„კობახიძის ყოველი გამოსვლა რამდენიმე ქულას აკარგვინებს საქართველოს ინტეგრაციის პროცესში“ - კვირის პალიტრა

„კობახიძის ყოველი გამოსვლა რამდენიმე ქულას აკარგვინებს საქართველოს ინტეგრაციის პროცესში“

ვინ უწყობს ხელს და ვინ აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს? ხელისუფლების ანტიდასავლური ნაბიჯები უგუნურებაა თუ მიზანმიმართული ქმედება, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" მოძრაობა "საქართველოსთვის" პოლიტიკურ მდივანს კახა ქემოკლიძეს ესაუბრა.

- ვფიქრობ, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და არ ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას. საქართველოს მოსახლეობა ამას იმსახურებს. ამისთვის 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფასი გვაქვს გადახდილი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თავისი უგუნურებით ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსი არ მივიღოთ, ან სკეპტიციზმი მაინც გაიზარდოს ჩვენ მიმართ. იმედია, ევროპელი ბიუროკრატები დააფასებენ საქართველოს ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ არჩევანს, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა.

- რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?

- ოპტიმიზმს არა, ამას უფრო პრაგმატულ ინტერესს დავარქმევდი. ვფიქრობ, ერთადერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ჩვენდა სასიკეთოდ გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქნება. ამ მხრივ ძალზე რთული ვითარებაა და იმედია, გაითვალისწინებენ ევროპელი პარტნიორები. კანდიდატის სტატუსი რომ არ მივიღოთ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, და ეს იქნება ძალიან დიდი ნაჩუქარი ქულა ჩვენი მტრებისთვის. რა თქმა უნდა, რუსე თს ვგულისხმობ.

- რატომ დგამს, როგორც თქვენ ამბობთ, ხელისუფლება ანტიდასავლურ ნაბიჯებს? ეს მიზანმიმართული მოქმედებაა თუ უგუნურების შედეგი?

- ერთი მხრივ, უგუნურება და მეორე მხრივ, არაკომპეტენტურობა და მათი მოქმედება პირდაპირ მიანიშნებს, რომ შეგნებულად აზიანებენ ამ პროცესს, რათა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ მმართველობა ამ მენეჯმენტითა და სისტემით. ევროკავშირში გაწევრება ნიშნავს სისტემურ სახელმწიფოებრივ ინსტიტუციურ რეფორმებს, მთელი ამ მანკიერი პრაქტიკის მოშლას. მათ ეს არ სურთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ მოხდეს.

- "ერთადერთი, რასაც მოვუწოდებ - 4 კვირა მაინც გაჩუმდნენ". თქვენმა თანაგუნდელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დუმილისკენ მოუწოდა.

- გიორგი გახარიამ თავისი განცხადებით დუმილისკენ მოუწოდა მათ, ვინც თავიანთი განცხადებებით აზიანებენ ამ პროცესს, თორემ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვერ გააჩუმებ და არც უნდა გააჩუმო ასეთ მნიშვნელოვან მომენტში. ვფიქრობ, დიდი გამოსაცნობიც აღარ არის, ვინ აზიანებს თავისი განცხადებებით ამ პროცესს. ბატონი კობახიძე არაჩვეულებრივი მაგალითია ყველასთვის. მისი ყოველი გამოსვლა ტელეეთერში რამდენიმე ქულას აკარგვინებს საქართველოს ამ პროცესში.

- ვინ უწყობს ხელს და ვინ აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს?

- ეს განცხადება შეეხებოდა ყველას, რადგან საკუთარი განცხადებებით არა მარტო ხელისუფლება, ზოგჯერ ოპოზიციაც აზიანებს პროცესს.

- თუ ვერ მიიღო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი აიღებთ თუ არა პასუხისმგებლობას? არ ფიქრობთ, რომ ამ პროცესისთვის მეტის გაკეთება შეგეძლოთ?

- ეს ის პროცესია, სადაც მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. ოპოზიციასთან შედარებით მმართველი პარტია 10 საფეხურით წინ არის, რადგან მას აქვს ინსტრუმენტები: საელჩოები, სამინისტროები და პირდაპირი კომუნიკაცია.

ჩვენ ყოველთვის მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, მაგრამ დღეის მოცემულობით ვართ იმ ფაზაში, როდესაც პასუხისმგებლობის რადიუსი 99%-ით ხელისუფლებაზეა.

- ანაკლიის პორტი რომ აშენებულიყო, ეს ხომ იქნებოდა ევროპისკენ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი?

- ანაკლიის პორტი შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა დიდი ტვირთბრუნვისთვის, სტრატეგიული ინტერესის დონეზე კი ეს რთულად შესაფასებელია, მაგრამ ეკონომიკურად რომ ბევრად დიდი სარგებელი ექნებოდა ქვეყანას, უდავოა.

- არ გიქმნით უხერხულობას ის, რომ ამ პროექტის ჩავარდნის მიზეზებზე საუბრისას თითს თქვენი თანაგუნდელისკენ, გიორგი გახარიასკენ იშვერენ?

- ბატონი გახარია შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრობისას იყო ერთ-ერთი მთავრობაში, რომელიც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას, ოღონდ ისე, რომ სახელმწიფო არ დაზარალებულიყო. საუბარია კეთილსინდისიერ ინვესტორებსა და მათ პასუხისმგებლობაზე.

- ანუ მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდი არაკეთილსინდისიერი ინვესტორები იყვნენ და როგორც ხაზარაძე ამბობს, სწორედ ამიტომ უგზავნიდა გახარია მუქარის წერილებს?

- გახარია არავის არ უგზავნიდა მუქარის წერილებს. ეს სპეკულაციაა და ასეთი რამ არაერთხელ მოვისმინეთ. გახარია არასოდეს შესწინააღმდეგებია პროექტს, პირიქით, ხელს უწყობდა. იმედია, ადრე თუ გვიან, პორტი აშენდება.

- სად ვეძებოთ დამნაშავე?

- ყველგან, ვინც ანაკლიის პორტის პროექტს პოლიტიკურად არ დაეხმარა.