საცო(ბ)აობა ჩვენს ქუჩებში - კვირის პალიტრა

საცო(ბ)აობა ჩვენს ქუჩებში

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ მეხიკოს, ლონდონისა თუ მოსკოვის "სახელგანთქმულ" საცობებზე, ჩვენს ყოველდღიურ თავსატეხად თბილისის გაუვალი ქუჩები რჩება. ლოგიკური იქნებოდა საწვავის გაძვირებას საქართველოს დედაქალაქშიც შეემცირებინა მოძრავი ავტომანქანების რაოდენობა, მაგრამ შემცირებას ვინ ჩივის - თბილისური "ტრაფიკი" სულ უფრო ინტენსიური ხდება.

გვესმის (უფრო სწორად, ვხედავთ!), რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ თბილისის ისედაც გადატვირთულ გზებს დაემატა სლავური წარმოშობის ათასობით "სტუმარიც", რომელთა დიდი ნაწილი ყოველდღიურად დადის საკუთარი ავტომანქანით ან ტაქსით და... მეტი რა უნდა ქალაქს, რომლის ქუჩებიც თვითნასწავლი მძღოლებით არის სავსე? "მძღოლებით", რომლებმაც, ავტომანქანის მართვის, კანონისა და სხვა მძღოლების პატივისცემის ნაცვლად, მხოლოდ ის იციან, რომ ყველაზე მეტად ეჩქარებათ სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ავტომანქანებზე მეტადაც კი! სწორედ ამიტომ დავძვრებით ზოლიდან ზოლში, დალტონიკები მაინცდამაინც შუქნიშანთან მიახლოებისას ვხდებით, "მეტოქეებს" ვასწრებთ ყველა დაშვებული და დაუშვებელი მხრიდან და მერე გვიკვირს, რატომ კარგავს ქვეყანა წელიწადში ექვსასამდე კაცს ავტოსაგზაო შემთხვევების გამო.

თუმცა ეს ცალკე ტრაგედია. დავუბრუნდეთ საცობებს, თანამედროვე მეგაპოლისების თავსატეხს. ავტოპარკის ყოველწლიური ზრდა, არასწორი პარკირება, ათწლეულების წინ ფორმირებული ქუჩები, გაცხოველებული მშენებლობა (ხშირად ყოველგვარი წესისა და ნორმის უგულებელყოფით), მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურა, არასწორ ადგილას და რეჟიმით მომუშავე შუქნიშნები. ავტომობილების ნაკადის მოძრაობის შესანელებლად ჩამოთვლილთაგან რომელიმე პუნქტიც საკმარისია და როცა ერთ ქალაქში ყველა ერთად იყრის თავს, აღარ გვიკვირს, ათკილომეტრიანი დისტანციის გასავლელად ხშირად საათზე მეტი რომ გვჭირდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, საავტომობილო საცობების მთავარი მიზეზი... გზების ნაკლებობაა. ყოველწლიურად მზარდი ავტოპარკისთვის ისედაც არ არის საკმარისი ფართო ქუჩები და გზები, საპარკინგე ადგილები, სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდები და როცა ამ ყველაფერს გზის ხელოვნურად შევიწროება (უპასუხისმგებლო და კანონდამრღვევი მშენებლები, არასწორი პარკირება, ტროტუარის არარსებობის გამო სავალ ნაწილზე მოძრავი ქვეითად მოსიარულენი, თვეობით გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოები და სხვ.) და შუქნიშნების გაუმართაობაც ემატება, საცობში იმდენ ხანს ვატარებთ გვერდიგვერდ ტაატით მიმავალ ავტომანქანებში, დამეგობრება-დანათესავებასაც კი ვასწრებთ!

საწვავის გაძვირების გამო (უშედეგოდ!) და თბილისის მთავრობის (არანაკლებ!) ცდა დედაქალაქის ქუჩებში კერძო ავტომანქანებით მიმოსვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვის გაზრდის ხარჯზე შემცირდეს, ქალაქის ცენტრალური უბნების უმეტესობაში ზონალური პარკირებაც შემოიღეს და პარკირებასთან დაკავშირებული ჯარიმებიც გაზარდეს, მაგრამ... რთულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარობა გაზარდო, როცა მეტრო და სამარშრუტო ტაქსები მუდმივად გადაჭედილია, ავტობუსების განახლებულ ნუმერაციასა და წასვლა-მოსვლის გრაფიკში ბოლომდე ჯერაც ვერ გავერკვიეთ (ყოველთვის არც საინფორმაციო დაფები მუშაობს) და რაც მთავარია, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ორჯერ გაძვირდა! დიახ, რაც უნდა გვიმტკიცონ, თქვენ ვერ ხვდებით, თორემ გაიაფდაო, ფაქტია, მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის ღირებულება გაორმაგდა! სამგზავრო აბონემენტის მფლობელთათვის, რომლებიც ყოველდღიურად იცვლიან რამდენიმე სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, იქნებ ასეც არის, მაგრამ რას ვეუბნებით მათ, ვინც მეტროს, ავტობუსსა თუ სამარშრუტო ტაქსის კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე იყენებს და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარს იხდის?!

თუმცა დავუბრუნდეთ წერილის მთავარ თემას და თბილისის გადაჭედილ ქუჩებში ჩვენს ყოველდღიურ საცო(ბ)აობას - სანამ რამე გვეშველება, ვნახოთ, როგორ ებრძვიან­ საცობებს სხვა ქვეყნებში:

"საცობების მექას" – პეკინს, მოსკოვსა და მეხიკოს აღარაფერი ეშველებათ, ამიტომაც ჯერ ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე ვთქვათ: ძალზე გადატვირთული მოძრაობაა გერმანიაში, სადაც ზოგიერთ ქალაქში ყოველ 1000 მცხოვრებზე 600-ზე მეტი ავტომანქანა მოდის! გერმანელები საცობებს რამდენიმე ხერხით ებრძვიან, მათ შორის შეცვალეს სამსახურის დაწყების დრო - მაგალითად, ბერლინელები წინათ 08:00 საათზე მიეშურებოდნენ სამსახურებისკენ და შინ 17:00 საათზე ბრუნდებოდნენ. რამდენიმე წელია, სამსახურის დაწყება-დასრულების დრო შეიცვალა და ნაწილი 07:00 იწყებს, სხვები –08:00-ზე, დანარჩენები –09:00-ზე და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელობა ენიჭება შუქნიშნების მუშაობის სინქრონიზაციასაც, რაც გულისხმობს, რომ რაც უფრო ნაკლებ დროს ატარებენ ავტომანქანები შუქნიშნის მწვანე შუქის მოლოდინში, მოძრაობა მით უფრო თანაბარია, გზები კი - ნაკლებად დატვირთული.

რაც შეეხება დანიას, - დანიელთა 20% ველოსიპედით დადის, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით!

ესპანეთის ქალაქების უმეტესობაში საცობებს გერმანული სცენარით ებრძვიან: პოპულარიზაციას უწევენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტომანქანების ნაკადების ოპტიმიზაციას კი შუქნიშნების დახმარებით ცდილობენ.

კარგა ხანია, ბრიტანეთში ქალაქის ცენტრის განტვირთვის მიზნით, იქ გადაადგილება ფასიანია, თანაც, არცთუ იაფი ღირს -დაახლოებით 5 გირვანქა! ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებთათვის 90%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ფასიანი არა, მაგრამ არანაკლებ იძულებითია პარიზული სისტემაც: საფრანგეთის დედაქალაქში ავტობუსის სამოძრაო ზოლები სავალი ნაწილის შევიწროების ხარჯზე გაკეთდა. შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაცილებით სწრაფად მოძრაობს, ავტომანქანებს კი საცობში ყურყუტი უწევთ და რა გასაკვირია, რომ ავტომანქანით გადაადგილება ნაკლებად პოპულარული ხდება.

ფინეთში ავტომანქანების კონცენტრაციის დასადგენად თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენეს: სპეციალური სისტემა ავტომანქანებში არსებული მობილური ტელეფონების რაოდენობას აფიქსირებს - როცა მათი რაოდენობა იზრდება, ცხადი ხდება, რომ დიდია საცობის ალბათობაც.

კიდევ უფრო შორს წავიდა ისრაელი: გზების გასწვრივ განთავსებულია სპეციალური ტაბლოები, რომლებიც მძღოლებს შედარებით გადატვირთულ მიმართულებებზე აწვდიან ინფორმაციას. გარდა ამისა, საათში ერთხელ იმავე ინფორმაციას ადგილობრივი რადიოსადგურებიც გადასცემენ.

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სადაც დიდი საცობები ყოველდღიურობის ნაწილია, რადიკალურ ზომებს მიმართავენ: შეზღუდეს ავტომანქანების გაყიდვა. უფრო სწორად, ავტომანქანის ყიდვა შეიძლება, თუმცა პრობლემურია მისი დარეგისტრირება - წლის განმავლობაში მხოლოდ 250 ათასამდე ავტომანქანის დარეგისტრირებაა დაშვებული! გარდა ამისა, აშენდა და შენდება სატრანსპორტო გვირაბების მთელი ქსელი, რომელიც სატვირთო და მსუბუქ ავტომანქანებს გაატარებს, გვირაბების ზედაპირზე კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ავტომანქანების გაყიდვა შეზღუდულია სინგაპურშიც: ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავტომობილების რეგისტრაცია გააძვირა (ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრაციის საფასური ავტომანქანის ღირებულების 150%-მდეც კი ადის!) ტაქსის ფასები კი გააიაფა. სინგაპურში სანომრე ნიშნები აუქციონზე იყიდება და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაც არის.

სამხრეთ კორეაში საგზაო შეფერხებებს სამი ხერხით ებრძვიან: პირად ავტომანქანებზე უარის თქმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ, გზების განტვირთვის სისტემის მაქსიმალურად ოპტიმიზაცია და საცობების წარმოქმნის პრევენცია. თუმცა, თუ სამხრეთკორეელი მძღოლი თავის ავტომანქანას მაინც ვერ ელევა, ყველაფერი კეთდება საცობში მოხვედრისგან მის დასაცავად, მათ შორის საინფორმაციო ტაბლოებითაც, რომლებზეც გზების გადატვირთული მონაკვეთებია აღნიშნული.