გიორგი ბაგრატიონ-გრუზინსკის ლეგენდებად ქცეული ისტორიები (ნაწილი 2) - კვირის პალიტრა

გიორგი ბაგრატიონ-გრუზინსკის ლეგენდებად ქცეული ისტორიები (ნაწილი 2)

(დასასრული. დასაწყისი იხ. “ისტორიანი” #122)

II ნაწილი

1812 წელს საფრანგეთ-რუსეთის ომის დროს, გიორგი გრუზინსკის ინიციატივით შეიქმნა მოხალისეთა კორპუსი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. მან საკუთარ თავზე აიღო ყველა ფინანსური ხარჯი - ეკიპირება და სურსათით მომარაგება, რისთვისაც წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი მიენიჭა. 1817 წელს გარდაიცვალა თავადის დედა, დარია ალექსანდრეს ასული გრუზინსკაია (მენშიკოვა), რომელიც ლისკოვოში გადაასვენეს და ფერისცვალების ტაძარში, საოჯახო სამარხში დაკრძალეს. იმპერატორი ალექსანდრე I თავადს მწუხარების გასაზიარებლადაც ეწვია.

ომის შემდეგ, გიორგიმ ლისკოვოში 1812 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დიდებული სატაძრო კომპლექსი - ამაღლების ტაძარი და თავისი ზეციური მფარველის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააშენა. საამისოდ თავადმა საუკეთესო მშენებლები, არქიტექტორები და ფერმწერები მოიწვია. სამწუხაროდ, ისტორიამ მათი სახელები არ შემოინახა, რაც მშენებელთა ვინაობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ქალაქის ისტორიის მკვლევრები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ თვითონ თავადი იყო ლისკოვოს შესანიშნავი დაგეგმარებისა და დიდებული არქიტექტურული ძეგლის, ამაღლების ტაძრისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის არქიტექტორი. ცნობილია, რომ გიორგი ბაგრატიონ გრუზინსკის შესანიშნავი განათლება ჰქონდა მიღებული არქიტექტურის დარგში (ნ. ს. სტოლიარენკო).

თეატრის დიდმა თაყვანისმცემელმა თავადმა თეატრალური ჯგუფი შექმნა, რომლის შემოქმედებით საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ის არ იყო გულგრილი ქალების მიმართ. დადიოდა ხმები, რომ მრავალი უკანონო შვილი ჰყავდა, რომლებზეც ზრუნავდა და კარგ განათლებასაც აძლევდა. ლეგენდის მიხედვით (შეიძლება რეალურად ასეც იყო), მისი სახლის კართან იდგა კალათა, რომელშიც ქალებს შეეძლოთ მისგან შობილი ბავშვი მოეთავსებინათ, მათ შორის ზოგი უცხო ბავშვიც იყო, მაგრამ როგორც ჭეშმარიტი მორწმუნე ქრისტიანი, თავადი მათაც არ აკლებდა მზრუნველობას.

img10-1654282077.jpg
გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი (ბაგრატიონ-მუხრანელი)

* * *

სასამართლოში კამერჰერის ახალი მოვალეობის შესრულებისა და მაკარიევსკის ბაზრობის გადატანის გამო, თავადი თავის საგვარეულო მამულში, ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში გადასახლდა, სადაც მის პატივსაცემად ერთ-ერთი მთავარი ქუჩა გრუზინსკების სახელს ატარებს. თავდაპირველად, ქუჩა შედგებოდა ორი შესახვევის - გრუზინსკაიასა და ბოლოტოვისგან. XIX საუკუნის ქალაქის ერთ-ერთი მკვლევარი წერს, რომ ქუჩას სახელი გრაფინია ანა ტოლსტოის (გიორგი გრუზინსკის ქალიშვილის) სახლისა და ბაღის გამო დაერქვა. “გამზირი გრაფინია ტოლსტოის სახლიდან და ბაღიდან ცაცხვისა და არყის ხეივნებით არის გამოყოფილი, რომლებიც ერთ მილზეა გადაჭიმული. 30-იან წლებში აქ იყო ნიჟნი-ნოვგოროდის გასართობი ადგილი, გახსნილი იყო საკონდიტრო, საღამოს უკრავდა მუსიკა და იმართებოდა ცეკვები”.

ნიჟნი-ნოვგოროდმა გავლენა ვერ მოახდინა თავადი გიორგის ხასიათზე. იგი ცხოვრებას საკუთარი კანონებით განაგრძობდა, არ ცნობდა გუბერნატორის ხელისუფლებას, არ ითვალისწინებდა სხვების აზრს, რაც ახალი გუბერნატორის უკმაყოფილებას იწვევდა. მხოლოდ იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ჩარევამ შეაჩერა თვითნება თავადი. იმპერატორის უმაღლესი განკარგულებით, იგი გადააყენეს გუბერნიის თავად-აზნაურთა უცვლელი ხელმძღვანელის პოსტიდან და მის მიმართ აღიძრა საქმე გაქცეული გლეხებისა და უპასპორტო მოხეტიალე პირთა მფარველობის გამო. თავადი გიორგი სენატში გამოიძახეს ჩვენების მისაცემად, მაგრამ არ გამოცხადდა და მამულში, ლისკოვოში დაბრუნდა, სადაც სიცოცხლის დარჩენილი წლები გაატარა. სიცოცხლის ბოლომდე მისდევდა საქველმოქმედო საქმიანობას. გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ დიდი კვალი დატოვა სოფელ ლისკოვოს ცხოვრებაში, ააშენა პირველი სკოლა, საავადმყოფო და აფთიაქი. როგორც ღრმად მორწმუნე, ყოველ წელს გულუხვად გამოყოფდა დიდ სახსრებს ფერისცვალების ტაძრის, მონასტრისა და ეკლესიის მსახურთათვის, დახმარებას უწევდა გაჭირვებულ ადამიანებს... თავადი გიორგი (1762-1852) გარდაიცვალა 90 წლის ასაკში. ის სავსებით ჯანმრთელი გახლდათ და მიუხედავად დიდი ასაკისა, მისი გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ლეგენდა არსებობს, თითქოს ის ნერვიული შოკის გამო გარდაიცვალა, როდესაც გლეხმა გვერდით ჩაუარა და მის წინაშე ქუდი არ მოიხადა. წავიდა ადამიანი-ეპოქა, რომელიც რუსეთის ოთხი იმპერატორის - ეკატერინე დიდის (დაიბადა მისი ინტრონიზაციის წელს), პავლე I-ის, ალექსანდრე I-ისა და ნიკოლოზ I-ის მმართველობის დროს ცხოვრობდა. წავიდა და ნათელი კვალი და მრავალი ლეგენდა დატოვა.

* * *

თავადის შესახებ ლეგენდები გრძელდება მისი შვილის, ანა გიორგის ასული ტოლსტოის ცხოვრების ისტორიაშიც. გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკისა და ვარვარა ნიკოლოზის ასულ ბახმეტიევას ქალიშვილი ანა დედის გარეშე იზრდებოდა მამის მამულში, სოფელ ლისკოვოში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავადი აღარ დაქორწინდა, ერთადერთი კანონიერი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ მთელი ყურადღება საყვარელ ქალიშვილზე გადაიტანა და მას შესანიშნავი განათლება მისცა. ანამ იცოდა რამდენიმე უცხო ენა, ლიტერატურა, ჰქონდა მუსიკალური განათლება, არაჩვეულებრივად უკრავდა პიანინოზე. მამამ მართლმადიდებლური ქრისტიანული ტრადიციებით აღზარდა და ისიც მთელი ცხოვრება ღრმად მორწმუნე გახლდათ. თანამედროვეთა მოგონებებით, “ანა იყო საოცარი სილამაზის ქალბატონი, რომლის გარეგნობაში შერწყმული იყო მამის ქართული და დედის რუსული სისხლი... დიდი შავი თვალები, ფუმფულა თმა, მომხიბლავი აღნაგობა მას განუმეორებელს ხდიდა”. ანას სიყვარულის ისტორია დრამატული აღმოჩნდა, რაც შესაძლოა, ფილმის ან თეატრისთვის საინტერესო სიუჟეტადაც იქცეს.

თავადის ასულ ანას შეუყვარდა მოხდენილი ახალგაზრდა კაცი, ანდრეი მედვედევი, რომელიც ლისკოვოს აფთიაქსა და საავადმყოფოს განაგებდა. ახალგაზრდებს ურთიერთსიმპათიის გარდა, საერთო ინტერესები და მისწრაფებები აერთიანებდა, რაც უფრო აძლიერებდა გრძნობებს. მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. ქალიშვილმა წესისამებრ, მამას სთხოვა თანხმობა, მაგრამ მოულოდნელად, მისგან კატეგორიული უარი მიიღო. გიორგი ალექსანდრეს ძემ განაცხადა, რომ ანდრეი მისი უკანონო შვილია და ანას ძმად ეკუთვნის. ამ ამბით თავზარდაცემულმა ახალგაზრდებმა მონასტერში წასვლა გადაწყვიტეს. მამამ ვაჟს საროვის მონასტერში წასვლა ურჩია. ოთხი წლის შემდეგ, ანდრეი მონაზვნად აღიკვეცა და საეკლესიო სახელი, მამა ანტონი მიიღო. მოგვიანებით, მამა ანტონი გახდა ტროიცკო-სერგიევის ლავრის მონასტრის განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი პირი და თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა მას.

imperator-aleksandr-i-1654282077.width-1760.jpg
რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I

იმპერატორის ფრეილინა, ალექსანდრა სმირნოვა-როსეტი (მრავალი გამოჩენილი პოეტისა და მწერლის მუზა, მათ შორის, ლერმონტოვის, პუშკინის, გოგოლის), პირადად იცნობდა გრაფინია ანა ტოლსტოის. მოგონებებში ის წერს ანასა და (ანტონის) ანდრეის შესახებ: “არქიმანდრიტი ანტონი იყო თავად გრუზინსკის უკანონო შვილი, კარგი გარეგნობისა და ძალიან თავმოყვარე. მამამ მას მისცა სააფთიაქო და სამკურნალო განათლება. ლამაზი ახალგაზრდა ვაჟი შეუყვარდა თავადის ქალიშვილს”.

თავადი ფიქრობდა შთამომავალზე და დაჟინებით სთხოვდა ქალიშვილს, გათხოვილიყო, მაგრამ ანამ უარი განაცხადა და მონასტერში წასვლის სურვილი გამოთქვა. მამა იძულებული გახდა დათანხმებოდა და ქალიშვილი კოსტრომის ეპარქიის ბელბაჟსკოის მონასტერში გაგზავნა, მაგრამ ანა მალევე დაბრუნდა, ვინაიდან მონასტერში მიიჩნიეს, რომ ამაყი, დაუმორჩილებელი ქალიშვილი არ იყო მზად სამონასტრო ცხოვრებისთვის. მონასტრის შემდეგ თავადის ასული განმარტოებით ცხოვრობდა, უარს ამბობდა საზოგადოებაში გამოჩენასა და გათხოვებაზე. მაგრამ მამის დაჟინებული თხოვნით, 35 წლისა (იმ დროისთვის ძალიან გვიან ასაკში) გათხოვდა გრაფ ალექსანდრე პეტრეს ძე ტოლსტოიზე, რომელიც დედის მხრიდან მეფე ვახტანგ VI-ის ნათესავი გახლდათ. ანას მეუღლე იყო განათლებული, პატიოსანი, ღრმად მორწმუნე ადამიანი, რამაც განაპირობა ქალის არჩევანი. ა. სმირნოვა-როსეტის მოგონებიდან ვიგებთ, რომ ეს ქორწინება მხოლოდ სულიერი კავშირი იყო, მათ შვილი არ ჰყავდათ, რამაც ძალიან გაანაწყენა თავადი გრუზინსკი, რომელიც შთამომავალზე ოცნებობდა. “35 წლის თავადის ქალიშვილი ანა გრუზინსკაია გათხოვდა გრაფ ალექსანდრე პეტრეს ძე ტოლსტოიზე, წმინდა ადამიანზე, რომელიც სრულიად დაემორჩილა ბედს, მეუღლის ახირებას და მასთან ძმასავით ცხოვრობდა”. ანას, ისევე როგორც ანდრეი მედვედევს (მამა ანტონს) არ დაურღვევია ახალგაზრდობაში დადებული ფიცი და მთელი ცხოვრება ღვთისადმი ერთგული დარჩა. გრაფინია იყო სათნო, ღრმად მორწმუნე, უყვარდა საუბრები სასულიერო თემებზე, გაურბოდა ხმაურიან საზოგადოებას, ცხოვრობდა განმარტოებით. მისი ერთ-ერთი თანამედროვე წერს: “ანა გაურბოდა საზოგადოებას, სხვა ლამაზმანებისგან განსხვავებით, არ უყვარდა საკუთარი სილამაზის წარმოჩენა. მამის მსგავსად, მისდევდა ქველმოქმედებას. მოსკოვში თავის სახლში, სადოვო-კუდრინსკაიაზე გახსნა თავშესაფარი (ფლიგელებითა და ხეხილის ბაღით) მოხუც სასულიერო პირთათვის და მეუღლის პატივსაცემად უწოდა ალექსანდრეს სახელი. თავშესაფარი ანამ ანდერძით მოსკოვის სამღვდელოებას გადასცა.

გრაფ ალექსანდრე პეტრეს ძე ტოლსტოის ჰქონდა გენერალ-ლეიტენანტის წოდება, მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთისა (1828-1829 წწ.) და ყირიმის (1853-1856 წწ.) ომებში. სხვადასხვა დროს იყო ტვერისა და ოდესის გუბერნატორი, წმინდა სინოდის ობერ-პროკურორი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, საბერძნეთში, კონსტანტინოპოლში ასრულებდა დიპლომატიურ მისიას. გრაფი ტოლსტოი გახლდათ უაღრესად განათლებული. იცოდა რამდენიმე ენა, ლიტერატურა, უყვარდა პოეზია, მუსიკა. უპირატესობას ანიჭებდა სასულიერო მუსიკასა და ლიტერატურას. გრაფი ალექსანდრე ტოლსტოი დაემორჩილა მეუღლის მოთხოვნებს და იმდენად იყო ანასთან სულიერად დაკავშირებული, რომ საბოლოოდ, ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. გრაფი მსახურობდა პეტერბურგში, გრაფინია ცხოვრობდა მოსკოვში, ნიკიტსკის ბულვარზე, სადაც ხვდებოდა საერო და სასულიერო დიდებულებს. მეუღლესთან ერთად ანა მოგზაურობდა პარიზში, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, იშვიათად ეწვეოდა ნიჟნი-ნოვგოროდს და ლისკოვოში მამის მამულს. არ ივიწყებდა ქველმოქმედებას, საკუთარი სახსრებით გახსნა ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიაში ობოლ ბავშვთა თავშესაფარი, ფინანსური დახმარება გაუწია ქალთა სასულიერო სასწავლებლისა და ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობას.

ტოლსტოის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მისი და დიდი რუსი მწერლის, ნიკოლაი გოგოლის მეგობრობას, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა მათთან პარიზში და მოსკოვში ნიკიტსკის ბულვარზე, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. გრაფი ტოლსტოი და ნიკოლაი გოგოლი დამეგობრდნენ XIX საუკუნის 30-იან წლებში და მათი მეგობრობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდა. გრაფი არ იყო გოგოლის შემოქმედების თაყვანისმცემელი, არ იზიარებდა მის მისტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ მათ შორის იყო ძლიერი სულიერი კავშირი, ისინი ერთნაირ ზნეობრივ ფასეულობებს სცემდნენ პატივს. გოგოლს მოსწონდა გრაფის კეთილი ბუნება, მისი გულწრფელობა, თავდადება, მეუღლისადმი ამაღლებული დამოკიდებულება, ასკეტიზმი და რელიგიური აღტაცება.

53142810-1010108969113268-1191233381686312960-n-1654282076.jpg
ანა - გრაფ ტოლსტოის მეუღლე, გიორგი გრუზინსკის ქალიშვილი

გოგოლი ანას უკითხავდა მის საყვარელ სასულიერო ლიტერატურას, ქადაგებებს და განუმარტავდა მათ. ანა განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ნიჟნი-ნოვგოროდის არქიეპისკოპოსის, ნეტარი არზამასის ქადაგებათა მიმართ და წაკითხვის შემდეგ ჩანაწერებსაც აკეთებდა. ტოლსტოის მამულში ჰქონდათ საოჯახო ეკლესია, სადაც ინახებოდა ძველი ხატები, ქართული ხელნაწერი წიგნები, საეკლესიო ლიტერატურა. იშვიათ ხატებს შორის იყო ქართული ეკლესიის ყველა წმინდანთა ხატი, რომელთა სახეები ძველი ხელნაწერებიდან იყო გადმოღებული.

“გრაფმა სემინარიის მსმენელთაგან ჩამოაყალიბა შესანიშნავი საეკლესიო გუნდი, რომელთა გალობა სულს სწვდებოდა. სასტუმრო ოთახში იდგა როიალი სასულიერო მუსიკის გადაშლილი ნოტებით. გუნდს ხშირად აკომპანემენტს გრაფინია ანა უწევდა. ის დიდი მუსიკოსი იყო”, - იხსენებს ა. სმირნოვა-როსეტი.

ანასა და ალექსანდრე ტოლსტოის ყოფილ მამულში, მოსკოვში, ნიკიტინსკის ბულვარზე, სადაც დიდმა მწერალმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა და 1852 წელს გარდაიცვალა, ნიკოლაი გოგოლის სახლ-მუზეუმია. შენობის წინ, ბაღში დგას მისი ცნობილი ძეგლი, რომლის ავტორია ნიკოლაი ანდრეევი.

botman-emperor-nicholas-i-cropped-1654282076.jpg
რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I

* * *

თავად გრუზინსკისა და მის ოჯახთან დაკავშირებული რეალური ისტორია თუ ლეგენდები თაობიდან თაობას გადაეცემა. ახლა ძნელიც კია მონაგონისა და ლეგენდის სინამდვილისგან გარჩევა, მაგრამ ფაქტია, რომ ლეგენდები გიორგი ბაგრატიონზე დღემდე ცოცხლობს, რაც მეტყველებს თავადის პოპულარობაზე და ნიჟნი-ნოვგოროდის მოსახლეობის მადლიერ ისტორიულ მეხსიერებაზე.

antonij-medvedev-namestnik-lavry-1654282076.jpg
მამა ანტონი (ანდრეი მედვედევი)

დრო წარსულიდან აწმყოსკენ მდორედ მიედინება, სწორედ ამ დროის დინებაში უცნაურად გადაიკვეთა ლეგენდარული თავადი გიორგი გრუზინსკის, მისი ქალიშვილის ანასა და გრაფი ტოლსტოის საბედისწერო გზები მისტიკოს მწერალ ნიკოლაი გოგოლთან.

ჭეშმარიტად შეუცნობელია გზანი უფ­ლისანი.

მედეა აბაშიძე

ისტორიის დოქტორი

"ისტორიანი" .#123