"უკრაინის დიდი კონტრშეტევა აუცილებლად იქნება, თანაც წარმატებული...“
„უმნიშვნელოვანესია მოლოდინების სწორად მართვა და ურთიერთობა მოსახლეობასთან, და არა იმის ძახილი, საუკეთესონი ვართ და არ გვაფასებენო. აუცილებელია სწორი გზავნილებით ურთიერთობა საზოგადოებასთან“
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 100 დღე გავიდა და ფაქტობრივად, შუა ევროპაში სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ ბოლო არ უჩანს. კრემლის თავდაპირველი ამოცანა - ბლიცკრიგი, რაც 2-3 დღეში უკრაინის დაჩოქებას გულისხმობდა, ვერ შედგა. პუტინის რუსეთმა დეკლარირებულ მიზნებს - უკრაინის სრულ დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას 100 დღეშიც ვერ მიაღწია. ამ ხნის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, არა მარტო უკრაინა, მთელი მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა. არსებითად იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მინიჭების საკითხი. დღეს საქართველოში მთავარი კითხვაა: როგორ გამოვიყენებთ შესაძლებლობის ამ ფანჯარას? ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან ამ და სხვა აქტუალური საკითხების მიმოხილვა უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებით დავიწყეთ:
- უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ამ 100 დღის განმავლობაში უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა უპრეცედენტო გმირობა და თავდადება აჩვენეს, რისი წყალობითაც არა მარტო შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა, არამედ კიდევ ერთხელ დაანახეს ყველას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ფაქტობრივად, დაამსხვრიეს მითი რუსეთის უძლეველობის შესახებ. ყველას აჩვენეს, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ქაღალდზე სხვაა, ფრონტის ხაზზე კი სულ სხვა.
უფრო კონკრეტულად თუ შევაფასებთ, ამ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის ვერც ერთი ამოცანა ვერ და არ იქნა შესრულებული. უკრაინამ თავდაცვის მიმართულებით თითქმის ყველა ჩანაფიქრს ხორცი შეასხა, მარიუპოლისა და "აზოვსტალის" ამბავიც კი ცალსახად უკრაინის წარმატებაა - ამდენი ხნის განმავლობაში მარიუპოლმა საკუთარ თავზე აიღო უმძიმესი სამხედრო დარტყმები, რითაც შესაძლებლობა მისცა უკრაინას დანარჩენ ფრონტებზე წარმატებით წარემართა სამხედრო მოქმედებები.
კრემლი უკვე ნათლად ხედავს თავდაპირველ არასწორ გათვლებს, ასევე დემორალიზებულ არმიას და ეს მაშინ, როცა მორალური უპირატესობა უკრაინის მხარეს არის. ამასთან, ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინა იღებს, აბსოლუტურად ცვლის ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსს, რა თქმა უნდა, უკრაინის სასარგებლოდ, რაც იმის მაუწყებელია, რომ მომდევნო ფაზა აუცილებლად იქნება დიდი კონტრშეტევა. მცირე კონტრშეტევით ოპერაციებს უკრაინა წარმატებით ახლაც ატარებს ხერსონისა თუ ხარკოვის ოლქის მიმართულებით, მაგრამ დიდი კონტრშეტევა, რომელსა ყველა ველით, აუცილებლად იქნება, თანაც წარმატებული. დღეს ისინიც კი, ვინც აქამდე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, უკრაინის პერსპექტივას ამ ომში უკვე ოპტიმისტურად უყურებენ.
- ბოლო დროს მოვისმინეთ რუსეთის ზოგიერთი ჩინოსნის განცხადებები უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების შესაძლებლობაზე. თქვენი აზრით, ეს რას მოასწავებს?
- მოლაპარაკების კლასიკური რუსული სქემა ასეთია - როდესაც ხედავენ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც სურთ, ლაპარაკს იწყებენ მოლაპარაკებაზე. სინამდვილეში ამით დროის მოგებას ცდილობენ, თუმცა მალევე არღვევენ ყველა შეთანხმებას და აძლიერებენ სამხედრო ძალით ზეწოლას. ის მოლაპარაკება, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო, სწორედ ასე წარიმართა. შესაბამისად, ამან ვერ გაამართლა. ახლა რუსეთი იწყებს ფიქრს, როგორ გამოვიდეს ამ ვითარებიდან და ამიტომ კვლავ ახსენებენ მოლაპარაკების შესაძლებლობას, თუმცა ისე, რომ უკრაინამ რაღაც უნდა დათმოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ეტაპი უკვე გავლილია. მარტში, აპრილის დამდეგს შეიძლებოდა უკრაინა დათმობაზე მართლაც წასულიყო, მაგრამ დღეს, როცა ირწმუნა წარმატების მიღწევის შესაძლებლობის, როდესაც უკრაინელი ხალხი ავლენს საოცარ საბრძოლო სულისკვეთებას და რუსეთმა ამდენი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, დათმობაზე ლაპარაკი სრულიად არარეალურია.
დღეს უპირატესობა აშკარად უკრაინელების მხარეს არის. ისინი აუცილებლად იბრძოლებენ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის. რაც მეტი წარმატება ექნება უკრაინას, მით მეტ შეთავაზებას გაახმაურებს რუსეთი მოლაპარაკების თაობაზე, თანაც მისი პოზიცია მით უფრო რბილი და დამყოლი იქნება.
- ბოლო ხანს ხშირად ისმის მოსაზრება, რომ უკრაინაში მარცხის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ახალი რუსული საფრთხეები, მათ შორის ბირთვულიც; რომ შეიძლება პუტინმა უკრაინაში მარცხის გადაფარვა სხვა მეზობელ ქვეყნებში, უპირველესად კი საქართველოში ახალი პრობლემების გაჩენით სცადოს. ამ ვარაუდებს თუ იზიარებთ?
- ამგვარი რისკები უკვე არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურ ფაზაში გადავა რუსეთისგან მომდინარე ესა თუ ის საფრთხე, როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები. სამწუხაროდ, ეს ომი სწრაფად არ დასრულდება. ის დამქანცველია ორივე მხარისთვის. ამიტომ რამდენად ექნება რუსეთს იმის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ფრონტზე იომოს, რთული სათქმელია. პირადად მე ეჭვი მეპარება, თუმცა პროვოკაციები რუსეთის მოსახლეობის წინაშე ე.წ. სახის შენარჩუნებისთვის შეიძლება მოხდეს. ამიტომ ამისთვის მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ. გავიხსენოთ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის თემა, რომლის ჩატარებაც გადაიფიქრეს, თუმცა მოვისმინეთ კრემლის პრესსპიკერ პესკოვის განცხადება, ახლა ამაზე ლაპარაკი ადრეა, ვნახოთ, რამდენიმე თვეში როგორი გეოპოლიტიკური ვითარება იქნებაო. მან სავსებით გასაგებად თქვა, ახლა ამისთვის არ გვცალია, მაგრამ შეიძლება რამდენიმე თვეში მოვიცალოთო. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. სწორედ უკრაინიდან გამომდინარე უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერისა და დახმარების კონსოლიდაცია. ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ უკრაინელი ხალხის გმირობასა და შემართებაზე, რაც უდავოდ გამაოგნებელია, მაგრამ უკრაინა ბევრს ვერაფერს შეძლებდა, რომ არა დასავლეთის უპრეცედენტო კონსოლიდაცია და დახმარება. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ყოველთვის გავამახვილოთ ჩვენი პარტნიორების ყურადღება იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება საქართველოს დაუდგეს. მით უფრო, რომ ისინიც აცნობიერებენ ამას და ხშირადაც ლაპარაკობენ. ამის თაობაზე მოვისმინეთ კიდეც დიდი ბრიტანეთის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის, ასევე ნატოს გენმდივნისა თუ ამერიკის მაღალჩინოსნების არაერთი განცხადება. ყველა ჩვენი პარტნიორი აღნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან საშიშია მეზობლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ფრთხილად და ვემზადოთ ნებისმიერი სცენარისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომელიც ამ ეტაპზე გაჩნდა. ვგულისხმობ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მინიჭების პერსპექტივას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გაუგებარია ზოგჯერ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები თუ განცხადებები, როდესაც, მაგალითად, ევროპარლამენტარებს უპირისპირდებიან, იმავდროულად კი გვიმტკიცებენ, რომ მათი დასავლური კურსი განუხრელია. "ეს ისტორიული მომენტია. ახლა ევროკავშირის ჯერია. მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების - მისი პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების გვერდით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
- პრემიერის ბრატისლავაში გამოსვლის შემდეგ ბევრს გაუჩნდა ასეთი აზრი, თურმე შეგვძლებია სწორი გზავნილების მიტანა პარტნიორებთანო. ვფიქრობ, ეს არის "ქართული ოცნების" პრობლემა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა - ძალიან ხშირად ვერ ხედავენ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს, ან ხედავენ, მაგრამ უყურებენ ვიწროპარტიული პრიზმიდან, საბოლოოდ კი ამგვარი განცხადებებით აზიანებენ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. ზოგჯერ გაკეთებულ საქმეებსაც ჩრდილს აყენებენ. საქართველოს თავის ევროპულ გზაზე აქვს წარმატებაც და მარცხიც. არ უნდა შეგვეშინდეს იმის აღიარების, თუ რაიმე არასწორად გავაკეთეთ. ჯერ ერთი, რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ყველაფერი რიგზე გვაქვს, არა მგონია, ჩვენი პარტნიორები ისეთი გულუბრყვილონი იყვნენ, რომ ეს დაიჯერონ. არაერთხელ მიუნიშნებიათ ხარვეზებზე და შემოუთავაზებიათ დახმარება მათ გამოსასწორებლად. მართალია, ეს ვერ გამოვიყენეთ და ვერ გამოვასწორეთ თუნდაც სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მაგრამ ისინი მოწადინებული არიან, რომ რეფორმა გაგრძელდეს, და ახლაც მზად არიან დახმარებისთვის.
დღეს იმის ძახილი კი არის საჭირო, სასამართლო სისტემაში ყველაფერი კარგად არისო, არამედ უნდა ვაღიაროთ შეცდომები და ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ რეალურად ვაპირებთ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობას. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გაჩნდა შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო და არა იმიტომ, რომ ჩვენ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ. ასე უფრო გულწრფელი ვიქნებით საკუთარი თავის შეფასებაშიც და სამომავლო საქმეების სწორად დაგეგმვაც უკეთესად გამოგვივა და ჩვენს პარტნიორებსაც დახმარების უფრო მეტი სურვილი ექნებათ.
- გავიხსენოთ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის სიტყვებიც, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთო...
- დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი. დახმარების სურვილი მით მეტად იზრდება, როდესაც ხედავ, რომ შენი პარტნიორი რეალურად ცდილობს რაიმეს შეცვლას. როდესაც ჯიუტად იმეორებ, არა, მე ყველაფერი კარგად მაქვსო და ლამის ამტკიცებ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებსაც კი ვასწრებო, ცხადზე ცხადია, რომ ეს მცდარი გზავნილია.
კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი გადაწყვეტილებამდე და ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ სტატუსის მისაღებად, ვაჩვენებდეთ ჩვენს ერთიანობას, ძალისხმევას, მუდმივად უნდა ვმუშაობდეთ ჩვენს პარტნიორებთან. მაგალითად, ევროპარლამენტს უკრაინისა და მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუციები აქვს მიღებული, ჩვენს საკითხზე კი არა, რადგან იმის მაგივრად გვემუშავა ევროპარლამენტარებთან, მათი ლანძღვითა და დადანაშაულებით ვიყავით დაკავებული.
პარტნიორს შეიძლება რაღაცაში არ ეთანხმებოდე, მაგრამ უთანხმოებისა და განსხვავებული შეხედულებების გამოთქმას თავისი წესი აქვს. შეუძლებელია პარტნიორობაზე ლაპარაკობდე ისე, როგორც ლაპარაკობს "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი, თან იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენს თაობაზე ან უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ან მისი მიღების პროცესზე დიდი ზეგავლენა აქვთ. თუ ეს მთლიანად პოლიტიკური პროცესის გაგების პრობლემაა, მაშინ კითხვა ისმის - ასეთ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი მნიშვნელოვანი პროცესის არა ესმით რა, რა უნდათ პოლიტიკაში? თუ ესმით, მაგრამ მაინც ასე იქცევიან, მაშინ ეს მეორე უბედურებაა. ასე რომ, ამას გამართლება არც ერთ შემთხვევაში არა აქვს.
- ამ ვითარებაში რისი იმედი შეიძლება გვქონდეს? აქვე გავიხსენებ ესტონეთის ელჩის რინა კალიურანდის განცხადებას, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასო, თუმცა დასძინა: "თუკი გვსურს ვინმემ მხარი დაგვიჭიროს და მიგვიღოს, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ვთხოვოთ სანქციებს მხარი დაუჭიროს, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყოს". ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველოს კანდიდატობისთვის უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული პირობები წამოუყენონ?
- რთულია თქმა. დაახლოებით შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ რა ტიპის პროექტების განხილვა მიმდინარეობს ევროკავშირში, მაგრამ, როგორც ვიცი, ერთიანობა ჯერ არც ერთ პროექტზე არ არის მიღწეული. ამიტომაც ახლა ის დროა, როცა მართლაც კარდაკარ უნდა დავდიოდეთ და მთელი ძალისხმევა მიმართული გვქონდეს იმისკენ, რომ დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, დაუჭირონ მხარი ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტს. რაზე შეიძლება შედგეს 27 სახელმწიფოს კონსენსუსი ამ ასოცირებულ ტრიოსთან დაკავშირებით, დღეს რთული სათქმელია. ნურც ისე წარმოვაჩენთ, რომ საქართველოს შანსი არა აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, მაგრამ იმასაც ნუ ვიტყვით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა ევროკავშირის ჯერიაო. მოლოდინები სწორად უნდა ვმართოთ. არ შეიძლება პასუხისმგებლობის ევროკავშირზე გადატანა, მით უფრო, რომ ნამდვილად ბევრი რამ გვაკლია ევროკავშირის სტანდარტებამდე. ამასაც დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენი პარტნიორები. ძალიან ხშირად რიტორიკა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა და თუ გჭირდებით, მაშინ მიიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდო, გარკვეულწილად ჩვენი პარტნიორების დაშანტაჟების ელემენტებს ატარებს და ევროკავშირთან ურთიერთობის ძალიან მცდარი ფორმაა. თუ პოლიტიკოსები ამაზე დაფიქრდებიან და რიტორიკას შეცვლიან, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქართველოს. შეიძლება კანდიდატობის შეთანხმებაში მართლაც განსაზღვრული პირობები ჩადონ, შეიძლება განსხვავებული ვარიანტიც შემოგვთავაზონ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ვიმუშაოთ მაქსიმუმის მისაღებად, მაგრამ მუშაობა არ ხდება ეპისტოლარულად, პარტნიორების ლანძღვით და გაუგებარი განცხადებებით.
- ხელისუფლების წევრები იმ კრიტიკას, რაც ევროპიდან ისმის, ოპოზიციას აბრალებენ. აცხადებენ, რომ სწორედ ის ცდილობს ჩაშალოს კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების შესაძლებლობა, რაც ძალიან არადამაჯერებელი და არასწორია, მაგრამ თავის მხრივ რამდენად სწორად იქცევა ოპოზიცია ამ პროცესში?
- გუნდი, რომელიც 10 წელია ხელისუფლებაშია, დღეს ამბობს, რომ თურმე ოპოზიცია არ აძლევს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის საშუალებას, რაც არასერიოზული განცხადებაა. რაც შეეხება ოპოზიციას, ის, რომ დღეს "ქართული ოცნებაა" ხელისუფლების სათავეში, ეს არა მისი სიძლიერის, არამედ ოპოზიციის სისუსტის ბრალია, იმ შეცდომების დამსახურებაა, რასაც უშვებს ქართველ საზოგადოებასთან, ხელისუფლებასა და ერთმანეთთან ურთიერთობაშიც კი. ჩვენი პარტნიორები მუდმივად მიგვითითებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ერთიანობა. ავხსნი, რა იგულისხმება ამაში - პოლიტიკური წინააღმდეგობა, დაპირისპირება და ერთმანეთთან ქიშპი სხვადასხვა საკითხზე, პოლიტიკისთვის უცხო არ არის, ეს იყო და იქნება კარგა ხანს. ეს ხდება ყველა ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებსაც, მაგრამ მათთვის უცხო და გაუგებარია, რომ ეს ხდება მაშინაც კი, როდესაც ეროვნული ინტერესებისთვის ერთიანობაა საჭირო. სწორედ ამას გვეუბნებიან - თუ გინდათ ევროკავშირი, მაშინ აწარმოეთ ევროპული პოლიტიკა და გვაჩვენეთ, რომ გაქვთ იმგვარი პოლიტიკის წარმოების კულტურა, რომელიც უპირველესად გულისხმობს სახელმწიფო ინტერესების ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენებასო.
თუ შევხედავთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის ამ ევროინტეგრაციის საკითხის პრიზმაში, პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, არის დაქსაქსულობა. თითქოს ყველა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა ევროპაში, მაგრამ რეალურად საქმეს არავინ აკეთებს. ნაცვლად იმისა, სრული ერთობის დემონსტრირება მოვახდინოთ, ისევ კინკლაობენ თავად ოპოზიციაშიც. ისიც კი ვერ მოხერხდა, რომ სრულ ოპოზიციურ სპექტრს ერთობლივად მიემართა ევროკავშირისთვის.
- დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრა, ეს ხომ არ გამოიწვევს საზოგადოებაში დასავლური კურსის დევალვაციას, რასაც, დარწმუნებული ვარ, რუსული პროპაგანდა შეუწყობს ხელს?
- ესეც პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა. მათ არავითარ შემთხვევაში, ყველაზე ცუდ სცენარშიც კი არ უნდა დაუშვან ეს საფრთხე. ამიტომ ვამბობ, რომ უმნიშვნელოვანესია მოლოდინების სწორად მართვა და ურთიერთობა მოსახლეობასთან, და არა იმის ძახილი, საუკეთესონი ვართ და არ გვაფასებენო. აუცილებელია სწორი გზავნილებით ურთიერთობა საზოგადოებასთან. ეს პროცესი ფართო თვალსაწიერით უნდა დაინახონ და კარგად გააცნობიერონ. მინდა ვიყო ოპტიმისტი და იმედი ვიქონიო, რომ აუცილებლად მივიღებთ ევროკავშირის წევრის სტატუსს, მაგრამ, იმავდროულად, ყოველი რისკი უნდა გავთვალოთ.