„ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკა განწირულია მარცხისთვის - კვირის პალიტრა

„ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკა განწირულია მარცხისთვის

„ტყუილად ნუ ეცდებიან მმართველი გუნდის ლიდერები თავიანთი წარუმატებლობის გადმობრალებას“

ჩვენ მოვუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას", რომ გავერთიანდეთ, ოღონდ არა კობახიძის, არამედ ევროკავშირის მოწოდებებისა და საგზაო რუკის ირგვლივ, რათა შევამციროთ რისკები, რომლებიც საქართველოს ნამდვილად აქვს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით", - განაცხადა ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას. რა ტიპის რისკებს ხედავს "ლელოს" ლიდერი ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე და რა მოლოდინი აქვს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძე თავად გვესაუბრება.

- ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს ჩვენც ველოდებით, უკრაინაც და მოლდოვაც, ჩვენ შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ უკრაინელები და მოლდოველები ყოველდღიურად მუშაობენ ევროპულ დედაქალაქებში, საქართველოს მთავრობა კი არ მუშაობს. ხელისუფლებისგან მუდმივად ვისმენთ გაუგებარ განცხადებებს, რომლებიც ნამდვილად არ არის პროევროპული. სხვადასხვაგვარად შეიძლება დავასაბუთოთ, თუ რატომ არის "ქართული ოცნება" ასეთი აგრესიული, არაადეკვატური და რატომ აირჩია ევროპელი ლიდერების შეგონებების გზა, ნაცვლად იმისა, დაედასტურებინა ჩვენი ქვეყნის მზაობა ევროკავშირის თამაშის წესებით მოქმედებისთვის. ევროპელმა ლიდერებმა გასაგებად არაერთხელ განაცხადეს, რომ თავიანთ ოჯახში მიიღებენ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ ევროპულ ღირებულებებს. ვინ მიგიღებს ევროპულ ოჯახში შენი უწესო წესებით, პრეტენზიებითა და უაზრო შეგონებებით?! "ქართული ოცნების" აგრესიული პოლიტიკა განწირულია მარცხისთვის. ამიტომ მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, დარჩენილ პერიოდში მოვასწროთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შევამციროთ ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმის რისკები. არავინ მიგვიღებს ევროკავშირში, თუ არ ვითამაშებთ ევროკავშირის წესებით. ამ რისკების შემცირებისთვის საჭიროა დავუბრუნდეთ ევროკავშირის შემოთავაზებულ საგზაო რუკას. დოკუმენტს, რომელსაც 19 აპრილს მოვაწერეთ ხელი და რომელიც შემდეგ "ოცნებამ" ფეხქვეშ გათელა, საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა ერქვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უდიდესი ძალისხმევა გაიღო, რომ ეს შეთანხმება შესრულებულიყო. რა გახდა, ბარემ მოგვეცით კანდიდატობა, ეს ხომ დამატებითი ხარჯი არ არისო, ეს სერიოზული განცხადებაა? ეს არის ევროკავშირის დამუნათების ცდა. "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ ამერიკა ან ევროკავშირი "ქართული ოცნების" წესებით ითამაშებენ?! არა, ბატონებო, ასე არ გამოვა!

- თუმცა ინიციატივა, 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდეს "ქართული ოცნება", მიუღებელი აღმოჩნდა როგორც მმართველი გუნდისთვის, ასევე ოპოზიციის ნაწილისთვის. მაგალითად, გიგა ბოკერიამ უაზრობაც კი უწოდა ამ იდეას.

- გიგა ბოკერიას არც თავის დროზე მიაჩნდა ეს დოკუმენტი მნიშვნელოვნად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ბრიუსელში ვიზიტისას ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ "ქართული ოცნების" გაკრიტიკების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ის, რომ მმართველმა გუნდმა 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა. ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა, ტყუილები, გადაგდება, დასავლელი კოლეგების ლანძღვა-გინება ხელს არ უწყობს ჩვენს ევროპაში ინტეგრირებას, პირიქით, ძალიან გვაზიანებს. დღეს პროდასავლურ ოპოზიციას ერთადერთი ამოცანა აქვს, "ქართული ოცნების" შეცდომების მიუხედავად, ქვეყანამ მიიღოს იგივე სტატუსი, რასაც მიიღებს უკრაინა. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია აღიაროს საკუთარი შეცდომები, გამონახოს საერთო ენა ოპოზიციასთან და ევროპელი პარტნიორების საშველად გამოწვდილ ხელს საკუთარი ხელი შეაგებოს.

- შალვა პაპუაშვილის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ დადებითი როლი შეასრულა იმ თვალსაზრისით, რომ საბოტაჟის დასრულება გახადა შესაძლებელი. მისი ეს განცხადება და ოპოზიციის ნაწილის დამუნათება, რომ 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერითა და პარლამენტში შესვლით, ხელისუფლება ჩიხური სიტუაციიდან გამოიყვანეთ, სინანულის განცდას ხომ არ გიჩენთ?

- არავითარ შემთხვევაში! ევროპელი მეგობრები გვეუბნებოდნენ, მიშელის შეთანხმება მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებისთვისო. ვისაც მართლა გვსურს ევროკავშირში ინტეგრირება, მნიშვნელობა არა აქვს, რას ფიქრობენ პაპუაშვილი, კობახიძე ან თუნდაც გიგა ბოკერია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ აფასებენ ჩვენს გადაწყვეტილებას, რას იტყვიან და რას ელიან ჩვენგან ევროპელი პარტნიორები. პაპუაშვილისა და კობახიძის განცხადებები განკუთვნილია შიდა მოხმარებისთვის, "ქართული ოცნების" აუდიტორიისთვის და ამას არავითარი გავლენა არა აქვს ევროპარლამენტარებზე. თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტარები ნეგატიურად არიან განწყობილი ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდის მიმართ. ჩვენი მიზანია, ეს ნეგატივი ოდნავ მაინც შევცვალოთ.

ორი არჩევნის წინაშე ვდგავართ - ან ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ, ან ვიბრძოლოთ და საზოგადოებას ავუხსნათ, რა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, რათა ევროპული პერსპექტივა გაგვიჩნდეს. მე მგონია, სწორი გამოსავალი ბრძოლაა. დიდი შეცდომა იქნება, თუ "ქართული ოცნების" დესტრუქციულობის გამო უარს ვიტყვით ევროპულ პერსპექტივაზე.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილებაა. ასე ვფიქრობდი მაშინ და ასე ვფიქრობ ახლაც.

- რას იტყვით მმართველი გუნდის ბრალდებაზე, რომ ოპოზიციონერი ლიდერები, კონკრეტულად "ლელოდან" კი სალომე სამადაშვილი, ბრიუსელში ხელისუფლების დისკრედიტაციას ეწევიან და ამ გზით ცდილობენ ხელი შეგვიშალონ სტატუსის მიღებაში?

- ესე იგი, როგორც ხელისუფლება ამბობს, ოპოზიცია ბრიუსელში იმიტომ დადის, რომ საქართველოს ხელისუფლებას სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალოს, ანუ ოპოზიციას ბრიუსელში ხელისუფლებაზე მეტი გავლენა აქვს?! დაფიქრდით ერთი, რად გინდათ ასეთი უსუსური ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის 9-წლიანი მმართველობის შემდეგაც კი ვერ მოახერხა სტრატეგიულ პარტნიორებზე იმაზე მეტი გავლენის მოპოვება, ვიდრე ოპოზიციას აქვს?! ტყუილად ნუ ეცდებიან მმართველი გუნდის ლიდერები თავიანთი წარუმატებლობის გადმობრალებას. ძალიან პრიმიტიულად მოქმედებენ. ჩვენი მოქალაქეების დაუჯერებელი ტყუილებით კვებას ცდილობენ. არ არსებობს პროდასავლელი ოპოზიციონერი, რომელსაც დასავლელი პარტნიორისთვის რაიმე ისეთი ეთქვას, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვას ხელს შეუშლიდა. ყოველი ჩვენგანი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ევროკავშირისგან მიიღოს მაქსიმალური შედეგი, იმდენივე, რამდენსაც მიიღებს უკრაინა. თუ ვინმე ამ პროცესს აზიანებს, ისევ და ისევ "ქართული ოცნება". ამიტომ მოვუწოდებ, დაუბრუნდნენ 19 აპრილის შეთანხმებას.

- როგორია თქვენი მოლოდინი, სტატუსს იმისდა მიხედვით მივიღებთ, თუ რამდენად ვიმსახურებთ, თუ როგორია გლობალური, პოლიტიკური მოცემულობა და ევროკავშირის ინტერესები?

- ყველამ ვიცით, რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტასუსის მიღების პერსპექტივა არ გვექნებოდა უახლოეს მომავალში სწორედ ჩვენი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო. ევროპული პერსპექტივა მოგვცა უკრაინამ თავისი გმირული ბრძოლით. რა სახით მივიღებთ ამ ევროპულ პერსპექტივას - სტატუსის მონიჭებით, ევროპისკენ მიმავალი საგზაო რუკის მოცემით თუ რაიმე სხვა სტატუსით ან შეთავაზებით, ამის თქმა მიჭირს. ახლა მთავარია, საქართველომ მიიღოს იგივე სტატუსი, რასაც უკრაინა მიიღებს.

ხათუნა ბახტურიძე