"ვიცოდით, ავად რომ იყო... რისი დაჯერებაც არ გინდა, წარმოუდგენელი გეჩვენება" - რას ჰყვებიან ხელოვანები გენიალურ რეჟისორზე - კვირის პალიტრა

"ვიცოდით, ავად რომ იყო... რისი დაჯერებაც არ გინდა, წარმოუდგენელი გეჩვენება" - რას ჰყვებიან ხელოვანები გენიალურ რეჟისორზე

"მთელმა საქართველომ უდიდესი რეჟისორი და პიროვნება დაკარგა. ყველას მომფერებელი და გულშემატკივარი..."

78 წლის ასაკში გარდაიცვალა გენიალური ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე.

თემურ ჩხეიძე წლების განმავლობაში იყო დაკავებული სარეჟისორო საქმიანობით, არაერთ ცნობილ თეატრში საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა. იგი 1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორი, 1967-1970 წლებში საქმიანობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 1970-1980 წლებში გახლდათ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1980-1990 წლებში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988 წლებში იგი იყო საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან თემურ ჩხეიძე იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან კი მთავარი რეჟისორი, ხოლო 2007-2013 წლებში - სამხატვრო ხელმძღვანელი.

თემურ ჩხეიძე საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა, 1969 წლიდან იგი გახლდათ თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი.

რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.

თემურ ჩხეიძემ მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის და უდიდესი ღვაწლისთვის მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, მათ შორის: საქართველოს სახალხო არტისტის (1981 წელი); საპატიო ნიშნის ორდენი; „ოქროს გრან-პრი“; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი), პრემია „ქართული ხელოვნების რაინდი“; თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2010 წელი); „ილიას მედალი“ (2013 წელი); სანქტ-პეტერბურგის თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“; სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია „ოქროს სოფიტი“ და არაერთი სხვა.

გენიალური რეჟისორის გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ის ადამიანები, რომლებიც მის შემოქმედებას კარგად იცნობდნენ.

სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე:

"ბატონი თემური აღარ არის. როგორ არ არის, მაგრამ ჩვენ აღარ გვყავს. ვერც კი ვემშვიდობები - არ ვარ საქართველოში. სულ მთლად დავობლდი(თ). სულში სიცარიელეს ვგრძნობ იმიტომ, რომ ის ისეთი იყო... სულს გივსებდა იმით, რითიც უნდა იყოს სული სავსე. რაც თავი მახსოვს, სულ თემურ ჩხეიძით ვამაყობდი - პეტერბურგშიც, აქაც, ყველგან. ახლაც მგონია, რომ ყველაფერი იცოდა, ყველაფერზე პასუხი ჰქონდა. ჰო, ნამდვილად სულს გივსებდა მშვენიერებით, სიმართლით, ემოციების ოკეანით... და მე ვიცი, რომ მის გარეშე ვეღარ ვიქნები ისეთი, როგორიც ვიყავი! ვერც ვერავინ იქნება, ვინც თემურ ჩხეიძეს და მის შემოქმედებას იცნობდა...", - წერს გოგი ჭიჭინაძე, რომელიც ახლა პოლონეთში მოღვაწეობს.

თემურ ჩხეიძის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ,,კვირის პალიტრას" ცნობილმა ქართველმა ხელოვანებმა გაუზიარეს:

ნანული სარაჯიშვილი:

- ძალიან სამწუხაროა, აღარც ვიცი, რა ვთქვა... ასეთი გამორჩეული რეჟისორი და პიროვნება, იშვიათად თუ დაიბადება. ვიცოდით, ავად რომ იყო, მაგრამ არაფრით გვინდოდა დაგვეჯერებინა, ასე მალე თუ დაგვტოვებდა... რისი დაჯერებაც არ გინდა, წარმოუდგენელი გეჩვენება, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვტოვა და იმდენად ვარ დამუნჯებული, მეტი არაფრის თქმა აღარ შემიძლია...

ჯემალ ღაღანიძე:

- თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ მიმალავდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს ეთქვათ და თავზარდაცემული ვარ... ჩვენ ოჯახებით ძალიან ახლოს ვიყავით, რადგან ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით. შეიძლება ითქვას, რომ თემურ ჩხეიძე ჩემს ხელში გაიზარდა... თან გაიზარდა ძალიან დიდი, მსოფლიო დონის რეჟისორი და ისეთი ადამიანი, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად უდიდესი მიღწევები ჰქონდა.

თემურ ჩხეიძემ მოღვაწეობა ჩვენთან, რუსთაველის თეატრში დაიწყო და მე ბედნიერი კაცი ვარ, მის მიერ დადგმულ პირველ სპექტაკლში - "გუშინდელნი" რომ ვითამაშე... არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე სექტაკლი იყო.

შემდეგ ორმა უდიდესმა რეჟისორმა, თემურ ჩხეიძემ და რობიკო სტურუამ ერთად დადგეს "სამანიშვილის დედინაცვალი", მართლაც სასწაული სპექტაკლი!

ჩემ თვალწინ გაზრდილ ბიჭთან მუშაობა რაღაც საოცრება იყო. აღარც ვიცი, მისი მსგავსი, აღზრდილი ადამიანი. უდიდესი სიყვარულით იყო ყველას მიმართ განწყობილი და გამორჩეულად ტაქტიანი. მისგან განაწყენებული ადამიანი არავის უნახავს. არადა, ისეთი პროფესიის კაცი იყო, ძალიან ბევრი შეიძლებოდა ჰყოლოდა განაწყენებული, მაგრამ ის ადამიანებიც კი არ იყვნენ გაბრაზებული, რომლებმაც თემურ ჩხეიძესთან მუშაობა ვერ შეძლეს. არ შეიძლებოდა ამ ადამიანზე რამე ცუდი დაგცდენოდა...

მთელმა საქართველომ უდიდესი რეჟისორი და პიროვნება დაკარგა. ყველას მომფერებელი და გულშემატკივარი... ვფიქრობ, ვინღა დაგვრჩა მისი თანასწორი?.. კარგი ახალგაზრდები გვყავს და მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ქართული თეატრი სულ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და ამიტომ არ მინდა ახლა ქართველმა თეატრალებმა იმედი გადაიწურონ... ამხელა ტრადიციების მქონე ქართული თეატრი სულ მოწინავე იყო და მომავალშიც ასე იქნება!

გოჩა კაპანაძე:

- სამწუხაროდ, გარდაიცვალა უდიდესი მაესტრო, უდიდესი შემოქმედი... ბატონი თემური განსაკუთრებულად კეთილშობილი და თავმდაბალი ადამიანი იყო, კოლეგების მიმართ გამორჩეულად ყურადღებიანი... უზომოდ დიდი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის.

მე მახსოვს, მასთან თანამშრომლობა რამდენად დიდი პატივი იყო ყველასთვის, მაგრამ თავად არასოდეს გაგრძნობინებდა, რომ ძალიან დიდი რეჟისორი იყო, მისგან წარმოუდგენელი იყო ზემოდან ყურება და ამიტომ თავს უბედნიერესად ვგრძნობდით. მიმართვა - მაესტროც კი არ უყვარდა, რადგან ზედმეტ პატივად მიაჩნდა...

აუცილებლად გაგიზიარებდა თავის შეხედულებას ამა თუ იმ სპექტაკლზე, ფილმზე, მუსიკაზე, იშვიათად თვითირონიული იყო თავისი შემოქმედების მიმართ. დიდოსტატი, რომელსაც ხელეწიფებოდა ფსიქოლოგიურად ლაბირინთებში ისე გატარებდა და გამოგიყვანდა, რომ ბოლოს იცოდი ძალიან კეთილშობილი ხდებოდი. არცერთი მისი სპექტაკლი პესიმიზმს არ ტოვებდა... საკმარისია, გავიხსენოთ მისი უბრწყინვალესი სპექტაკლები საქართველოსა და მსოფლიოში და მივხვდებით, რომ მხოლოდ საქართველომ კი არა, მსოფლიომ უდიდესი ხელოვანი დაკარგა!

"მაინც დამტოვა...მამასთან, პირად საკითხებზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა" - როგორ იხსენებდა მამასთან ურთიერთობას ეკა ჩხეიძე?

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)