"თუ სტატუსს მოგვანიჭებენ, დასავლეთი უფრო გაღიზიანებულ რუსეთს მიიღებს, თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ მიიღებენ გადიდგულებულ რუსეთს“ - კვირის პალიტრა

"თუ სტატუსს მოგვანიჭებენ, დასავლეთი უფრო გაღიზიანებულ რუსეთს მიიღებს, თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ მიიღებენ გადიდგულებულ რუსეთს“

„პოლიტიკას ახსოვს მაგალითები, როდესაც ქვეყნები ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით მიიღეს და არა იმის გათვალისწინებით, აკმაყოფილებდნენ თუ არა სტანდარტებს“

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის აზრით, ორმოცდაათი ორმოცდაათზეა შანსი იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ ევროპული ქვეყნები და როგორ შეიცვლება რეგიონში პოლიტიკური წესრიგი საქართველო-უკრაინა-მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭების ან უარის თქმის შემთხვევაში, ამის შესახებ გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:

- ჩვენ ნამდვილად არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს, ან საერთოდაც სჭირდება ამ სტანდარტის დაკმაყოფილება. თუმცა საერთაშორისო პოლიტიკას ახსოვს მაგალითები, როდესაც მსგავს გაერთიანებებში ქვეყნები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით მიიღეს და არა იმის გათვალისწინებით, აკმაყოფილებდნენ თუ არა სტანდარტებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ნატოს სტანდარტებს იმაზე მეტად ვაკმაყოფილებთ, ვიდრე ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მაგრამ არა ვართ წევრი. ნუ გვექნება ილუზია, რომ რაღაც სტანდარტს დავაკმაყოფილებთ და ევროკავშირში ან ნატოში მიგვიღებენ.

- ზოგიერთი ანალიტიკოსისა და პოლიტიკოსის აზრით, ღარიბაშვილი ცდილობს რეალობა ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველომ დღემდე ნაკისრი ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა. თქვენ რა შთაბეჭდილებას გიქმნით, მისი ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ ასოცირების შეთანხმების 45% უკვე შევასრულეთ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში წინსვლა გვაქვს, რომ ქართველები ყოველთვის ვართ იქ, სადაც ევროპას, მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებრიობას ვჭირდებით.

- ღარიბაშვილმა ევროპელებს შეახსენა, რომ მხოლოდ მომხმარებელი ქვეყანა კი არა ვართ, ძალიან სერიოზული კონტრიბუცია გვაქვს ჩადებული ევროპის სტაბილურობაში და ეს ძალიან კარგია, სწორი გზავნილები გაუშვა. ბრიუსელში არ აინტერესებთ, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დეტალები, ბრიუსელში აინტერესებთ, როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და რამდენად ერთგულია ქვეყანა საერთაშორისო ვალდებულებებისა.

- ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მთავრობა შეცდომებს უშვებს და გამოსწორებას ცდილობენ. სინამდვილეში, ოპოზიციას ხელისუფლების შეცდომების გამოსწორების რა რესურსი აქვს?

- თავად თუ იცის ოპოზიციამ რისი რესურსი აქვს? სხვათა შორის, მე ისიც მაინტერესებს, მთავრობას რისი რესურსი აქვს. არც ერთისგან არ მომისმენია კონცეპუტუალურ, კონკრეტულ საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა და ანალიზი. როდესაც პოლიტიკურ სპექტრს საგარეო პოლიტიკის კუთხით კონსოლიდირებული პოზიცია არა აქვს, ყოველთვის ზიანდება სახელმწიფო. ძალიან არ მომწონს დღევანდელი მმართველი გუნდის ბევრი ქმედება, მაგრამ ასევე არ მომწონს ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის გზავნილი, ევროპელი პარტნიორებისთვის, იქნებ სანქციები ჩვენთვისაც დაგეწესებინათო.

- ეს პოლიტიკური ჯგუფი მიიჩნევს, რომ თუ პიროვნული სანქციები დაწესდება, ქვეყანა არ დაზარალდება.

- არასწორად მიიჩნევენ! პიროვნული სანქციები შეიძლება დაუწესონ კიმ ჩენ ინს, სუდანის დიქტატორს. მუჰამედ ბინ სალმანიზე ტირანი არავინ გვყავს და მას არა აქვს სანქციები დაწესებული, კაცს, რომელმაც ჟურნალისტი მოკლა და მის ნაწილებს ჭაში ყრის. რატომ არ დაადეს სანქცია? იმიტომ, რომ პარტნიორობის ხარისხი განსაზღვრავს სანქციების მოცულობას.

- რა სიგნალს მიიღებს რუსეთი, თუ ევროკავშირი ამ სამი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებაზე თავს შეიკავებს და როგორ შეიცვლება რეგიონში პოლიტიკური დღის წესრიგი?

- რუსეთი გააგრძელებს იმას, რასაც ახლა აკეთებს უკრაინაში. რაც შეეხება რეგიონულ თუ გლობალურ პოლიტიკას, მოსკოვი უფრო გააღრმავებს დაძაბულობას დასავლეთთან. თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, დასავლეთი უფრო გაღიზიანებულ რუსეთს მიიღებს, თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ გადიდგულებულ რუსეთს. მთავარი ის იქნება, ვის ხელში იქნება ინიციატივა, თუ ჩვენ სტატუსს მოგვცემენ - ინიციატივა იქნება ევროკავშირის ხელში და ეს ჩვენთვის კარგია. სტატუსის მიღება წევრობას არ ნიშნავს. შესაბამისად, რუსული საფრთხეებისგან დაცული ვერ ვიქნებით.

- რა მოხდება, თუ სტატუსს მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ.

- ისიც შეიძლება სტატუსი უკრაინამ და საქართველომ მიიღონ და მოლდოვა დარჩეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ევროკავშირი ახლა ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევს მართებულად თუ რუსეთის განწყობების პირისპირ გადამწყვეტი სიტყვის თქმას. სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევაში შეიძლება საქართველოს მიანიჭონ სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინაში ომია, მოლდოვაში კი რუსეთის მეთოთხმეტე არმია დგას. თუმცა არც ის არის გამორიცხული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მას მისცენ სტატუსი. ძნელი გამოსაცნობია, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.

ხათუნა ბახტურიძე