"როდესაც მერი დავით ნარმანია იყო, კომისია შექმნა, რომელსაც..." - საცობების გამომწვევი 9 მიზეზი - კვირის პალიტრა

"როდესაც მერი დავით ნარმანია იყო, კომისია შექმნა, რომელსაც..." - საცობების გამომწვევი 9 მიზეზი

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი:

- როგორც წესი, როცა საცობებზე ვლაპარაკობთ, ძირითადად, ვეძებთ ერთ კონკრეტულ დამნაშავეს. ადამიანს ან სტრუქტურას, მაგრამ სინამდვილეში საცობების გამომწვევი მიზეზი არაერთია.

პირველი და მთავარი მიზეზია ავტომობილების რაოდენობა. ამ რაოდენობამ 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, მილიონ ხუთასი ათასს გადააჭარბა. მათგან დაახლოებით 40% დედაქალაქზე მოდის. აქ მუდმივად დაახლოებით 500 ათასი ავტომანქანა მოძრაობს და თუ ამას ვიზიტორების რაოდენობასაც დავუმატებთ, ეს რიცხვი შეიძლება 600 ათასზე მეტიც იყოს.

მეორე მიზეზია ავტოპარკის ხანდაზმულობა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობა. ჩვენი ავტოპარკის 52% 20 წელზე ხნოვანია, რაც ნიშნავს, რომ, ეს ავტომობილები ტექნიკურად გაუმართავია. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ტექინსპექტირების მსურველთა რაოდენობის ყოველწლიური კლება.

მესამე მიზეზი, დედაქალაქში მომატებული ვიზიტორების რაოდენობაა. გაიზარდა არა ტურისტების, არამედ იმ ხალხის რაოდენობაც, ვინც დიდხანს აპირებენ დედაქალაქში დარჩენას. ამას ერთვის მუდმივი შიდა მიგრაცია რაიონებიდან დედაქალაქის მიმართულებით.

მეოთხე მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ჩვენი დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა და ურბანული განაშენიანება. ათეულობით წელია, რაც დედაქალაქი არასწორად ვითარდება, გათვალისწინებული არ არის საგზაო უსაფრთხოება. მაგალითად, ზემო ვაკეში, სპორტის სასახლის უკან, ქუჩებში, ზემო ვერაზე ტროტუარები აღარ არის. ხალხი სავალ ნაწილზე დადის და ეს მოძრაობის ტემპზეც აისახება.

მეხუთე მიზეზი - დედაქალაქში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები. ჩემი აზრით, მელიქიშვილის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები სწორ დროს დაიგეგმა. ზაფხულში მოსახლეობა ქალაქიდან გადის, ამიტომ მოძრაობა ასეთი ინტენსიური აღარ იქნება... მაგრამ პრეტენზია შეიძლება მქონდეს ვადებზე, რადგან, როგორც წესი, სამშენებლო სამუშაოები, დათქმულ ვადაში თითქმის არასდროს მთავრდება.

მეექვსე მიზეზი საცობებისა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა გახლავთ.

მეშვიდე - საგზაო მოძრაობის წესების არცოდნაა. კარგი სიახლეა, რომ მომსახურების სააგანტო ცდილობს, დახვეწოს მეთოდოლოგია, რათა მართვის მოწმობა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვისაც სათანადო ცოდნა აქვთ, მაგრამ დღემდე, სამწუხაროდ, მართვის მოწმობა გაიცემოდა და ჯერაც გაიცემა ისე, რომ ბევრმა საგზაო მოძრაობის წესებიც არ იცის. ასეთი ადამიანი გზებზე ქმნის შეფერხებებს და სახიფათო მოულოდნელობებს.

მერვე და, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოწოდებამ: - გააჩერე კერძო ავტომობილი და იმგზავრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით!” შინაარსი დაკარგა. მოთხოვნა უკვე არსებობს, საჭიროა მიწოდება. ტრანსპორტი კომფორტული უნდა იყოს და მისით მგზავრობაც - პრესტიჟული. ამ პრობლემას ამსუბუქებს ლოდინის ინტერვალის შემცირება, ე.წ. ბასლაინების შექმნა...

მეცხრე მიზეზია ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების განვითარება. ჩვენთან ცოტათი გულგრილად უყურებენ, მაგალითად, ველოსიპედს, მცირე ზომის ელექტროტრანსპორტს. ალბათ, მათი პოპულარიზაციაა საჭირო.

- ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მოდელი კარგია, მაგრამ მთაგორიანი თბილისისთვის არ გამოდგება. გმირთა მოედანს მერიამდე ველოსიპედით რომ ამოუყვე, შეიძლება გული გაგიჩერდეს, მით უმეტეს, თუ სამსახურში გაგვიანდება... ან ვარაზისხევს თუ ველოსიპედით ამოივლი, მუშაობის თავი გექნება ადამიანს?

- მესმის, მაგრამ დედაქალაქში არის ისეთი რაიონები, სადაც ეს პრობლემა არ არის. თანაც აქ საუბარია მოკლე მანძილზე. ჩატარდა კვლევები და აღმოჩნდა, რომ მძღოლების დიდ ნაწილს კერძო ავტომობილი 2-3 კილომეტრის გასავლელად გამოჰყავს... არსებობს კომბინირებული სქემებიც: შესაძლოა სახლიდან გამოხვიდეთ ველოსიპედით, მერე კი მეტროთი განაგრძოთ გზა...

- პრობლემები ჩამოვთვალეთ. არსებობს მათი გადაჭრის გზები?

- რამდენიმე წლის წინ, როდესაც მერი დავით ნარმანია იყო, შექმნა კომისია, რომელსაც უნდა ემუშავა საცობების განმუხტვის გეგმაზე, მაგრამ ეს კომისია არ იყო ეფექტიანი. ხელმოსაჭიდი გეგმაც არ წარმოუდგენიათ. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ ქალაქის ტრანსპორტისა და ურბანულ სამსახურთან, მაგრამ ყველა ის საკითხი, რომლებიც ჩამოვთვალეთ, არ ეხება დედაქალაქის მერიას. სამართლიანია, რომ დედაქალაქის მერს მოვთხოვოთ საჭირო რაოდენობის ტრანსპორტი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაგრამ სხვა საკითხები სამთავრობო დონეზეა გადასაჭრელი.