იუგოსლავიური ჯოჯოხეთის ანატომია - კვირის პალიტრა

იუგოსლავიური ჯოჯოხეთის ანატომია

რამ გამოიწვია საზარელი დაპირისპრება მონათესავე ერებს შორის

(დასაწყისი იხ. “ისტორიანი” ##111, 115)

იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ერთპიროვნული მმართველის, იოსიპ ბროზ ტიტოს 1980 წლის 4 მაისს გარდაცვალებას ბევრი ისეთი რამ მოჰყვა, რაც ალბათ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის წარმოუდგენელი და შოკის მომგვრელიც კი იყო. ტიტოს გარეშე იუგოსლავიის ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ეს დაადასტურა.

1960-იანი წლების ბოლოს გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მკვეთრად მძაფრი სახე მიიღო 1980-იან წლებში, რამაც პოლიტიკურად ისედაც დასუსტებული სახელმწიფო კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა. წინა წლებში დიდი საგარეო ვალის დაგროვებამ და გადაუხდელობამ ქვეყანა ეკონომიკურად მოშალა, რამაც მოსახლეობა მრავალი მწვავე სოციალური პრობლემის წინაშე დააყენა. ხალხის უკმაყოფილება განსაკუთრებით ქვეყნის იმ ნაწილში იგრძნობოდა, სადაც ეკონომიკური განვითარების დონე დაბალი იყო, ვიდრე შედარებით მაღალგანვითარებულ სლოვენიასა და ხორვატიაში. ეკონომიკურ კრიზისის, გაფიცვებისა და სახალხო მანიფესტაციების პარალელურად, ნაციონალიზმის ახალი ტალღა იღვიძებდა. ქვეყნის ეტაპობრივმა ეკონომიკურმა რღვევამ საგრძნობლად დააჩქარა მისი პოლიტიკურად ჩამოშლის პროცესი.

ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სოციალური პრობლემები გახდა 1981 წელს კოსოვოში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა საქმე მხოლოდ ეს როდი იყო. კოსოვოში სიტუაცია ბევრად უფრო დამძიმდა. 1970-იან წლებში დაწყებულმა და მთავრობის მიერ ძალადობრივად ჩახშობილმა საპროტესტო ტალღამ, 1981 წელს ხელახლა იჩინა თავი. კოსოვოელი ალბანელები კვლავ მოითხოვდნენ რესპუბლიკის სტატუსის მიღებას და კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში 1981 წელს გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე უკვე ღიად და საჯაროდ ისმოდა ალბანური ნაციონალისტური შეძახილები და მოწოდებები. იუგოსლავიის ცენტრალურმა მთავრობამ საპროტესტო ტალღა კიდევ ერთხელ ჩაახშო სისხლში, რამაც ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პრიშტინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კრიზისის ამ გზით განმუხტვამ კოსოვოს საკითხი კიდევ ერთხელ გადაწია.

yugoslavian-war-god-if-i-die-young-send-me-to-heaven-i-ve-already-been-to-hell-1654280480..jpg
იუგოსლავიის ომები. ხორვატი ჯარისკაცის უკან კედელზე წარწერაა: "ღმერთო, თუ ახალგაზრდა მოვკვდები, სამოთხეში წამიყვანე, ჯოჯოხეთში უკვე ვიყავი"

სერბული ნაციონალიზმის გამოღვიძება

იუგოსლავიაში ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემები ნელ-ნელა უფრო ცხადად იძენდა პოლიტიკურ ელფერს. ათწლეულის მიწურულს, 1987 წლიდან, ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა სერბეთის კომუნისტური ლიგის ერთ-ერთი ლიდერი სლობოდან მილოშევიჩი, რომლის პირველივე ნაბიჯები ააშკარავებდა მის ნაციონალისტურ პოლიტიკას. მილოშევიჩის პირველი ხმაურიანი გამოჩენა სწორედ კოსოვოში მოხდა. 1981 წლის შემდეგ კოსოვოში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, ამჯერად უკვე ადგილობრივი სერბები გამოხატავდნენ პროტესტს შევიწროებისა და ეთნიკური ნიშნით დევნის გამო. სლობოდან მილოშევიჩმა სიტყვით გამოსვლისას კოსოვოელ სერბებს მხარდაჭერა აღუთქვა, რომ სერბეთი კოსოვოს არასდროს დათმობდა. სერბმა პოლიტიკურმა ლიდერმა ამ ნაბიჯით კოსოვოელი სერბების გულიც მოიგო და ამასთან, მორიგი ნაბიჯი გადადგა ძალაუფლების მოსახვეჭად.

მილოშევიჩის გამოჩენასთან ერთად, ახალ ფაზაში შევიდა სერბულ-ხორვატიული დაპირისპირება. მან სერბული ნაციონალიზმის გამოღვიძება უახლესი ისტორიის გადახედვითა და ხელახალი გააზრებით დაიწყო, რაც პირველ რიგში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ხორვატ “უსტაშთა” მიერ სერბეთისთვის მიყენებულ ჯერ კიდევ შეუხორცებელ ჭრილობებს უკავშირდებოდა. იმავდროულად, სულ უფრო ნათელი ხდებოდა სერბი ლიდერის მისწრაფებები, მოსულიყო იუგოსლავიის სათავეში. თუმცა მას ამისთვის იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ ასამბლეაში ხმათა უმრავლესობა სჭირდებოდა. ეს კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგანაც სლოვენია, მაკედონია და განსაკუთრებით ხორვატია ამის კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ. მიზეზი, პირველ რიგში, მილოშევიჩის სამომავლო გეგმა იყო, რომელიც იუგოსლავიის უფრო ცენტრალიზებულ ფედერაციად გარდაქმნას ითვალისწინებდა, რაც ქვეყნის არასერბული მოსახლეობისთვის მიუღებელი იყო.

თუმცა მილოშევიჩი დანებებას ჯერ არ აპირებდა. 1988 წელს მისი დაფინანსებით საპროტესტო გამოსვლები მოეწყო სერბეთის ჩრდილოეთ ავტონომიურ პროვინცია ვოევოდინაში. მომდევნო წელს კი მსგავ­სი ტიპის საპროტესტო ტალღა მოედო მონ­ტე­ნეგ­როს დედაქალაქ ტიტოგრადსაც (დღე­ვან­დელი პოდგორიცა). მიზანი იყო ადგილობრივ მმართველ ორგანოებში მილოშევიჩის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების ჩანაცვლება მისი მომხრეებით.

ამ მოვლენებიდან მცირე ხანში კოსოვოში სიტუაცია კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ეს იმას მოჰყვა, რომ 1989 წლის მარტში შესწორება შეიტანეს სერბეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში, რაც ითვალისწინებდა ვოევოდინასა და კოსოვოსთვის 1974 წელს გაზრდილი ავტონომიური უფლებების შეზღუდვას. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა კოსოვოში სიტუაციის გაუარესება, რასაც მოგვიანებით, 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მომდევნო თვეებში სლობოდან მილოშევიჩს ტიტოს მემკვიდრეობის გადმობარების გეგმა ჩაუვარდა. 1990 წლის იუგოსლავიის კომუნისტური ლიგის ბოლო, მე-14 კონგრესზე, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად სლოვენიისა და ხორვატიის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა დატოვეს. ამ კონგრესზე მილოშევიჩისთვის ბევრი რამ წყდებოდა, ხოლო სლოვენ და ხორვატ კოლეგათა ქმედებამ მისი გეგმები ჩიხში შეიყვანა. ამის გამო მას ძალაუფლების მოსაპოვებლად ახალი სტრატეგიის შემუშავება დასჭირდა.

vukovar-1992-christmas-during-the-yugoslav-wars-1654280480..jpg
იუგოსლავიის ომები. შობის დღესასწაული (ვუკოვარი, 1992 წ.)

ხორვატიის “პასუხი”

ამავე პერიოდში ხორვატიაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, პოლიტიკური ლიდერები უკვე ხმამაღლა საუბრობდნენ ხორვატიის ავტონომიაზე, დემოკრატიზაციასა და სიტყვის თავისუფლებაზე. საპროტესტო გამოსვლებზე ღიად აკრიტიკებდნენ სლობოდან მილოშევიჩის ხისტ ნაციონალისტურ პოლიტიკას. ხორვატიის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდa 1970-იანი წლების რეპრესიების დროს დაპატიმრებული ფრანიო ტუჯმანი. მან მალე მოიპოვა პოპულარობა და 1990 წლის არჩევნებში პრეზიდენტად აირჩიეს. ახალარჩეულma პრეზიდენტმა შეცვალა ხორვატიის ეროვნული დროშა. მას არ გამოჰპარვია სლობოდან მილოშევიჩის მხრიდან მეორე მსოფლიო ომის მოვლენებისა და ხორვატ უსტაშთა ისტორიის გახსენებაც, რის გამოც სერბმა ლიდერმა მთელი ხორვატი ერი დაადანაშაულა. სერბთა მსგავსად, ხელახლა გადაიხედა ხორვატთა უახლესი ისტორია, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის მოვლენები, რის შედეგადაც “უსტაშები” ანტიკომუნისტურ სიმბოლოდ იქცნენ, ხოლო მათi მხრიდან სერბებისა და სხვა ხალხების დევნას შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა.

ფრანიო ტუჯმანის განცხადებას, რომ ის ახალი ხორვატიის შექმნას პირველ რიგში ეთნიკური ხორვატებისთვის იწყებდა, ადვილად არ ჩაუვლია. 1980-იანი წლების მიწურულს ხორვატიაში ეთნიკურად სერბი მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 11%-ზე მეტს შეადგენდა. ისინი ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში, ე.წ. სერბულ კრაინაში ცხოვრობდნენ. ხორვატიის ახალი პრეზიდენტის განცხადებები კი ეთნიკურად ჰომოგენური სახელმწიფოს შექმნას გულისხმობდა. შესაბამისად, დაიწყო ხორვატიაში მცხოვრებ სერბთა შევიწროება და დისკრიმინაცია. სერბებს, რომლებიც აქამდე რესპუბლიკის მოსახლეობის ჩვეულებრივ ნაწილად ითვლებოდნენ, ეთნიკური უმცირესობის სტატუსი მიენიჭათ. საპასუხოდ ადგილობრივმა სერბებმა ხორვატიის სამხრეთ ნაწილში გზები ხის მსხვილი მორებით გადახერგეს და რეგიონის სრული ბლოკადა მოახდინეს. ამ მოვლენებს “მორების რევოლუციადაც” მოიხსენიებენ. ეს ნაბიჯი ნიშნავდა, რომ სერბული კრაინის ხორვატიისგან ჩამოშორების (სეცესიის) პროცესი უკვე დაწყებული იყო.

ბოსნიური ნაღმი

1991 წლის გაზაფხულზე შეხვედრები გამართეს ხორვატიისა და სერბეთის რესპუბლიკების მმართველებმა. უკვე ორივე ქვეყნის ლიდერი ხვდებოდა, რომ მოლაპარაკებათა ეტაპი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა და მალე ყველაფერი სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა. ფრანიო ტუჯმანისა და სლობოდან მილოშევიჩის შეხვედრებზე ძირითადი განხილვის საგანი ტერიტორიების განაწილება იყო. ორივე ქვეყნის ლიდერის გეგმით, თავიანთი რესპუბლიკების სამომავლო პოლიტიკური საზღვრები ეთნიკურ საზღვრებს უნდა დამთხვეოდა, რაც მრავალ წინააღმდეგობას წარმოშობდა როგორც სერბებსა და ხორვატებს შორის, აგრეთვე სხვა რესპუბლიკებშიც. თუ ყველაფერი მათი გეგმით მოხდებოდა, ყველაზე უხერხულ სიტუაციაში ბოსნია-ჰერცეგოვინა რჩებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოსნიაში სერბები და ხორვატები ბოსნიელ მოსახლეობას აღემატებოდნენ. ტუჯმანისა და მილოშევიჩის გეგმით ეს იმას ნიშნავდა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა, სულ ცოტა, სამ ნაწილად უნდა გაყოფილიყო.

ამასობაში, ბოსნია-ჰერცეგოვინის პრე­ზიდენტად უკვე აერჩიათ ალია იზეტბეგოვიჩი. მან 1980-იანი წლების ბოლოს შექმნა “დემოკრატიული მოქმედების პარტია”, რომ­ლის ირგვლივაც ბოსნიის მუსლიმი მო­სახლეობა გაერთიანდა. ბოსნიელების მსგავსად, ბოსნია-ჰერცეგოვინაში მცხოვ­რებma ხორვატებმა და სერბებმაც შექმნეს თავიანთი პარტიები, რამაც ერთ რესპუბლიკაში გვერდიგვერდ მცხოვრები სამი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები კიდევ უფრო მეტად დააშორა ერთმანეთს. მილოშევიჩ-ტუჯმანის შეხვედრებისას პარალელურად ალია იზეტბეგოვიჩი ცდილობდა გამოსავლის პოვნას, რომ ბოსნიისთვის გარდაუვალი განსაცდელი აეცილებინა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო სამ ძირითად ეთნიკურ ჯგუფს შორის ეთნიკური და პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც რესპუბლიკის სრულყოფილ მართვას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდა.

მილოშევიჩ-ტუჯმანის შეხვედრამ ხორვატიის ტერიტორიაზე არსებულ სერბულ კრაინაში, ვითარების სტაბილიზების ნაცვლად, საპირისპირო შედეგი გამოიღო. შედეგად, სერბთა კრაინის ტერიტორიაზე პერიოდულად მიმდინარეობდა მცირე მასშტაბის სამხედრო შეტაკებები. 1991 წლის მაის-ივნისში კი ვითარება გაუარესდა და ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა. ყოველივე მოჰყვა ჯერ 19 მაისს ხორვატიაში გამართულ დამოუკიდებლობის რეფერენდუმს და შემდგომ 25 ივნისს ხორვატიასა და სლოვენიაში დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ორი, უკვე ყოფილი იუგოსლავიური რესპუბლიკის ეს ქმედება ბელგრადს უპასუხოდ არც დაუტოვებია და გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, იუგოსლავიის სახალხო არმიამ ორივე რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

croatia-war-1991-dubrovnik-1024x683-1654280479.jpg
იუგოსლავიის ომები. დუბროვნიკი (1991 წ.)

სლოვენიის ათდღიანი და ხორვატიის ხუთწლიანი ომები

ომმა სლოვენიაში მხოლოდ 10 დღეს გასტანა. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე იუგოსლავიის არმიამ სლოვენიის ტერიტორიაზე გაძლიერებული კონტროლის აღდგენა სცადა, რასაც მცირე მასშტაბის სამხედრო შეტაკებები ახლდა თან. ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. თუმცა 1991 წლის 7 ივლისს, კუნძულ ბრიუნიზე ხორვატ, სლოვენ და სერბ წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შედეგად, იუგოსლავიის სახალხო არმიამ სლოვენიის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები შეწყვიტა. შეთანხმების მიხედვით, ხორვატია და სლოვენია სამი თვით აჩერებდნენ დამოუკიდებლობის ხელშეკრულებას, რამაც ვითარება ხორვატიაში დროებით განმუხტა, ხოლო სლოვენია სრულად დაიხსნა იუგოსლავიური კლანჭებისგან.

თუმცა შემდეგ იუგოსლავიის სახალხო არმიამ მთელი ძალა ხორვატიის წინააღმდეგ მიმართა. 1991 წლის ბოლოსთვის ის ხორვატიის საკმაოდ დიდ ნაწილს აკონტროლებდა. პარალელურად, რეფერენდუმის შედეგად სერბულმა კრაინამ ხორვატიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იუგოსლავიის სახალხო არმიას 1991 წლის ბოლომდე მიჰქონდა იერიში ძირითადად ფრონტის ხაზთან განლაგებულ ხორვატიულ ქალაქებზე, რასაც მათი დიდი ნაწილის განადგურება მოჰყვა. იქ მცხოვრებ მოსახლეობას თავის უსაფრთხო ადგილას შეფარებამ მოუწია. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ვუკოვარი, რომელიც ინტენსიური დაბომბვების შემდგომ ფაქტობრივად ნანგრევებად იქცა. ამავე ქალაქს უკავშირდება ვუკოვარის ცნობილი ხოცვა-ჟლეტა, როცა ქალაქზე კონტროლის დამყარების შემდგომ, სერბულმა სამხედრო შენაერთებმა სიკვდილით დასაჯეს 250-ზე მეტი ხორვატი სამხედრო ტყვე.

მომდევნო წელიწადი შედარებით მშვიდi აღმოჩნდა. მხარეებს შორის გაეროს ძალისხმევით დადებული შეთანხმების შედეგად, იუგოსლავიის არმიამ ხორვატიის ტერიტორია დატოვა. 1993 წლიდან კი საბრძოლო მოქმედებები განახლდა, მაგრამ ამჯერად უპირატესობა ხორვატების ხელში აღმოჩნდა, რაც დიდწილად, ხორვატიის მიმართ ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციების მხარდაჭერის დამსახურებაც იყო.

1995 წელს ხორვატიის ომი დასრულდა. ყოველივე კი დაიწყო ხორვატების მხრიდან მცირე სამხედრო ოპერაციებით, რისი დამსახურებითაც მოკლე დროში შეძლეს სერიოზული წინ წაწევა. 1995 წლის 4 აგვისტოს ხორვატიის შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანi ოპერაცია “შტორმი” წამოიწყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად. ოპერაციაში 100 000-ზე მეტი ხორვატი სამხედრო მონაწილეობდა. შედეგად, უკვე 8 აგვისტოსთვის სერბთა კრაინა კაპიტულაციამდე მივიდა და ასობით ათას ადგილობრივ სერბ მოსახლეს მოუწია ლტოლვილის სტატუსით გადასახლება მეზობელ სერბეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სერბთა კონტროლქვეშ არსებულ ქალაქებში. ოპერაცია “შტორმის” შემდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტაკებები ხორვატიის ტერიტორიაზე დასრულდა. თუმცა, ხორვატიის აღმოსავლეთ რეგიონის მცირე ნაწილი კვლავ სერბების კონტროლქვეშ რჩებოდა, რაც ომის განახლების საფრთხეს შეიცავდა. საბოლოოდ ეს ტერიტორიაც ხორვატების ხელში გადავიდა, რაც 1995 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი ერდუტის ხელშეკრულებით გაფორმდა.

a-bosnian-girl-holding-an-ak-47-rifle-smokes-a-cigarette-as-she-waits-for-a-funeral-service-at-sarajevo-s-lion-s-cemetery-on-monday-sept-1654280479. 14, 1992.jpg
ბოსნიელი გოგონა AK-47-ით (სარაევო, 1992 წლის 14 სექტემბერი)

ნატოს ოპერაცია ბოსნიაში

1992 წლის გაზაფხულზე ფართომასშტაბიანმა სამხედრო კონფლიქტმა ბოსნიის ტერიტორიაზეც იფეთქა. თავდაპირველად ერთმანეთს ბოსნიელები და სერბები დაუპირისპირდნენ, თუმცა შემოდგომიდან მათ ბოსნიაში მცხოვრები ხორვატებიც შეუერთდნენ. ბოსნიის ტერიტორიაზე ორი ახალი თვითაღიარებული პოლიტიკური ერთეული წარმოიქმნა, სერბთა რესპუბლიკისა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკის სახით, რის გამოც ბოსნია სამ დაპირისპირებულ ნაწილად გაიხლიჩა. ბოსნიელ სერბთა პოლიტიკური ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის გეგმის მიხედვით, ბოსნია-ჰერცეგოვინა “დიდი სერბეთის” ნაწილი უნდა გამხდარიყო, რაც დიდად არც განსხვავდებოდა ბოსნიაში მცხოვრები ხორვატების გეგმისგან, ოღონდ ამ შემთხვევაში ხორვატებით დასახლებული ტერიტორიები ხორვატიის რესპუბლიკას უნდა შეერთებოდა.

ხორვატიის ომის მსგავსად, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ჩადენილი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ბოსნიის ომშიც ხდებოდა. დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა ქვეყნის დედაქალაქ სარაევოში, სადაც კონფლიქტის პირველი დღიდან ბოლომდე სერბული სამხედრო შენაერთების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას ყოველდღიურ, მუდმივ ტერორში უწევდა არსებობა. თითქმის 4-წლიანმა ალყამ 5000-ზე მეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. სიმშვიდე არც სარაევოს გარეთ ყოფილა. უკვე 1992 წლის ივნისისთვის დაახლოებით 2,6 მილიონ ადამიანს მოუწია იძულებით გადაადგილებამ. წლის ბოლოსთვის ბოსნიის ომში გაეროს სამშვიდობო მისიაც ჩაერთო, რომლის ძირითადი მიზანიც თავდაპირველად სარაევოს აეროპორტის გათავისუფლება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა იყო.

სისხლის ღვრით დაიწყო მომდევნო წელიწადიც. 1993 წლის 7 იანვარს, მართლმადიდებლურ შობას, ბოსნიის არმიის სრებრენიცის დანაყოფი ერთ-ერთ სერბულ სოფელში შეიჭრა და დაპირისპირების დროს 45-ზე მეტი სერბი სამხედრო და სამოქალაქო პირი დახოცა. ბოსნიის არმიის მიმდებარე სოფლებზე თავდასხმა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა, მათ შორის სრებრენიცის უსაფრთხო ზონაშიც, სადაც სამხედრო მოქმედებები აკრძალული იყო. ამან საბოლოო ჯამში 500-ზე მეტი სერბი სამხედროსა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირებენ ორი წლის შემდგომ, ამავე სრებრენიცის უსაფრთხო ზონაში სერბთა რესპუბლიკის არმიის გენერლის, რატკო მლადიჩის მეთაურობით 8000-ზე მეტი ბოსნიელი მამაკაცის გაჟლეტას, რის გამოც ამ მოვლენას “სრებრენიცის გენოციდის” სახელითაც მოიხსენიებენ.

ბოსნიაში განვითარებული ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის 1995 წელი საბოლოო აღმოჩნდა. სრებრენიცაში განვითარებულ უმძიმეს მოვლენებსა და სარაევოში მდებარე სავაჭრო დაწესებულების დაბომბვას, რასაც 100-ზე მეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, დიდი აღელვება მოჰყვა დასავლურ ქვეყნებში. შედეგად, 1995 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის - ნატოს წამოწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად განადგურდა სარაევოს ირგვლივ განლაგებული სერბთა 300-ზე მეტი ობიექტი, რასაც მათი უკან დახევა მოჰყვა. დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, 26 სექტემბერს დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რასაც დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა მოჰყვა. ამით დასრულდა XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი. მომდევნო წელს იუგოსლავიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, რომელიც ორ ყოფილ იუგოსლავიურ რესპუბლიკას, სერბეთსა და მონტენეგროს აერთიანებდა, ცნო ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის დამოუკიდებლობა. ბოსნიის ომმა ათობით ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, ასობით ათასი ადამიანი ლტოლვილად იქცა. ამერიკელი მწერლის, კინორეჟისორისა და პოლიტიკური აქტივისტის, სიუზენ ზონტაგის აღნიშვნით, რომელიც სარაევოს ალყის დროს იმყოფებოდა ბოსნიის დედაქალაქში, XX საუკუნე სარაევოში ფრანც ფერდინანდის სიკვდილით დაიწყო და აქვე დასრულდა სარაევოს ალყით.

“ხორცსაკეპი” კოსოვოში

ბოსნიის ომის დასრულებამ ბევრს აფიქრებინა, რომ დასავლეთ ბალკანეთში ამით სიმშვიდე დაისადგურებდა. თუმცა, კოსოვოში განვითარებული მოვლენების გამო, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ საქმე ასე მარტივად არ იყო. 1996 წლიდან გააქტიურდა კოსოვოელ ალბანელთა სამხედრო-პარტიზანული ორგანიზაცია “კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია” (კგა), რომლის მთავარ მიზანსაც არც მეტი, არც ნაკლები, დიდი ალბანეთის შექმნა და ბალკანეთში ალბანელებით დასახლებული ტერიტორიების გაერთიანება წარმოადგენდა. ორგანიზაცია პერიოდულად დარტყმებს აყენებდა იუგოსლავიის სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რასაც არც ბელგრადი ტოვებდა უპასუხოდ. თავდაპირველად კგა-ის მოქმედებებს დასავლეთში ტერორისტულ საქმიანობად აფასებდნენ, რასაც ბელგრადშიც ეთანხმებოდნენ. თუმცა მოგვიანებით იუგოსლავიის პოლიციის გადამეტებულმა ქმედებებმა დასავლელ პოლიტიკოსთა დამოკიდებულება შეცვალა.

ალბანური წინააღმდეგობის თითოეულ გამოვლინებას გაცილებით მკაცრად და სასტიკად პასუხობდნენ სერბები, რასაც სამოქალაქო პირების სიცოცხლეც ეწირებოდა. ერთ-ერთი ასეთი პირველი ფაქტი, 1998 წლის 5 მარტს, სოფელ პრეკაზეში მოხდა, სადაც იუგოსლავიის პოლიციის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა 60-მდე კოსოვოელი ალბანელი იმსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც. ოპერაციისას გაანადგურეს კგა-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და რევოლუციონერი ადემ იაშარი. მსგავსი შეტაკებები მომდევნო თვეებშიც ხდებოდა. ალბანური პარტიზანული ორგანიზაციის პოზიციებში წინსვლა შეინიშნებოდა, 1998 წლის ივნისსა და ივლისში მათ შეძლეს რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლების, მათ შორის სერბული სოფლებისა და ქალაქების აღება და შემდგომ იქ გამაგრება. ამას სერბული მართლმადიდებლური მონასტრის დარბევა და გადაწვა მოჰყვა, რასაც ბელგრადში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა და შემდგომში მათი სადამსჯელო ანტიტერორისტული ოპერაციები კიდევ უფრო მძაფრ სახეს იღებდა. ამ მოვლენის გამოძახილი იყო 28 სექტემბერს ერთ-ერთი სოფლის მახლობლად კოსოვოს დიპლომატიური სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ ნაპოვნი გაჟლეტილი ოჯახის 21 წევრი, რომელთაგან 9 ქალი და 5 ბავშვი იყო, მათ შორის მცირეწლოვნებიც...

კოსოვოში მიმდინარე მოვლენების ფონზე დასავლეთში ფიქრობდნენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრაზე. ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციები გამოსავალს, კონფლიქტის ზონაში ნატოს ჯარების შეყვანას და სიტუაციის მათ კონტროლზე აყვანაში ხედავდნენ, რაც მილოშევიჩის მთავრობისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. ეს აღიქმებოდა იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის საშინაო საქმეებში უცხო ძალის უხეშ ჩარევად. მილოშევიჩის უარმა კოსოვოში ნატოს ჯარების განლაგებაზე, სამშვიდობო მოლაპარაკებების სერია საბოლოოდ ჩაშალა, რამაც იუგოსლავია მორიგი ფართომასშტაბიანი ომის წინაშე დააყენა. შედეგად 23 მარტს, ნატოს გენერალურმა მდივანმა ხავიერ სოლანამ იუგოსლავიის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის ბრძანება გასცა, რისი აღსრულებაც მეორე დღესვე დაიწყო.

signing-the-dayton-agreement-milosevic-tudjman-izetbegovic-1654280479.jpg
დეიტონის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. სხედან (მარცხნიდან) სლობოდან მილოშევიჩი, ფრანიო ტუჯმანი, ალია იზეტბეგოვიჩი. დგანან (მარცხნიდან) ფელიპე გონსალესი, ბილ კლინტონი, ჟაკ შირაკი, ჰელმუტ კოლი, ჯონ მეიჯორი და ვიქტორ ჩერნომირდინი

დასავლეთში თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ მათ მიერ წარმოებული ოპერაცია - “მოკავშირეთა ძალა” რამდენიმე დღეს გასტანდა, რის შემდეგაც მილოშევიჩს სხვა გზა აღარ დარჩებოდა და უკან დაიხევდა, თუმცა ოპერაცია 78 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. იუგოსლავიის საჰაერო სივრცე ნატოს ათასობით ჭურვმა გააპო. ოპერაციის დროს დაიბომბა იმჟამინდელი იუგოსლავიის დედაქალაქი ბელგრადი, რასაც ქალაქში ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე eმსხვერპლა. ბელგრადის დაბომბვისას ერთ-ერთი ჭურვი დაეცა ჩინეთის საელჩოს, რამაც 3 ჩინელი ჟურნალისტი იმსხვერპლა. ჩინეთში ამას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო დასავლეთში მომხდარს გაუთვალისწინებელი შეცდომა უწოდეს. იუგოსლავიაში სამხედრო ოპერაციის დროს დაბომბვებს ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა (მონაცემები განსხვავებულია იუგოსლავიის, ნატოსა და სხვათა შეფასებებით), რის გამოც დღემდე რჩება მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა ამ ოპერაციის მიმართ.

იუგოსლავიის დაბომბვის შედეგად, მილოშევიჩის მთავრობამ უკან დაიხია. 1999 წლის 9 ივნისს ხელი მოეწერა და 10 ივნისს ძალაში შევიდა “კუმანოვოს შეთანხმება”, რის მიხედვითაც, კოსოვოს რეგიონში იუგოსლავიის არმია ჩაანაცვლა ნატოს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო ძალებმა (KFOღ). კოსოვოს ომი დასრულდა. ომმა ორივე მხრიდან ათასობით სამოქალაქო და სამხედრო პირის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მილიონამდე ადამიანს იძულების წესით მოუხდა გადაადგილება.

დასავლეთ ბალკანეთში მცირე სამხედრო შეტაკებები კოსოვოს ომის შემდეგაც ხდებოდა, თუმცა იუგოსლავიური ომები დასასრულს მიუახლოვდა. იუგოსლავიის ფედერალურმა რესპუბლიკამ, რომელიც სერბეთისა და მონტენეგროს რესპუბლიკებს აერთიანებდა, 2006 წლამდე იარსება, რის შემდეგაც ორივე რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვომ კი, მიუხედავად სერბეთის პროტესტისა და წინააღმდეგობისა, 2008 წელს მიიღო ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელსაც დღევანდელი მონაცემებით გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 97 აღიარებს. გასაგები მიზეზების გამო, საქართველო მათ რიცხვში არ არის.

გიორგი ბრეგვაძე

"ისტორიანი" .#123