„ზღაპრები აღარ უნდა აპატიოს ხალხმა „ქართულ ოცნებას“ და პროდასავლური ნაბიჯების გადადგმა უნდა აიძულოს“ - კვირის პალიტრა

„ზღაპრები აღარ უნდა აპატიოს ხალხმა „ქართულ ოცნებას“ და პროდასავლური ნაბიჯების გადადგმა უნდა აიძულოს“

ვის უნდა გულწრფელად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ვინ თვალთმაქცობს", - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და დასძენს, „"ქართული ოცნება"“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო რუსეთთან პირისპირ დარჩეს. ამასთან, ვაშაძის განცხადებით, „"ოცნების"“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან მან ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა, თუმცა მტკიცებულებები ვერ მოიტანა. რა მტკიცებულებებს ელოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ირაკლი კობახიძისგან, ეწეოდნენ თუ არა ხელისუფლების დისკრედიტაციას ოპოზიციონერი ლიდერები და როგორია ვაშაძის 7-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროინტეგრაციაში დაგვეხმარება, ამის შესახებ მასთან საუბრისას შევიტყობთ:

- კობახიძეს ჩვევად ექცა ტყუილების მოგონება, ძალიან გაერთო ამ საქმით. ჯერ დაგვაბრალა, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდითო, მერე გვითხრეს, რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვდითო, ამჯერად კი გვაბრალებს, ბრიუსელში დადიხართ და ხელისუფლების დისკრედიტაციას ეწევით, არ გინდათ, რომ სტატუსი მივიღოთო. ვთხოვე, მტკიცებულებები დადეთ-მეთქი, მაგრამ ამაოდ. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ამ ტყუილებსა და ზღაპრებში?! 15 წუთი ილაპარაკა საპარლამენტო ტრიბუნიდან, მაგრამ ერთი მტკიცებულებაც ვერ მოიტანა. სამაგიეროდ, მე მაქვს მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ - პირდაპირ ვადებ ხელს ღარიბაშვილს, კობახიძესა და ივანიშვილს, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ვერ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მათი ანტიდასავლური ნაბიჯების გამო ევროკავშირი იძულებული გახდება უარი გვითხრას სტატუსის მონიჭებაზე. რაში მდგომარეობს მათი ანტიდასავლური ნაბიჯები?! დასავლელი პარტნიორების, ევროპარლამენტარების, ამერიკელი თუ ევროპელი ელჩების ლანძღვაში, მოსამართლეების დაშანტაჟებაში, ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელების დაჭერაში ან დაჭერის მცდელობაში, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების შეუსრულებლობაში და ასე შემდეგ... ჰგონიათ, ნაბიჯების ის კომპოზიცია, რაც ერთი თვის განმავლობაში გადადგეს, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას.

- ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ თქვენ, ოპოზიციონერი ლიდერები, ბრიუსელში ხელისუფლების დისკრედიტაციას ეწევით.

- თქვას, რომელ ევროპარლამენტართან ან ამერიკელ პარტნიორთან ვცდილობდი ჩემი ქვეყნის ხელისუფლების დისკრედიტაციას. კი ბატონო, საქართველოში ვაკრიტიკებ, მაგრამ ქვეყნის გარეთ ამაზე არ ვსაუბრობ. მე ახლა დუბლინში, უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ვარ, სადაც "ალდეს" ევროპული პარტიების ლიდერების შეკრება იმართება. აქ არიან 1000 დელეგატი, 100-მდე ევროპარლამენტარი, ევროკავშირის წევრი სამი ქვეყნის პრემიერი, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, მინისტრები და პარლამენტარები. და ჩვენ ეს შევძელით, რეზოლუცია მიღებულია. "ალდე" მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

"სტრატეგია აღმაშენებელმა" ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად "ქართულ ოცნებას" 7-პუნქტიანი გეგმა "ერთად ევროპისკენ" შესთავაზა, რომელიც საქართველოს დაეხმარება ევროპას ნათლად აჩვენოს, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა ევროპასთან დაახლოებისთვის. "ოცნებას" ნამდვილად რომ სურდეს სტატუსის მიღება, ყურად იღებდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას. მართლაც ძალიან საყურადღებო რამ თქვა. პირდაპირ გვითხრა, საქართველომ აუცილებლად უნდა გაატაროს რეფორმები, რადგან პრობლემები აქვს იმ სფეროებში, რომლებიც ევროკავშირისთვის საკვანძო ღირებულების არისო. ამიტომ შევთავაზეთ ეს 7-პუნქტიანი გეგმა, მაგრამ უარი გვითხრეს, არადა, რა იყო ამაში ისეთი, რაც შეიძლებოდა მიუღებელი ყოფილიყო ევროინტეგრაციის მსურველი ქვეყნის ლიდერებისთვის?! ჩვენ ვსაუბრობდით ოპოზიციის მიერ შემუშავებული სასამართლო პაკეტის პარლამენტში მიღებაზე; საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანასა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებაზე; ევროპარლამენტარებსა და ელჩებზე თავდასხმის შეწყვეტაზე; უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაზე, სადაც რუსეთის სამხედრო დანაშაულები მკაფიოდ იქნებოდა დაგმობილი. მთავრობას ასევე შევთავაზეთ მოემზადებინა ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას გარანტირებულად გამორიცხავდა. ბოლოს იყო ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა, ასევე სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულება მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნებოდა.

- თქვენ პირველ რიგში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი ახსენეთ, არადა, ეს არის თემა, რაშიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები რადიკალურად განსხვავდება. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ამ სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.

- მმართველი გუნდი თან ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელი, სამართლიანი მართლმსაჯულება აქვს და თან პარალელურად მოსამართლეებს საჯაროდ აძლევს მითითებას, არ წავიდნენ ამერიკაში და მართლაც არ მიდიან. რა გამოდის, რეფორმებიც გაატარეს, ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია გაითვალისწინეს და დასავლელი პარტნიორები მაინც გვაძლევენ შეცდომების ჩამონათვალს? ოპოზიცია ხომ გვლანძღეს, ტყუილები, ქვეყნის ღალატი და ვინ მოთვლის, კიდევ რა არ დაგვაბრალეს, ახლა დასავლელ პარტნიორებზეც გადავიდნენ - ხან სუბიექტურობას აბრალებენ, ხან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებენ. თან ეჩხუბებიან და თან სთხოვენ, კანდიდატის სტატუსი მოგვეცითო. ესე იგი, ევროპა ტყუის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ტყუის, საქართველოს ოპოზიცია ტყუის, სამოქალაქო სექტორი ტყუის, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები ტყუიან. ვინ არ იტყუება, პუტინი?! აბა, სხვა არავინ დარჩა, ვისაც სიცრუეში არ დასდეს ბრალი.

- თუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად იქცევა, ანტიდასავლურად, სურს რუსეთის პირისპირ დაგვტოვონ, მათთან ერთად, ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტების გამართვაში რა ლოგიკას ხედავთ?

- ეს ძალაა დღეს ხელისუფლებაში და საზოგადოებრივი წნეხით უნდა ვაიძულოთ, რომ ევროპისკენ გადადგას ნაბიჯები. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ ხელისუფლებაში გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც პირადი კეთილდღეობის გარდა არაფერი აინტერესებს და ქვეყანას ისე ძარცვავს, როგორც შეუძლია. პრემიერი ტრიბუნიდან თავს კი არ უნდა იწონებდეს, თავდახრილი უნდა იდგეს და ბოდიშებს იხდიდეს თუნდაც იმის გამო, რომ გასულ წელს ასი ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ჩვილბავშვებიანი ქართული ოჯახების რიგი დგას. ეს ყველამ იცის, მაგრამ პრემიერი გამოდის და გულზე მჯიღს იცემს, რა მაგრები ვართო! აი, ეს ზღაპრები აღარ უნდა აპატიოს ხალხმა „"ქართულ ოცნებას"“ და პროდასავლური ნაბიჯების გადადგმა უნდა აიძულოს.

ხათუნა ბახტურიძე