"მაიმუნის ყვავილის“ ეპიდემიად ქცევის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს“ - კვირის პალიტრა

"მაიმუნის ყვავილის“ ეპიდემიად ქცევის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს“

"მაიმუნის ყვავილის" გამოჩენამ ბევრი დაადარდიანა და დროზე ადრე შეაშინა შესაძლო ახალი პანდემიით. საფუძვლიანია თუ არა მათი შიში და რა ვიცით ამ ვირუსის შესახებ? - გვესაუბრება იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ-ს პროფესორი ივანე ჩხაიძე.

- "მაიმუნის ყვავილი" არ არის ახალი დაავადება, ის, დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ ახლა გახდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან გასცდა თავის ენდემურ კერას, აფრიკას, ძირითადად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სადაც აღმოაჩინეს ის 1971 წელს. აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში მისი მუდმივი კერა არსებობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, ის, რა თქმა უნდა, კარგად არის ცნობილი. ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში, განსაკუთრებით - კონგოში წლის განმავლობაში ამ ვირუსის 2 000-მდე შემთხვევა დასტურდება. 2003 წელს აშშ-ში იყო სულ 71 შემთხვევა, მაგრამ ის ლოკალური შემთხვევების ფარგლებს არ გასცდენია.

- ამ ბოლო ხანებში აფრიკის გარეთ პირველი შემთხვევა სად დაფიქსირდა?

- 2022 წლის 6 მაისს პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. ადამიანს, რომელიც ბრუნდებოდა ნიგერიიდან, "მაიმუნის ყვავილი" აღმოაჩნდა. აქედან დაიწყო მისი გავრცელება ევროპის ქვეყნებში. დღეს "მაიმუნის ყვავილი" ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა ეს გავრცელება არ აღემატება ერთეულ შემთხვევებს. თუ დავაზუსტებთ, გამოირჩევა რამდენიმე ქვეყანა, სადაც შედარებით მეტია შემთხვევების რაოდენობა. ესენია: დიდი ბრიტანეთი (207 დადასტურებული შემთხვევა), ესპანეთი (156 დადასტურებული შემთხვევა) და პორტუგალია (138 დადასტურებული შემთხვევა). ასზე მეტი შემთხვევა მხოლოდ ამ ქვეყნებშია დაფიქსირებული. 40 შემთხვევაა ნიდერლანდებში, დანარჩენში კი ერთეული შემთხვევებია. სხვადასხვა მონაცემით, დღეისათვის ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიის ტერიტორიაზე სულ 700-მდე შემთხვევაა დადასტურებული და ეს ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რასაც ჩვენ ეპიდემიურ გავრცელებას ვეძახით.

- როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილი?

- ყველა პანდემია იწყება ვირუსების იოლი გავრცელებით. მაგალითად, ჩვენთვის კარგად ცნობილი და ჯერჯერობით დაუსრულებელი კორონავირუსის პანდემია იმიტომ გავრცელდა, რომ მისი ჩინური ვარიანტის გადაცემის სისწრაფე, გრიპის ვირუსთან შედარებით, 2-ჯერ მეტია, "ომიკრონი" კი, გრიპთან შედარებით, 5-6-ჯერ უფრო სწრაფად გადაეცემა. თუ "კოვიდი" ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და, უმეტეს შემთხვევაში, ერთ მეტრ მანძილზეა გადამდები, მისგან განსხვავებით, "მაიმუნის ყვავილი" არ ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მას არ განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიშ მოვლენად, ვინაიდან გავრცელების ეს გზა არ მიიჩნევა პანდემიის, ან თუნდაც ეპიდემიის გამომწვევად, თუმცა საყურადღებოა, რომ ერთდროულად ამდენ ქვეყანაში დადასტურებული ყვავილის ვირუსი არასდროს ყოფილა, რაც ჯანმოსთვის საგანგაშო აღმოჩნდა.

- არის მედიკამენტი, რომლითაც ამ ინფექციას მკურნალობენ?

- დღეისათვის არსებობს მედიკამენტი, რომელიც "მაიმუნის ყვავილის" წინააღმდეგ ეფექტიანია, თუმცა ის მიზანმიმართულად არ შექმნილა და ვერც შეიქმნებოდა. ეს არის ის პრეპარატი, რომელიც ადრე გამოიყენებოდა ამ ტიპის ვირუსების წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია პრევენცია და ამ დროს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ვაქცინაციაზე. ითვლება, რომ "მაიმუნის ყვავილის" წინააღმდეგ ჩატარებული ვაქცინაცია ამ ტიპის ვირუსის წინააღმდეგ ეფექტიანია, მაგრამ "ყვავილის" საწინააღმდეგო ვაქცინა, დიდი ხანია, აღარ კეთდება, ანუ მას შემდეგ, რაც 1977 წელს ის აღმოიფხვრა, 1978 წლიდან კი ჯანმომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "ყვავილის" არც ერთი შემთხვევა აღარ დადასტურებულა. "ყვავილის" საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდებოდათ 1980 წლამდე დაბადებულებს და ეს იმუნიტეტი მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდებოდა. 1980 წლის შემდეგ ეს ვაქცინა აღარ გაკეთებულა.

მოლოდინი, რომ "მაიმუნის ყვავილმა" შეიძლება განიცადოს მუტაცია და გახდეს საშიში, ჯერჯერობით არ აქვს არც ჯანმოს და არც - დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრს.

- ამის მიუხედავად, ბევრს ეშინია, რადგან ჩვენმა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ შემოიტანეს ტესტები, რომლებიც ორ საათში ადგენს, გაქვს თუ არა "მაიმუნის ყვავილი".

- ქვეყანას ვერ ჩაკეტავ და, შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ევროპაში მოგზაურობდა (არ ვლაპარაკობ კონგოზე, საიდანაც წლის განმავლობაში აქ შეიძლება ერთი ადამიანი მოხვდეს), მაგალითად, პორტუგალიაში ან ესპანეთში, შეიძლება ვირუსმატარებელი აღმოჩნდეს. საქართველო არ არის მსოფლიოსგან იზოლირებული და ჩვენთან ამ ვირუსის დადასტურება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, ამიტომაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება სწორია - რადგან რისკი არსებობს, მზად უნდა ვიყოთ. თუ ვინმეს ჩუტყვავილასთვის დამახასიათებელი ბუშტუკოვანი გამონაყარი გაუჩნდა, რა თქმა უნდა, ამ ახალ დაავადებაზე უნდა ვიფიქროთ.

- ანუ ვიყოთ მშვიდად, იმიტომ, რომ "მაიმუნის ყვავილის" ეპიდემიის ალბათობა ძალიან მცირეა? და რამდენია - 1 თუ 0,1%?

- 1% ძალიან დიდი მაჩვენებელია... ასეთი გავრცელების პირობებში მისი ეპიდემიად ქცევის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს.