მხარეს ასევე ლათინურად წერია: ჩერტა ტიბი მორს ესტ, სედ ტესტა ესტ ფუნერის ბორა, Extremam idcirco quam libet esse puta (“სიკვდილი შენთვის გარდაუვალია, თუმცა ჟამი მისი დადგომისა გარდამავალი”). ეს სიტყვები და ჯენტლმენის პოზა, რომელსაც მარცხენა ხელი ადამიანის თავის ქალაზე უდევს, მიუთითებს, რომ ნამუშევარი Memento mori-ს (“გახსოვდეს, რომ მოკვდავი ხარ”) ჟანრს მიეკუთვნება. შუა საუკუნეების ევროპაში, მიწიერი ცხოვრების გარდამავალი ბუნების ხელოვნებაში ასახვა საკმაოდ ცნობილი პრაქტიკა იყო და მას “მემენტო მორის” უწოდებდნენ. ეს მიმდინარეობა ხელოვნების იმჟამინდელ ნამუშევრებში მრავლად გვხვდება. ეს გამოთქმა ჩვენი მოკვდავი ბუნების შეხსენებაა და მოწოდება, უფრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ სიცოცხლის მოკლე პერიოდი (წუთისოფელი)... ამდენად, ეს ნახატი “მემენტო მორის” ჟანრში შესრულებული ოპტიმისტური ნამუშევარია, რომელიც ჩარპე დიემ-ზე მიუთითებს. ეს უკანასკნელი ლათინური აფორიზმია და შეიძლება ასე ვთარგმნოთ “იხელთე ჟამი” ანუ “ისარგებლე დღევანდელი დღით”, ან “ხელიდან არ გაუშვა მომენტი”. ეს ფრთიანი ფრაზა რომაელ პოეტ კვინტუს ჰორაციუსს ეკუთვნის.
ნამუშევრის ავტორი, ფლამანდიური რენესანსის მხატვარი პიტერ იანს პორბუსი იყო მოქანდაკეც და კარტოგრაფიც. იგი ძირითადად ცნობილია თავისი რელიგიური სცენებითა და პორტრეტული მხატვრობით. პორბუსი ლანსელოტ ბლონდელის მოსწავლე გახლდათ და იმასაც ფიქრობენ, რომ იგი მოგვიანებით მასწავლებლის ქალიშვილზე დაქორწინდა. მხატვარი 1543 წელს წმინდა ლუკას ბრიუგელის გილდიის წევრი გახდა. პორბუსმა მიიღო ბრიუსელის ქალაქის კომისიის თანხმობა, შეედგინა ქალაქის და მიმდებარე რეგიონის რუკებისა და ქუჩების გეგმები. იმავდროულად იგი სახელს იხვეჭდა, როგორც პორტრეტებისა და პეიზაჟების მხატვარი. პორბუსმა წარმატებული კარიერა აიწყო ბრიუგეში, ქალაქის ერთ-ერთი წამყვანი მხატვარი გახდა და მხატვართა გილდიის დეკანობის პატივი ორჯერ ერგო. ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები, მაგალითად, ბრიუგეს მაგისტრატი, მის უმთავრეს მფარველთა შორის იყვნენ, თუმცა იგი პოპულარობით სარგებლობდა ადგილობრივ ესპანურ საზოგადოებაშიც (ჩვენს ნახატზეც ჰოლანდიაში მცხოვრები ესპანელი ჯენტლმენი უნდა იყოს გამოსახული). 1580 წელს იგი ბრიუგეს წმინდა ნიკოლას ზესტენდელის რაიონის წიჯკმეესტერ-ად ანუ გამგებლად დაინიშნა. მისი მოწაფეები იყვნენ მისი ვაჟი ფრანს პორბუსი უფროსი, ჰუბინ ბოვენი, ანტონიუს კლეიენსესი და შვილიშვილი ფრანს პორბუსი უმცროსი.
ამავე ეპოქის კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარი შეიძინა ხელოვნების სასახლემ ინგლისის ერთ-ერთ აუქციონზე. ნახატზე გამოსახულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ძაღლს ეთამაშება. ფერწერა შესრულებულია ხის პანელზე და მხატვრული, უფრო სწორად კი ყოფითი რეალიზმის საინტერესო ნიმუშია. ნახატზე შუა ხნის დიდგვაროვანი ქალია გამოსახული. ის საწოლის კიდეზე ჩამომჯდარა, საძინებლის ინტიმურ და მყუდრო გარემოს ოსტატურად გადმოსცემს კუთხეში დახატული ბალიში, რომლის გარღვეული ხალთაბანდიდან ზოლიანი ქსოვილი მოჩანს. პერანგმოღეღილი ქალი, რომლის თავსაკრავიდან მაქმანები ოსტატურად იმზირება, ძაღლს ეთამაშება, პატარა ფინიასაც პირი გაუღია და კბილებდაკრეჭილი იღრინება. ეს ნამუშევარი კარგად გვიჩვენებს იმ დიდ გარდატეხას, რაც XVII საუკუნის ჰოლანდიურ მხატვრობაში მოხდა. რელიგიური თუ მითოლოგიური სცენების, დიდებულთა, მეფეთა და დედოფალთა პორტრეტების ნაცვლად ამ ეპოქის ფლამანდიურ ფერწერაში ასახულია ჰოლანდიელთა უბრალო ცხოვრება, მოქალაქეთა სახეები, საცხოვრებელი სახლების ინტერიერები, სახალხო ზეიმები. ეს ნამუშევრები გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებითა და შესრულების სტილით. ეს ის მხატვრული რეალიზმია, რომელსაც აგრეთვე ჰოლანდიურ ოქროს ხანას უწოდებენ. ამ პერიოდის ჰოლანდიის ხელოვნება ერთგვარი ფენომენი გახდა XVII საუკუნის ევროპის მხატვრულ კულტურაში.
ნახატის ავტორი იან სტენი (1626-1679) უნდა იყოს. ის გახლდათ ფლამანდიელი ჟანრული ფერმწერი, ლეიდენის მხატვართა გილდიის წევრი 1648 წლიდან. უმეტესწილად ქმნიდა საშუალო და ქვედა ფენების წარმომადგენელთა პორტრეტებს, რომელშიც ადამიანური მადლი და მრავალფეროვნება შერწყმულია უხეშ იუმორთან გროტესკის ელემენტებით.
მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა თითქმის 400 ნახატს ითვლის და უმეტესი ნაწილი ინახება ამსტერდამში, 1800 წელს ნაპოლეონ პირველის ძმის მიერ დაფუძნებულ რეიქსმუზეუმში.
ხელოვნების სასახლის კოლექციის გამორჩეულ შენაძენად იქცა ლონდონის ერთ-ერთ ანტიკვარულ სალონში მიკვლეული და საქართველოში დაბრუნებული “ანგლოჰოლანდიელი ოფიცრის პორტრეტი”, რომელიც XVII საუკუნეშია შესრულებული. მის შესახებ აკაკი ჭანტურია თავის აღწერილობაში წერს: “ინგლისელი ჯარისკაცის პორტრეტი. 1656 წლისა. თარიღი მარცხენა ზედა კუთხეში სწერია. ფლამანდიელი ავტორი ვან სამუელი. დადიანს ეს გამოჩინებული ნახატი პეტრე კოზლოვსკისაგან მიუღია საჩუქრად. ინახებოდა ტიფლისს. ამიერად დაკარგულია”.
პიოტრ კოზლოვსკი ანდრია დადიანის უახლოესი რუსი მეგობარი იყო და მეგრელი პრინცის მასთან გადაღებული რამდენიმე სურათია შემორჩენილი. როგორც ჩანს, კოზლოვსკიმ მემკვიდრეობით მიღებული ნახატი კოლექციონერ მეგობარს უსახსოვრა.
ნახატზე შესანიშნავი ტიპაჟია გამოსახული. მას ევროპული ჯავშანი ამშვენებს, რომლის ზემოდან მაქმანიანი საყელო აქვს გადმოკეცილი, გრძელი და გამეჩხერებული თმა ოფიცერს მხრებზე ჩამოშლია. მაყურებლისკენ ოდნავ მოტრიალებული თავით ტიპაჟის გამოსახვა იმდროინდელ ჰოლანდიურ მხატვრობაში პოპულარული იყო.
ნახატის ავტორი სემუელ დირქს ვან ჰოგსტრატენი ოჯახში უფროსი ვაჟი იყო შვიდ შვილს შორის. პირველი გაკვეთილები ფერწერაში მამისგან მიიღო, 1640 წელს მშობლის სიკვდილის შემდეგ დორდეხტიდან ამსტერდამში გადავიდა, სადაც 1642 წელს რემბრანდტის მოსწავლე გახდა. მასწავლებლის ზედამხედველობით, ძირითადად ბიბლიურ და ჟანრობრივ სცენებსა და რემბრანდტის სტილში პორტრეტებსა და ნატურმორტებს ხატავდა. 24 წლის ასაკში სემუელი წმინდა რომის იმპერატორის ფერდინანდ III-ის მედალიონითა და ოქროს ჯაჭვით დაჯილდოვდა, 1662-1666 წლებში მან ლონდონში იმოგზაურა, შემდეგ ჰააგაში ცხოვრობდა, თუმცა 1673 წლიდან საბოლოოდ დორდრეხტში დაფუძნდა.
ჰოგსტრატენმა სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება, როგორც ფერმწერმა, გრაფიკოსმა, გრავიორმა, მწერალმა, პოეტმა და მეცნიერმა. ის თავის ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე საპატიო მოქალაქედ ითვლებოდა. მისი შემოქმედების დიაპაზონი შეუზღუდავი იყო: პორტრეტები, პეიზაჟები, ისტორიული სცენები, ანიმალისტური ნაწარმოებები, ნატურმორტები. შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში მხატვარი სხვადასხვა სტილით იყო გატაცებული. 1656 წელს შექმნილი ჩვენი პორტრეტი აუცილებლად გაგახსენებთ რემბრანდტის სიფაქიზეს, პერსონაჟთა თვალების სიღრმეს, რაც სემუელის მასწავლებლის ხელოვნებით აღტაცებაზე აშკარად მიუთითებს.
შემდეგი ხელოვნების ნიმუში, რომელიც ევროპიდან სამშობლოში დაბრუნდა, ისევ ანდრია დადიანის კუთვნილება ყოფილა. მის შესახებ აკაკი ჭანტურია წერდა: “წმინდა ჯენაროს აღდგომა. ტიციანის სტილში დახატული. აქ წმინდა ჯენარო ჰაერში აწეულა და აღსადგომ-ასაფრენად ემზადება. ზემოთ ცაში საკვირველი ამბავი დაწყებულა, სადაც მაცხოვარ ქრისტეს უმთავრესი ადგილი უკავია. ეს ნახატი სხვა უფრო დიდი ტილოს ან ეკლესიის მოსახატი ფრესკის ესკიზს უნდა წარმოადგენდეს. ზომით 110X80 სანტიმეტრზე. ანდრია დადიანის დას სალომეს კიევის სასახლიდან გაუყიდნია”.
ნახატის ერთი შეხედვაც კი საკმარისია იმისათვის, რომ აკაკი ჭანტურიას დაეთანხმო. ცხადია ნეაპოლიტანური სკოლის ეს შესანიშნავი ნიმუში საერთო-სახალხო თაყვანისცემის საგანი უნდა ყოფილიყო და ალბათ დიდი ზომის ტილოს ერთ-ერთ (ან სულაც საბოლოო) ესკიზს წარმოადგენდა. ნახატის ცენტრალური ფიგურა - წმინდა ჯენარო, იგივე წმინდა იანუარიუსი, ნეაპოლის მფარველია და მისი წმინდა ნაწილები ნეაპოლის ტაძარში დღემდე ინახება. მიჩნეულია, რომ იგი იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობისას, ქრისტიანთა დევნის დროს აწამეს. სწორედ ეს მომენტია ტილოზე გადმოცემული.
მხატვარმა ბრწყინვალედ ასახა კონტრასტი ძალადობასა და სიკეთეს შორის, წმინდა იანუარიუსი სწორედ ძალადობის ბნელი საბურვლიდან გამოდის. ის ოდნავ ჰაერში ზეაწეულა და ოქროსფრად განათებული ზეცისკენ მთელი სხეულით მიილტვის. ნახატი მრავალფიგურიანია, რაც ნეაპოლიტანური სკოლისთვისაა დამახასიათებელი. ეს ის პერიოდია, როცა ნეაპოლის მოსახლეობა გამანადგურებელი შავი ჭირის ეპიდემიისგან განთავისუფლდა. ამიტომ ამ დროის მხატვრობაში ხშირი იყო ტანჯვის, ტკივილისა და სევდის გადმოცემა, თუმცა ნახატში დიდი იმედიც არის ნაგულისხმევი. მიუხედავად იმისა, რომ ყოფიერება ძალადობითაა გაჯერებული, ყოველ ჩვენგანს აქვს გადარჩენის შანსი და ზეციური შემწეობის იმედი.
კომპოზიცია ახლოსაა ნეაპოლიტანელი მხატვრის პაოლო დე მატეისის (1662-1728) ნამუშევრებთან. ამიტომ სავარაუდოა, რომ ნამუშევარი მისი სკოლის წარმომადგენლის ფუნჯს ეკუთვნის. ნახატი 1690 წელსაა შექმნილი.
ამავე წელსაა შექმნილი დასავლეთევროპული ფერწერის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუში, რომლის ავტორი იაკობ ჰიუსმანსის სახელოსნოს წარმომადგენელია. დიდგვაროვანი ქალი აქ ვერცხლისფრად შეფერილ აბრეშუმის ბრწყინვალე კაბით ზის. სხვათა შორის, ჰიუსმანსი მსოფლიო მხატვრობაში იმით არის გამორჩეული, რომ ხშირად იყენებდა ასეთ მოლივლივე, სინათლეზე მოელვარე ქსოვილების ეფექტს. ქალის თმები საგანგებოდ არის დავარცხნილი, ხშირი კულულები შუბლსა და მხრებზე ჩამოჰყრია, ყელსა და ყურებზე დიდრონი მარგალიტების საყურე და მძივი მოუჩანს. ასეთ სამკაულებს XVII საუკუნეში მხოლოდ შეძლებული ქალები ატარებდნენ, რაც პორტრეტზე გამოსახული ადამიანის სოციალურ სტატუსზე მიუთითებს.
იაკობ ჰიუსმანსი, ვისი სახელოსნოდანაც უნდა იყოს ეს ნახატი გამოსული, 1660 წელს ინგლისში დასახლდა და კარლოს II-ის კარის წამყვანი პორტრეტისტი გახდა.
კიდევ ერთი დიდგვაროვანია გამოსახული ხელოვნების სასახლის მიერ ევროპულ აუქციონზე შეძენილ ნამუშევარზე. აკაკი ჭანტურია ამ ნახატის შესახებ წერდა: “კულულებიანი გრაფის გრინჰილის პორტრეტი, ეკატერინე დედოფლის კუთვნილი. ბოლოს ინახებოდა ბაღის ქუჩის სასახლეში. აქედან წაუღიათ და პეტერბურგს მიუყიდიათ ვიღაც ანტიკვარისათვის. აქ დახატული გრაფი ნახევარი სახით უცქერს მაყურებელს”.
სერ ჰენრი გოუგის ეს პორტრეტი მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, გამოსახული პირი გამჭოლი და ამასთანავე მკაცრი მზერით შესცქერის დამთვალიერებელს. მას მოხვეული აქვს აბრეშუმის მოსასხამი, რომელიც ტიპურია ჯონ გრინჰილის (1644-1676) შემოქმედებისთვის და იმ მხატვრებისთვისაც, ვისზეც ამ უკანასკნელმა დიდი ზეგავლენა მოახდინა.
ჩნდება კითხვა - ვინ არის პორტრეტზე გამოსახული მამაკაცი? სერ ჰენრი გოუგი (1649-1724) პერი ჰოლიდან იყო, ინგლისელი პოლიტიკოსი, რომელიც საზოგადოებრივ პალატაში 1685-დან 1705 წლამდე მოღვაწეობდა. ის 1671-1672 წლამდე სტაფორდშირის უმაღლესი შერიფის მოვალეობასაც ასრულებდა. 1678 წელს მისი პაპის მიერ კარლოს I-ისთვის გაწეული სამსახურის გამო რაინდად აკურთხეს. 1685, 1689 და 1699 წლებში ტამვორთიდან პარლამენტში აირჩიეს, როგორც კონსერვატორთა პარტიის წევრი. 1705 წელს კი ლიჩფილდიდან გახდა დეპუტატი.
სერ გოუგი (Henry Gough) გარდაიცვალა 1724 წლის 24 იანვარს და დაკრძალულია ბაშბერიში. ჰენრი გოუგის 11 შვილიდან მხოლოდ 3 გადარჩა. მისი რეზიდენცია პერი ჰოლში 1927 წელს დაანგრიეს, ეზო ბირმინგემში პერი პარკის ნაწილი გახდა, სადაც დღემდე შემორჩენილია გრაფის დროინდელი თხრილი. ნახატის ავტორი ჯონ გრინჰილი (1644-1676) თავისი დროის ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო პორტრეტისტად მიიჩნეოდა.
დასავლეთევროპული პორტრეტული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშია “ბიჭის პორტრეტი ძაღლთან ერთად”, რომლის ავტორი რობერტ ბინგი (1666-1720) უნდა იყოს. ევროპაში ძაღლთან ერთად ადამიანის გამოსახვა არა მარტო სოციალური სტატუსის ხაზგასმა იყო, არამედ ერთგულებისა და მეგობრობის სიმბოლური გადმოცემის თავისებური ხერხი გახლდათ. მხატვარი-პორტრეტისტი რობერტ ბინგი წარმოშობით უილტშირიდან იყო. ის XVII-XVIII საუკუნეების მიჯნის ინგლისის გამორჩეული ხელოვანის, სერ გოდფრი კნელერის სახელოსნოში ასისტენტად მუშაობდა. მისი ნამუშევრები ინახება უელსის ქალაქის საბჭოს, ტეტფორდის მუზეუმისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლექციებში.
ხელოვნების სასახლის დასავლეთევროპული მხატვრობის ნიმუშებზე საუბრის პირველ ნაწილს ერთი გამორჩეული ნამუშევრით დავასრულებთ. ეს არის მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო, რომლის ავტორი გენიალური ესპანელი მხატვარი ბართოლომეო ესტებან მურილიოა (1617-1682), ნახატზე “მადონა ყრმითაა” ასახული, ტილოს ორიგინალი კი რომში, პალაცო ბარბერინიში გალერეა კორსინიში ინახება. ხელოვნების სასახლეში დაცული ნამუშევარი ორიგინალის საუცხოო ასლს წარმოადგენს XIX საუკუნისა. ასეთივე ასლი დაცულია მსოფლიოში სახელგანთქმულ ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში. ის თავის დროზე რომის გალერეა ბორგეზეს კუთვნილება იყო. საქართველოში დაცული ასლი ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწესა და მეცენატ დავით სარაჯიშვილს პარიზში აუქციონზე დიდ ფასად შეუძენია. თბილისში ჩამოტანის შემდეგ კი ნახატი დისთვის, მარიამისთვის უჩუქებია. მარიამი დავით ერისთავის მეუღლე იყო და ტილომ ასე დაიმკვიდრა ადგილი ერისთავების ოჯახში. ბოლოს ეს შესანიშნავი ნამუშევარი თქვენმა მონა-მორჩილმა დავით ერისთავის შთამომავლის, ქალბატონი მანანა ერისთავის ოჯახში ვნახე, აწ განსვენებულ ქალბატონს ძალიან უყვარდა ეს ტილო, რომელთანაც საუკეთესო მოგონებები აკავშირებდა. ქალბატონი მანანას გარდაცვალების შემდეგ საუცხოო ნამუშევრის უცხოეთში გატანის საკითხი არაერთხელ დადგა, თუმცა კულტურის სამინისტროს თანადგომამ და სამუზეუმო კოლექციების შევსების სახელმწიფო პროგრამამ ნივთი საზღვარგარეთ გასხვისებისგან იხსნა და მან საბოლოო ადგილი ხელოვნების სასახლეში დაიმკვიდრა.
ახალშექმნილი კოლექცია სულ მალე, კერძოდ კი მიმდინარე წლის 18 მაისს - მუზეუმების საერთაშორისო დღეს - პირველად გამოიფინება დამთვალიერებლისთვის.
გიორგი კალანდია, პროფესორი, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი
"ისტორიანი" .#123