"ყველას ეუბნებოდა, მხოლოდ ღმერთის და გიორგის იმედი მაქვსო" - გიორგი სუხიტაშვილის ბავშვობის დასასრული - კვირის პალიტრა

"ყველას ეუბნებოდა, მხოლოდ ღმერთის და გიორგის იმედი მაქვსო" - გიორგი სუხიტაშვილის ბავშვობის დასასრული

ბაბო 4 წლის წინ გარდაეცვალა და გაჩნდა ნაიარევი, სიცარიელე, რომელიც არასდროს ამოივსება. სოფელში პაპა დარჩა, სულის ადამიანის დაკარგვის მერე, ცხოვრების ხალისიც რომ დაკარგა, მაგრამ დიდ ტკივილთან ერთად ცხოვრება ისწავლა, ამ ყველაფერში შვილიშვილი დაეხმარა, ახლა კი...

"ეს ფოტო გუშინ გადავიღე, ბაღში ვიჯექი ბალახზე, ვფიქრობდი, მზე ჩადის და ალბათ ბოლო მზის ჩასვლაა იმ განცდით, რომ პაპა სადღაც ცოცხალია. მართალი აღმოვჩნდი. ეს მზის ჩასვლა ბოლო იყო პაპასთვის. ახლა ზუსტად ის დროა, ისევ იქ ვზივარ, მზე ისევ ჩადის და პაპა სადღაც ცოცხალი აღარ არის... პაპი, სადაც ხარ, იქაც იხუმრე და იოხუნჯე, შუადღეს ყავა დალიე და საღამოს ტელევიზორს უყურე, იქნებ მეც გამოვჩნდე", - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში დაწერა გიორგი სუხიტაშვილმა. ამბობს, რომ პაპის გარდაცვალებით მისი ბავშვობა დასრულდა. მის პაპას კი ბევრი ადამიანი სწორედ სოციალური ქსელიდან, გიორგის მიერ გადაღებული ვიდეოებით იცნობდა, მათ ურთიერთობას ბევრი შორიდან ეფერებოდა.

- გიორგი, "ბაბო" და "პაპა" პირველი ემოცია, რომელიც ამ სიტყვების გაგონებისას გიჩნდება, რა არის?

- ჩემთვის ეს ადამიანები ასოცირდებიან ბუნებასთან, თავისუფლებასთან, დიდ სითბოსთან და სიყვარულთან... ბავშვობაში ხშირად ვიყავი მათთან, შესაბამისად, ჩემი ბავშვობაც ამ ადამიანებთან ასოცირდება. ვეცდები, არასდროს დავკარგო კავშირი ამ ადგილთან.

- ოჯახი როგორ შექმნეს? ამ თემაზე ალბათ არაერთხელ გისაუბრიათ.

- ბაბო სოფელ ხელთუბნიდან იყო, პაპა - კარალეთიდან. პაპა 1935 წელს იყო დაბადებული, ბებოზე 5 წლით უფროსი გახლდათ. ისინი ერთმანეთს სკოლიდან იცნობდნენ, იმ პერიოდიდან დაიწყო მათი ურთიერთობაც. კარალეთში საშუალო სკოლა იყო, სხვა სოფლებში - მხოლოდ 4-წლიანი, შესაბამისად, მეზობელი სოფლებიდან ბავშვები სწავლას კარალეთში აგრძელებდნენ.

- შენი ბაბო და პაპა რით იყვნენ გამორჩეულები?

- ძალიან არტისტულები იყვნენ. ბაბო ფანტასტიკურად მღეროდა და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ოჯახის წევრი იყო. არაერთ მაღალი დონის მუსიკოსთან მითანამშრომლია, დღემდე ძალიან ბევრთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ისეთი სრულყოფილი ნიჭი, როგორიც ბაბოს ჰქონდა, იშვიათად შემხვედრია.

- რა დასანანია, რომ დაიკარგა და ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.

- დაიკარგა იმიტომ, რომ სოფლის ცხოვრებით ცხოვრობდნენ. რომანსი, ფოლკლორი... ბაბო ყველა ჟანრში არაჩვეულებრივად მღეროდა. ძალიან რთულ სიმღერებს ასრულებდა, სმენასა და ხმაზე აღარაფერს ვამბობ, ისეთი მელიზმა ჰქონდა, ისეთი დიდი სუნთქვა, რაც პროფესიონალ მომღერლებშიც კი იშვიათობაა. პაპასაც აბსოლუტური სმენა ჰქონდა, ამავე დროს საოცრად არტისტული იყო. ორივენი მთელი ცხოვრების მანძილზე შრომობდნენ, მათ ძალიან ბევრი რამ შექმნეს.

suxita2-1654341165.jpg

- ბაბოს გარდაცვალებიდან პაპამ რამდენ ხანს იცოცხლა?

- 4 წელი.

- ამ ტკივილთან გამკლავება როგორ შეძლო?

- პაპას რთული ცხოვრება ჰქონდა. 2016 წელს ჩემი ბიძა - 46 წლის მალხაზ სუხიტაშვილი გარდაიცვალა, ეს ამბავი მოულოდნელად მოხდა. პაპა 5 დედმამიშვილიდან უმცროსი გახლდათ და ყველა მათგანის გარდაცვალების ტკივილი განიცადა. ბაბოს გარდაცვალების შემდეგ, ბაღში შრომა შეწყვიტა და არა მხოლოდ შრომა, მედიკამენტის მიღებაც. საქმის კეთების სტიმული დაკარგა, რითაც ვინმეს თავს მოაწონებდა. 1 წელი ძალიან გაუჭირდა. ადამიანის ფსიქოლოგიას კარგად ვიცნობ, ვსწავლობ. მოვიფიქრე, მისთვის დანიშნულება მიმეცა, არ ჰქონოდა განცდა, თითქოს ის საჭირო აღარ იყო. ჩვენ ერთად დავიწყეთ ბაღის მოვლა და პაპამ მედიკამენტების მიღება დაიწყო, მას ცხოვრების გაგრძელების სურვილი გაუჩნდა. ჩემთვისაც ძალიან კარგი იყო პერიოდი, რომელიც მასთან გავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ დიდი დრო გავატარე, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთე, თავი მარტო რომ არ ეგრძნო, არ დათრგუნვილიყო. ის ბოლო დღემდე რეალიზებული იყო და ჰქონდა განცდა, რომ გახლდათ მნიშვნელოვანი.

- არაერთ ვიდეოში, რომელსაც კარალეთში ჩასვლისას იღებდი, ჩანდა, როგორ ჰქონდა შენი მოლოდინი.

- პაპას ტელეფონი არ ჰქონდა, უბრალოდ იცოდა, ყოველდღე თუ - ვერა, ყოველ მეორე დღეს მაინც ჩავიდოდი. იმ შემთხვევაში, ჩასვლას თუ ვერ ვახერხებდი, მასთან აუცილებლად მიდიოდნენ ჩემი ბიჭები: გურამ ზურაბაშვილი და ოთარ გამხიტაშვილი, რომლებთანაც ნათესაური კავშირი მაქვს; ჩემი ძმები არიან, ლევანისგან არ ვარჩევ. წარმოიდგინე, ყოველ მეორე დღეს 200 კილომეტრის გავლა, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, რამდენად რთულია. პაპას შინაგანი "საათი" ძალიან კარგად ჰქონდა მოწყობილი, დაახლოებით იმ დროს გამოდიოდა და კართან მელოდებოდა, როცა უნდა მივსულიყავი. მერე იქ სპეციალურად სკამი გავუკეთე, რომ ჩამომჯდარიყო.

- ვიდეოებს რომ უღებდი და ბევრი თბილი კომენტარის ადრესატი იყო, ამ ყველაფერზე რას გეუბნებოდა?

- იცოდა, რომ ბევრი ადამიანი იცნობდა და ეს ძალიან აბედნიერებდა. ყველას ეუბნებოდა, მხოლოდ ღმერთის და გიორგის იმედი მაქვსო. მისი ეს სიტყვები გულში მთელი ცხოვრება მექნება - ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტიმულისთვის და პასუხისმგებლობისთვისაც.

- მარტოპაპა დაარქვი, თითქოს მარტო შენი პაპა აღარც იყო...

- მას ჰყავდა შვილი მამაჩემის სახით; ჰყავდა შვილიშვილები, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ბაბოს გარდაცვალების შემდეგ მაინც მარტო დარჩა, თავისი სულის ადამიანი დაკარგა, მარტოპაპა ამიტომ დავარქვი, არც მიფიქრია, ეს სიტყვა გონებაში თავისთავად მოვიდა. ვფიქრობ, საფლავზე ქვას რომ გავაკეთებ, პატარა შრიფტით, კუთხეში მარტოპაპა დავაწერო. სახელიც გამორჩეული ჰქონდა, ლუარსაბი ერქვა, ძალიან ხშირი სახელი არ არის.

- ახლა სოფელი ამ ორი ადამიანის გარეშე როგორ წარმოგიდგენია?

- ვეგუები, ბაბოს გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა, მაგრამ სიცარიელე დღემდე არის, დარწმუნებული ვარ, სულ იქნება. რა შედარებაა, მაგრამ ერთი ძაღლი გვყავდა, კუპრა ერქვა. 16 წელი ჩვენთან ცხოვრობდა, მისი ბუნაგი დღესაც არის. ადამიანების წასვლის შემდეგ, რჩება სიცარიელე, რომელსაც ვერაფერი შეავსებს. ნაიარევი რჩება, ეს სიტყვა ამ მდგომარეობას ზუსტად ესადაგება.

- პაპამ რამე დაგიბარა?

- პაპამ ზუსტად იცოდა, როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას მისი გარდაცვალების შემდეგ; მან იცოდა, რომ მე სოფელს არ მივატოვებდი. მისი სურვილიც ეგ იყო. სადაც ცხოვრობდა და შრომობდა, ის ადგილი არ იყოს მიტოვებული. ამას არასდროს დავუშვებ.

- თქვენი ბოლო დიალოგი, ბოლო შეხვედრა იყო რაიმეთი გამორჩეული?

- პაპას ბოლო ფრაზა მახსოვს. 1 თვით ადრე ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. ბოლო ნახვისას ვკითხე, ფეხი ხომ აღარ გტკივა-მეთქი? არაო. - კარგია, დიდხანს უნდა იცოცხლო-მეთქი. შემომხედა და შენს პირს შაქარიო. ეს იყო და ეს, ამ დიალოგის შემდეგ აღარ მინახავს.

- რა არის ის მთავარი, რაც ამ ადამიანებისგან ისწავლე?

- ჩვენ არასწორად ვუდგებით სამშობლოს, ქართველობის, რელიგიის თემას. ეს ადამიანები ჩემთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან ჩემი წარსული, რომელზეც მე ვდგავარ. ჩემთვის ჩემი ბაბოს ნამღერი იავნანა, არის ჩემი ფოლკლორი და ჩემი ქვეყანა, პაპას მიერ თებერვლის ბოლოს, გაყინულ მიწის დაბარვა (რასაც ხშირად ერთად ვაკეთებდით), დამყნობილი ტოტი, მოჭრილი ხის ნაცვლად ახალი ხის დარგვა, არის ქართველობა, რომელსაც არასდროს დავკარგავ და - არა ის ფსევდო შიშები, რომელსაც გადაგვაყოლეს, თითქოს ვიღაცა რაღაცას მართმევს. მე ამ ყველაფერს ვერავინ წამართმევს. ეს ადამიანები არიან ჩემი წარსული, რომელზეც მომავალს ავაშენებ. გაზაფხულის სუნზე, შემოდგომაზე, პირველ თოვლზე, ზაფხულის სიცხეზე - ყველაფერზე ამ ადამიანებთან დაკავშირებული ჩემი მოგონება მაქვს და ეს მოგონებები ძალიან ძვირფასია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალის "გზა"