ლავრენტი ბერია და რუმინელი ნაცისტები - კვირის პალიტრა

ლავრენტი ბერია და რუმინელი ნაცისტები

ლეგიონერთა 1941 წლის პუტჩი ბუქარესტში

ბუქარესტი: 1940 წლის ოქტომბერი.

ბერია ოთახის შუაგულში შეჩერდა. სტალინმა თავი ასწია.

- როგორაა საქმეები, ლავრენტი?

- რუმინელი ნაცისტების ემისარი უკვე მოსკოვშია! - თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ბერიამ, - თქვენთან შეხვედრა სურს.

- გამორიცხულია, - მტკიცედ წარმოთქვა სტალინმა, - ისევ შენ შეხვდი.

- მას უშუალოდ თქვენთან სურს ლაპარაკი.

- ჩათვალე, რომ ჩემი ოფიციალური წარმომადგენელი ხარ, - სტალინმა გაიღიმა, - იმ რუმინელსაც ეს პირდაპირ განუცხადე.

დიდი რუმინეთი

თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ უძველეს ხანაში არსებობდა დაკიის სახელმწიფო. ის შემდგომში რომაელებმა დაიპყრეს. ამ დაკიურ-რომანულ საფუძველზე ჩამოყალიბდა კიდეც რუმინელი ერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ამას ხელს უშლიდნენ ავსტრია-უნგრეთი და თურქეთი, რომლებიც რუმინულ მიწებს აკონტროლებდნენ. 1881 წელს რუმინეთმა დამოუკიდებლობას მიაღწია, თუმცა მის შემადგენლობაში გაერთიანდა მხოლოდ რუმინული მიწების ნაწილი, ვლახეთი და მოლდავეთი (ბესარაბიის გარეშე). ასეა თუ ისე, მსოფლიო რუკაზე რუმინეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდა. ამას მხარს უჭერდნენ საფრანგეთი და ნაწილობრივ რუსეთიც, თუმცა პეტერბურგში ძალზე აშფოთებდათ რუმინელთა პრეტენზიები ბესარაბიაზე.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუმინეთის შემადგენლობაში მოექცა ტრანსილვანია, დობრუჯა, ბესარაბია და ჩრდილოეთი ბუკოვინა. მართალია, რუმინეთს ომის დროს ერთი ბრძოლაც არ მოუგია, მაგრამ განსაზღვრული ტერიტორიები შემოიერთა.

- დიდი რუმინეთი, ანუ რომანია მარე, - ასე უწოდებდნენ ადგილობრივი შოვინისტები ახალშექმნილ სახელმწიფოს, - ეროვნულად ჭრელი იყო. რომანია მარეში ცხოვრობდნენ როგორც რუმინელები, ასევე უნგრელები, ბულგარელები, უკრაინელები, ბოშები, ებრაელები.

მალე ეროვნული პრობლემა უაღრესად გამ­წვავდა. ამას დაერთო სოციალური პრობ­ლე­მაც, რომელიც იმხანად არსებულმა კო­რუფციამ გააძლიერა. რუმინეთი მაშინდელი ევროპის ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო გახლდათ. ასეთ ქვეყნებში ექსტრემისტული ორგანიზაციები აქტიურდებიან ხოლმე. რუმინეთში გააქტიურდნენ კომუნისტები, რომელთა უკანაც საბჭოთა კავშირი იდგა და ფაშისტები, რომლებსაც მხარს იტალია უჭერდა.

ნაციზმი რუმინულად

ფაშიზმის იდეები რუმინეთში პროფესორმა ალექსანდრუ კუზამ (1857-1947) შემოიტანა. ის ბენიტო მუსოლინის თავგამოდებული მომხრე იყო. სწორედ კუზამ შექმნა ქრისტიანული თავდაცვის ლიგა, რომლის ბაზაზეც შემდგომში რუმინელ ფაშისტთა კავშირი აღმოცენდა. კუზას მოწაფეებს შორის ყველაზე მეტად ახალგაზრდა, ენერგიული ფანატიკოსი კორნელიუ კოდრიანუ გამოირჩეოდა. კუზასგან განსხვავებით, ის რასობრივი სიწმინდის თეორიასა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აბსოლუტური დომინანტობის იდეას ქადაგებდა. სწორედ კოდრიანუს სახელს უკავშირდება რუმინეთში ნაციზმის აღმოცენება. ის უფრო რადიკალური და აგრესიული იყო, ვიდრე რუმინული ფაშიზმი.

აღსანიშნავია, რომ რასისტი კოდრიანუ თავად არ იყო წმინდა სისხლის რუმინელი. მისი ნამდვილი გვარია ზელინსკი. მამამისი პოლონელი გახლდათ, დედა - ებრაელი. ბიჭს ეს ძალზე თრგუნავდა, ამიტომაც გვარი ზელინსკი კოდრიანუდ გადაიკეთა. ის ფანატიკოსი ნაცისტი გახდა. ამის გამო მოხდა კიდეც მისი კონფლიქტი კუზასთან. თავისი მასწავლებლისგან განსხვავებით კოდრიანუ არავითარ საშუალებას, მათ შორის ტერორსაც, არ თაკილობდა. მალე ის რუმინელ ფაშისტთა რიგებიდან გამოვიდა და შექმნა საკუთარი ორგანიზაცია, რომელსაც მყვირალა სახელი “მთავარანგელოზ მიქაელის ლეგიონი” ეწოდა. ეს იყო პირველი ნაცისტური ორგანიზაცია რუმინეთში. სწორედ მის ბაზაზე შეიქმნა ლეგიონი “რკინის გვარდია”. მისი ბელადი, ანუ კაპიტანული (რუმინულად - კაპიტანი) კი კოდრიანუ გახდა.

- გერმანიაში ჰიტლერი ჯერ არ იყო ხელისუფლებაში მოსული, რუმინეთში კი ნაცისტური ორგანიზაცია შეიქმნა, - წერს პროფესორი ვლადიმირ ლებედევი.

corneliu-codreanu-profile-1654281037.jpg
კორნელიუ ზელია კოდრიანუ (თავდაპირველად - კორნელიუ ზელენსკი), ლეგიონერთა ბელადი და "რკინის გვარდიის" კაპიტანული

ლეგიონერები და მეფე

დღეს ყველა მკვლევარი ერთსულოვანია, რომ კოდრიანუ მოქნილი პოლიტიკოსი არ ყოფილა. მისმა აგრესიულობამ დაუპირისპირა ლეგიონერები როგორც რუმინულ ბურჟუაზიას, ასევე მეფე კაროლ II-საც. კოდრიანუ ღია კონფლიქტზეც წავიდა. მან ტერორი გააჩაღა, 1933 წლის 30 დეკემბერს ლეგიონერებმა ბუქარესტში თვით პრემიერი იონ დუკა მოკლეს. მთავრობის კონტრღონისძიებებმაც არ დაახანა. კოდრიანუ დააპატიმრეს, თუმცა მისი დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთები ვერ მოიძებნა. კაპიტანული გაათავისუფლეს.

მალე რკინის გვარდიას სახელი შეეცვალა და ეწოდა პარტია “ყველაფერი სამშობლოსთვის”. ლეგიონერები რუმინეთის პარლამენტშიც მოხვდნენ. მიუხედავად ამისა, არც ტერორზე უთქვამთ უარი.

- კოდრიანუ ხმამაღლა აცხადებდა, რომ მისი მიზანი ნაციონალური რევოლუცია და მეფე კაროლ II-ის დამხობა იყო! პარლამენტი კი მხოლოდ ტრიბუნად სჭირდებოდა. - წერს ლებედევი.

შედეგად, ლეგიონერებსა და კაროლ II-ს შორის ნამდვილი კონფრონტაცია გაღვივდა. ეს კოდრიანუსა და მისი უახლოესი თანამებრძოლებისთვის ცუდად დამთავრდა. ისინი დააპატიმრეს, ლეგიონერთა მოძრაობა კი აიკრძალა. მალე კოდრიანუ და მისი მეგობრები საკანში დაახრჩვეს. ოფიციალურმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი თითქოს გაქცევის მცდელობისას მოკლეს.

იდგა 1938 წელი.

ლეგიონერები და გენერალი ანტონესკუ

უკვე 1935-1936 წლებში გამოიკვეთა ლეგიონერთა ალიანსი გენერალ იონ ანტონესკუსთან. პრესაში გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომელთაც ხელს აწერდნენ კოდრიანუ და ანტონესკუ. ამან ბევრი გააოცა, რადგან ისინი აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებები იყვნენ.

იონ ანტონესკუ მდიდარი მიწათმფლობელისა და ყოფილი სამხედროს ოჯახში დაიბადა. გიმნაზია ჩინებულად დაამთავრა და სწავლა სამხედრო სასწავლებელში განაგრძო. მონაწილეობდა ბალკანეთისა და პირველ მსოფლიო ომში. თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა და ნიჭიერმა მეთაურმა. მისი სახელი რუმინეთში ფართოდ გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც მისი სარდლობით 1919 წელს რუმინეთის არმიამ მოაწყო ინტერვენცია უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკაში. შედეგად რუმინეთმა ტრანსილვანია შეიერთა. ანტონესკუ, როგორც ტრანსილვანიის განმათავისუფლებელი, გმირის შარავანდედში გაეხვია. შემდგომში მას ეკავა საფრანგეთში რუმინეთის სამხედრო ატაშეს პოსტი, იყო გენშტაბის უფროსი, ბოლოს კი თავდაცვის მინისტრი. ლეგიონერებს, რომლებიც ნაციონალური რევოლუციისთვის ემზადებოდნენ, ჰაერივით ესაჭიროებოდათ ეს სახელოვანი კაცი. ანტონესკუს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა არმიაშიც და ხალხშიც.

- ის იყო უაღრესად განათლებული, ინტელიგენტური პიროვნება. ამავე დროს უდიდესი პატრიოტი და მამაცი სამხედრო. ანტონესკუსთვის წმიდათაწმიდა იყო ისეთი ცნებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, - წერს ჟურნალისტი და მწერალი სანშ დე გრამონი (იგივე ტედ მორგანი).

ამიტომაც ანტონესკუ დაუპირისპირდა მეფე კაროლ II-ს, რომლის სასიყვარულო თავგადასავლებზე ლეგენდები დადიოდა. მეფის გარშემო კარიერისტების, შარახვეტიებისა და ხაზინის ქურდების მთელი ჯგუფი შემოიკრიბა. ისინი ურცხვად ითბობდენ ხელს სახელმწიფოს ხარჯზე. ანტონესკუ-კოდრიანუს ალიანსიც ასეთ ხალხს დაუპირისპირდა. ამან მოიტანა კიდეც ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ალიანსი.

- ორივეს აერთიანებდა ბრძოლა კაროლ II-ისა და მისი ხროვის წინააღმდეგ! ამავე დროს ანტონესკუ კოდრიანუსთან ურთიერთობისას ერთგვარ დისტანციასაც ინარჩუნებდა. გენერალი ლეგიონერთა ბელადს აშკარად აგრძნობინებდა, რომ არც მისი ანტისემიტიზმი მოსწონდა, არც დემაგოგია და ტერორიზმი, - წერს ლებედევი.

მიუხედავად ამისა, კოდრიანუს დაპატიმრების შემდეგ ანტონესკუ პირველი იყო, ვინც ლეგიონერთა ბელადი ხმამაღლა დაიცვა. სასამართლოზე მან კოდრიანუს ღირსეული ვაჟკაცი და პატრიოტი უწოდა. მოსამართლის შენიშვნაზე, კოდრიანუ მეფის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა და ბრალი სახელმწიფოს ღალატში ედებაო, მიუგო:

- მოღალატეებს მე ხელს არ ვართმევ, კოდრიანუს კი მსურს ჩემი პატივისცემა საჯაროდ დავუდასტურო, - ამ სიტყვების შემდეგ კაპიტანულს ხელი დემონსტრაციულად ჩამოართვა.

კოდრიანუს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. შემდეგ ის საკანში დაახრჩვეს. ანტონესკუ, მეფე კაროლ II-ის ბრძანებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში აიყვანეს.

173599969-3956027111101603-5138871070680940273-n-1654281037.jpg
რუმინეთის მეფე კაროლ II (მეფობდა 1930-1940 წწ.) ჰოჰენცოლერნ-ზიგმარინგენების გვარიდან და მისი ვაჟი მიხაი I, რომელიც მეფობდა ორჯერ: 1927-1930 (რეგენტების მეურვეობით) და 1940-1947 წლებში

სამხედრო-ლეგიონერული სახელმწიფო

კოდრიანუს სიკვდილის შემდეგ ლეგიონერები იატაკქვეშეთში გადავიდნენ. კაპიტანულის პოსტი კი ჰორია სიმამ დაიკავა. კოდრიანუსგან განსხვავებით, ის პოლიტიკოსი იყო და სწორხაზოვნება არ ახასიათებდა.

კოდრიანუს დაპატიმრების შემდეგ სიმამ ქვეყანა დატოვა. ის ერთხანს გერმანიაში დამკვიდრდა, საიდანაც რუმინეთში ტერორისტების კოორდინაციას უწევდა. მზადდებოდა მეფე კაროლ II-ის ლიკვიდაცია. ამას წინ აღუდგნენ გერმანელები, რომლებსაც რუმინეთის მეფესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სიმამაც თავისი შტაბ-ბინა ბუდაპეშტში გადაიტანა, რამაც ბევრი გააოცა. უნგრელები და რუმინელები ხომ ოდითგანვე მტრები იყვნენ. კოდრიანუც მოითხოვდა თავის დროზე ტრანსილვანიიდან უნგრელთა გაძევებას. როცა სიმას ჰკითხეს, მადიარებთან ალიანსზე როგორ წახვედიო, მიუგო:

- აბა, რა ვქნა? მეტი გამოსავალი არ არის!

1938 წლის 1-ელ სექტემბერს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ჰორია სიმამაც სცადა ეს გამოეყენებინა და კაროლ II დაემხო. შეთქმულება ჩაიშალა. მაშინ სიმამ მეფე კაროლ II-სთან საიდუმლო მოლაპარაკებები დაიწყო. პარიზის დაცემის შემდეგ (1940 წლის ივნისში) კაროლ II ლეგიონერთა ბელადს გაურიგდა. გამოცხადდა ამნისტია. ჰორია სიმა თავის თანამებრძოლებთან ერთად რუმინეთში დაბრუნდა და ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა. ამავე დროს მან მოითხოვა, ყველა დაპატიმრებული ლეგიონერი გაეთავისუფლებინათ, ხოლო გენერალი ანტონესკუ შინაპატიმრობიდან გამოეშვათ. მეფე დათანხმდა. ამრიგად, გუშინდელი მოსისხლენი თითქოს მოკავშირეები გახდნენ.

მოვლენები კი ელვის სისწრაფით ვითარდებოდა. სსრ კავშირმა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ, რუმინეთს ბესარაბია და ბუკოვინა მოსთხოვა. გერმანიამ კი ე.წ. ვენის არბიტრაჟის შედეგად ტრანსილვანიასა და დობრუჯას დაადგა თვალი. ეს ტერიტორიები ჰიტლერის მოკავშირეებს - უნგრეთსა და ბულგარეთს უნდა გადასცემოდა. რუმინეთი, რომელიც ორმაგი წნეხის ქვეშ მოექცა, იძულებული გახდა, დათანხმებულიყო. კაროლ II-მაც დათმო. აღშფოთებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მეფე იძულებული გახდა, ტახტიდან გადამდგარიყო და ქვეყანა დაეტოვებინა. მეფე გახდა მისი ვაჟი მიხაი I, ხელისუფლებაში კი სამხედროებისა და ლეგიონერების ალიანსი მოვიდა. გენერალმა ანტონესკუმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა, ჰორია სიმამ კი ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.

- ასე შეიქმნა რუმინეთში სამხედრო-ლეგიონერული რეჟიმი, - წერს ლებედევი.

horia-sima-and-legionaries1940-retouched-1654281038.jpg
ჰორია სიმა "რკინის გვარდიის" მიტინგზე ბუქარესტში (1940 წლის 19 სექტემბერი)

ბერია და დიანუ

1940 წლის ოქტომბერში მოსკოვს რუმინელ ლეგიონერთა ემისარი დიანუ ეწვია. მან სტალინთან შეხვედრა მოითხოვა. საბჭოთა დიქტატორმა დიანუსთან მოლაპარაკება ლავრენტი ბერიას დაავალა. ამ უკანასკნელმა დიანუ თავის რეზიდენციაში წაიყვანა და მეფური სუფრა გაუშალა.

ბერია ჩინებული დიპლომატი გახლდათ. მან ოსტატურად გამოიყენა სუფრის თანმxლები უშუალო და თბილი ვითარება. დიანუს განსაკუთრებით მოეწონა, რომ ლავრენტი რუმინეთის ისტორიას კარგად და ღრმად იცნობდა. მალე გაუცხოებაც გაქრა.

- მე მოსკოვში მნიშვნელოვანი მისიით ჩამოვედი, - თქვა დიანუმ, - ჩვენ, რუმინეთის ეროვნულ ძალებს, ძალზე გვაშფოთებს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ? - ფრთხილად შეეკითხა ბერია.

- გენერალმა ანტონესკუმ კურსი გერმანიასთან დაახლოებისკენ აიღო.

- მერე რა? რამდენადაც ვიცი, ლეგიონერებისთვის ჰიტლერი მუდამ მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა!

- ეს წარსულში.

- ახლა ასე არ არის?

- ჩვენ გვახსოვს, რომ სწორედ ჰიტლერმა მოგვახვია თავს ვენის არბიტრაჟი. შედეგად დობრუჯა და ჩრდილოეთ ტრანსილვანია დავკარგეთ. რუმინელებმა ეს ეროვნულ შეურაცხყოფად აღიქვეს.

- მოსკოვშიც ამან ჩამოგიყვანათ?

- რკინის გვარდია მუდამ ხალხის გვერდით იყო, - პათეტიკურად წარმოთქვა დიანუმ, - რაკი ხალხი ჰიტლერული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის, ჩვენი ვალია მხარი დავუჭიროთ.

- ანუ ლეგიონერები ჰიტლერს უპირისპირდებიან?

- ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, როგორ უყურებს ლეგიონერების ბრძოლას დიდი მეზობელი რუსეთი.

- კეთილი, - ბერია ჩაფიქრდა, - დავუშვათ, ლეგიონერებმა გაიმარჯვეს. რას მისცემს ეს რუსეთს?

- თუ მოსკოვის სახით მეგობარი გვეყოლება, ჩვენც მის ინტერესებს გავითვალისწინებთ.

- კონკრეტულად?

- რუმინეთი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა. მიმდინარეობს ომი. მას მოიგებს ის, ვისაც მეტი ნავთობი ექნება. რასაკვირველია, რუსეთს აქვს ბაქო, მაგრამ რუმინული ნავთიც გამოგადგებოდათ.

- გასაგებია!

- ამას გარდა, აღსანიშნავია რუმინეთის სტრატეგიული მდებარეობაც. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ რუსეთს, დაიბრუნოს ბალკანეთში გავლენა, რომელიც გერმანიამ უკანონოდ წაართვა.

- სამაგიეროდ რას მოითხოვთ?

- ეს რომ განხორციელდეს, საჭიროა რუმინეთის ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ. ჩვენ სწორედ ასეთი ძალა ვართ.

marshal-ion-antonescu-and-general-erich-von-manstein-1654281038.jpg
გენერალი იონ ანტონესკუ (წინა პლანზე)

სტალინის გადაწყვეტილება

ბერიამ ყოველივე სტალინს მოახსენა. დიქტატორი ჩაფიქრდა.

- გჯერა ამ დიანუსი?

- უდავოა, რომ ანტონესკუს დამხობას უპირებენ. ადრე თუ გვიან, ასეც უნდა მომ­ხდარიყო.

- რატომ?

- ორი დათვი ერთ ბუნაგში ვერ იცხოვრებს, ნათქვამია. ლეგიონერებისა და ან­ტო­ნესკუს ფლირტი ადრე თუ გვიან უნ­და დამთავრებულიყო. დიანუს ვიზიტი გვიჩვენებს, რომ ეს მომენტი ახლოვდება.

- მაგას არ გეკითხები. დავუშვათ, ლეგიონერებმა გაიმარჯვეს. რას მოგვცემს ეს? ისინი ისეთივე ანტიკომუნისტები არიან, როგორიც ანტონესკუ.

- მეტიც, ლეგიონერები ექსტრემისტები არიან. ხელისუფლებაში მოვლენ თუ არა, ტრანსილვანიასთან ერთად ბესარაბიისა და ბუკოვინის დაბრუნებასაც მოითხოვენ. მათი ანტიკომუნიზმი და ანტისემიტიზმი ხომ რად ღირს!

- შენი აზრით, გერმანელებთან კავშირი არა აქვთ?

- მათ უშუალო კონტაქტი აქვთ რაიხსფიურერ ჰიმლერთან.

- მიუხედავად ამისა, ჰორია სიმამ მოსკოვში თავისი ემისარი აფრინა. რაშია საქმე?

- სიმა, კოდრიანუსგან განსხვავებით, მოთამაშეა, - ბერიამ ამოიოხრა, - რაკი ანტონესკუს აბვერი (გერმანიის სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა. - ნ.თ.) მხარს უჭერს, სიმა კონტაქტში შედის ადმირალ კანარისის (აბვერის ხელმძღვანელი) მოწინააღმდეგეებთან. ამას გარდა, ჩვენთანაც კონტაქტი გააბა. ცხადია, რაკი ის ანტონესკუს წინააღმდეგ გამოსვლას გეგმავს, სურს გავლენიანი მოკავშირეები ჰყავდეს როგორც ბერლინში, ისე მოსკოვში.

სტალინმა ჩიბუხი ამოიღო, მოუკიდა:

- ჰორია სიმა მართლაც გამოქექილი ვინმე ბრძანებულა, - სტალინმა ჩიბუხი გააბოლა, - მას ანტონესკუს დამხობა სწადია? კი, ბატონო! არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

- გამოდის, დიანუს დადებითად უნდა ვუპასუხოთ?

- საბჭოთა კავშირის ჯარი ლეგიონერებს ვერ დაეხმარება, - სტალინმა გაიღიმა, - - სპეცსამსახურების დონეზე, კი ბატონო! დაე, ჰორია სიმამ თავის ბანდასთან ერთად რუმინეთში ცეცხლი დაანთოს. თუ დიდი ხანძარი აგიზგიზდა, მაშინ საქმეში ჩავერევით და რუმინეთში შევალთ.

სტალინი წამით გაჩუმდა.

- თუმცა ამის შემდეგ რუმინეთში სრულიად ახალი წესრიგი დამყარდება. არა ისეთი, როგორიც ჰიტლერს სურს! იქ არც ანტონესკუსთვის იქნება ადგილი, არც ჰორია სიმასთვის!

სტალინმა გაიცინა.

cf6646cb3a90c54fcdbf28470a4fe7a6-1654281037.jpg
ბუქარესტის ქუჩებში 1941 წლის იანვრის პუტჩის შემდეგ

პუტჩი

შემდგომი მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა.

ბერიას რუმინეთში ძლიერი აგენტურა ჰყავდა. ამიტომაც მუშაობას ენერგიულად შეუდგა. ლავრენტი ცდილობდა ჰორია სიმა ისეთ მდგომარეობაში ჩაეყენებინა, რომ შეიარაღებული აჯანყება წამოეწყო. მართლაც, 1941 წლის იანვრისთვის ანტონესკუსა და ლეგიონერებს შორის ურთიერთობა ისე გართულდა, რომ უკვე ღია კონფლიქტი დაიწყო. თუმცა ანტონესკუ საამისოდ ბევრად უკეთ აღმოჩნდა მომზადებული. ამ დროს გამოიკვეთა გენერლის ისეთი თვისებები, როგორიცაა ინტელექტი, სიმამაცე, ორგანიზატორული ნიჭი.

ანტონესკუმ ერთი ხელის დაკვრით ყველა პრეფექტი-ლეგიონერი გაათავისუფლა. ასევე მიაღწია იმას, რომ კონფლიქტი დაიწყო თავად რკინის გვარდიაში. ნაწილმა მხარი დაუჭირა ანტონესკუს, ნაწილმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, სხვები სიმას მიემხრნენ.

ლეგიონერთა ბელადი მიხვდა, რომ აჯანყება განწირული იყო. ანტონესკუსთან შეხვედრისას მან განაცხადა:

- ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მზადა ვარ, გადავდგე!

- კეთილი! - დაეთანხმა ანტონესკუ.

მეორე დღეს ბუქარესტში უცნობმა პირებმა აბვერის წარმომადგენელი მოკლეს. ანტონესკუს მოახსენეს, რომ ეს ლეგიონერთა ნახელავია. გენერალმაც ჰორია სიმას დაპატიმრება ბრძანა. ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. პოლიციელებს, რომლებიც კაპიტანულის დასაჭერად მივიდნენ, ლეგიონერებმა ცეცხლი გაუხსნეს. ჰორია სიმა ბუქარესტის პრეფექტურაში გამაგრდა. ანტონესკუს სპეციალური განკარგულებით ის ვიცე-პრემიერობიდან გადააყენეს. თავის მხრივ, სიმამ ანტონესკუს რეჟიმის დამხობის შესახებ განაცხადა.

ამრიგად, 1941 წლის იანვარში რუმინეთში სამოქალაქო ომის რეალური საფრთხე გაჩნდა. ამან ბერლინი შეაშფოთა. კონფრონტაციის გაღვივებით მხოლოდ სტალინი იხეირებდა და რუმინეთში ჯარს შეიყვანდა. გერმანია დაჰკარგავდა ნავთობით მდიდარ რუმინეთს. მართალია, სსრკ-გერმანიას შორის თავდაუსხმელობის პაქტი მოქმედებდა, მაგრამ სტალინმა ჰიტლერს კვანტი დაუდო და ბერლინი სავალალო ვითარებაში აღმოჩნდა. აფრიკაში ბრძოლები გრძელდებოდა, რუმინეთის დაკარგვით ბალკანეთზე რუსების პოზიციები მტკიცდებოდა.

- თუკი სტალინი რუმინეთში შევიდოდა და მიაღწევდა იმას, რომ გერმანიის არმია ამ ქვეყანას დატოვებდა, არავინ იცოდა, შემდეგ რას მოიმოქმედებდა, - წერს ბრიტანელი ისტორიკოსი ჰიუ ტრევორ-როუპერი.

ჰიტლერიც ანტონესკუსა და ჰორია სიმას მორიგებას შეეცადა. ბერიამ ეს იცოდა, ამიტომ მოხერხებული სვლა განახორციელა. 1941 წლის 19 იანვარს ბუქარესტში ებრაელთა პოგრომი დაიწყო. ანტონესკუ სიმას დაუკავშირდა:

- რას ჩადიან თქვენი ლეგიონერები?

- ჩვენ ამ საქმესთან კავშირი არ გვაქვს! - მიუგო ჰორია სიმამ.

გენერალმა ყურმილი დააგდო. მისი ბრძანებით რკინის გვარდია კანონგარეშე გამოცხადდა. პოლიციამ ლეგიონერთა დაპატიმრებები დაიწყო. ჰორია სიმამაც ლეგიონერებს აჯანყებისკენ მოუწოდა.

- პუტჩი 1941 წლის 21 იანვარს დაიწყო, - წერს ლებედევი.

ანტონესკუ არ დაიბნა და ქუჩებში არმია გამოიყვანა. რუმინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჯარისკაცებმა თვალის დახამხამებაში დაიკავეს ყველა სტრატეგიული ობიექტი. თითქმის ყველა ქალაქს ისინი აკონტროლებდნენ. გამონაკლისი იყო ბუქარესტი. რუმინეთის დედაქალაქის ქუჩებში ნამდვილი ბრძოლები გაჩაღდა.

- უპირატესობა რეგულარული არმიის მხარეს იყო. ის გაცილებით უკეთ იყო მომზადებულ-აღჭურვილი, ვიდრე ლეგიონერი ბოევიკები, - წერს ლებედევი.

1941 წლის 23 იანვრისათვის პუტჩი ჩაახშეს.

* * *

ამრიგად, გენერალ ანტონესკუს სწრაფი, ენერგიული ზომების შედეგად ლეგიონერთა პუტჩი დამარცხდა, ანტონესკუმ კი ძალაუფლების სრული უზურპაცია მოახდინა. მან თავი რუმინეთის კონდუკეტორად (წინამძღოლი, ბელადი) გამოაცხადა და ქვეყანას ერთპიროვნულად განაგებდა. ჰიტლერმა მისი ხელისუფლება მაშინვე ცნო.

- მეფე მიხაი I ნომინალური ფიგურა იყო. რეალურ ძალაუფლებას ანტონესკუ ფლობდა. ის ქვეყანას ერთპიროვნულად განაგებდა, - წერს ლებედევი.

ანტონესკუმ სწრაფად მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება. მართალია, იდეურად ნაცისტებთან უფრო ახლოს ჰორია სიმა იყო, მაგრამ ფიურერი იძულებული გახდა, ამას შერიგებოდა. ხელთ იგდო რა ძალაუფლება, ანტონესკუმ ლიბერალურ წრეებთან სცადა საერთო ენის გამონახვა. რუმინეთის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა იულიუ მანიუმ ანტონესკუსთან კავშირზე უარი განაცხადა. მიზეზი ამბიციები იყო. მანიუ თავს წონიან პოლიტიკოსად თვლიდა და პრემიერის პოსტზე აცხადებდა პრეტენზიას. ანტონესკუ ამას, ბუნებრივია, არ დაეთანხმა.

ლეგიონერთა ნაწილმა ანტონესკუს ხელისუფლება აღიარა. გენერალმა მათ ხელი არ ახლო. ჰორია სიმას ყველაზე თავგამოდებული მომხრეები კი დააპატიმრეს. თავად სიმა რუმინეთიდან გაიქცა და გერმანიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. ანტონესკუმ ჰიტლერელებთან შეხვედრისას ლეგიონერთა ბელადის რუმინეთისთვის გადაცემა მოითხოვა. ფიურერმა ეს არ გააკეთა. სამაგიეროდ, მისი ბრძანებით სიმა ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. მსგავსი ხვედრი გაიზიარა ყველა იმ ლეგიონერმა, რომeლმაც rumineTidan გაქცევა მოახერხა.

ლეგიონერთა პუტჩი დასრულდა.

თუმცა ჰორია სიმა შემდეგ პროგერმანულ მთავრობასაც მეთაურობდა ემიგრაციაში. ომის დასასრულს ვენაში შეხვდა, შემდეგ კი ფრანკისტულ ესპანეთს შეაფარა თავი. რუმინეთის კომპარტიის სასამართლომ 1946 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილი, თუმცა ის 1993 წელს გარდაიცვალა. იონ ანტონესკუ კი 1944 წელს, საბჭოთა არმიის რუმინეთში შესვლის შემდეგ რუმინეთის კომპარტიის მოწყობილი აჯანყებით ჩამოაგდეს და ორი წლის შემდეგ დახვრიტეს.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი

"ისტორიანი" .#123