"მე ველი, რომ იქნება პოზიტიური პასუხი და ეს ყველა რეზოლუციასა თუ მხარდამჭერ დოკუმენტზე მაღლა დგას“ - კვირის პალიტრა

"მე ველი, რომ იქნება პოზიტიური პასუხი და ეს ყველა რეზოლუციასა თუ მხარდამჭერ დოკუმენტზე მაღლა დგას“

ბოლო დღეების განმავლობაში მოლდოვასა და უკრაინის შესახებ ევროკავშირმა მიიღო მხარდამჭერი რეზოლუციები, საქართველოს საკითხზე კი მსგავსი რეზოლუცია არ ყოფილა, რამაც უფრო გაამძაფრა საქართველოში სკეპტიკოსების შეფასებები. ოპოზიცია და ხელისუფლება კი ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ. არადა, გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კვირაზე ნაკლები დარჩა. როგორ აპირებს ხელისუფლება ბოლო დღეების გამოყენებას და რა მოლოდინი აქვთ, ამ საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მარიამ ლაშხს ვესაუბრეთ.

- საქართველოს ხელისუფლებამ ეს პასუხისმგებლობა აიღო 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც განაცხადა, რომ 2024 წლისთვის გააკეთებდა განაცხადს წევრობაზე. ეს პირველ რიგში გულისხმობდა იმ პასუხისმგებლობას, რომ დაჩქარებული წესით გაგვეტარებინა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი რეფორმები. ვალდებულებების დაახლოებით 45% შესრულებულია და 2024 წლისთვის ვფიქრობდით, რომ 70%-მდე შევასრულებდით. უკრაინაში ომის გამო შეიქმნა შესაძლებლობა და ცხადია, ხელიდან ვერ გავუშვებდით. როგორც იცით, ორივე კითხვარი ვადაზე ადრე შეივსო. ეს იყო თავდაუზოგავი და კოორდინირებული მუშაობის შედეგი და მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღამეებს ათენებდნენ, რომ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია, სათანადოდ მიგვეწოდებინა ევროკავშირისთვის.

ველოდით, რომ პოლიტიკურ სპექტრში ერთიანობა იქნებოდა, რადგან ჩვენს მოქალაქეებიც უჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრებას. სამწუხაროა, რომ ამაშიც კი არ არის რადიკალური ოპოზიციის არათუ მხარდაჭერა, არამედ ის, რასაც აკეთებენ და ამბობენ, არანაირად არ ემსახურება ხალხის არჩევანს. როგორც ჩანს, ელიან, რომ თუ ევროკავშირი გვეტყვის უარს, ეს იქნება გადატრიალების წინა პირობა და ამას სწირავენ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. აუცილებლად უნდა ვთქვა - ამის საფუძველი ნამდვილად არ გააჩნიათ, რადგან ჩვენ პოზიტიური შედეგის მოლოდინის საფუძველი გვაქვს.

- ოპოზიცია ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს არათუ არ ეუბნებიან, რომ სტატუსი არ მოგვცენ, არამედ პირიქით, მხარდაჭერას სთხოვენ. თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული ფაქტი ოპოზიციის წინააღმდეგ?

- ხელისუფლებას როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოდან ერთი დღე არ ჩაუგდია, რომ შეხვედრებს არ მართავდეს და ჩვენ ვმუშაობთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. რა გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ოპოზიცია ამას აკეთებს? არის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რომ აქ სრული ერთიანობა იყოს. ისინი რეფორმების პროცესში საერთოდ არ ერთვებიან. ამის ნაცვლად კი გზავნიან წერილებს, ჩადიან და ლაპარაკობენ ისეთ საკითხებზე, რაც ძალიან აზიანებს ამ პროცესს. შესაძლოა ქვეყანაში გქონდეს შეუთანხმებლობა, მაგრამ ქვეყნის გარეთ ასე არ უნდა იქცეოდე. არის კონკრეტული ფაქტიც - ერთი ჩვენი კოლეგა ამბობდა, გაფუჭებული ბავშვებივით დადიან, წუწუნებენ ამ საკითხებზე და ხან რას ამბობენ, ხან რასო.

- ვინ თქვა ეს?

- ეს არაფორმალური საუბარი იყო და ვერ დავასახელებ.

- თუ ევროპარლამენტარები ასე აფასებენ ოპოზიციის ქმედებებს, სადღაა საფრთხე, ხომ არ გაითვალისწინებენ ოპოზიციის ნათქვამებს? მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას მეტი ბერკეტი აქვს, რომ ევროპარლამენტარებს ელაპარაკოს.

- ერთია, რომ ჩვენ გვიწევს მტკიცებულებების მიტანა ყოველ ასეთ შემთხვევაზე. მაგალითად ნიკა გვარამიას ქეისი ავიღოთ. ჩვენ გვიწევს იმის მტკიცება, რომ კანონზე მაღლა ვერავინ იდგება, ნაცვლად იმის, რომ ველაპარაკებოდეთ გატარებულ რეფორმებზე და კონსულტაციებს გავდიოდეთ, როგორ გავაკეთოთ დაჩქარებულად ის, რაც გასაკეთებელია. ამასთან, არც ევროპარლამენტარებს აქვთ ბევრი დრო, რომ ყველა ქეისი სიღრმისეულად განიხილონ. კომუნიკაცია დამყარებულია აღქმებზე, რაც ძალიან ართულებს პროცესს. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს, ერთი მხრივ, თავის მართლება, რაზეც დროს არ უნდა ვხარჯავდეთ და სწორედ ეს მიმაჩნია მავნებლობად, და მეორე მხრივ ვმუშაობთ, რომ რეფორმები სწორად როგორ გავატაროთ.

- მოლდოვასა და უკრაინის შესახებ ევროკავშირმა უკვე მიიღო მხარდამჭერი რეზოლუციები. არის თუ არა შესაძლებელი, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს საკითხზეც მიიღონ მხარდამჭერი რეზოლუცია?

- ტექსტში, განსაკუთრებით რეზოლუციაში მოლდოვას შესახებ, საქართველოც არის რამდენჯერმე ნახსენები მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, რაც გულისხმობს, რომ ეს სამი ქვეყანა ერთობლივად განიხილება. ლოგიკურად და ფაქტობრივად, ძირითადი ინდიკატორებით, რაც უნდა იყოს სტატუსის მინიჭების საფუძველი, ყველაზე წინ ვართ. ამიტომ ლოგიკური არ იქნება, რომ საქართველოს არ მიანიჭონ და მისცენ მოლდოვასა და უკრაინას. ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით და დღემდე ვაგრძელებთ, რომ მხარდამჭერი განცხადება იქნება თუ რეზოლუცია საქართველო მუდმივად იყოს ნახსენები. მე ველი, რომ იქნება პოზიტიური პასუხი და ეს ყველა რეზოლუციასა თუ მხარდამჭერ დოკუმენტზე მაღლა დგას. ყველაზე დიდი ძალისხმევა ახლა ამისკენ არის მიმართული და არა რომელიღაც მიკერძოებულ კომენტარებზე საპასუხოდ.

რუსა მაჩაიძე